fbpx
გააზიარე სტატია

Mutant Radio – ახალი რადიოსადგური

ტექნოლოგიურმა სიახლეებმა და მისმა უსაზღვრო შესაძლებლობებმა მუსიკის სფეროშიც შემოაღწია, რაც თანამედროვე ადამიანისა და მუსიკის ურთიერთობაზე აისახება. გაჩნდა უამრავი პლატფორმა, სადაც “playlist” არასდროს მთავრდება, შეგვიძლია ვუსმინოთ იმას, რაც გვინდა, რამდენჯერაც გვინდა და როცა გვინდა. თუმცა ამ სიკეთეებს თან ახლავს ინტერაქციის ნაკლებობა, რაც რადიოსა და მსმენელს შორის მყარდებოდა. Red Light Radio, Berlin Community Radio და სხვა მაუწყებლები ცდილობენ უფრო მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ მსმენელთან და აღადგინონ დაკარგული ურთიერთობები. Mutant Radio არის სწორედ პირველი ქართული მედიაპლატფორმა, რომელიც ამ გამოწვევებს ეხმიანება და მრავალფეროვან მიმართულებებს სთავაზობს მსმენელს. ნინა ბოჭორიშვილის, თათა ჯანაშიას და ვლადიმერ ნაჭყებიას ერთობლივი პროექტის პირველი ღონისძიება 26 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც ჰოლანდიური Red Light Radio-ს დამფუძნებელიც მონაწილეობდა. სანამ Mutant Radio-ს მრავალფეროვნებაში გაერკვევით და მოუსმენთ, Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მის დამფუძნებლებთან.

როგორ გაჩნდა Mutant Radio-ს შექმნის იდეა? 

ყველაფერი რამდენი წლის წინ საქართველოში Red Light Radio-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით დაიწყო, რასაც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამ პროექტების დასრულების შემდეგ მივხვდით, რომ საქართველოს აკლია მუსიკალური პლატფორმა, რომელიც მიზანმიმართულად ხელს შეუწყობდა და პოპულარიზაციას გაუწევდა ადგილობრივი არტისტებისა და ახალი ტალანტების აღმოჩენასა და მათ კარიერულ განვითარებას. სწორედ ეს არის რადიოს ერთ-ერთი მთავარი მისია, ლოკალურად განავითაროს სცენა, მისცეს ქართველ არტისტებს მუსიკალური თავისუფლება. ასევე, ქვეყნის გარეთ გაიტანოს ქართველი შემსრულებლის შემოქმედება. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა შეგვექმნა საკუთარი რადიო.

რატომ  “Mutant”, რა დატვირთვა აქვს რადიოს სახელს?

როდესაც რადიოს იდეოლოგიაზე ფიქრი დავიწყეთ, მივხვდით, რომ ის მხოლოდ რადიო არ იყო, საბოლოოდ გამოვიდა მუტანტ მედიაპლატფორმა და ზუსტად სახელის იდეაც აქედან წამოვიდა. რადიოს ერთ-ერთმა თანადამფუძნებელმა ვლადიმერ ნაჭყებიამ თქვა, რაღაც მუტანტური სახელი გვინდაო და ბარემ რადიოს დავარქვათო, ყველანი სიხარულით შევხვდით ამ იდეას.

რას გულისხმობს თქვენი ინტერნეტრადიო პლატფორმის შინაარსი? 

ჩვენი რადიო არის ქარავნის ტიპის სახლი-მანქანა, შესაბამისად, ვართ მობილურნი, რაც გულისხმობს, რომ რადიო იმოგზაურებს რეგიონებში და მოაწყობს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელთა მიზანია განავითაროს და აღმოაჩინოს არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონში მოღვაწე არტისტებიც. გარდა ამისა, რადიოს ვებგვერდზე იქნება აპლიკაცია, სადაც მსმენელი შეძლებს საკუთარი მუსიკის ან პროექტის გამოგზავნას. რადიო ღიაა მიიღოს ნებიესმიერი კრეატიული იდეა და შემდგომ განახორციელოს.

როგორი ტიპის მსმენელზეა გათვლილი Mutant Radio?
რადიოს ერთ-ერთი მთავარი მისიაა განავითაროს მსმენელის მუსიკალური დიაპაზონი, აქედან გამომდინარე, მიზნად გვაქვს ყველანაირი ტიპის და ასაკის ჯგუფები მოვიცვათ მომავალში. ვფიქრობთ, რომ ზუსტად ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ კარგად გავიცნოთ ქართველი მსმენელი.

გარდა მუსიკალური ტრანსლაციებისა, უნდა ველოდოთ თუ არა სხვა სახის გადაცემებს?

 რადიოს ძირითადი ხაზია მუსიკა, თუმცა ის აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებას – საგანმანათლებლო და საავტორო გადაცემებს, სემინარებს, ინტერნეტ ვიდეო- და აუდიოჩანაწერებს, რომელშიც ჩართულნი იქნებიან არა მხოლოდ პროფესიონალი დიჯეები და მუსიკოსები, არამედ მუსიკის კოლექციონერები და მუსიკასთან დაახლოებული პირები. შემოგთავაზებთ ასევე პანელურ დისკუსიებს აქტუალურ თემებზე.

როგორ არჩევთ არტისტებს, არსებობს თუ არა რაიმე კრიტერიუმი, რასაც ხელოვანი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა Mutant Radio პლატფორმაში მოხვდეს?

ასეთი გამოკვეთილი კრიტერიუმი არ არსებობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, რადიოს აქვს თავისი მუსიკალური მიმართულება და ხასიათი ე.წ  Pick-ები, რომლის მიხედვითაც იქმნება პროგრამა. თუმცა, ეს არ გამორიცხავს სხვადასხვა ტიპის მუსიკოსების თუ დიჯეების ჩართულობას რადიოში. ჩვენი პროგრამა საკმაოდ ეკლექტურია. ასევე, ჩვენი კოლექტივი მუდმივ ძიებაშია აღმოაჩინოს ახალი ტალანტები.

hearპირველი ღონისძიება 26 ოქტომბერს გამართეთ. მოგვიყევით ამის შესახებ…

26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი და ჰოლანდიური Red Light Radio-ს ორი პარალელური მაუწყებლობა მიმდინარეობდა, სადაც მოვიწვიეთ ქართველი და უცხოელი არტისტები. ხოლო ღამე გადავინაცვლეთ Horoom-ში, სადაც ბელგიელი არტისტი მაოუპა მაზოჩეტი, Mutant Radio-ს და Red Light Radio-ს დამფუძნებლები ერთად უკრავდნენ.

Good morning! Upcoming DJ NEUX is ready to start the day with some eclectic selection.

Gepostet von Mutant Radio am Mittwoch, 30. Oktober 2019


თქვენი აზრით, რატომ არის Mutant Radio საინტერესო წამოწყება, რა შეიძლება შეცვალოს ქართულ რეალობაში?

ვფიქრობთ, რომ Mutant Radio ქართველ არტისტებს უფრო შეუზღუდავ სივრცეს სთავაზობს, სადაც მეტია  სხვადასხვა კუთხით განვითარების თავისუფლება, რაც ქართულ რეალობაში მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვნებასა და ზრდას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, საგანმანათლებლო გადაცემები და პანელური დისკუსიები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციებს მიაწვდის მსმენელს მუსიკალურ ტექნიკაზე, რეკომენდაციებსა და შესაძლებლობებზე, ვფიქრობთ, დიდი შემეცნებითი წყარო იქნება მათთვის, ვისაც ამ კუთხით საკუთარი თავის რეალიზება სურს. 

ქართულმა კლუბურმა სცენამ მთელ მსოფლიოს უკვე დაამახსოვრა და შეაყვარა თავი, რაც მის პოპულარობაშიც გამოიხატება. ჩვენი მიზანი კი ის არის, რომ Mutant Radio-მ, როგორც ალტერნატიულმა მუსიკალურმა მიწოდების წყარომ, ევროპულ სცენას საქართველო სხვა ჟანრებში და სხვა მიმართულებებითაც გააცნოს.

Today we have a live session by Nikakoi [Nika Machaidze] one of the pioneers of Georgian electronic music scene. Also, composer, filmmaker and a member of the collective group of artists – "GOSLAB". Tune in!

Gepostet von Mutant Radio am Freitag, 22. November 2019

 

თქვენი აზრით, აქვს თუ არა რადიოს პოტენციალი გახდეს საერთაშორისო პლატფორმა?

Mutant Radio უკვე არის საერთაშორისო ინტერნეტ მედიაპლატფორმა, რომელიც მაუწყებლობს თბილისიდან. მომავალში ვგეგმავთ, რომ ყველა გადაცემის მოსმენა და ნახვა ორ ენაზე იყო შესაძლებელი (ქართულად და ინგლისურად).

რა შედის Mutant Radio-ს სამომავლო გეგმებში… 

FM სიხშირეზე გასვლა, რაც საშუალებას მოგვცემს დაფარვის უფრო დიდი დიაპაზონი მოვიცვათ და შევქმნათ ალტერნატიული მუსიკალური მიწოდების წყარო, რაც განავითარებს ქართველ მსმენელს. მომავალი წლისთვის ასევე იგეგმება მუსიკალური საინფორმაციო გადაცემა, რომელიც გააშუქებს მუსიკალურ ინდუსტრიაში არსებულ სიახლეებს. უფრო მოკლევადიან გეგმებს რაც შეეხება, დეკემბერში გვექნება სიახლეები და ვითანამშრომლებთ ნორვერგიელ და ბერძენ მუსიკოსებთან და არა მხოლოდ…

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე

 


რეკომენდებული სტატიები
Hear Her | Newa

Hear Her | Newa

Hear Her | Newa
ინტერვიუ 2017 წლის პირველ ქალ ელექტრონავტთან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.