fbpx
გააზიარე სტატია

თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე „მაუდი“ და გამოფენა „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“

დღეს, 14 მარტს, 19:00 საათზე თბილისში თანამედროვე ხელოვნების ახალი სივრცე – „მაუდი“ (MAUDI) გაიხსნება. სივრცის მთავარი ფუნქცია გამოფენებისა და სხვადასხვა სახალხო ღონისძიებების ორგანიზება, ახალი სახელოვნებო პლატფორმის შექმნა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო კავშირების დამყარებაა.

„მაუდის“ სივრცე გაიხსნება გამოფენით „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“ (The three obliques of a perspective), რომელიც გაგრძელდება 31 მარტის ჩათვლით. „პერსპექტივის სამჯერადი დახრა“ წარმოადგენს სალომე დუმბაძის, ქეუ მეფარიშვილისა და საშა ზალივაკოს კოლაბორაციას. გამოფენის კურატორია ნინო საკანდელიძე.

გამოფენის გახსნისთვის ნინუცა შატბერაშვილი ამზადებს – „პურ-მარილი 8-ს“, გახსნას ასევე უმასპინძლებს მუსიკალური პროექტი Masterknot და მუსიკოსი გიორგი ანთაძე.

„პერსპექტივის სამჯერადი დახრა“ აერთიანებს სამ დამოუკიდებელ არტისტსა და ნამუშევრებს, რომელთა მთავარი თემა კონცენტრირებულია სიმულაკრის გარშემო. გამოფენის იდეა შეიძლება განიმარტოს, როგორც სიზმრიდან ამოსული სიმულაციური რეალობები, თავად სიმულაკრი და ასოციაციური მნიშვნელობები, რომლებიც რეალობის ფორმირებაში მონაწილეობენ და რომლის არსებობა-არარსებობას თავად ხელოვანები აყენებენ ეჭვქვეშ.
„ვიზუალურ აღქმას მივეჩვიე სწრაფად და ზედაპირულად, სიზმარშივე სთორების გადაღება დავიწყე.“ გამოფენაზე სალომე დუმბაძე წარმოადგენს ნამუშევარს – arboreal, ხეზე მცოცავები.

ქეუ მეფარიშვილი საკუთარ ნამუშევარს გლობალურ-ეკოლოგიური წარუვალობიდან ახასიათებს, სადაც მას არ შეუძლია რაიმეს შეცვლა, რადგანაც უბრალო ანარეკლია. “იმის შემდეგ, რაც გავაცნობიერე, რომ ვერ ვაკონტროლებ მზეს, ანდაც საკუთარ გულის ცემას, მივხვდი, რომ არ არსებობს “მე”, რომელიც დამოუკიდებელია და უბრალოდ სამყაროს ანარეკლი ვარ… ამ ნამუშევრებს საერთო მატრიცა აქვთ, რომელსაც ერთ რეალობამდე მივყავართ, იდეის ეპიცენტრს წარმოადგენს პირობითი გარემო, რომელიც ბიძგს გვაძლევს ვილაპარაკოთ, ვაჩვენოთ, დავხატოთ და ა.შ.”

საშა ზალივანკო კი დღევანდელი გამოფენისთვის საკუთარ ნამუშევარს ახასიათებს, როგორც „მეხსიერების წაკითხვას“ და ერთიანდება სამი არტისტის სიმულაციურ დიალოგში – „მაინტერესებს ასოციაციური წყობა, რომელიც ნებისმიერი ინფორმაციის კითხვისას იბადება. ვიზუალური სიმბოლოები, რომლებიც ჩვენზე ზემოქმედებენ, ჩვენში რეაქციას იწვევენ ან საერთოდ არ გვეხებიან.“

სალომე დუმბაძესა და ქეუ მეფარიშვილს არაერთ პროექტში მიუღიათ ერთად მონაწილეობა, ხოლო წარმოშობით რუსი ხელოვანი საშა ზალივანკო 2011 წლიდან ნიდერლანდებში აგრძელებს არტისტულ კარიერას, მუშაობს როგორც სხვადასხვა ტექნიკაში, ასევე სკულპტურის, ფოტოგრაფიის, მხატვრობისა და პერფორმანსის მიმართულებით. მისი შემოქმედება კი ძირითადად მოგზაურობაში მიღებულ გამოცდილებებზეა კონცენტრირებული.

ტექსტი: მარიამ ყაყიტაშვილი

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.