fbpx
გააზიარე სტატია

მარტინ სკორსეზეს ფილმების მარათონი

ამერიკული კინოს გიგანტთა შორის მარტინ სკორსეზე სიის დასაწყისში  გვევლინება. შთამბეჭდავი ვიზუალური სანახაობები, თავგადასავლები, მოულოდნელი სიუჟეტები, ექსპრესიულობა – მისი შემოქმედების ნაწილია. სკორსეზე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რისკიანი რეჟისორი, რომელიც არ უფრთხის მოსინჯოს საკუთარი თავი განსხვავებულ ჟანრებში. 

1942 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ გარეუბან ქუინსში დაბადებული იტალიური წარმომავლობის რეჟისორის შემოქმედებაში მისი პერსონალური გამოცდილებები ირეკლება. დამახასიათებელი ტემპი, მუსიკა და მსახიობთა ოსტატობა სკორსეზეს კინოს თანამდევი კომუნიკაციის ენაა. მისი მიზანი – განევითარებინა ურბანული დანაშაულის ჟანრი და ხელოვნების დონზე აეყვანა –  საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მთავარი მომენტი მის შემოქმედებაში მაინც სტილია, რომელიც ფილმიდან ფილმამდე ყალიბდებოდა – სხარტი, თავისუფალი, ყურადღებიანი. აღსანიშნავია ასევე რეჟისორის მეთოდი არასდროს გახადოს კამერა უხილავი. მისი გატაცება ევროპული კინემატოგრაფიით ბავშვობიდან იწყება მაიკლ პაუელისა და ემერიკ პრესბურგერის შემოქმედებით და შუა საუკუნეების იტალიელი ნეორეალისტი რეჟისორებით. კოპოლასთან, სპილბერგთან და სხვებთან ერთად იგი ამერიკელი კინორეჟისორების პირველი თაობის წევრია, რომელთაც ფილმები მართალია, ჰოლივუდის ინდუსტრიული სტრუქტურის დახმარებით გადაიღეს, მაგრამ გათავისუფლდნენ სტუდიების შემზღუდავი მოთხოვნებისგან. 

სკორსეზეს ნებისმიერი ფილმი არასდროს არის ამომწურავი და სხვადასხვა დროს განსხვავებული ინტერპრეტაციისა და აღმოჩენების საშუალებას იძლევა. Taxi Driver მისი ერთ-ერთი გამორჩეული ფილმია, რომელიც კარგად ასახავს მარტოობისა და იზოლაციის თემებს. კინოს იშვიათად აქვს უნარი სრულყოფილად წარმოაჩინოს სუბიექტური შეხედულებები, თუმცა ეს ასპექტი ტრევის ბიკლის ისტორიის შემთხვევაში განსაკუთრებულად იკვეთება. პოლ შრადერის მიერ შექმნილი სცენარით რობერტ დე ნირო კინოისტორიაში ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟს ქმნის. Taxi Driver სკორსეზეს იმ რვა ფილმს შორის ერთ-ერთია, რომელიც კინოაკადემიის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. 

Raging Bull – სკორსეზეს ბრუტალური და დამთრგუნველი ნამუშევარი – 1950-იანი წლების კრივის ჩემპიონის ისტორიას ჰყვება, სადაც მამაკაცის პორტრეტი, მისი შიშები და ტკივილებია ასახული. აღსანიშნავია, რომ რეჟისორს ამ პერიოდში განსაკუთრებით რთული ეტაპი ედგა, იგი კინაღამ ნარკოტიკის გადაჭარბებული მოხმარების გამო გარდაიცვალა. Raging Bull შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც სიცოცხლისუნარიანი ფილმი, რომლის ექსპრესიულობა შავ-თეთრი ესთეტიკით სურათს ფრო ამაღლებულს ხდის. კრიტიკოსთა თქმით, სკორსეზეს ამ ნამუშევარში დაბალი თვითშეფასების მქონე მამაკაცის ტკივილი, ეჭვიანობა და შიშები სააშკარაოზე არის გამოტანილი, რაც შემდგომი ძალადობის მიზეზი შეიძლება იყოს.

სკორსეზეს ცნობისმოყვარეობას და რისკს, გამოსცადოს თავი სხვადასხვა ჟანრში, მისი ფილმი Aviator კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომელიც გენიოსი ჰოვარდის ბიოგრაფიას აღწერს. ფილმი ისეთივე ეპიკურია, როგორც რეჟისორის სხვა დანარჩენი ნამუშევარი, თუმცა იგი ჯაზისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნებითა და დინამიკით გამოირჩევა. ფილმი ტრაგიკული კაცის პორტრეტს ქმნის, რომელიც საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს და განადგურების პირასაა, თუმცა, როგორც სკორსეზე ამბობს, ეს არის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ყველა სურვილი საკუთარი ძალისხმევით რეალობად ექცია. გარკვეულწილად მილიონერი პროტაგონისტის, ლეონარდო დიკაპრიოს დამამახსოვრებელი პერსონაჟის ცხოვრება  ცარიელ ოთახში მოგზაურობას ჰგავს. 

კინოს ფანატიკოსის თრილერი რეჟისორის შემოქმედებას კიდევ ერთი საინტერესო კუთხით ავითარებს. Shutter Island და მისი ფერთა პალიტრა განსაკუთრებით ნათელია, ისეთი, რომ არაბუნებრივ ეფექტს ქმნის და კამერის ექსპრესიულობასთან ერთად განწყობა დაძაბული და შფოთვის მომგვრელი ხდება. აქ სინამდვილეში არაფერია ისე, როგორც გეჩვენებათ. ატმოსფეროში შეთქმულების, მაგიის და ცივი ომის სურნელი ტრიალებს, რასაც ნისლიანი, ბურუსით მოცული ამინდი კიდევ უფრო ამძაფრებს. ამ ფილმში იგრძნობა ჰიჩკოკის, ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის ოსტატისა და მარიო ბავას, იტალიელი საშინელებათა ფილმის მასტერის გავლენა, რომლის გოთიკური ფანტაზიებიც სენსაციის ტრიუმფს აღწევს. ეს ფილმი სკორსეზეს შემოქმედებაში ალბათ ერთ-ერთია, რომლის ნახვისასაც დრო თითქოს ქრება და დასასრულს გაურკვეველი ამბის გაგრძელების სურვილს ტოვებს. 

რეჟისორის შემოქმედებაში ოჯახი ყოველთვის კრიმინალურ ფონზეა წარმოდგენილი, რის შედეგადაც ამერიკული მაფია იქმნებოდა. Hugo (2011) სკორსეზეს სრულიად მოულოდნელი სურათია, რომელიც ოჯახის ყველა წევრთან ურთიერთობას ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის, კინოს საშუალებით ცდილობს. ფილმში ასახულია მაგიის, ნოსტალგიის, ტრადიციებისა და თაობათა შორის ურთიერთობების თემები. Hugo არის რეჟისორის ერთ-ერთი ამაღელევებელი ფილმი, რომლის გადაღების მიზეზიც, სკორსეზეს თქმით, ისიც გახდა, რომ მის ქალიშვილს მამის რომელიმე ფილმის ყურება შესძლებოდა.

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


რეკომენდებული სტატიები
ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში

ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში

ვუდი ალენის თვითრეფლექსია კინოში
შეგახსენებთ, რომ კინოთეატრი “ამირანი” TBC Status-თან ერთად 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ვუდი ალენის ფილმების რეტროსპექტივას წარმოგვიდგენს, სადაც საშუალება გვაქვს რეჟისორის საკულტო ფილმები ვიხილოთ
თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი

თიბისი სტატუსი X ამირანი - კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონი
TBC Status-ისა და კინოთეატრ “ამირანის” ერთობლივი ინიციატივით ყოველთვიურად ლეგენდარული კინოკლასიკოსების ფილმების ჩვენება გაიმართება. 3 აგვისტოდან მომდევნო ოთხი დღე მათგან სწორედ ერთ-ერთს - კვენტინ ტარანტინოს დაეთმობა
კინო სტენლი კუბრიკის თვალით

კინო სტენლი კუბრიკის თვალით

კინო სტენლი კუბრიკის თვალით
შეგახსენებთ, რომ კინოთეატრი “ამირანი” თიბისი სტატუსთან ერთად 20 სექტემბრიდან 24 სექტემბრის ჩათვლით სტენლი კუბრიკის ფილმების მარათონს წარმოგვიდგენს, სადაც შეგვიძლია რეჟისორის საკულტო ფილმები ვიხილოთ
კვენტინ ტარანტინო – ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი და სახელოვანი რეჟისორი

კვენტინ ტარანტინო – ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი და სახელოვანი რეჟისორი

კვენტინ ტარანტინო – ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი და სახელოვანი რეჟისორი
ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი რეჟისორი, რომლის კარიერაც, ბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად, ორ ოსკარს, ამდენივე ოქროს გლობუსს, BAFTA-ს და ოქროს პალმის რტოს ითვლის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კინოთეატრებში 8 აგვისტოს ტარანტინოს ჯერჯერობით ბოლო ფილმის, Once Upon a Time in Hollywood-ის პრემიერა გაიმართება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.