fbpx
გააზიარე სტატია

Nendo – გრავიტაციით შექმნილი მინის ავეჯი

მინის ავეჯის ახალი კოლექცია სახელწოდებით – „დნობა“, იაპონური დიზაინ-სტუდიოს, Nendo-ს დამფუძნებლის, ოკი სატოსა და მინის მწარმოებელი ვენეციური  ბრენდის, WonderGlass-ის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა.  ახალი კოლექციით WonderGlass განათების და პროდუქტის დიზაინიდან ავეჯის დიზაინში საკუთარი ძალების მოსინჯვას აღნიშნავს.

კოლექციაში წარმოდგენილია სასადილო მაგიდა, ტუმბო, სავარძელი და სხვადასხვა ტიპის სკამები, რომლებიც ყინულის ქანდაკებებს ჰგავს. შუშის უსწორმასწორო ზედაპირი პროდუქტს ყინულის შესახედაობას აძლევს, რომელიც თითქოს ლღობის მომენტშია გაჩერებული.

ოკი სატოსას კოლექციის შთაგონება WonderGlass-ის ხელოსნების მუშაობის პროცესზე დაკვირვება აღმოჩნდა. მისი თქმით, კომპანიის მაღალკვალიფიციური პროფესიონალები მინაზე ისე თავისუფლად მუშაობენ, როგორც „ბავშვები ზელენ თიხას“.

კოლექციის შექმნისას მთავარი კონცეფცია მინის თავისუფალ ფორმირებას გულისხმობდა. მნიშვნელოვანი იყო მინას თავად წარემართა პროდუქტის დიზაინის პროცესი, შექმნილიყო მაქსიმალურად ბუნებრივად, გრავიტაციის ძალითა და მასალის სიმძიმის დახმარებით.
“ამდენად, გააკეთო ნაკლები და მიიღო მეტი, ყველაზე რთული საქმეა”, – განაცხადა ოკი სატოსამ.

კოლექცია შექმნილია U-ს ფორმის თაღოვანი დიზაინით და მასში ავეჯის გარდა ვხვდებით ისეთ დეკორატიულ ელემენტებს, როგორებიცაა ყვავილის ლარნაკები და შირმა.

ავეჯის დასამზადებლად შუშის გამოყენება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, რადგან მასალა თვისებრივი მახასიათებლებიდან გამომდინარე ადვილად მსხვრევადია. WonderGlass-მა მინის შესაძლებლობების საზღვრების გაფართოება გადაწყვიტა და პროდუქტს განსაკუთრებული ტექნოლოგიების გამოყენებით საჭირო სისქე და სტრუქტურა მიანიჭა.

კოლექციას კომპანია WonderGlass ბევრ სიახლესთან ერთად აპრილში მილანის დიზაინის კვირეულზე წარადგენს, მანამდე კი – 14-დან 20 იანვრის ჩათვლით – მისი ნახვა შესაძლებელი იყო გერმანიაში, IMM Cologne-ის გამოფენა-გაყიდვაზე.

ავტორი: ანო ნიკოლაიშვილი


რეკომენდებული სტატიები
ტაევან კიმის „სინათლის სკამი"

ტაევან კიმის „სინათლის სკამი"

ტაევან კიმის „სინათლის სკამი"
კორეელმა დიზაინერმა ტაევან კიმმა „სინათლის სკამის“ შესაქმნელად მინის გასაფერადებელი წებოვანი ფირფიტა გამოიყენა, რომელიც საშუალებას იძლევა ერთდროულად აირეკლოს და გაფანტოს კიდეც სინათლის სხივები.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.