fbpx
გააზიარე სტატია

ნამ ჯუნ პაიკი – როგორ უყურებს XXI საუკუნეში ბუდა ტელევიზორს

1960-იან წლებში პირველად გამოჩენილი ვიდეო წარმოუდგენლად საინტერესო მედიუმი აღმოჩნდა არტისტებისთვის. ხელოვანებმა ახალი ტექნოლოგიები საკუთარი შემოქმედების ახალ ასპარეზად, ახალ ენად მიიღეს სახელოვნებო სივრცეში. ვიდეოარტისტებმა მოხერხებულად გამოიყენეს ვიდეო იმ უარყოფითი გავლენის საჩვენებლად, რაც ტელევიზიას, მასმედიას და საერთოდ ტექნოლოგიურ სამყაროს ჰქონდა ადამიანის ცხოვრებასა და აზროვნებაზე. ფლუქსუსის წარმომადგენელი, გერმანიასა და ამერიკაში მოღვაწე კორეელი ხელოვანი ნამ ჯუნ პაიკიც აქტიურად ეხმიანება ტელევიზიას და ამ ფენომენში ინდივიდის პასიურ როლს.

პაიკმა პირველი ვიდეო 1965 წელს ნიუ-იორკში ტაქსით მგზავრობისას ჩაწერა  და ამერიკაში რომის პაპის ჩასვლის სცენა იმავე საღამოს გრინვიჩ ვილიჯში, კაფე A GO GO-ში აჩვენა. პირველი ჩვენებიდან მალევე წერს მანიფესტს, სადაც თანამედროვე ხელოვანებს მოუწოდებს, რომ დაეუფლონ ვიდეოარტს, რათა კონკურენცია გაუწიონ პროპაგანდისტულ ტელევიზიას.

პაიკი ყოველთვის გატაცებული იყო ტექნოლოგიებით, ამიტომ მისი ნამუშევრები სავსეა  ტექნოლოგიების ჰუმანიზაციის მცდელობით. ხელოვანი ქმნის ჰომომორფულ რობოტს მოცარტის მეთვრამეტე სონატის პატივსაცემად და მას  K 456-ს არქმევს. ასევე აღნიშნავს, რომ რობოტი ოცი წლისაა და წინადაცვეთა არ გაუკეთებია. უფრო მეტი ჰუმანურობისთვის პაიკი რობოტს არ ფარავს რაიმე მასალით, რობოტი შიშველი კონსტრუქციაა, რომელსაც შეუძლია სიარული და ლაპარაკი. 1980-იან წლებში პაიკი კიდევ უფრო შორს მიდის ტექნოლოგიის ჰუმანიზაციის მიზნით და ქმნის „რობოტის ოჯახს“. რობოტის ვიდეოინსტალაციაზე წარმოდგენილია ოჯახის სამი თაობა.

1995 წელს შესრულებული „ელექტრონული გზატკეცილი: აშშ, ალასკა, ჰავაი“ ერთგვარი მომავლის სურათია – ელექტროფიცირებული ამერიკა. ნამუშევარი შედგება ეკრანებისგან და ერთმანეთისგან გამოიყოფა ელექტრონული კონტურებით, რომლებიც აშშ-ის შტატების საზღვრებს ხაზავს.

უჩვეულო ფორმები, კაშკაშა ფერები, ეკრანებზე მოძრავი გამოსახულებები, მუსიკა – ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მაყურებელს აჩვენოს თანამედროვე ფანტაზია და შეუქმნას მომავლის ზღაპრის შთაბეჭდილება. ამავე დროს, მნახველს ორი სამყაროს – ვირტუალურისა და რეალურის – გაერთიანებას უჩვენებს.

ნამ ჯუნ პაიკი ტექნოლოგიების და ვიდეოს გამოჩენისთანავე მიხვდა, თუ რამდენად დიდი როლი ექნებოდა მას თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, სწორედ ამიტომ ის გადაწყვეტს აქტიურად გამოიყენოს „მომავლის ხელოვნება“ საკუთარ ნამუშევრებში. რაც შეეხება ადამიანის პასიურ როლს ტელევიზორის ხანაში, ის ქმნის ლაივ პერფორმანსს, სადაც ადამიანი ტელევიზორის ყურების დროს თავადვე იქცევა მის ობიექტად და თავადვე ისახება ეკრანზე. ამ პერფორმანსის მთავარი მესიჯი იყო ტელევიზიის დომინანტური როლის ზრდის, ადამიანის ცხოვრებაზე მისი გავლენის ჩვენება, ასე ვთქვათ, „ადამიანის გატელევიზორება“. პაიკის მთავარი კითხვაა – რამდენად ღრმად აისახება თანამედროვე ტექნოლოგიების კვალი ადამიანზე.

ნამ ჯუნ პაიკის ვიდეოინსტალაციებს გამოარჩევს იუმორის გრძნობა, რომელიც  თან სდევს ავტორის შემოქმედებას. ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებით თვალშისაცემია წარსულთან და ტრადიციულ ხელოვნებასთან მიმართებაში. მაგალითად, მისი მხედრების გამოსახულებები კლასიკური დროის ცნობილი ნამუშევრების  ასოციაციებს იწვევენ. პაიკი პატივს სცემს წარსულს, თუმცა აქ მისი იუმორიც აშკარაა.

პაიკი ასევე კონტრასტულად უსვამს ხაზს წარსულისა და თანამედროვეობის ურთიერთმიმართებას, ამიტომ ქმნის ინსტალაციებს, სადაც ხელოვნების ნაწარმოებთა რეალურ ასლებს ათავსებს ტელევიზორის წინ. ამგვარი ინსტალაციებიდან გამორჩეულია როდენის ცნობილი ქანდაკება „მოაზროვნე“ და ბუდას ძველი ჩინური ქანდაკება, რომლებიც  ტელევიზორს “უყურებენ”. ამ ინსტალაციების არსი შეიძლება სხვადასხვაგვარად აღიქვა: როგორც წარსულთან კავშირი და მისადმი პატივისცემის გამოხატვის ერთგვარი ჟესტი, ან როგორც უბრალოდ იუმორი, ანდა თვითშემეცნების ფილოსოფიური აქტი. თუმცა, ცხადია, რომ ავტორი ფართო გასაქანს უტოვებს მნახველს, მის პირად შეგრძნებებსა და ფანტაზიას.

ფართო ინტერპრეტაციის საშუალება ეძლევა დამთვალიერებელს ნამ ჯუნ პაიკის პორტრეტების ყურებისასაც. ხელოვანის სპეციფიკური მანერის მიუხედავად, მნახველს ადვილად შეუძლია ამოიცნოს ენდი უორჰოლი, იოზეფ ბოისი, გერტრუდა სტაინი და სხვ. პაიკი ნათლად მიანიშნებს “პორტრეტირებულის” ვინაობას მათთვის დამახასიათებელი დეტალებისა თუ აქსესუარების წყალობით.

ავტორი: მარიამ ყაყიტაშვილი


რეკომენდებული სტატიები
ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები

ჰაჯიმე სორაიამას თანამედროვე ქალღმერთები
„იყო შემოქმედებითი ნიშნავს - ყოველთვის შეგეძლოს ხალხის გაოცება იმით, რაც ჯერ კიდევ არ არსებობს“ - ჰაჯიმე სორაიამა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.