fbpx
გააზიარე სტატია

“მაუდი” – ახალი ინტერდისციპლინარული შემოქმედებითი სივრცე

მაუდი” ახალი ინტერდისციპლინარული შემოქმედებითი სივრცეა თბილისში. პროექტის იდეა სამ მეგობარს ეკუთვნის – არტისტ დიმიტრი ერისთავს, კურატორ ლიზა ჟვანიას და არქიტექტორ ლადო შონიას სურდათ შეექმნათ სივრცე, ერთიანი სახელოსნო, სადაც, ერთი მხრივ, იმუშავებდნენ  ხელოვანები და არქიტექტორები და მეორე მხრივ, ეს იქნებოდა ადგილი ნამუშევრების გასაზიარებლად და პლატფორმის შესაქმნელად სხვა შემოქმედი ახალგაზრდებისთვის. პროექტს მალევე შეუერთდა თეატრის რეჟისორი სანდრო კალანდაძე, რომელიც თეატრალურ ჯგუფთან ერთად პერფორმანსის სივრცეს ხელმძღვანელობს.

პროექტი კოლექტიურია და ფუნქციები საჭიროების მიხედვით ნაწილდება. ასევე “მაუდი” კოლაბორაციის პრინციპით მუშაობს სხვა არტისტებთან თუ კურატორებთან.

“მაუდი” 14 მარტს გაიხსნა გამოფენით „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“ (The three obliques of a perspective). გამოფენა სამი არტისტის –  სალომე დუმბაძის, ქეუ მეფარიშვილის, საშა ზალივაკოს და კურატორ ნინო საკანდელიძის კოლაბორაციაა. არტისტებმა დიალოგის თემად “სიმულაკრა” აირჩიეს. გახსნაზე პერფორმანსის სივრცემ უმასპინძლა პროექტს Masterknot და მუსიკოს გიორგი ანთაძეს. ასევე ნინუცა შატბერაშვილმა გაამზადა პურ-მარილი #8. გამოფენა 31 მარტამდე გრძელდება. 

Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს კურატორ ლიზა ჟვანიასთან.

როდის და რატომ დაიბადა “მაუდის” იდეა?

“მაუდის” იდეა 2018-ის გაზაფხულზე გაჩნდა, როდესაც დიმიტრი Tbilisi Art Fair-ის ფარგლებში ჩემ მიერ ორგანიზებული გამოფენის, War On Hold-ის კეთების დროს გავიცანი. მაშინ გამოფენისთვის სივრცის პოვნა ძალიან რთული აღმოჩნდა – არსებულ სივრცეებს ან მასშტაბი აკლდა ან სტერილურობა. გადავწყვიტეთ ექსპო ჯორჯიას ერთ-ერთი პავილიონი, რომელიც წლების მანძილზე გამოუყენებელი იყო, გამოფენის მონაწილეებთან ერთად საკუთარი ძალებით დაგველაგებინა და მოგვეწყო საგამოფენოდ. საინტერესო იყო ფუნქციადაკარგული სივრცის სახელოვნებო პლატფორმად გარდაქმნის პროცესი და ამის შემდეგ დავიწყეთ ახალი, პერმანენტული სივრცის ძებნა.

ყოფილი “მაუდის” ქარხანას შემთხვევით გადავაწყდით. შენობას ფოტოებს ვუღებდით და დაცვამ საკმაოდ აგრესიულად გვითხრა, რომ აკრძალული იყო გადაღება. თავის გასამართლებლად ვუთხარით, რომ სივრცის დაქირავება გვინდოდა, შევხვდით ადმინისტრაციას, ვნახეთ შენობა და მივხვდით, რომ ის იყო, რასაც ვეძებდით. რამდენიმე თვეში სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ და ერთი კვირის წინ “მაუდი” პუბლიკისთვის გავხსენით.

რა არის თქვენი მთავარი მიზანი, რის გარშემოც გაერთიანდით?

ჩვენი მთავარი მიზანია შევქმნათ ახალი ტიპის პლატფორმა, რომელიც გვჯერა, რომ სიცოცხლისუნარიანი და აუცილებელია თბილისის არტ-სცენის პოტენციიდან გამომდინარე. ეს არის artist-run space ტიპის პროექტი, რაც გულისხმობს არტისტების პირდაპირ ჩართულობას გამოფენის კეთების, კონტაქტების დამყარების და სოციალური ვითარების შექმნის პროცესში. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თბილისში საგრძნობლად გაიზარდა თანამედროვე ხელოვნების ორგანიზაციების და ამ საქმიანობაში ჩართული ადამიანების, ისევე როგორც აუდიენციის რაოდენობა და მასშტაბი – გალერეების, ფორმალური და არაფორმალური სასწავლებლების, Fair-ების თუ arts non-profit ორგანიზაციების სახით. რამდენიმე გალერეამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული თანამედროვე ხელოვნების ბაზრის განვითარებაში, საერთაშორისო  Art Fair-ებში მონაწილეობით.

თუმცა განსხვავებით გლობალური ცენტრებისგან, თბილისში სახელოვნებო ბაზარი და პრაქტიკა არ არის მყარი და ინსტიტუციონალიზებული. ამ ჩამოყალიბების პროცესში დიდი პოტენცია ჯერ კიდევ გამოსაყენებელია და სახელოვნებო სივრცე უფრო ღიაა საზოგადოებისთვის და რაც მთავარია, უფრო პირდაპირია მიმოცვლა არტისტსა და მნახველს შორის. “მაუდის” ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ სახელოვნებო სივრცეში არტისტის სოციალური როლის და შესაძლებლობების გაზრდაა – არა მხოლოდ ფორმალური ნამუშევრების, არამედ ასევე სიტუაციების/ვითარების შექმნით.

ამასთან ერთად “მაუდის” საგამოფენო სივრცე – დიდი მასშტაბიდან და პარამეტრებიდან გამომდინარე – საინტერესო და სასარგებლო გამოწვევა და შესაძლებლობაა როგორც არტისტებისთვის, ისევე კურატორებისთვის. დიდ სივრცეში მუშაობა მეტ შრომასა და თანამედროვე, უფრო მასშტაბური ხედვის განვითარებას საჭიროებს. სივრცე იდეალურია დიდი მასშტაბის on-site  ინსტალაციებისთვის, რაც საქართველოში შედარებით ახალი ტიპის სახელოვნებო პრაქტიკაა. პროცესებს ხელს უწყობს ჩვენი სახელოსნო სივრცე – სადაც შესაძლებელია ხეზე, ცემენტზე, თიხაზე თუ სხვა მასალებზე მუშაობა. ინდუსტრიული ლიფტით მარტივად არის შესაძლებელი დიდი ზომის მასალების და ნამუშევრების ტრანსპორტირება. სივრცის დიდი უპირატესობაა ასევე ადგილმდებარეობა და გარემო. ჩვენ მოპირდაპირე მხარეს სამშენებლო და სამუშაო მასალების დიდი მაღაზიაა, “გორგია”. ასევე ახლოს მდებარეობს ელიავას ბაზრობა, ჩვენს მეზობლად კი რკინის საამქროა, რომელთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ. ეს შესაძლებლობები და გამოწვევები ჩვენთვის დიდი მოტივაციაა და იმედი გვაქვს ამას სხვა არტისტები და კურატორებიც გაიზიარებენ.

სამომავლო გეგმები…

გამოფენები დაიგეგმება როგორც ჩვენი ორგანიზებით, ასევე სხვა კურატორების და არტისტების ჩართულობით, Open Call-ის პრინციპით. შემდეგი გამოფენა მაისის შუა რიცხვებისთვის გვაქვს დაგეგმილი. ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფისა და რამდენიმე სხვა არტისტის კოლაბორაციული პროექტი დიდმასშტაბიანი ინსტალაციაა, რომლის კონცეფციას დიმიტრი ერისთავი ხელმძღვანელობს. საგამოფენო პრაქტიკის პარალელურად სივრცე  მუსიკის, პერფორმანსის, თეატრის, კულინარიის თუ შემოქმედების სხვა ფორმების თანაარსებობასაც მოიაზრებს. სისტემატურად დაიგეგმება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე „მაუდი“ და გამოფენა „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“

თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე „მაუდი“ და გამოფენა „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“

თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე „მაუდი“ და გამოფენა „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“
დღეს, 14 მარტს, 19:00 საათზე თბილისში თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე - „მაუდი“ (MAUDI) გაიხსნება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.