fbpx
გააზიარე სტატია

ჯადოსნური ქალაქები ახალი წლის გასატარებლად

შობა-ახალი წელი ის დროა, როდესაც უამრავი შესაძლებლობა გაქვთ მოგზაურობა ჯადოსნურად და ზღაპრულად აქციოთ. მსოფლიოს უამრავი ქალაქი დეკემბრის ბოლოს განსაკუთრებულად მაგიური ხდება, რომელთა ტრადიციული საშობაო ბაზრობები, სადღესასწაულო აქტივობები, ყინულის მოედნები და გამოფენები დაუვიწყარი მოგონებების ნაწილი გახდება. თუკი ჩემოდანს ახლა ალაგებთ და ჯერ ზუსტად არ იცით, საით აპირებთ გამგზავრებას, Hammock გთავაზობთ ქალაქების სიას, სადაც ახალი წელი განსაკუთრებით მომხიბლავი და ჯადოსნურია. 

როვანემი, ფინეთი 

ფინეთში მდებარე პატარა სოფელი როვანემი ერთ-ერთი ყველაზე საახალწლო ადგილია მთელ მსოფლიოში. სანტა კლაუსის სამშობლოში დღესასწაულზე უამრავი ჯადოსნური თავგადასავალი გელოდებათ – უზარმაზარი ბრჭყვიალა თოვლით დაწყებული, ელფების სკოლით, მარხილებითა და ჩრდილოეთის ნათებით დამთავრებული. 

ბრიუგე, ბელგია 

შუასაუკუნეების დროინდელი ქალაქი განსაცვიფრებელია მთელი წლის განმავლობაში, თუმცა ზამთარში ის განსაკუთრებით ჯადოსნურია მთელი თავისი დეკორაციებით, ყინულის მოედნებითა და საშობაო სოფლებით. წელს დამთვალიერებლები 40 არტისტის მიერ შექმნილი ყინულის სკულპტურებს ნახავენ. “ჰობიტების მიწაზე”  გამართულ ფესტივალზე სიცივისგან ცხელი შოკოლადი გადაგარჩენთ. 

ნიურბერგი, გერმანია

გერმანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის, ნიურბერგის საშობაო ბაზრობას ყოველწლიურად  ორ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბაზრობა ხელნაკეთი და ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმით არის გამორჩეული. ნიურბერგი მთელი თავისი საშობაო დიდებულებით ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ. 

სტრასბურგი, საფრანგეთი 

სტრასბურგში სადღესასწაულო სეზონზე საშობაო სოფლების სერიები იმართება, რომლებიც ქალაქს გასაოცარს ხდის. დაუვიწყარი ვიზუალური სანახაობის გარდა, საშობაო სოფელში  ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სტრასბურგის საშობაო პროგრამა გამორჩეულია კონცერტებითა და კულტურული ღონისძიებებით.

ვენა, ავსტრია

ვენა კლასიკური ახალი წლის გასატარებლად საუკეთესო ადგილია, სადაც გემრიელი გლინტვეინის არომატები სამ სხვადასხვა ჯადოსნურ საშობაო ბაზრობაზე შეგიძლიათ იგემოთ. მოციმციმე დეკორაციებში ჩაფლულ იმპერიულ ხუროთმოძღვრებას განსაკუთრებულ მაგიას ვენის მომღერალთა გუნდი მატებს, რომელთა კონცერტებიც სადღესასწაულო სეზონის გამორჩეული ნაწილია. 

ჩრდილოეთ პოლუსი, ალასკა

ალასკის ჩრდილოეთში მთელი წელი საახალწლო განწყობა და მზადება მიმდინარეობს. დეკემბერში ქალაქი კულმინაციას უახლოვდება და ყველაფერი მაგიურ დღესასწაულს ჰგავს. ზამთრის ერთ-ერთ უზარმაზარ ფესტივალზე თუ მოხვდით, სანტასთან სახლში სტუმრობა არ დაგავიწყდეთ. 

ტალინი, ესტონეთი 

ესტონეთის დედაქალაქი ცნობილია საოცარი საშობაო სულისკვეთებით, რომელიც თავს ძველებური განათებებითა და თოვლით დაფარული წვეტიანი სახურავებით იწონებს. იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაში მყოფ ქალაქში ნაძვის ხე პირველად 1441 წელს აღიმართა და დღესაც Town Hall Square-ზე ტრადიციული ნაძვის ხის მოლოდინი ყოველ წელს განსაკუთრებულია. საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედნები და სკულპტურები, ჯადოსნური საშობაო სოფელი –  სადღესასწაულო სეზონზე არ უნდა გამოგრჩეთ.

რეიკიავიკი, ისლანდია

ისლანდიის დედაქალაქი დეკემბერში შთამბეჭდავ და ტრადიციულ დღესასწაულს გპირდებათ. საშობაო ბაზარში კი ყოველდღე განსხვავებულ და საინტერესო ნივთებს აღმოაჩენთ, რადგან წესის მიხედვით, აქ მეწარმეები ერთმანეთს ყოველდღიურად ენაცვლებიან. თოვლით დაფარულ ქალაქში თუ გაგიმართლებთ, აუცილებლად ნახავთ თვალწარმტაც ჩრდილოეთის ნათებასაც.

პრაღა, ჩეხეთი 

პრაღა ცნობილია მისი გოთიკური არქიტექტურითა და უნიკალური ფოლკლორული ტრადიციებით. სადღესასწაულო სეზონზე პრაღა მყურო და ზღაპრულ გარემოს გპირდებათ, სადაც დღემდე იგრძნობა ქალაქის შუასაუკუნეების ხიბლი. პრაღის ძველ მოედანზე საახალწლოდ შექმნილი სცენის გამოფენები დაგხვდებათ, სადაც გარდა ღირსშესანიშნაობებისა, დელიკატესების დაგემოვნების საშუალებაც გექნებათ. 

გრინდევოლდი, შვეიცარია

შვეიცარიის ულამაზესი სოფელი გრინდევოლდი ორი მწვერვალის ძირში მდებარეობს, სადაც მრავალი ფილმი გადაუღიათ, მათ შორის, “ოქროს კომპასი”. ეს შესანიშნავი ზამთრის კუროტი არდადეგების დროს განსაკუთრებით მომხიბლავ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ალბათ ისევ დაგაჯერებთ სანტა კლაუსის არსებობაში. 

ვერმონტი, ამერიკა

ვერმონტი შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ახალი წლის გასატარებლად. აქ სადღესასწაულო სეზონზე ყოველ შაბათ-კვირას მე-19 საუკუნისთვის დამახასიათებელ ნორვეგიულ ტრადიციებზე დაყრდნობით საცხენოსნო აღლუმი იმართება, სადაც ცხენოსნები სპეციალური კოსტიუმებით არიან შემოსილნი. დამთვალიერებლებს შეუძლიათ სხვადასხვა სადღესასწაულო აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა და მოგზაურობა უფრო მაგიური გახადონ. 

მონრეალი, კანადა

მონრეალში ახალი წლის დაგეგმვა საუკეთესო არჩევანია, რადგან აქ დეკემბრის ბოლოს შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ მასშტაბურ საახალწლო ფრანგულ ფესტივალში. ფესტივალზე არა მხოლოდ საშობაო ბაზრობებს აღმოაჩენთ, არამედ სანტა კლაუსის მარშისა და საოცარი ფეირვერკების თვითმხილველნიც გახდებით. ფრანგული სადღესასწაულო სამზარეულო კი თქვენს მოგზაურობას უფრო გემრიელს გახდის.  

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.