გააზიარე სტატია

ლუის კანის სპირიტუალური არქიტექტურა

ლუის კანი არქიტექტურაში მონუმენტური ფიგურაა. მას იხსენიებენ, როგორც გენიოსს, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო არქიტექტორს, ფილოსოფოსსა და ფილანტროპს, გურუს და მისტიკურ პიროვნებას. მისმა არქიტექტურულმა ნამუშევრებმა დროს გაუძლო.

კანი 1974 წელს Penn Station-ის საპირფარეშოში გარდაიცვალა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მას ოფიციალურის გარდა, კიდევ ორი საიდუმლო ოჯახი ჰყავდა და ნახევარი მილიონი დოლარი ვალი ჰქონდა.

კანი გვიანი მოდერნიზმის წარმომადგენლად ითვლება. მისი არქიტექტურული ნაგებობები გამოირჩევა მოდერნიზმის სიმსუბუქისა და არქაული ნაგებობებისთვის დამახასიათებელი მონუმენტურობის კომბინაციით. არქიტექტორი 50 წლის იყო, როდესაც საბოლოოდ აღმოაჩინა საკუთარი სტილი. მიუხედავად იმისა, რომ ის 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაინც შეძლო ამ დროის განმავლობაში თავისი თავი დაემკვიდრებინა, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორი.

კანი წარმოშობით ესტონეთიდან იყო, თუმცა მისი ოჯახი ამერიკაში, ფილადელფიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კანმა ცხოვრების უმეტესი ნაწილი განვლო. ფილადელფია საუკეთესო ადგილია მისი ნამუშევრების სანახავად. კარიერის პიკში კანი Philadelphia School of Architecture-ის სპირიტული ლიდერი იყო. ეს არქიტექტურული მიმდინარეობა არ განისაზღვრება ფიზიკური ფორმებით, არამედ უბრალოდ ამ პერიოდში არქიტექტურის სფეროში მნიშვნელოვან წინსვლას აღნიშნავს. კანის არქიტექტურა გამოირჩევა სპირიტულობით, ნატურალური შუქის ოსტატური გამოყენებით და მოდერნიზმისა და არქაული არქიტექტურული იდეების სინთეზით.

Salk Institute for Biological Studies

კანის ყველაზე ცნობილი ნაგებობა – Salk Institute – კალიფორნიაში, სან დიეგოში მდებარეობს. შენობა არქიტექტურაში სიმშვიდის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად ითვლება. Salk Institute 1962 წელს აშენდა, პოლიომიელიტის ვაქცინის გამომგონებლის, ჯონას სალკის დაკვეთით. სალკს სან დიეგოს ქალაქის ადმინისტრაციამ ეს ადგილი საჩუქრად გადასცა. კანმა შენობა სპირიტულობის განცდით შექმნა, მისი შთაგონების წყარო საერთაშორისო სტილი და ბრუტალიზმი იყო. პლაზას გარშემო, ორ რიგად განაწილებულია ლაბორატორიები, რომლებიც ერთმანეთს უყურებს, და რომლის ფანჯრებიც ოკეანის გადაჰყურებს. პლაზას და შესაბამისად ლაბორატორიებს წყალი ყოფს, რომელიც პლაზას შუაში ჩამოედინება.

Phillips Exeter Academy Library

Phillips Exeter Academy კერძო სკოლაა, რომელიც მე-18 საუკუნეში დაარსდა. 1960 წლებში სკოლამ კანს ახალი სასკოლო ბიბლიოთეკის შენობა დაუკვეთა, რომელიც სკოლისა და ქალაქის საზოგადოების ინტელექტუალური ცენტრიც უნდა ყოფილიყო. შენობის კონცეფცია საკმაოდ მარტივი იყო – წიგნის არჩევის შემდეგ, მკითხველს ის ფანჯარასთან, ბუნებრივ შუქთან უნდა წაეკითხა. ამ იდეის მიხედვით ბიბლიოთეკის შენობა 3 ნაწილად არის დაყოფილი. ცენტრის შემოსასვლელში დარბაზია, საიდანაც ბიბლიოთეკაში არსებული 250 000 წიგნზე მეტი ჩანს. წიგნები განაწილებულია concrete donut-ში, რომელიც მათ მზის შუქისგან იცავს, ხოლო მათ გარშემო brick donut-ია – კითხვისთვის გამოყოფილი ნაწილი, სადაც მზის შუქი შემოდის.

Kimbell Art Museum

Kimbell Art Museum ქალაქ Fort Worth-ში, ტეხასის შტატში მდებარეობს. ეს შენობაც გამოირჩევა მზის შუქისა და ბუნებრივი ჩრდილების ელემენტით, რომელიც კომპლიმენტარულია გამოფენილ ხელოვნების ნიმუშებთან.
პროექტზე კანი ლანდშაფტის დიზაინერებთან – ჯორჯ პატონთან და ჰარიეთ პატისონთან ერთად მუშაობდა. მუზეუმიც პარკის მაგვარად არის განლაგებული. ვიზიტორები ხეივანს და ბაღს გადიან ცემენტის საცავებამდე, რომელიც წყლით არის შემოსაზღვრული.

Yale University Art Gallery

კანიმ Yale-ს უნივერსიტეტში სწავლა 1947 წელს დაიწყო. რამდენიმე წელიწადში სწორედ იქიდან მიიღო დაკვეთა, რომ დაეპროექტებინა უნივერსიტეტის არტ გალერეა, რომლის მშენებლობა 1920 წელს დაიწყო, მაგრამ არ დაუმთავრებიათ და წლების შემდეგ კი ნეო-გოთიკური სტილის შენობა უნდა გაეფართოებინათ. შენობა უნივერსიტეტის კამპუსის მოდერნიზაციაში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა. არტ გალერეის ფასადი შუშისა და აგურისგან შედგება.
შენობას გამორჩეული, სამკუთხედის ფორმის ცემენტის ჭერი აქვს, რომელიც ბევრ ტექნიკურ ფუნქციასაც ითავსებს და ინტერიერის განსაკუთრებული დეტალსაც წარმოადგენს. არტ გალერეა კანის პირველ მნიშვნელოვან შენობად ითვლება. მისი გარდაცვალებიდან და არტ გალერეის დასრულებიდან 23 წლის შემდეგ, შენობის მოპირდაპირე მხარეს, კანის ბოლო პროექტი – Yale Center for British Art დამთავრდა.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.