fbpx
გააზიარე სტატია

თბილისი – მარტინ პარის ობიექტივში

15 თებერვალს, „თიბისი გალერეაში“ ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის – „Martin Parr Tbilisi“ პრეზენტაცია შედგა.

“1995 წელს, ანრი [ანრი კარტიე-ბრესონი] მოვიდა ჩემი გამოფენის გახსნაზე პარიზში და მითხრა, რომ სულ სხვა პლანეტიდან ვიყავი! ყოველთვის ძვირფასი იქნება ეს შეფასება; პასუხად მივწერე, რომ ვხვდებოდი, რასაც გულისხმობდა და რომ მაცნეებს არ ეხებიან!” – მარტინ პარი

 

მარტინ პარი – „Magnum Photos“ ერთ-ერთი წამყვანი წევრი – 30 წელზე მეტია ადამიანებს აკვირდება თავისი ფოტოკამერის ობიექტივიდან და ხშირად სწორედ ისეთ დეტალებს აფიქსირებს, რასაც “სხვა პლანეტის” წარმომადგენელი თუ მიაქცევდა ყურადღებას.

2018 წლის ივნისამდე, მარტინ პარი თბილისში ორჯერ იყო ნამყოფი – 2002 და 2009 წლებში. შესაბამისად, როცა თბილისის მერიიდან მიიღო მოწვევა თბილისის შესახებ წიგნის შექმნის თაობაზე, ასე თუ ისე წარმოიდგენდა, რასთან, ან ვისთან ექნებოდა საქმე. შესაბამისად, ადვილად დათანხმდა და სამუშაო ვიზიტით გვესტუმრა. საუბრის დროს, გაგვანდო, რომ წარმოდგენა არ აქვს რის შესახებ იქნებოდა წიგნი, რომ უბრალოდ გააკეთებდა იმას, რასაც ყოველთვის აკეთებს; სხვა სიტყვებით – ცნობისმოყვარე ობიექტიდან დაგვაკვირდება ადგილობრივებს…

წიგნი ფოტოგრაფის თბილისში გადაღებული ფოტოების მიხედვით შეიქმნა და ცნობილ გერმანულ გამომცემლობასთან  „Prestel Publishing“ თანამშრომლობით, მიუნჰენში გამოიცა. წიგნში ასევე შევიდა პარის 2009 წელს თბლისში გადაღებული რამდენიმე ფოტო. ტექსტი წიგნისთვის აკა მორჩილაძემ დაწერა.

მარტინ პარი 100-ზე მეტი წიგნის/ფოტო-ალბომის ავტორია. წინამორბედი წიგნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამჯერადაც ვიხილავთ ადამიანთა კონტრასტული ყოფის ამსახველ კადრებს, რომლებშიც ხან ვისვენებთ, ხან ვიპრანჭებით, ან ვერ ვიპრანჭებით, ვურთიერთობთ, ერთი სიტყვით – ვცხოვრობთ… იქნება ნაცნობი და უცნობი თბილისი, მაგრამ წიგნის გვერდებზე თავისებურად საინტერესოდ გადმოცემული კადრებით, ვისთვის იუმორით, ვისთვის – დრამატიზმით. როგორც თავად აღნიშნა – თბილისი, თავისი ურთიერთგამომრიცხავი ასპექტებით, სიძველეებითა და თანამედროვეობით, საინტერესო პარადოქსებს ქმნის; აქედან გამომდინარე, ეს XXI საუკუნის ყველაზე ტრენდული ტურისტული დანიშნულების ადგილი, პოსტ-საბჭოურ გადმონაშთებთან სინთეზში მართლაც საინტერესო მასალას იძლევა ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის…

პრეზენტაციის პარალელურად, „თიბისი გალერეაში“  გამოფენა – „თბილისი მაგნუმის წიგნებში“ გაიხსნება. ექსპოზიცია 71 წლის განმავლობაში „Magnum Photos“-ს წევრი ისეთი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს, როგორებიც არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე-ბრესონი, კარლ დე კაიზერი, ინგ მორატი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, ტომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომელიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტაინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო „Magnum Photos“. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს.

Magnum Photos – ფოტოგრაფიული სააგენტო, რომელიც თავად წევრ ფოტოგრაფებს ეკუთვნის, მასში გაერთიანებული ძლიერი ინდივიდუალური ხედვის მქონე ფოტოგრაფები აღწერენ მსოფლიოს მოვლენებს, პიროვნებებსა და პრობლემებს. ოთხი სარედაქციო ოფისით – ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზსა და ტოკიოში „Magnum Photos“ ფოტოებით ამარაგებს პრესას, გამომცემლებს, სარეკლამო სფეროს, ტელევიზიას, გალერეებსა და მუზეუმებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„თიბისი გალერეაში“ მისული დამთვალიერებელი პარიზში, „Magnum Photos“-ს ოფისში გამოფენის მზადების პროცესისა და წიგნის შესახებ ვიდეო რგოლებსაც იხილავს.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ავტორი: ნინო კაკიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში

ვახტანგ ქოქიაშვილის გამოფენა Second Order გალერეა Window Project-ში
22 დეკემბერს, Window Project-ში ვახტანგ ქოქიაშვილის პირველი რეტრსოპექტიული გამოფენა გაიხსნა. გამოფენა მხატვრის სამ მიმართულებას აერთიანებს: რელიგიურ თემატიკას, პოპს და ეთნოგრაფიულ მოტივებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.