fbpx
გააზიარე სტატია

WHAT HAPPENS NEXT? – არასაქველმოქმედო აუქციონი

25 დეკემბერს სასტუმრო Rooms Tbilisi-ის “გარდენ ჰოლში” არასაქველმოქმედო აუქციონი გაიმართება. ორგანიზატორები ახალგაზრდა არტისტები, VAADS-ის სკოლის პირველი კურსდამთავრებულები სალომე ფოცხვერაშვილი, ტასა ახვლედიანი, თიკა შელია და ანო ჯიშკარიანი არიან.  “ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია, მათთვის ერთგვარი მოტივაციის გაზრდა, აუქციონის ფორმის არსებობა კი ერთ-ერთი საშუალებაა, რომ საქართველოში ხელოვნების ნიმუშები უფრო მეტად გაიყიდოს და ხელოვანი დაფასდეს საკუთარი პროფესიით”. 

“არასაქველმოქმედო აუქციონი” პირველად 2018 წლის თებერვალში ჩატარდა, რომლის მიზანიც, ორგანიზატორთა თქმით, სახელოვნებო სფეროს ერთ-ერთი ინსტიტუციის, აუქციონის და ქართველი ხელოვანების შემოქმედების მნიშვნელობის წინ წამოწევა იყო. შთაგონების წყარო საქართველოში არსებული დამოკიდებულება გახდა, რომელიც აუქციონს  ისე მოიაზრებს, როგორც ქველმოქმედებას, რაც ხელოვანის მხრიდან ნამუშევრის უსასყიდლოდ, ასე ვთქვათ, “შეწირვას” იწვევს. მეორე აუქციონის ფოკუსში – სახელწოდებით WHO DOES SHE THINK SHE IS? – ქართველი ხელოვანი ქალები მოექცნენ, რაც ერთგვარი ძიება იყო იმისა, თუ რა როლი უჭირავთ ქალებს ქართული ხელოვნების განვითარების გზაზე. არასაქველმოქმედო აუქციონის მასშტაბებისა და მრავალფეროვნების ზრდის კვალდაკვალ ყურადღების ცენტრში ექცევა არა მხოლოდ ფერწერული ნამუშევრები, არამედ არატრადიციულ მედიაში შესრულებული ინსტალაციები და ობიექტები, რაც უფრო და უფრო ავითარებს საზოგადოების აღქმას ქართული თანამედროვე ხელოვნების მიმართ.

წლევანდელი არასაქველმოქმედო აუქციონი – სახელწოდებით “WHAT HAPPENS NEXT?” ყურადღებას ამახვილებს ბოლო დეკადის ქართულ ხელოვნებაში განვითარებულ მოვლენებსა და ტენდენციებზე. გარდა იმ ცვლილებებისა, რაც ქართულმა ხელოვნებამ დროთა განმავლობაში ახალი მედიუმებისა და დისციპლინების გამოჩენით განიცადა, წლევანდელი აუქციონი ხაზს უსვამს მსოფლიო ტენდენციებსაც, კერძოდ კი სოციალური მედიისა და ციფრული სამყაროს ესთეტიკის გავლენას თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. შესაბამისად, აუქციონზე ნახავთ როგორც ფერწერულ, ასევე ციფრულ მხატვრობას, სხვადასხვა ობიექტებსა და ექსპერიმენტული მასალებით შექმნილ ერთობლივ ნამუშევრებს. ორგანიზატორთა თქმით,  2019 წლის დეკემბერში გამართული აუქციონი იქნება საკმაოდ აქტუალურ, თამამ ლოკალურ თუ გლობალურ თემებზე, რომლებიც თანამედროვე ქართულ არტსამყაროში მნიშვნელოვანია. 

არასაქველმოქმედო აუქციონის – WHAT HAPPENS NEXT?  კონცეფციის მიხედვით წელს აუქციონზე მონაწილეობს 30-მდე სხვადასხვა მედიუმში მომუშავე ქართველი ხელოვანი, რომელთაგან ერთ-ერთია მხატვარი თამო ჯუღელი – წლევანდელი NADA Miami-ს მონაწილე. 

დინამიკურ, ცვალებად და ხშირად სიმბოლოებით დატვირთულ ანდრია დოლიძის შემოქმედების ნაწილს – “Just long enough for a joke”-ს, რომელიც არტისტმა 2018 წელს შექმნა, არასაქველმოქმედო აუქციონის ფარგლებში იხილავთ. 


“წარსული უბრალოდ ამბავია, ჩვენ თავს რომ ვუყვებით” – ასე ჰქვია ლევან მინდიაშვილის ჯაკარდით მოქსოვილ ნამუშევარს, რომელიც გობელენზე არის შესრულებული. ხელოვანის ნამუშევრები ინახება საჯარო კოლექციებში: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, მესტია, თბილისის აბრეშუმის მუზეუმი, ჩინეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, პეკინი.

არასაქველმოქმედო აუქციონის მრავალფეროვან და საინტერესო მონაწილეებს შორის ერთ-ერთია მხატვარი და განათების დიზაინერი გიორგი მაღრაძე, რომლის ნამუშევრის, “DECODER”-ის შეძენის შესაძლებლობა აუქციონის ფარგლებში გექნებათ.


გიორგი გელაძის მიერ შერეული ტექნიკით შესრულებული მუშამბა – “არაფერში არ ჯდება”, არტისტის ხელწერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. აბსტრაქტული სიმბოლოებით დატვირთულ მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩნდება ქართული ანბანი, როგორც ფერწერული ფენომენალური ფორმები.

არასაქველმოქმედო აუქციონზე ასევე შესაძლებლობა გექნებათ შეიძინოთ ახალგაზრდა ქართველი მულტიდისციპლინარული არტისტის, ლადო ლომიტაშვილისა და ხელოვან სალომე დუმბაძის ერთობლივი ნამუშევარი – “მას, ვინც დგას და ელოდება”. 

აუქციონზე ანკა ბოჭორიშვილის, როგორც დამოუკიდებელი არტისტისა და LTFR ერთობლივი პროექტის წევრის თაბაშირზე შესრულებულ ნამუშევარსაც აღმოაჩენთ.

არტისტ ნიკა ქუთათელაძის ნამუშევრის, “მიმინო”-ს შეძენას, რომელიც ჩოხატაურის გერბის დეტალს წარმოადგენს, ასევე არასაქველმოქმედო აუქციონზე შეძლებთ. ნიკა ძირითადად მუშაობს სკულპტურებსა და ინსტალაციებზე, ხოლო მისი ბოლო დროის კვლევის საგანი ზოგადად ურბანული კონტექსტების ტრანსფორმაციის პროცესს ეხმიანება. 

Patara Gallery-ის დამფუძნებელი და 2017 წლის წინანდლის პრემიის სახვითი ხელოვნების კატეგორიის გამარჯვებული გვანცა ჯიშკრიანი WHAT HAPPENS NEXT? – არასაქველმოქმედო აუქციონზე 2018 წელს შემნილი ნამუშევრით “რეპტილიები ფრთებით” იქნება წარმოდგენილი. 

გიორგი ქოჩიაშვილი ახალგაზრდა მხატვარია, რომელსაც პროფესიული განათლება არ მიუღია, თუმცა იგი წარმატებით მონაწილეობდა ისეთ გამოფენებში, როგორებიცაა ვენა – Contemporary Art Fair, მაიამი – Untitled Art Fair, თბილისი – “მშვიდობით მატადორო” სტამბა. მისი ნამუშევრის შეძენას – სახელწოდებით “მას არავინ იცნობს” 25 დეკემბერს გამართულ არასაქველმოქმედო აუქციონზე შეძლებთ.

“ჩვენი სურვილია, რომ აუქციონის სახლი ჩამოყალიბდეს, როგორც ქართული ბრენდი, რომელსაც პერმანენტული სახე ექნება. ის აღმოაჩენს და საზოგადოებას საინტერესო ადგილობრივ ხელოვანებს გააცნობს. ასევე გვსურს, საგანმანათლებლო კუთხითაც განვვითარდეთ, რაც თანამედროვე ხელოვნებისა და აუქციონის მნიშვნელობის შესახებ საუბრებში გამოიხატება”.

არასაქველმოქმედო აუქციონზე დასწრება 25 დეკემბერს, 20:00-ზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რომელიც ექსპოზიციის დათვალიერებისა და ნამუშევრის ყიდვის სურვილის შემთხვევაში ადგილზე გაივლის რეგისტრაციას. თუმცა მათ, ვინც აუქციონზე დასწრებას ვერ ახერხებს, შეუძლიათ გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია და აუქციონის პროცესს ტელეფონით ადევნონ თვალყური.

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.