fbpx
გააზიარე სტატია

“მობილური პავილიონი” – ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებლად

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ დღეს სხვადასხვა ორგანიზაციები და ამ სფეროში ჩაბმული ადამიანები მსოფლიო მასშტაბით ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას უთმობენ და  პრობლემის მოგვარებისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ. თბილისში 10 ოქტომბერს”ფსიქიკური ჯანმრთელობის მაგისტრთა ასოციაციის” ორგანიზებით , ევროკავშირისა და ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” მხარდაჭერით ფაბრიკაში პროექტი “ნაბიჯი შენკენ” განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, რომლის იდეაც ელენე ქორიძეს და თამთა ჭელიძეს ეკუთვნით, ე.წ. მობილური პავილიონი აშენდა, რომელშიც წარმოდგენილი ვიზუალური მასალა ნებისმიერ მნახველს  სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებულ სიღრმისეულ ინფორმაციას აწვდიდა. თავისუფალი სივრცე, სადაც ნებისმიერი დაინტერესებული შეძლებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიღებას და ღიად საუბარს, აქცენტს ძირითადად სამ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე – დეპრესიაზე, შფოთვით და პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობაზე აკეთებს, რადგანაც ცნობილია, რომ ყოველი მე-6 ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ამ სამი ფსიქიკური აშლილობიდან ერთ-ერთს მაინც ავლენს.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს პროექტის თანაავტორ ელენე ქორიძესთან

საიდან გაჩნდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებელი მობილური პავილიონის იდეა და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობდნენ?

პროექტზე მუშაობა დავიწყეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა და ეს იდეაც სწორედ ამ პროცესში დაიბადა. გვინდოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ახალი ხედვა შემოგვეტანა, დაგვენერგა და  არსებული ჩარჩოები შეგვეცვალა. თანაც, შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა, ან უბრალოდ დამთხვევა იყო, რომ ამ პერიოდში ფონდმა „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და სწორედ მათი მხარდაჭერით შეიქმნა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ასამაღლებელი მობილური პავილიონი, რომელიც პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია, თუმცა მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. პროექტის იდეის ავტორები ვართ თამთა ჭელიძე და მე, თუმცა მასში ბევრი ადამიანი იყო ჩართული სხვადასხვა სფეროდან: პავილიონის დიზაინი ეკუთვნის არტისტ თეზი გაბუნიას, ვიდეოინსტალაციაზე მუშაობდა არტისტი ნიკოლოზ კაპანაძე, პავილიონში წარმოდგენილ ბეჭდურ მასალაზე (საინფორმაციო ბლოკნოტი/ბროშურები) – გრაფიკული დიზაინერი გვანცა გაბუნია, არქიტექტორი კი ლევან მირიანაშვილი იყო. ტექსტების კომპილაციაზე იმუშავეს ქეთი კერესელიძემ, ეკა დვალიშვილმა და ნინო იმერლიშვილმა.

რა არის პროექტის ძირითადი კონცეფცია, რა იდეის გარშემო გაერთიანდა გუნდი? 

პროექტის ძირითადი კონცეფცია ეფუძნება ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში თანამედროვე მიდგომას, რაც გულისხმობს იმას, რომ სერვისი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის როგორც გეოგრაფიულად, ასევე ფინანსურად და მაქსიმალურად უნდა პასუხობდეს ინდივიდის საჭიროებებს. პავილიონიც სწორედ ამიტომ არის მობილური და ყოველთვე შეიცვლის ადგილმდებარეობას.

პროექტის ფარგლებში ჩვენს სამიზნე აუდიტორიას მივაწვდით ინფორმაციას სამი ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის შესახებ, როგორიცაა – დეპრესია, შფოთვითი და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა. შევქმენით ბლოკნოტი/ბროშურები, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ეს მდგომარეობა, როგორ შეგვიძლია ამოვიცნოთ მარტივად, თვითდახმარების რა სტრატეგიები არსებობს ან რომელ პროფესიულ სერვისს შეგვიძლია მივმართოთ საჭიროების შემთხვევაში. ჩვენი მთავარი სამიზნე აუდიტორია  ახალგაზრდები არიან და პავილიონიც სწორედ ისეთ სივრცეებში განთავსდება, სადაც ისინი იყრიან თავს. ცნობილია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების 75% სწორედ 15-დან 18 წლამდე ასაკში იწყებს განვითარებას. ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა სიმპტომებით ვლინდება ეს ავადმყოფობა და როგორ გავუმკლავდეთ მას, პრევენციულ როლს თამაშობს ადრეულ ეტაპზე და ამცირებს მისი განვითარების და გაღრმავების რისკს. 

რატომ იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი ამ თემის შესახებ საუბარი და ამ პრობლემის წინა პლანზე წამოწევა?

არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მიმათ მაღალი სტიგმაა საზოგადოებაში, რაც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ცოდნის ნაკლებობით. ჩვენი მიზანიც სწორედ ინფორმაციის მიწოდებაა – საზოგადოებაში ცნობიერებისა და სენსიტიურობის გაზრდა ამ საკითხებზე. ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური პავილიონი ერთგვარი პლატფორმაა, სადაც თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. იმ თემებზე, რომლებიც ყველასთვის აქტუალური, თუმცა ხშირად ტაბუდადებულია. ადგილია, სადაც ვსვამთ კითხვებს და ვიღებთ პასუხებს, სადაც არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმე გაგვკიცხავს ან განგვსჯის. თითოეულ ადგილზე, სადაც პავილიონი განთავსდება, იგეგმება საჯარო დისკუსიები, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 

როგორ მოხდა პროექტში ხელოვანების ჩართვა, მოგვიყევით თეზი გაბუნიას დიზაინის და ნიკოლოზ კაპანაძის ნამუშევრის შესახებ, რატომ გადაწყვიტეთ პავილიონის მათი მონაწილეობით შექმნა და რას გულისხმობს თითოეული მათგანის ნამუშევარი?

თავდაპირველად, როდესაც პროექტის იდეა ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში იყო, დარწმუნებულები ვიყავით იმაში, რომ უნდა შეგვექმნა  რაღაც ისეთი, რაც ჩვენი სამიზნე აუდიტორიისთვის მიმზიდველი იქნებოდა, რაც მათ დააინტერესებდა და გაუჩენდა სურვილს, ენახათ, მოესმინათ, წაეკითხათ. ჩვენი მიზანი იყო და არის თანამედროვე ენაზე საუბარი, რადგანაც ვიცით, რომ მოძველებული პრაქტიკა აღარ მუშაობს, მით უმეტეს – ასეთ მგრძნობიარე თემებზე საუბრისას. 

თეზი გაბუნიასთან თანამშრომლობის პროცესში განვიხილეთ არაერთი იდეა, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო პავილიონი, საბოლოო ჯამში კი მივედით იმ ფორმამდე, რა ფორმითაც დამთვალიერებელს შეუძლია მისი ნახვა. ეს არის სახლის ფორმის კონსტრუქცია, რომელსაც არ აქვს კარი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ სახელური არ კმარა და ვეძებთ ალტერნატიულ გზას, რომ აღმოვჩნდეთ შიგნით. რაღაცით ახალი ურთიერთობის დასაწყისს ჰგავს. არსებულ სქემებს ვცდებით და ვცდილობთ ახლები შევქმნათ. 

რაც შეეხება ნიკოლოზ კაპანაძის ჩართულობას ამ პროექტში, ჩვენმა ზღვის მიმართ დამოკიდებულებამ შეიძლება გაგვაერთიანა კიდეც. ვიდეოინსტალაციაში წარმოდგენილია ზღვა, რომელიც  სულაც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ის ჩვენთვის დატვირთული, ქაოსური ხაზების ერთიანობაა, რომელიც საკუთარ თავთან კიდევ უფრო გვაახლოვებს – გვახსენებს ბედნიერ მომენტებს, უსიამოვნო გამოცდილებებს, საბოლოო ჯამში კი  ვმთლიანდებით და საკუთარ თავს ისეთ ვიღებთ, როგორიც ვართ. ვიცით, რომ რაც გვანერვიულებს, გვასევდიანებს, გვაბრაზებს, რაც ჩვენში შფოთვას იწვევს და რაც გვახარეს, ჩვენივე ნაწილია. მათთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ე.წ. სინთეზი არქიტექტურის, ხელოვნებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის, რომელიც ვფიქრობ, საინტერესო გამოცდილებას ქმნის. 

რა არის პროექტის ძირითადი მიზანი, საბოლოო ჯამში რისთვის კეთდება ეს ყველაფერი?

წარმოვიდგინოთ ოკეანე, როგორც ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ კი ვართ სერფერები, რომლებიც ამ მდგომარეობასთან ერთად ცურვას ვსწავლობთ. შეიძლება ტალღის ქვემოთ მოვექცეთ, მაგრამ ყოველთვის შეგვიძლია მის ზემოთ აღმოვჩნდეთ. მთავარი მესიჯი, რისი მიწოდებაც გვსურს საზოგადოებისთვის, არის ის, რომ ნებისმიერი მდგომარეობის მართვა შეიძლება, თუკი ვისწავლით, როგორ გავაკეთოთ ეს დამოუკიდებლად ან პროფესიონალის დახმარებით და რომ ამაზე საუბარი სირცხვილი არ არის.  ვფიქრობ, გრძელვადიან პერსპექტივაში ამას აუცილებლად ექნება შედეგი. 

სად განთავსდება პავილიონი შემდეგში?

პავილიონი ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე შეიცვლის მდებარეობას. 11 ოქტომბრიდან 11 ნოემბრამდე მისი ნახვა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში, 11 ნოემბრის შემდეგ კი ის განთავსდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელი იქნება ჩვენს Facebook-გვერდზე (MHMA), რომელსაც მუდმივად განვაახლებთ.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.