გააზიარე სტატია

ERTI Gallery-ს პირველი კულტურული პროექტი სინგაპურში

20 თებერვალს ქართველი ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის მულტიმედიური პროექტი STOICHEÎON სინგაპურში გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო სინგაპურის კინოსა და ფოტოგრაფიის ცენტრ Objectifs-ის, Instinc-ის რეზიდენციისა და ERTI Gallery-ს თანამშრომლობით. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი კულტურული პროექტი, რომელიც ამ რეგიონში ქართული გალერეისა და სინგაპურის სახელოვნებო ინსტიტუციების თანამშრომლობით განხორციელდა.

გამოფენის სათაური – “Stoicheîon 金星 / სტიქია” – ოთხი ელემენტის (მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი) ერთიანობის კლასიკურ თეორიას უკავშირდება, რომელიც ევროპულმა კულტურამ არსებობის მთავარ სუბსტანციებად განსაზღვრა.

ეს გამოფენა წარმოადგენს მცდელობას, შეიმეცნოს ბუნებრივი სამყაროს განუზომელი სიმრავლე, როგორც შეზღუდული რაოდენობის ელემენტების კომბინაციები.

გთავაზობთ ინტერვიუს ლევან სონღულაშვილთან:

 

ERTI Gallery-ს, სინგაპურის კინოსა და ფოტოგრაფიის ცენტრ Objectifs-ისა და Instinc-ის რეზიდენციის თანამშრომლობით 20 თებერვალს სინგაპურში, Objectifs Chapel Gallery-ში გაიხსნა თქვენი გამოფენა – STOICHEÎON. გვესაუბრეთ გამოფენის კონცეფციაზე.

გამოფენის სათაური “სტიქეონი” (“Stoicheîon 金星 / სტიქია”) ოთხი ელემენტის (მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი) ერთიანობის კლასიკურ თეორიას უკავშირდება, რომელიც ევროპულმა კულტურამ არსებობის მთავარ სუბსტანციებად განსაზღვრა. ჩემი დაკვირვების ძირითადი ობიექტი, ჰაერთან, წყალთან და მიწასთან ერთად, დედამიწის დობილი “სითერიული” პლანეტა ვენერა იყო. ჩინურ-მანდარინულად მისი შესატყვისია “金星” (Jīn-xīng) – “ოქროს პლანეტა მეტალის ელემენტით”.

გარდა იმისა, რომ ზომით და მასით პლანეტა თითქმის დედამიწას უთანაბრდება და მდედრობით სქესად გვესახება, რომელიც რომაულ მითოლოგიაში ქალღმერთ ვენერას, ძვ. ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტეს, ხოლო ინდოეთში, ვედურ ასტროლოგიაში, “შუკრა გაჰრას” უკავშირდება, იგი თავისი ღერძის გარშემო, პლანეტების უმეტესობისგან განსხვავებით, პირუკუ ტრიალებს, სადაც მზე დასავლეთით ამოდის, ხოლო აღმოსავლეთით ჩადის.

ეს გამოფენა წარმოადგენს მცდელობას, შეიმეცნოს შეზღუდული რაოდენობის ელემენტების ურთიერთქმედებით შექმნილი ბუნებრივი სამყაროს სირთულე და მრავალფეროვნება.

გამოფენის გახსნამდე 2 თვე მუშაობდით სინგაპურის ხელოვნების რეზიდენციაში. გვესაუბრეთ განვლილ პროცესზე.

ხშირად ვამბობ, როცა ინდივიდი ერთი გეოგრაფიული წერტილიდან მეორეში გადაინაცვლებს, არა მხოლოდ სხეულმა, გონებამ მასთან ერთად უნდა იმოგზაუროს. მოძრაობისას არა მხოლოდ სხეული განიცდის ტრანსფორმაციას, არამედ იბადება და იქმნება ახალი იდენტობა.

განსხვავებული ტერიტორიის გასაცნობად და ადაპტაციისთვის, ტრადიციულად, პირველი კვირა ქუჩებში მარტო, უმისამართოდ დავეხეტები, ვიკარგები და ქალაქის ხმაურს ვუსმენ. შემდგომ ადგილობრივებს ვესაუბრები, ვაკვირდები სხეულის ენას; ადამიანი და მასთან ერთად საგნებიც, მრავალი ინფორმაციის და ენერგეტიკის მატარებელია. შემდგომ ვბრუნდები სახელოსნოში, სადაც დრო და სივრცე ქრება და უსასრულობის ნაწილი ვხდები. მეხსიერებაში დარჩენილ ინფორმაციას ახალ შეგრძნებებს ვუკავშირებ, რომელიც შემოქმედებით პროცესად ტრანსფორმირდება. თითქოს ობიექტური სამყაროს მდინარებას ჩემში ცირკულირების საშუალებას ვაძლევ, რათა გამტარად ვიქცე, სანამ უშუალოდ შემოქმედებით პროცესზე გადავალ.

აზიაში გატარებული პერიოდი დამეხმარა მანამდე ჩემთვის უცნობი საკუთარი თავის აღმოჩენაში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს შემოქმედებაზე.

როგორ მიაგენით იაპონური ტუშის ტექნიკას? რატომ აირჩიეთ ნამუშევრისთვის ეს მედიუმი?

იქიდან გამომდინარე, რომ ტუში ჩემი განუყრელი მეგობარია და წლებია ვურთიერთობთ, ხოლო ქაღალდზე მუშაობის გამოცდილება აღმოსავლეთისთვის მშობლიურია, გადავწყვიტე აზიაში ჩემი პირველი ვიზიტი ამ მასალებთან დამეკავშირებინა. “სტიქეონის” ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები ცხენის ძუის, მგლისა და თხის კუდის ბეწვის ფუნჯებით და იაპონური ტუშით შევქმენი.

Sōami, Torii Kiyonobu I, Ogata Kōrin, Tenshō Shūbun, Hiroshige, Kanō Motonobu, Katsukawa Shunshō – ეს იმ იაპონელ ხელოვანთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედებასაც ჯერ კიდევ ბავშვობაში აქტიურად ვეცნობოდი, რამაც აზიურ, კერძოდ, იაპონურ ესთეტიკას მაზიარა. თუმცა, იაპონურ მხატვრობაში – ჰუკუსაი, ხოლო კინემატოგრაფიაში – იასუჯირუ ოძუ და აკირა კუროსავა იყვნენ პირველები, რომლებიც ვერგილიუსივით გამიძღვნენ იაპონიის ვიზუალური მისტერიებისკენ. ლიტერატურიდან გამოვყოფდი კობო აბეს, მურაკამს, აკუტაგავას და იშიგუროს.

იაპონიაში დღემდე არსებობს საოცარი არტ ფორმა სახელწოდებით “sumukhwa”, იგივე “sumi-e” (墨絵), ანუ, იაპონური ფუნჯით მხატვრობა, რაც ათასწლეულს ითვლის. ეს საშემსრულებლო ტექნიკა მუქი ტუშითა და ბუნებრივი თმით შექმნილი ფუნჯით ხორციელდება, რითაც მონოქრომატულ გამოსახულებებს ვიღებთ. Sumi-e ხაზის და ფორმის ურთიერთობაა, რომლის მიზანიც არაა იდეის დეტალური ასახვა. სულის, გონებისა და სხეულის ჰარმონიული კავშირით ქაღალდზე იბადება ენა, რომელიც სამუდამოდ რჩება და ვერ წაიშლება. მიმდინარე პროცესი, თავისუფლების მოპოვება და მასში ვარჯიშია, რაც გასხივოსნების იდეის უკეთ შემეცნების საშუალებას აძლევს ხელოვანს.

ფუნჯით მიზანმიმართული ხაზების გავლება პირდაპირ უკავშირდება ძენ ბუდიზმს და სპირიტუალიზმს. ამასთან, ღრმა სიმბოლური დატვირთვა აქვს თეთრ ფერს (მაგ., ქაღალდის ტონს, რომელზეც იხატება), რაც მთელ სამყაროს ასახავს, ხოლო შავი ფერი (ტუშის ლაქები) ამ სამყაროში არსებულ მატერიალურ ფორმებზე მიუთითებს. მნახველი რაც უფრო უახლოვდება და იძირება ამ მონოქრომულ სამყაროში, გამისა და იაპონური ტუშის ტონირების ბგერებში აღმოაჩენს ფერთა უსასრულო კომბინაციას, რისი აღქმაც ჩემთვის ასე ახლობელია.

აღსანიშნავია, რომ ამ ტექნიკამ იაპონიაში მე-14 საუკუნის შუაში, კორეის გავლით, ჩინეთიდან შეაღწია, რომელიც ტანგის დინასტიის (618-907) პერიოდში განვითარდა. მაგალითად, Sesshū Tōyō, რომელიც sumi-e-ს ტექნიკას აქტიურად იყენებდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა იაპონურ ვიზუალურ ხელოვნებაში. მე კი ჩემ საშემსრულებლო ტექნიკასთან სინთეზში მოვაქციე.

რამ განაპირობა, ერთი მხრივ, ძალიან თანამედროვე ვიდეოინსტალაციების და მეორე მხრივ, ტრადიციული იაპონური ტუშის ტექნიკის ნამუშევრების სინთეზი გამოფენა STOICHEÎON-ში?

სინგაპურში ძველ, ისტორიულ, თითქმის “ანტიკურ” შენობებს უწოდებენ სულ რაღაც 45-50 წლის წინ აშენებულ ნაგებობებს და განა არემონტებენ, არამედ სრულიად ანგრევენ და ახალს აშენებენ. ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობ, რომ შემთხვევით არც ერთი არქიტექტურული ნაგებობა არაა დაპროექტებული. ქალაქგეგმარება მართლა გეგმაზომიერადაა განვითარებული, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ზონა ცოტა ხნის წინ წყლით იყო დაფარული, რაც ხელოვნურად დააშრეს და მის ადგილას ცათამბჯენები ააგეს; ხედავ, რომ პროფესიონალთა ჯგუფს კარგად ნაფიქრი განუხორციელებია.

გასულ საუკუნემდე ამერიკა თუ კონცეფცია იყო, ვიდრე მხოლოდ ქვეყანა, დღეს, გლობალიზაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში, მსოფლიო მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ გარდატეხას განიცდის, მათ შორის – შეერთებული შტატებიც. ამ კონტექსტში სინგაპურს ახალდაბადებულ ბავშვად აღვიქვამ, რომელიც მხოლოდ მომავლისკენაა მიმართული, მაგრამ შევიწროებული, მკაცრად განსაზღვრული საკანონმდებლო ჩარჩოებით. სოციალიზმის სუნი ჰაერშიც ტრიალებს, სადაც თითქოს მოსახლეთა ყოველი ნაბიჯი კონტროლის ქვეშაა, სადაც ლიფტიც კი გესაუბრება და წინასწარ გეუბნება, რომ “კარი დაიკეტება”, “მაღლა ახვალ” და “კარი გაიღება”. ქაღალდის ფულის ყველა კუპიურაზე ერთი და იგივე ადამიანის პორტრეტია გამოსახული – დამოუკიდებელი სინგაპურის პირველი პრეზიდენტი იუსუფ ბინ იშაკი. ელიტურ სასტუმროებში საპენსიო ასაკის მომსახურე პერსონალსაც ხშირად შეხვდებით. სინგაპურელები ორენოვანები არიან, თუმცა ძირითადად ინგლისურად საუბრობენ, რომელსაც “სინგლიშ”-ს (სინგლისურს) უწოდებენ, რაც ბრიტანეთის კოლონიის რელიკვიაა.

ეს ქალაქი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს მოგაგონებთ – “შავი სარკის”, “ავატარის” თუ “მეხუთე ელემენტის” კადრები რეალობად იქცევა, რაც ჩემთვის ინსპირაციაა. არ ვისურვებდი მთელი მსოფლიო მსგავს ფორმაში მენახა, თუმცა პლანეტაზე ერთი ასეთი სახელმწიფოს არსებობა მახარებს და მაინტერესებს მისი განვითარების შემდგომი ეტაპები.

“აზიის ჟენევის”, ანუ სინგაპურის მოსახლეობა ჩინელი, მალაიელი და ინდოელი ხალხებისგან შედგება, რომელთა წინაპრებიც მრავალსაუკუნოვანი კულტურის ნაწილი იყვნენ, თუმცა ამ ჰიპერთანამედროვე, პარადოქსულ ქალაქ-სახელმწიფოში ახალი ისტორია იწერება, რომლის გვერდების რაოდენობა დღეისთვის ძალიან მცირეა.
შესაბამისად, ჩემს მულტიმედიურ პროექტ “სტიქეონში” (STOICHEÎON), რომელიც ისტორიის კონტექსტში არაა მოქცეული, ტრადიციული აზიური მედიუმი ტექნოლოგიებთან გავაერთიანე და წარმოვადგინე ყოფილი ეკლესიის შენობაში, რომელიც დღეს სინგაპურის თანამედროვე ხელოვნების, ფოტოგრაფიისა და კინოს ცენტრი და გალერეაა; სადაც გარემოც კულტურული ფაქტორის კონცეფციის ორგანულ ნაწილად მოგვევლინა.

ამ რეგიონში ეს პირველი კულტურული პროექტია, რომელიც ქართული გალერეისა და სინგაპურის სახელოვნებო ინსტიტუციების თანამშრომლობით განხორციელდა. როგორია თქვენი შთაბეჭდილება ამ რეგიონში არსებულ სახელოვნებო და კულტურულ სივრცეებზე?

სინგაპური თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოა, სადაც კულტურა ჩამოყალიბების პროცესშია. ამ თემაზე ერთ სინგაპურელ ხელოვანს ვესაუბრე, რომელმაც აღნიშნა: ჩვენ ბევრი ფული გვაქვს, რითაც სხვადასხვა კულტურებს ვყიდულობთო.

ქუჩებში ინსტალაციებს წააწყდებით, რომელიც ყოველწლიურად იცვლება, ავტორები კი მეტწილად აზიელი ხელოვანები არიან. ახლახან მარინა ბეი სენსის მიმდებარე ტერიტორიაზე სინათლის ინსტალაციები იყო წარმოდგენილი. ინსტალაციების ნაწილი სინგაპურის ხელოვნების კოლეჯის, “ლასალეს” კურსდამთავრებულებმა შექმნეს. საშემოდგომოდ ხელოვნების ბიენალე გაიმართება. ცოტა ხნის წინ არტ ბაზრობის, Sea Focus-ის დებიუტიც შედგა. მუზეუმებიდან ჩემთვის შთამბეჭდავი იყო ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმი, სადაც შესასვლელშივე გვხვდება წარწერა იდეით – ადგილი, სადაც ხელოვნება და მეცნიერება ერთმანეთს ხვდება; მეცნიერება და ხელოვნება ერთიანობაა / გვაერთიანებს.

ქალაქის ცენტრალური უბნებიდან მოშორებით არის დასახლება “გილმან ბარაკები”, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეებია თავმოყრილი, წელს სწორედ იქ მოეწყო Sea Focus. მაგალითად, გალერეა PARTNERS & MUCCIACCIA ამჟამად წარმოადგენს მიქელანჯელო პისტოლეტოს ნამუშევრების ექსპოზიციას.

ეს ქვეყანა ცარიელი ფურცლიდან და დიდი ფინანსებით ამზადებს სიტყვას თანამედროვე მსოფლიოსთვის, სადაც არტ პროცესებიც მასთან ერთად ყალიბდება. დამოუკიდებელი საქართველოც წერს ახალ ისტორიას, სადაც თანამედროვე ქართულ სახელოვნებო რეალობაშიც ჩანს მცდელობები ცვლილებებისთვის.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან

ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან

ინტერვიუ ხელოვან ლევან მინდიაშვილთან
ჩემი აზრით, სიახლის მოდერნისტული ფეტიში “საკუთარმა” ჩაანაცვლა: “პოსტ-“ და “რე-” (re-think, re-contextualize, re-write, re-invent) პერიოდებიც დასასრულს მიუახლოვდა, ის სამყარო უკვე თავისთავად ახალია, რომელშიც ახლა ვაბიჯებთ და ახალი გზების და გადაწყვეტილებების ნაცვლად ჩვენი “საკუთარის” მოძებნა გვჭირდება
ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან

ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან

ინტერვიუ გიორგი ჩხეიძესთან
გიორგი ჩხეიძის სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ გარკვეულწილად განაპირობა მისი ვიზუალური სახელოვნებო ენის ჩამოყალიბება, რაც მის პერსონალურ ტექნიკაშიც გამოვლინდა, სადაც ხელოვანი შემთხვევით ვიტალურ, გეომეტრიულ ფორმებს იყენებს და მინიმალისტურ კომპოზიციებზე მუშაობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.