fbpx
გააზიარე სტატია

მაიკლ ჯექსონის შემოქმედება

მაიკლ ჯექსონი არა მხოლოდ პოპვარსკვლავი, არამედ მე-20 საუკუნის გამორჩეული მუსიკოსი გახლდათ, რომელმაც ამერიკული კულტურა შეცვალა. მან შექმნა 70-80-იანი წლების ხმა და სტილი. ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებულმა არტისტმა ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში გაითქვა სახელი – ის მაშინ თავისი ოჯახური ბენდის – ჯექსონ 5-ის წამყვანი ვოკალისტი იყო.

70-იანი წლების დასაწყისში ჯექსონების ბენდი ძალიან პოპულარული გახდა, მათი პირველი ოთხი სიმღერა ჰიტად იქცა და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მუსიკალურ ჩარტებში ლიდერობდა. ოჯახური ბენდის წარმატებამ გარკვეულწილად მაიკლ ჯექსონის სოლო კარიერა შექმნა. მაიკლმა დიდი აღიარება მოიპოვა, როცა 1979 წელს მისი მუსიკალური ალბომი – Off the Wall გამოვიდა (ქუინსი ჯონსის თანაპროდიუსერობით).

ალბომში შესული სიმღერები – Don’t Stop ‘til You Get Enough და Rock with You ბლოკბასტერად იქცა. მიუხედავად წარმატებისა, ჯექსონი მიიჩნევდა, რომ Off the Wall-ის კლასიფიცირება ისე მოხდა, როგორც R&B სტილისა. იმისთვის, რომ ეს წარმოდგენა დაემსხვრია, მაიკლმა ქუინსი ჯონსთან ითანამშრომლა და შექმნა 1982 წლის მუსიკალური ნაკრები Thriller, რომელიც გათვლილი იყო ყველა გემოვნების აუდიტორიაზე. ალბომში შესულ სიმღერებს შორისაა – Billie Jean, სადაც ჯექსონმა სოულის და საცეკვაო მუსიკის საზღვრები გაზარდა. ამ სიმღერამ თავისი რევოლუციური ხასიათის ვიდეორგოლის დამსახურებით 1983 წელს სრული გადატრიალება მოახდინა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა ფერადკანიანი არტისტის შესრულებით ვიდეოკლიპი მუსიკალურ ტელეარხზე – MTV-ზე დატრიალდა.

Thriller ეპოქალურ ალბომად იქცა და ტელესივრცეში არსებული რასისტული ბარიერი გაარღვია. ამასთან, ალბომმა 8 მუსიკალური ჯილდო – გრემი მიიღო; 9 სიმღერიდან 7 – ტოპ-ჰიტ 10-ეულში მოხვდა; 37 კვირის განმავლობაში ბილბორდ ჩარტებში ლიდერობდა; საერთაშორისო დონეზე ამერიკული წარმატების აღსანიშნავად, როგორც ყველა დროის ყველაზე გაყიდვადმა ალბომმა ამერიკაში 32 პლატინის სერტიფიკატი მოიპოვა, მსოფლიო მასშტაბით კი 100 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა.

ასეთმა ფენომენალურმა ტრიუმფმა ჯექსონი მიიყვანა სტრატოსფერომდე და ალბომამდე – Bad. ეს გახლდათ 1987 წლის მოულოდნელი ნამუშევარი, რომლის თანაპროდიუსერიც ისევ ქუინსი ჯონსი იყო. ჯექსონის ხუთი სიმღერა იქცა ნომერ პირველ სინგლად ბილბორდ ჩარტზე, მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა 30 მილიონი ეგზემპლარი, აქედან ორი მესამედი ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ.

1991 წლისთვის ქუინსი ჯონსმა და მაიკლ ჯექსონმა თანამშრომლობა შეწყვიტეს. ამ წელს პოპვარსკვლავმა მორიგი ბლოკბასტერი – Dangerous შექმნა. მოგვიანებით, 1995 წელს გამოვიდა ჯექსონის HIStory – ორდისკიანი მუსიკალური ალბომი, ერთ დისკზე წარმოდგენილი იყო მაიკლის ყველა დროის ჰიტები, მეორეზე კი – ახალი ჩანაწერები. 2001 წლის ალბომი – Invincible ჯექსონის უკანასკნელი ნამუშევარი აღმოჩნდა. 2009 წლის ზაფხულში ჯანმრთელობის პრობლემებს მოჰყვა მისი უდროო გარდაცვალება. თუმცა ჯექსონი ლეგენდად იქცა. ის იმ მუსიკოსებს შორისაა, როგორებიც იყვნენ – ლუი არმსტრონგი, ფრენკ სინატრა, ჰენკ ვილიამი, ელვის პრესლი, მაილს დევისი, ბობ დილანი. მუსიკოსები, რომლებმაც შექმნეს მე-20 საუკუნის ამერიკის ხმა.

ასეთი აღმასვლები და მიღწევები ყოველთვის იწყება მოკრძალებული წარსულიდან. მაიკლი 1958 წლის 29 აგვისტოს ინდიანაში, გარიში დაიბადა. ის კატერინ და ჯო ჯექსონების მეხუთე ვაჟიშვილი გახლდათ. დედა იეღოვას მოწმე, მამა კი ყოფილი ბოქსიორი იყო, რომელმაც შემდეგ ფოლადის ქარხანაში დაიწყო მუშაობა. პარალელურად ჯო ჯექსონი გიტარაზე უკრავდა, ის ყოველთვის ილტვოდა მუსიკალური ინდუსტრიისკენ. 1962 წელს თავის ვაჟიშვილებთან ერთად შექმნა ბენდი. მაშინ ჯგუფი მხოლოდ სამი ძმისგან – ტიტო, ჯეკი და ჯერმინ ჯექსონებისგან შედგებოდა, მაიკლი მათ მოგვიანებით, 1964 წელს შეუერთდა და ყველაზე თვალსაჩინო პერსონად იქცა. მაიკლმა ჯეიმს ბრაუნისა და ჯეკი ვილსონის მოძრაობები აითვისა და სათავისოდ მოირგო, ჯექსონების ხუთეულში ის ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა.

ჯგუფმა ადგილობრივ მუსიკალურ შოუებში არაერთი ჯილდო მოიპოვა, ძმები უკრავდნენ სოულ კლუბებში, 1967 წელს კი აღმოსავლეთ სანაპიროზე, აპოლოს თეატრში საყმაწვილო კონკურსში გაიმარჯვეს. მათი წარმატება მაშინ დაიწყო, როცა ისინი ჩიკაგოს თეატრში, სოულ ბენდის – “ბობი ტეილორის და ვანკუვერების” წინაშე წარდგნენ. ბობ ტეილორი მოხიბლა ბიჭების შემოქმედებამ და ჯგუფი ხმის ჩამწერი სტუდიის, Motown-ის დამფუძნებელს, ბერი გორდი უმცროსს დააკავშირა. 1969 წლის მარტში გორდიმ ჯექსონებსა და კორპორაცია Motown-ს შორის კონტრაქტი გააფორმა და ბენდი მოსამზადებლად ლოს-ანჯელესში გაემგზავრა.

სიმღერა I Want You Back 1968 წლის ოქტომბერში გამოვიდა, მაშინ როცა მაიკლ ჯექსონი 11 წლის იყო. სიმღერის შექმნასა და პროდიუსინგზე “მოთაუნის” გუნდმა იმუშავა. 1970 წლის იანვრისთვის ამ ნამუშევარმა პოპ და R&B ჩარტებში პირველი ადგილი მოიპოვა, ჯექსონების ხუთეულმა სახელი გაითქვა. ამას მოჰყვა ძმების ახალი ჩანაწერები – ABC, The Love You Save და I’ll Be There, რომლებმაც მუსიკალურ ჩარტებში პირველობა მოიპოვეს. სანამ ძმები ჯექსონები პოპულარობის პიკში იყვნენ, “მოთაუნმა” დაიწყო მაიკლ ჯექსონის სოლო კარიერის შექმნაზე მუშაობა. 1971 წელს მისი პირველი სოლო ალბომი Got to Be There გამოვიდა, რომელმაც “ბილბორდ ჰოტ 100-ეულში” მეოთხე ადგილი დაიკავა. 1972 წელს მაიკლ ჯექსონის სიმღერა – Ben (ამავე სახელწოდების ფილმის საუნდტრეკი) ოსკარის დაჯილდოებაზე იქნა ნომინირებული. სამწუხაროდ, ვერ გაიმარჯვა.

მალე მაიკლის და ჯექსონ 5-ის კარიერული წინსვლა შენელდა. ძმები გემოვნების ცვალებადობის, ახალგაზრდობის და საკუთარი შემოქმედებითი იარლიყისთვის ბრძოლის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ.
1974 წელს გამოვიდა “მოთაუნის” გუნდთან ერთად შექმნილი ერთ-ერთი ბოლო ჰიტი – Dancing Machine. სიმღერა, რომელმაც დისკო ჟანრში აფეთქება გამოიწვია.

1975 წელს ჯგუფმა “მოთაუნთან” თანამშრომლობა შეწყვიტა და კონტრაქტი ხმის ჩამწერ სტუდიასთან, Epic Records-თან გააფორმა. ცვლილება მოხდა ჯგუფის შემადგენლობაშიც: ჯემინი “მოთაუნის” კორპორაციაში დარჩა თავისი სოლო კარიერის განვითარების ძიებაში, უმცროსმა ძმამ – რენდიმ კი მისი ადგილი დაიკავა ჯგუფში. 1978 წლის ალბომზე – Destiny-ზე მუშაობისას მაიკლ ჯექსონი ჯგუფის კრეატიული დირექტორი გახდა. მან თავის ძმასთან, რენდისთან ერთად შექმნა 1979 წლის ჰიტი Shake Your Body (Down to the Ground). ჯექსონ 5-ის ალბომმა Destiny აღიარება მოუტანა ჯგუფს და თავად მაიკლსაც. პარალელურად ამ პერიოდში მაიკლმა სახელი გაითქვა, როგორც სოლო შემსრულებელმა. მან საფრთხობელას როლი შეასრულა 1978 წლის სიდნი ლუმეტის ფილმში The Wiz. საუნდტრეკზე მუშაობისას (დუეტი დაიანა როსისთან – Ease on Down the Road) გაიცნო პროდიუსერი – ქუინსი ჯონსი, 50-60-იანი წლების პოპისა და ჯაზის ტიტანი, რომლის შემოქმედებამ 70-იან წლებში კულმინაციას მიაღწია. ჯონსი და ჯექსონი მალევე დამეგობრდნენ და დაიწყეს თანამშრომლობა – მაიკლ ჯექსონის სოლო რეპერტუარზე მუშაობა.

ეს ყველაფერი 1979 წლის ალბომის – Off the Wall-ის შესავალი ნაწილი გახლდათ, ალბომის, რომელმაც შექმნა ლეგენდა – მაიკლ ჯექსონი. მუსიკოსის ჩანაფიქრი იყო, რომ Off the Wall სხვადასხვა ადამიანის გემოვნებას მორგებოდა. პროდიუსერის – ქუინსი ჯონსის, სიმღერების ავტორის – როდ ტემპერტონის და მაიკლ ჯექსონის ერთობლივი ნამუშევარი შედევრად იქცა. ალბომმა ბილბორდ ჩარტის 200-ეულში მეოთხე ადგილი მოიპოვა, გაიყიდა მილიონობით ეგზემპლარი, დიდი შემოსავალი და მრავალი ჯილდო მიიღო, თუმცა გრემის დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ალბომის ტიტული ვერ დაიმსახურა. მაშინ ჯექსონი მიხვდა, რომ დრო იყო პოპ მიმართულებისკენ აეღო გეზი. სანამ ამას გააკეთებდა, ის იძულებული იყო ბოლომდე დაესრულებინა ჯექსონ 5-ის ალბომზე მუშაობა: 80-იანი წლების Triumph, რომელშიც შევიდა ძმების სამი ჰიტი – Lovely One, This Place Hotel, Can You Feel It. ამ ალბომის სახელწოდება თითქოს მიუთითებდა მაიკლ ჯექსონის სოლო კარიერის მოსალოდნელ წარმატებაზე.

ამის შემდეგ ჯექსონი პროდიუსერ ქუინსი ჯონსს და სიმღერების ავტორს, ტემპერტონს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა ახალ ალბომზე სამუშაოდ. ეს ის ნამუშევარია, რომელმაც მუსიკალურ სამყაროში ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ალბომის შესაქმნელად მოიწვიეს პოლ მაკარტნი, რომელმაც ჯექსონის მსუბუქი როკის მიმართ მიდრეკილება გამოავლინა, ასევე ედი ვან ჰალენი, რომელმაც ჯექსონს მძიმე როკის მიმართულება მისცა, ალბომის დანარჩენი ნაწილში კი წარმოდგენილი იყო დისკო, პოპი და სოული, რაც აჩვენებდა შემსრულებლის ბუნებრივ დიაპაზონს. The Girl Is Mine პირველი სინგლია Thriller-დან – ჯექსონისა და მაკარტნის ერთობლივი ნამუშევარი, რომელსაც დიდი თავგადასავალი არ მოჰყოლია.

ალბომის მეორე სიმღერამ – Billie Jean კი სრული აფეთქება გამოიწვია პოპის ჟანრში; ამ სიმღერამ შექმნა რაღაც ახალი განზომილება. ამერიკის, ბრიტანეთის, ავსტრალიისა და კანადის მუსიკალურ ჩარტებში ტოპ-ადგილი მოიპოვა. სიმღერის ასეთი წარმატება გარკვეულწილად გამოიწვია ვიდეოკლიპმა, რომელმაც MTV-ის ეთერში იქამდე არსებული, გაუცნობიერებელი რასობრივი ბარიერი გაარღვია. ჯექსონის Billie Jean-ის შემდეგ ტელეარხმა სხვა ფერადკანიანი შემსრულებლების ვიდეორგოლების ჩვენებაც დაიწყო.

მაიკლ ჯექსონის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია 1983 წელს სტუდია Motown-ის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოზე არტისტის სენსაციურმა გამოსვლამ. ჯექსონმა იცეკვა Moonwalk Dance, რომელიც შემდეგ მისი ავტოგრაფი გახდა. აქ გამოვლინდა მისი უკიდეგანო ნიჭი. სიმღერა Beat It თავისი კინემატოგრაფიული ვიდეორგოლით MTV-ის ერთ-ერთ ფავორიტ ჰიტად იქცა. ბოლო სიმღერა Thriller-დან ფანტასტიკის ჟანრისა იყო და რეჟისორმა ჯონ ლენდისმა მისგან შექმნა მოკლე, მუსიკალური, ჰორორ ფილმი. ალბომი 37 კვირა ჩარტებში პირველ ადგილს ინარჩუნებდა, 29 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ Thriller პოპჟანრში მუდმივმოქმედ მანქანასავით მუშაობდა, ჯექსონი აგრძელებდა მოღვაწეობას. ის ერთხელ კიდევ გაერთიანდა პოლ მაკარტნისთან და 1983 წელს მაკარტნის ალბომისთვის – Pipes of Peace ჩაწერა დუეტი – Say Say Say.

1984 წელს მაიკლი დაუბრუნდა თავისი ძმების, ჯექსონების ბენდს და შექმნა მათთან ერთად ალბომი – Victory. ამას მოჰყვა საერთაშორისო ტურნე. დაგეგმილი ტურნეს ფარგლებში, პეპსის სარეკლამო რგოლზე მუშაობისას, ჯექსონი სერიოზულად დაშავდა. გადაღებების პროცესში პიროტექნიკის გამოყენებისას მუსიკოსი დაიწვა, თავის ქალის მეორე ხარისხის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. რეაბილიტაციის შემდეგ პირველად თავის ცხოვრებაში არტისტმა დაიწყო ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება.

საქველმოქმედო საქმიანობისთვის ჯექსონმა არაერთი ჯილდო დაიმსახურა, ყველაზე გამორჩეული და აღსანიშნავი ნამუშევარი გახლდათ ლაიონელ რიჩთან ერთად შექმნილი, 1985 წლის საქველმოქმედო სიმღერა – We Are the World. ამ დადებითი და სასიამოვნო მომენტების პარალელურად ტაბლოიდებზე გამოჩნდა არტისტის შესახებ ათასგვარი გიჟური ისტორია. პრესა იუწყებოდა მაიკლის მიერ შეძენილი 1985 წლის ლენონისა და მაკარტნის საავტორო სიმღერების კატალოგის შესახებ. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ჯექსონსა და მაკარტნის შორის განხეთქილება. მაიკლი ასევე ცდილობდა კინოინდუსტრიაში თავის დამკვიდრებას. მან ითანამშრომლა ჯორჯ ლუკასთან და ფრენსის ფორდ კოპოლასთან 3D ფილმისთვის “კაპიტანი ეო”. ფილმი 1986 წელს მხოლოდ დისნეის აიმაქს თეატრებში უჩვენეს. ფილმის გამოსვლისთანავე მან განაახლა მუშაობა ახალ ალბომზე.

 

ქუინსი ჯონსთან კიდევ ერთხელ თანამშრომლობისას ჯექსონმა ტრილერის მოდელი დაამუშავა და შექმნა 1987 წლის ალბომი – Bad. როგორც Thriller-ში, ისე აქაც პირველი სიმღერა თანამედროვე ნომერი იყო – I Just Can’t Stop Loving You, დუეტი მაშინ ჯერ კიდევ უცნობ შემსრულებელთან, სიდა გარეტთან. Bad, The Way You Make Me Feel, Man in the Mirror, and Dirty Diana – ყველა სიმღერა გაჰიტდა და 1987-88 წლებში ბილბორდ ჩარტის ჰოთ 100-ეულში პირველი ადგილი დაიკავეს. ალბომი – Bad არ დომინირებდა სხვა ქვეყნების ჩარტებში, მაგრამ მასში შესულმა სიმღერებმა მიაღწიეს ტოპ ათეულს საერთაშორისო დონეზე. ამას მოჰყვა ტურნე მსოფლიო მასშტაბით – პირველი სოლო ტური მაიკლ ჯექსონის კარიერაში. Bad World Tour-მა მოხსნა ყველანაირი რეკორდი, ტურნეს კვალდაკვალ ჯექსონმა დაიწყო საკუთარი თავის მოხსენიება, როგორც პოპის მეფის. მეტსახელი, რომელიც ელვის პრესლის ზედმეტსახელს – “როკ-ენ-როლის მეფეს” მოგაგონებდათ. ტურის დასრულების შემდეგ ჯექსონი თავის ახალ სახლში – სანტა ინეზის რანჩოში დაბრუნდა, რომელიც მან 1988 წლის მარტში შეიძინა და სახელწოდება შეუცვალა, დაარქვა – “ნევერლენდი”, პიტერ პენის ფიქსაციის წარმოსადგენად.

 

1991 წელს ჯექსონმა განაახლა თავისი კონტრაქტი სონის კომპანიასთან (კორპორაცია, რომელმაც Epic/CBS შეიძინა) და დაიწყო მომდევნო ალბომზე მუშაობა. ამ პერიოდში ჯექსონის და ქუინსი ჯონსის გზები გაიყო, ჯექსონმა არჩია სხვა პროფესიონალებთან თანამშრომლობა, მათ შორის ტედი რაილთან, რომელმაც არტისტს წინამძღოლობა გაუწია “ნიუ ჯეკ სვინგის” ჟანრში. ალბომის პირველმა ვიდეორგოლმა – Black or White აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, ეს სიმღერას პირველობის მოპოვებაში დაეხმარა. სიმღერები – Remember the Time, In the Closet – 1992 წელს მოხვდნენ ბილბორდის ტოპ ათეულში, მომდევნო სინგლები – Jam, Heal the World 20-ეულზე შეჩერდნენ, სიმღერამ – Who Is It კი მე-14 ადგილი მოიპოვა. ჯექსონის კარიერული წარმატების ეპოქა დასასრულს უახლოვდებოდა, მომღერლის პირადი ცხოვრება აირია. 1993 წელს 13 წლის ბიჭმა მაიკლი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო პროცესი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საბოლოოდ, 1995 წელს საქმე დაიხურა, დეტალები არ გახმაურებულა. ბრალდება არ დადასტურებულა. ამ ყველაფრის პარალელურად 1994 წლის მაისში მაიკლი ლისა მარი პრისლზე დაქორწინდა. მათმა ქორწინებამ მხოლოდ 19 თვე გასტანა.

ჯექსონის კარიერა 1995 წელს ხელახლა აღორძინდა, როცა გამოვიდა მუსიკალური ალბომი – HIStory: Past, Present & Future, Book 1. ორალბომიანი კომპლექტი, სადაც წარმოდგენილი იყო ორი დისკი – ჰიტების და ახალი ნამუშევრების. ერთ-ერთი მათგანში შესული იყო ბალადა Scream – დუეტი თავის დასთან, ჯენეტ ჯექსონთან. ალბომი წინამორბედებთან შედარებით სუსტი იყო, თუმცა მაინც დატოვა ჰიტები. მათ შორის გამორჩეული იყო You Are Not Alone, რომელმაც ბილბორდის ჰოთ 100-ეულში პირველობა მოიპოვა. მომდევნო ნამუშევრები – They Don’t Care About Us და Stranger in Moscow – ამერიკაში დიდი წარმატებით ვერ სარგებლობდა, თუმცა დიდი ბრიტანეთის მუსიკალურ ტოპ ათეულში მოხვდა. ზოგადად, ალბომი HIStory წარმატებული გამოდგა გლობალურ, საერთაშორისო ბაზარზე. ამას მოჰყვა მსოფლიო ტურნეც. 1997 წელს გამოვიდა ჯექსონის მუსიკალური ნაკრები – Blood on the Dance Floor, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ჩარტები დაიპყრო, მაშინ როცა ამერიკის შეერთებულ შტატების ჩარტებში მხოლოდ 24-ე ადგილი დაიკავა.

ამ დროს ჯექსონი თავის ექთანზე – დები როუზე დაქორწინდა, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა: პრინცი მაიკლ ჯექსონ ჯუნიორი და პარის მაიკლ კატარინ ჯექსონი. მომდევნო წლებში ჯექსონი ოჯახური ცხოვრებით იყო დაკავებული და მხოლოდ საქველმოქმედო ღონისძიებებში მონაწილეობდა. 2001 წლისთვის კი ის დიდ სცენას დაუბრუნდა და მსმენელებს ახალი ალბომი – Invincible შესთავაზა. მუსიკალურმა ნაკრებმა ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ჩარტებში პირველობა მოიპოვა, თუმცა შენარჩუნება ვერ შეძლო.

 

მალე მუსიკალურმა კარიერამ ჯექსონის ცხოვრებაში უკანა რიგებში გადაინაცვლა. 2002 წელს მაიკლს მესამე შვილი შეეძინა – პრინცი მაიკლ ჯექსონ II. თუმცა ეს ამბავი გადაფარა შემსრულებლის ექსცენტრიკულმა ქმედებებმა საზოგადოებაში და ასევე მისმა იურიდიულმა პრობლემებმა. 2003 წლის ნოემბერში მუსიკოსი დააკავეს ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის. 2005 წლის ივნისში გაამართლეს ყველა ბრალდებისგან. პარალელურად 2003 წელს სონიმ გამოუშვა ჯექსონის ჰიტების კრებული – Number Ones. ალბომში შესული იყო ერთი ახალი სიმღრა – One More Chance. მომდევნო წლებში ბევრი მსგავსი ნაკრები გამოვიდა თემატურად დალაგებული: 2004 წლის “ბოქს სეტი” – The Ultimate Collection, 2006 წლის The Essential Michael Jackson, 2006 წლის საკოლექციო კომპლექტი – Visionary და 2008 წელს კი მისი ალბომების ახალი ჩანაწერები.

2009 წელს ჯექსონი გეგმავდა სცენაზე დაბრუნებას თავისი მასშტაბური ტურით – This Is It. შოუების ციკლი უნდა გამართულიყო ლონდონის 02-ის არენაზე. ჯექსონი ტურისთვის ემზადებოდა, რეპეტიციებს ლოს-ანჯელესში გადიოდა. სწორედ ლოს-ანჯელესში 2009 წლის 25 ივნისს მაიკლ ჯექსონი სახლში გათიშული იპოვეს. არტისტი სასწრაფოდ UCLA-ს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მომღერლის გადარჩენა ვერ შეძლეს. 50 წლის ასაკში ჯექსონი გარდაიცვალა. როგორც მაშინ ითქვა, სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია. მოგვიანებით, გამოძიების შედეგად, ცნობილი გახდა, რომ მომღერლის სიკვდილის მიზეზი ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტები იყო. ექიმი კონრად მიურეი უნებლიე მკვლელობისთვის გაასამართლეს.

მუსიკოსის გარდაცვალებიდან მალევე მისი ჩანაწერების სხვადასხვა ეგზემპლარები გამოვიდა. ხმის ჩამწერმა სტუდიამ “მოთაუნმა” 2009 წლის ოქტომბერში გამოუშვა The Remix Suite, შემდეგ გამოვიდა დოკუმენტური ფილმი საუნდტრეკთან ერთად – რეპეტიციების ჩანაწერი კონცერტისთვის This Is It. ამას მოჰყვა DVD სეტი – Vision, 2010 წელს კი მონტაჟისას ამოჭრილი სცენების ნაკრები. 2012 წელს ჯექსონის ალბომის – Bad-ის 25 წლის იუბილეზე 1987 წლის ჩანაწერის ახალი ვარიანტები გამოვიდა. 2014 წელს სტუდია Epic-მა გამოუშვა მუსიკალური ნაკრები – Xscape, რომლისთვისაც ელ ეი რიდმა და ტიმბერლეიკმა ჯექსონის Thriller-ისა და Invincible-ის დემოვერსიების ახალი ჩანაწერები შექმნეს.

ამას წინ უსწრებდა სიმღერა – Love Never Felt So Good – ჯასტინ ტიმბერლეიკის და მაიკლ ჯექსონის ელექტრონული დუეტი. ნამუშევარი შევიდა მუსიკალურ ტოპ ათეულში, ალბომმა – Xscape ოქროს სერტიფიკატი მიიღო. 2016 წელს კი ალბომის, Off the Wall-ის ახალი ბრწყინვალე აუდიოჩანაწერი შეიქმნა, კომპლექტს თან მოჰყვა დოკუმენტური ფილმი სპაიკ ლის რეჟისორობით. 2017 წელს კი იყო Scream – ჰელოუნის თემატიკის კომპილაცია.

 

თარგმანი: გვანცა ფოცხვერია


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.