fbpx
გააზიარე სტატია

“მუჯის” თვითმავალი, უამინდობისთვის შექმნილი მანქანები ფინეთისთვის

იაპონურმა ბრენდმა “მუჯიმ” საზოგადოებას უამინდობისთვის შექმნილი თვითმავალი ავტობუსის დიზაინი გააცნო, რომელიც ფინეთის სამ ქალაქში 2020 წლიდან დაიწყებს მოძრაობას.

საზოგადოებრივი ავტობუსი სახელწოდებით “გაჩა” ფინურ კომპანია Sensible 4-თან კოლაბორაციით შეიქმნა, რომელიც თვითმავალ ავტომობილებს აწარმოებს. “მუჯის” ცნობით, “გაჩა” იქნება პირველი თვითმავალი ავტობუსი მსოფლიოში, რომელიც ნებისმიერ ამინდში გადაადგილდება.

ავტონომიური ავტობუსების და რობო-ტაქსების ბაზრის განვითარებას ამინდი ძალიან დიდ დაბრკოლებებს უქმნის. არსებული ტექნოლოგიები ხშირ შემთხვევაში ვერ უმკლავდებიან ძლიერ წვიმას, თოვლს და ნისლს, რადგანაც მათი მწარმოებელი კომპანიები მეტწილად “თბილ” ადგილებშია განლაგებული.

Sensible 4-მა თავისი ტექნოლოგიები არქტიკულ პირობებში გამოცადა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მანქანები ფინეთის მკაცრ კლიმატშიც კი, მძღოლის გარეშე, წვიმაშიც და მზიან ამინდშიც უსაფრთხოა.

Sensible 4 ავტობუსის ალგორითმების, ხელოვნური ინტელექტისა და სენსორული აღჭურვილობის დახვეწაზე მუშაობდა, “მუჯიმ” კი – შეიმუშავა ავტომობილის ბრენდისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური სტილის დიზაინი.

მეგობრული იერის მისაღებად იაპონური ბრენდის დიზაინერულმა ჯგუფმა ოთხკუთხედ, კიდეებში მომრგვალებულ ავტობუსს სადა მონოქრომული შეფერილობა მისცა. საინტერესოა, რომ ავტობუსი წინიდან და უკნიდან ერთნაირად გამოიყურება.

ავტობუსი გარშემორტყმულია დიოდების სარტყელით, რომელიც ერთდროულად საინფორმაციო ტაბლოს და ფარების როლს ასრულებს. მისი მეშვეობით მგზავრებს შეუძლიათ შეიტყონ ავტობუსის დანიშნულების წერტილი.

“მუჯიმ” მარტივი დიზაინი შექმნა. სადა ლურჯი სკამები ავტობუსის მომრგვალებული კორპუსის ფორმებს იმეორებს. მოაჯირებით და საზურგეებით “გაჩა” ჩვეულებრივ საზოგადოებრივ ტრანსპორტს წააგავს.

ავტობუსის ექსპლოატაციაში გაშვება 2020 წელს იგეგმება ფინეთის სამ ქალაქში: ესპოში, ვანტაასა და ჰემეენლინაში. 2019 წლის მარტში კი ჰელსინკში ახალი სატრანსპორტო საშუალების პრეზენტაცია იგეგმება.

“მუჯი” სასიამოვნო ცხოვრებას გვთავაზობს. ის არა მხოლოდ ყოველდღიური მოხმარების საგნების შექმნაზე ზრუნავს, არამედ საზოგადოების სხვადასხვა პრობლემების გადაჭრასაც ცდილობს.”

“ავტონომიური გადაადგილების ტექნოლოგიების განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს ისეთ ადგილებში, სადაც დაბალი შობადობა და მოსახლეობის გადაბერება პრობლემებს უქმნის კომუნებს.”

ამგვარი ავტომობილი პირველად შარშან, ოქტომბერში გამოჩნდა – გერმანიის თვითმავალმა ავტობუსმა ბავარიელი მგზავრები რკინიგზის სადგურიდან ქალაქის ცენტრში ჩაიყვანა.

წყარო: Dezeen 

თარგმანი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.