fbpx
გააზიარე სტატია

სიმდიდრის და პრივილეგიის ფანტაზია

Marie Antoinette რეჟისორ სოფია კოპოლას მესამე ფილმია. მიუხედავად გადასაღები ადგილისა და კოსტიუმების ექსტრავაგანტურობისა, ფილმი მელანქოლიური და სევდიანი ტონით გამოირჩევა. ისტორიული დრამის მაგივრად კოპოლას მარი ანტუანეტას ცხოვრების ადაპტაცია პირველ რიგში coming-of-age ისტორიაა. ამ ჟანრში მომუშავე რეჟისორებს შორის კი კოპოლა ერთ-ერთი საუკეთესოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნარატივი ახალგაზრდა ქალს ეხება.

რთულია აღმოაჩინო რეჟისორი, რომელიც უფრო მკვეთრად გადმოსცემს, რას ნიშნავს იყო თინეიჯერი გოგო, სიმარტოვის, მელანქოლიის, ბავშვური გულუბრყვილობის და ტკივილის გრძნობით, რომელიც ამ ასაკს ახასიათებს. ფილმი, როგორც მთავარი როლის შემსრულებელმა კირსტენ დანსტმა თქვა, უფრო მეტად გრძნობების ისტორიაა, ვიდრე ფაქტების. ფილმის ნარატივი მთავარი გმირის ემოციებს მიჰყვება და კოსტიუმებიც ამ ემოციების ამოსაცნობი ვიზუალური ენაა.

კოსტიუმების დიზაინერ მილენა კონონეროს პირველი შეხვედრისას სოფია კოპოლამ Laduree-ის მაკარონების ყუთი მიუტანა. სწორედ მაკარონისებურ პასტელურ ფერებშია ფილმი გადაწყვეტილი. კონონერომ დიდი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ კოსტიუმები ისეთივე ექსტრავაგანტური და მდიდრული ყოფილიყო, როგორც მე-18 საუკუნის ვერსალში. ბევრმა კრიტიკოსმა ფილმის კოსტიუმები მე-18 საუკუნის სამოსის შთამბეჭდავ რეპლიკად დაასახელა და დიზაინერმა ფილმისთვის საუკეთესო კოსტიუმების კატეგორიაში ოსკარიც მიიღო. კონონერომ ფილმისთვის გუნდთან ერთად 170 კოსტიუმი შექმნა, მათგან 100 კირსტენ დანსტისთვის იყო განკუთვნილი. ფეხსაცმელიც ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საკულტო დიზაინერს, მანოლო ბლანიკს ეკუთვნის, რომელმაც ფილმისთვის საგანგებოდ შეისწავლა მე-18 საუკუნის ფეხსაცმლის მოდა.

კლასიკური სტილის პასტელური ფერების აბრეშუმის კაბები კოპოლას ფილმის საერთო ხასიათში ჯდება. ზოგიერთი კოსტიუმის ისტორიული სიზუსტის მიუხედავად, ფილმში გამოყენებული მუსიკით, ვიზუალური და 2000-იანი წლების პოპკულტურისთვის დამახასიათებელი დეტალებით კოსტიუმები თანამედროვე ხასიათსაც ატარებს. მიუხედავად მარი ანტუანეტას ტრაგიკული აღსასრულისა და მისი ცხოვრების მელანქოლიური და ცარიელი ხასიათისა, ფილმის კოსტიუმები დაუვიწყარია.

ფილმის პირველ კადრში მარი ანტუანეტა ტახტზე წევს, გარშემო კი ფერადი ტორტები აწყვია. ამ ვიზუალური მასალით რეჟისორი ანტუანეტას ისტორიული ფიგურისადმი საერთო შთაბეჭდილებას გვაცნობს. მარი ანტუანეტა საფრანგეთის ბოლო დედოფალი იყო რევოლუციამდე. ის ისტორიულად ცნობილია მდიდრული ცხოვრების სტილით და ხალხის სოციალური მდგომარეობის მიმართ არასენსიტიურობით. მის სახელთან ასოცირებულია აზარტული თამაშების, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, ფულის ფლანგვა. საფრანგეთში მას “Madame Deficit”-ის უწოდებდნენ. ცნობილია მისი ფრაზა: “let them eat cake”, რომლის ისტორიულ უზუსტობას პერსონაჟი ფილმის ბოლოს ადასტურებს.

დასაწყისთან შედარებით კონტრასტულია შემდეგი კადრი, სადაც მარი ანტუანეტა 14 წლის ასაკში ჯერ კიდევ ავსტრიის პრინცესად გვევლინება. ის თეთრ რომანტიკულ ღამის პერანგში, მოახლეებთან და ძაღლთან ერთად სილაღეს ანსახიერებს, რადგან ჯერ არ იცის, რომ ძალიან მალე საფრანგეთის ტახტის მემკვიდრის მეუღლე და მომავალი დედოფალი უნდა გახდეს.

მისი ადაპტაცია ავსტრიის ბევრად უფრო სადა სამეფო კარიდან ექსტრავაგანტურ ვერსალამდე კოსტიუმებით ხდება. მიუხედავად არცთუ ბედნიერი ქორწინებისა და ეჭვით მაყურებელი საზოგადოებისა, მარი ანტუანეტა მარტივად ჯდება ვერსალის ექსტრავაგანტური ცხოვრების სტილში, რომელიც სავსეა სიმდიდრით და ფერებით. მიუხედავად ამისა, პერსონაჟი არასდროს კარგავს იმ ბავშვურ ნაივურობას, რომელიც ფილმის დასაწყისში აქვს. ეს ნარატივი ფერების საშუალებითაც იკითხება.

მატერიალურ ნივთებს და განსაკუთრებით კოსტიუმებს ფილმში სიმბოლური დატვირთვა აქვს, ისინი ირეკლავს პერსონაჟის შინაგან სამყაროს, მის ემოციებს და იმ მოვლენებს, რომელიც მის გარშემო ვითარდება. მარი ანტუანეტას ემოციები კოსტიუმებით გამოიხატება. ფილმში ხშირად გამოყენებული სამოსის გამოცვლის კადრები სწორედ პერსონაჟის ემოციებსა და მის პიროვნულ გარდაქმნაზე მიგვითითებს.

ორი მთავარი ფერი, რომელიც კოსტიუმებში მეორდება, პასტელური ცისფერი და ვარდისფერია. ფერების ტონალობა ფილმის განმავლობაში იცვლება, რაც გმირის ტრანსფორმაციაზე მიგვითითებს, მაგრამ საბოლოოდ ეს ორი ფერი მაინც უცვლელად რჩება მარია ანტუანეტას გმირის გარდერობში.

ვარდისფერი, რომელიც 2000-იან წლებში თინეიჯერი გოგონების, ყვითელ პრესაში სკანდალურად ცნობილი ადამიანების და მათი ცხოვრების სტილის ფერთანაა ასოცირებული, მარი ანტუანეტას გმირის ჩამოუყალიბებლობაზე, მის ნაივურობასა და განებივრებულ აღზრდაზე მიგვითითებს.

ერთ-ერთ კადრში მას ვერსალის სტუმრები ნამცხვარსაც ადარებენ. ამ პარალელს მოჰყვება საინტერესო კადრი ფილმში, როდესაც ნამცხვრების და ფეხსაცმლის მონტაჟისას, ფერად მანოლო ბლანიკებს შორის, კადრში, ცისფერი კონვერსი ჩანს. ვარდისფერთან კონტრასტშია პასტელური ცისფერი, რომელიც პერსონაჟის სინაზეს და მის მელანქოლიას გამოხატავს. ამ ფერების საშუალებით ანტუანეტას გმირი ყოველთვის გამოირჩევა კადრებში, რაც პერსონაჟის თვისებაზე მიგვითითებს, რომ მას გამუდმებით სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა და საზოგადოებისგან მოწონების დამსახურება.

ფილმის მეორე ნაწილში მარი ანტუანეტას პერსონაჟი ემსგავსება მის ისტორიულ ფიგურას. ხშირდება სიმდიდრის, აზარტული თამაშების, ალკოჰოლის და წვეულებების კადრები. კოსტიუმებიც უფრო გამომწვევი, ექსტრავაგანტური და თეატრალურია.
რაც უფრო დიდი დრო გადის მარი ანტუანეტას ვერსალში ცხოვრებიდან, მით უფრო კარგავს ის თავის პირველად იდენტობას და ემსგავსება იმ ფიგურას, როგორიც ხალხს წარმოუდგენია.

ფილმის ბოლოს, როდესაც მისი, როგორც დოლფინის მოვალეობები და საფრანგეთში არსებული პოლიტიკური კლიმატი უფრო მკაფიოდ ჩანს, რამდენიმე კადრში მისი კოსტიუმები ვერსალის ინტერიერს ირეკლავს, თითქოს მარია ანტუანეტა კარგავს საკუთარ იდენტობას და ბოლომდე ერწყმის ვერსალს და მის ექსტრავაგანტურ, მდიდრული ცხოვრების სტილს. ფილმის ბოლოს, განსაკუთრებით იმის შემდეგ, რაც მარი ანტუანეტას შვილი მოკვდება, კოსტიუმები ბევრად უფრო მუქ და ჭუჭყიან ფერებშია გადაწყვეტილი. კოსტიუმები პერსონაჟის შინაგანი სამყაროს ირეკლავს.

უამრავი სიმდიდრე და ფუფუნება მარი ანტუანეტას პირადი ცხოვრების სიცარიელეზეც მიგვითითებს და კოპოლას ერთგვარი კომენტარია 2000-იანი წლების პოპკულტურის და ვერსალის ცხოვრების სტილზე. მაშინ როდესაც ანტუანეტა შვილს აჩენს, ის ვერსალს ტოვებს და მისი ცხოვრების ამ პერიოდში უფრო მარტივ და მინიმალისტურ ფერთა გამას ვხედავთ თეთრს კაბებსა და თმის ვარცხნილობებში.

მარია ანტუანეტას პერსონაჟი კლასიკური პოპულარული გოგონაა. მისი ცხოვრება პრივილეგიის და სიმდიდრის ფანტაზიაა, რომლის უკანაც სენსიტიური თინეიჯერი იმალება. კოპოლას ფილმი ძალიან პირადულია, შინაგან ემოციებზე აგებული. ამავდროულად, ისტორიული ფიგურის დეკონსტრუქციასა და მის ჰუმანიზებასთან ერთად, ფილმი თანამედროვე კაპიტალიზმის და პოპკულტურის კრიტიკასაც ახერხებს.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.