fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ CES-ის (Creative Education Studio) დამფუძნებელ ნათია – სტია სართანიასთან

როგორ აღმოჩნდი მუსიკალურ ინდუსტრიაში? მოგვიყევი შენს შესახებ.

სიმართლე გითხრათ, არჩევანის გაკეთების საშუალება არ მქონია. ჩემი გამზრდელი ბებია პიანისტი გახლდათ და მან ჩემი დაბადებისთანავე ჩაიფიქრა, რომ მეც პიანისტი უნდა ვყოფილიყავი. 5 წლის ასაკში ფორტეპიანოსთან დამსვა და მითხრა, შენ კონსერვატორიაში ჩააბარებ შოპენის პირველი ეტიუდით და თან ყველაზე კარგი პიანისტი იქნები, ისე კი არ უნდა მიგიღონ, როგორც ჩემი შვილიშვილიო.

როცა ატენის ქუჩაზე ჩემი თანატოლები ეზოში თამაშობდნენ, მათ ხმაურს ფონად მუდმივად გასდევდა ჩემი მეცადინეობის ჰანგები. მე დღემდე ყველაზე მეტად მეშინია საყვარელ ადამიანებს გული არ ვატკინო და იმედი არ გავუცრუო, ისე რომ, მიუხედავად იმისა, ბავშვებთან ერთად კუნტრუში მერჩია, მიჯაჭვული ვიყავი ინსტრუმენტს და ვერ ვბედავდი წინააღმდეგობის გაწევას, რადგანაც ბებიაჩემისთვის ეს იქნებოდა მისი დიდი ოცნების დასასრული.

გამიმართლა და აღმომაჩნდა მუსიკალური მონაცემები, რეჟიმს და დისციპლინას ბებიაჩემმა მიმაჩვია და მუსიკა შევიყვარე. 5 წლიდან სცენა გახდა ჩემი სახლი და თავდავიწყებით შემიყვარდა, დროთა განმავლობაში კი მუსიკის შესრულებისადმი გამიჩნდა ფიზიკური და მენტალური დამოკიდებულება, რაც უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებდა. სკოლის ბოლო წლებში აღმოვაჩინე, რომ მუსიკა მხოლოდ კლასიკური კი არ არის, ბევრი სხვადასხვა ჟანრი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პირნათლად დავამთავრე კონსერვატორია, უკვე ნათელი იყო, რომ ბევრად უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა ჩემი მუსიკალური მოგზაურობა და მხოლოდ პიანისტობით არ შემოიფარგლებოდა.

1995 წელს შევუერთდი პირველ FM რადიოსადგურს საქართველოში და მოვინათლე, როგორც პირველი ქართველი „გოგო DJ”. რადიოში რამდენიმე შოუ მქონდა, მათ შორის Drum’n’Bass Session, რომლითაც დღემდე ძალიან ვამაყობ. პარალელურად ვუკრავდი იმდროინდელ კლუბებში – “ოსკარში”, “მეტეხში”, IGM-ში.
23 წლისამ სრულიად შევწყვიტე ფორტეპიანოზე დაკვრა და აღმოვაჩინე პროგრამა Cubase, საიდანაც დაიწყო ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში – ელექტრონული მუსიკის შექმნა.
7 წლის წინ კი მუსიკის შექმნაც შევწყვიტე და მთელი დრო CES-ს დავუთმე.

ერთ-ერთი პირველი მუსიკოსი ქალი ხარ, რომელმაც ლოკალურად დაიწყე მუსიკის შექმნა. როგორი იყო პირველი ნაბიჯები… რა სირთულეებს უკავშირდებოდა ეს პროცესი?

არანაირი სირთულეები არ მახსენდება. ხოლო ის ფაქტი, რომ ქალი ვარ, ყოველთვის ხელს მიწყობდა საქმეში.

CES-ის (Creative Education Studio) დამფუძნებელი ხარ, როგორ გაჩნდა CES-ის შექმნის იდეა და როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები?

CES-ის შექმნის იდეა საკუთარი გამოცდილებიდან გაჩნდა. დღეს იმდენად განვითარებულია საქართველოში შემოქმედებითი მედია სფერო, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ 10 წლის წინ ის საერთოდ არ არსებობდა. 10 წლის წინ დამიკვეთეს ლაივის გაკეთება, რომლისთვისაც თავად მომიწია კონცეფციის შემუშავებაც, მუსიკის ნოტების გაკეთებაც, ელექტროხმებზე მუშაობაც, გახმოვანებაზე ზრუნვაც, რადგანაც თითქმის არანაირი სერიოზული აღქმა და ტექნიკური თუ ადამიანური რესურსი არ არსებობდა ამ გამოწვევისთვის. ტექნოლოგიები ვითარდებოდა და თითქოს ქართველები არ მივყვებოდით. გამიმართლა და კახა წამალაიძემ (ჩემმა იმდროინდელმა პარტნიორმა) მომცა იმის შანსი, რომ CES წამოწყება რეალური გამხდარიყო.

პირველი ნაბიჯები საინტერესო იყო, ფინანსურად ძალიან რთული, მაგრამ იმხელა მოტივაცია მოდიოდა სტუდენტებისგან, რომ ყველა სირთულე თაფლივით ტკბილად მახსენდება.

დაგვისახელე მუსიკოსები, რომლებმაც შენზე დიდი გავლენა მოახდინეს.

ამ კითხვაზე ბევრი ვიფიქრე, რადგანაც მუსიკას დაბადებიდან ვუსმენ და მუსიკის გავლენის ქვეშ ყველაზე ადვილად ვექცევი, შესაძლოა დღეში 10-ჯერ შემეცვალოს ხასიათი და განწყობა გამომდინარე იქიდან, თუ რას ვუსმენ, ასევე ლოგიკურად მუსიკა მიცვლის ცხოვრების კურსს ყოველ ჯერზე – „Music Is My Airplane”, თუმცა, გამოვყოფდი პროკოფიევს, რომელმაც პირველი დიდი გაღვიძება გამოიწვია ჩემში, როდესაც 13-14 წლის ვიყავი და ჩემი ცხოვრება სრულიად იყო მოცული კლასიკური მუსიკით და მისი შესრულებით. როდესაც პირველად პროკოფიევის შესრულება მომიწია, თავი ყრუ მეგონა, რადგანაც არაფერი მესმოდა, ვუკრავდი, მაგრამ მხოლოდ ნოტებს, რომლებიც ერთმანეთს ვერ ებმოდნენ მუსიკალურად, მელოდიურად, აი ისე, წინადადებას რომ კითხულობ და აზრი ვერ გამოგაქვს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბევრი, ბევრი საათები, დღეები და კვირები დავუთმე მის შესრულებას, სრულიად მოულოდნელად აჟღერდა და ასიათასჯერ დაკრული ნაწარმოები თითქოსდა პირველად მოვისმინე. ეს იყო ნამდვილი საჩუქარი, მოულოდნელი საჩუქარი. მას შემდეგ გაიხსნა ჩემი გული მუსიკისადმი და მზად აღმოვჩნდი მის აღსაქმელად.

შემდეგი მუსიკოსი, რომლის მუსიკაც ჩემი ბოლო 20 წლის თანამგზავრია, გახლავთ ნატალია ბერიძე. მის მუსიკას აღვიქვამ, როგორც ჩემი ცხოვრების ნაწილს. ეს არის მუსიკა, რომელზეც ბევრი მიტირია; მუსიკა, რომელიც მესმოდა, როცა პირველი შვილი გავაჩინე; მუსიკა, რომლის ფონზეც ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში ვიმოგზაურე და ბევრი სხვადასხვა ქალაქი შევიგრძენი; მუსიკა, რომელიც მიბიძგებს ფიქრისკენ და მაძლევს ოცნების უსასრულო არეალს; მუსიკა, რომელიც დროს უძლებს, უსწრებს და ემატება ღირსება.

როგორ ფიქრობ, როგორია ქართული მუსიკალური სცენა დღეს?

იქიდან, საიდანაც მე ვაკვირდები, დღეს ძალიან საინტერესო სცენაა. მიუხედავად იმისა, რომ როკი თითქოსდა მოკვდა და გვაკლია, ჰიპ-ჰოპი ჯერ კიდევ აღმოცენების პროცესშია, ექსპერიმენტულ მუსიკას სცენა აკლია, სიმღერების წერა ნაკლებად მოდურია, Spotify საქართველოში არ არის supported, ნელ-ნელა მცირდება კონკრეტული ჟანრისადმი “ჩაციკვლა” და ჩნდებიან ახალი სახეები და ინდივიდები, რომლებსაც არ ეშინიათ და გამოაქვთ თავიანთი შინაგანი სამყარო მუსიკის მეშვეობით. აქვე უკვე შეინიშნება პატარა ძვრები მუსიკალური ინდუსტრიის შენებისკენ. საქართველოს აქვს Sioni Soundsystem; საქართველოში გაჩდა Modular Synth კომუნა; ჩნდებიან მუსიკალური სკოლები და ლეიბლები და ქართველებმა დაიწყეს მუსიკის ყიდვა. ვფიქრობ, მომავალი ნათელი იქნება <3

ცოტა ხნის წინ CES Records-მა პირველი ვინილი გამოუშვა: “Sleepers, Poets, Scientists”, რომელიც 9 ქართველი მუსიკოსი ქალის კომპოზიციას აერთიანებს, გარდა ამისა, წარმოადგინეთ მუსიკალური დადგმა. რა არის კოლექტივის მთავარი კონცეფცია? რას უნდა ველოდოთ ახალ დადგმებში?

ვფიქრობ, კომპილაციის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია თავისუფლება და ყველანაირი წესის და რიგის დარღვევა გახლავთ. ბოლომდე გავყევით მუსიკას და ინტუიციას. ამ ყველაფერს კი ხელი შეუწყო იმ ფაქტმა, რომ მხოლოდ ქალბატონები მონაწილეობენ, რადგანაც ვფიქრობ, ქალები უფრო გაბედულნი არიან და მათთვის უფრო ადვილია გულის გახსნა და ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორი აღქმა მოჰყვება შედეგად.

ამ ეტაპზე სამ რილისზე ვმუშაობ და მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დადგმებს არ მოგაკლებთ.

როგორია შენი დამოკიდებულება თბილისის საკლუბო სცენის მიმართ?

პირადი დამოკიდებულება არ გამაჩნია, რადგანაც აღარ ვარ ქლაბერი და ჩემთვის საყვარელი და ძვირფასი საკლუბო მუსიკა თბილისში არ არის. თუმცა კი, მეამაყება მოძრაობა და ვთვლი, რომ ის რამდენიმე ინდივიდი, ვის კისერზეც გადაიარა და აშენდა ამხელა საკლუბო ინდუსტრია, საქართველოს ნამდვილი ელჩები არიან. ასევე ვთვლი, რომ საქართველოსთვის ეს არის ყველაზე დიდი ნაბიჯი გადადგმული ევროპისკენ და ცივილური სამყაროსკენ ბოლო ათწლეულში.

რას ურჩევდი დამწყებ მუსიკოსებს?

დაწეროს მუსიკა საკუთარი სულის გამოსაკვებად, არ იფიქროს შედეგებზე, არ ააშენოს ნიშა და არ მოიქციოს თავი ჩარჩოში. უსმინოს ბევრ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და არ აჰყვეს არანაირ ტენდენციებს. და ყველაზე მთავარი – დაუთმოს უამრავი დრო მუსიკას.

 

დაგვიტოვე ბოლო დროს ამოჩემებული ტრეკი…

King Krule – Dum Surfer

გვესაუბრე სამომავლო გეგმებზე.

შემდეგი 5 წლის მანძილზე:
CES-ის გაფართოება და ხმის საბაკალავრო პროგრამის შემუშავება.
CES Records-ზე გაბედული რილისების გამოშვება.
ქალაქის ცენტრიდან გაქცევა.
რამდენიმე ათეული ხის დარგვა.

ავტორი & შემოქმედებითი ხემძღვანელი: ნინა პატარიძე

ფოტოგრაფი: ლევან მაისურაძე


რეკომენდებული სტატიები
SLEEPERS POETS SCIENTISTS

SLEEPERS POETS SCIENTISTS

SLEEPERS POETS SCIENTISTS
ქართულმა დამოუკიდებელმა ლეიბლმა CES Records-მა პირველი ფირფიტა გამოუშვა სახელწოდებით SLEEPERS POETS SCIENTISTS
ინტერვიუ მუსიკოს გაჩა ბაქრაძესთან

ინტერვიუ მუსიკოს გაჩა ბაქრაძესთან

ინტერვიუ მუსიკოს გაჩა ბაქრაძესთან
ახლახან გაჩას ალბომი World Color – დღესდღეობით ერთ-ერთმა უმნიშვნელოვანესმა მუსიკალურმა პლატფორმა Pitchfork-მა 2018 წლის საუკეთესო ელექტრონული მუსიკის სიაში ლეგენდარული არტისტების გვერდით გამოაქვეყნა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.