fbpx
გააზიარე სტატია

Patara Gallery – მიწისქვეშეთი, საიდანაც თანამედროვე ხელოვნება გვესაუბრება

ვარდების მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარეობს Patara Gallery, რომლის დამფუძნებლებიც ორი მეგობარი – გვანცა ჯიშკარიანი და ნატა ყიფიანი არიან. გალერეა 24 საათის განმავლობაში ღიაა თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის თუ შემთხვევითი გამვლელებისთვის.

Hammock Magazine წარმოგიდგენთ ინტერვიუს Patara Gallery-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ გვანცა ჯიშკარიანთან.

მოგვიყევით, როგორ და როდის გაჩნდა Patara Gallery-ის შექმნის იდეა?

Patara Gallery ახლის არსებობის სურვილით გაჩნდა. მე და ნატას გვინდოდა ისეთი საგამოფენო სივრცის გახსნა, რომელიც არ იქნებოდა სტანდარტულ გარემოში. თავიდანვე ჩავიფიქრეთ, რომ გალერეა ყოფილიყო „შემთხვევით გამვლელებზე“ გათვლილი.

ამ მიწისქვეშა გადასასვლელში ხშირად მიწევდა გავლა და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ ნამუშევრებზე ვფიქრობდი, რომელსაც ამ პატარა კომერციულ ოთახში გამოვფენდი მე, როგორც ხელოვანი. ერთხელაც გავიგე ქირის ფასი და გადავწყვიტე  გალერეის გაკეთება. მაშინვე ნატა ყიფიანს შევთავაზე. ნატაც დამთანხმდა. მინდოდა საქართველოში გვქონოდა გალერეა, სადაც ყველაფერი შეიძლება, სადაც – ამ პატარა-პატარა ადგილას, ამ შარდისა და ალკოჰოლის სუნში – შეგიძლია ის გააკეთო, რასაც სხვაგან ვერ გააკეთებდი, ვერ გამოფენდი. გვინდოდა გვეჩვენებინა ისეთი ხელოვნება, რომელიც არის გულწრფელი, მართალი, აგრესიული, ჩუმჩუმელა, გრანდიოზული თუ რბილი და ფუმფულა. თავიდანვე გვსურდა აუცილებლად მიგვეცა პროდუქციის ფული ხელოვანებისთვის. მოკლედ, ყველაფერი, რაც მათთვის საჭირო იქნებოდა ნამუშევრის თუ შემოქმედებითი ატმოსფეროს შესაქმნელად.

“პატარა გალერეა” დღეს ალბათ ყველაზე დემოკრატიული, გახსნილი და გულახდილი სივრცეა, საიდანაც თანამედროვე  ხელოვნება გვესაუბრება, ის განსაკუთრებულია თავის ადგილმდებარეობით, სადაც აბსოლუტურად ყველანაირ ადამიანს შევხვდებით. გვესაუბრეთ გალერიის პირველ ნაბიჯებზე, რა სირთულეებთან მოგიხდათ გამკლავება, როდესაც გალერეა პირველ ნაბიჯებს დგამდა?

მადლობა ამ სიტყვებისთვის!

“პატარა გალერეა” დიდებულ ადგილას მდებარეობს – ირანულ ბარებს, თურქულ კლუბებს, სათამაშოების, ხატების, საღეჭი რეზინების მაღაზიებს შორის.  იქ, სადაც ძალიან მოულოდნელია ხელოვნების, მით უმეტეს, გალერეის არსებობა. ამ მოულოდნელობის მთავარი ელემენტებია თვითონ გალერეის უპატარავესი ოთახი და გარემო, რომელიც “პატარა გალერეას” უნიკალურობას სძენს და რომლის გამეორება უკვე ჩვენი კონცეპტის პლაგიატობა იქნება.

დასაწყისი ძალიან რთული იყო იმ მხრივ, რომ ისინი, ვინც ამ მიწისქვეშაში მუშაობდა (პატარა მაღაზიების მფლობელები, რომელთაგანაც ოთახს ვქირაობთ), ვერ იჯერებდნენ, რომ ასე, უბრალოდ გალერეას ვაკეთებდით და არა მაღაზიას (საიდანაც, ლოგიკურად, მათსავით შემოსავალი უნდა გვქონოდა), მგონი, რაღაც კონსპირაციული თეორია ჰქონდათ და გვებრძოდნენ. საბედნიეროდ, ერთი წლის თავზე და ამდენი შრომის შემდეგ, უკვე დაგვიჯერეს,რომ კარგ რაღაცას ვაკეთებთ და დაგვიმეგობრდნენ.

ადგილის მფლობელის შეცვლის გამო, ორჯერ გალერეა დახურვის პირას იყო, მაგრამ, საბედნიეროდ, მაინც ბოლომდე გავიტანეთ და მეგობრების დახმარებით ისევ აქ ვართ და არსად მივდივართ.

პირველი წლის თითქმის ყველა გამოფენა Propaganda-ს ძალიან დიდი მხარდაჭერით მოეწყო, ჩვენი მხრივ, ჩვენმა ხელოვანებმა პროპაგანდას არქივისთვის თავისი ნამუშევრები გაიღეს, რითაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგი თანამშრომლობა გამოგვივიდა.

როგორია არტისტების შერჩევის პროცესი?

შარშანაც და წელსაც, უკვე მეორედ, open call გამოვაცხადეთ (რომელიც ახლაც მიმდინარეობს), რადგან გვგონია, რომ ყველაზე ადვილი გზაა იმ ხელოვანების საპოვნელად, რომელთა ნამუშევრები აქამდე  საერთოდ არსად გამოფენილა და შეიძლება არც კი გვსმენია მათ შესახებ. ამ ღია კონკურსში თითქმის არანაირი წესი არ გვაქვს. ამით მხატვრებისთვისაც თავისუფლების კოეფიციენტს ვზრდით – შეუძლიათ გამოაგზავნონ ნებისმიერი რამ, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. მერე მე და ნატა ვარჩევთ იმ პროექტებს, რომელიც ყველაზე მეტად გვგონია, რომ იმუშავებს ჩვენი  გალერეის პატარა საგამოფენო სივრცესა და მთელ ამ გარემოში. მოკლედ, იმ პროექტებს, რომელიც ყველაზე მეტად მოგვწონს.

გვესაუბრეთ გალერეის ძირითად კონცეფციაზე

გალერეის მთავარი მოტივაციაა მისცეს შანსი, სივრცე, ფული ხელოვანებს (და არამარტო) მათი ყველაზე ექსპერიმენტული თუ რისკიანი იდეების განსახორციელებლად. გვინდა გალერეა იყოს ადგილი აღმოჩენებისა და შეცდომებისთვის, რადგან გვჯერა, რომ როგორც რისკის გარეშე არ არსებობს აღმოჩენა,  ისევე შეცდომების გარეშე არ არსებობს არაფერი. გვინდა გვქონდეს ადგილი ქალაქის მიწისქვეშეთში, სადაც გალერეების მუდმივი სტუმრების გარდა (ფეხით მოსიარულე თუ ველოსიპედიანი, მთვრალი თუ ფხიზელი, ძაღლი თუ ჩიტი), ყველასთვის ხელ- და თვალმისაწვდომი იყოს ხელოვნება, რომელსაც დაინახავ,  იგრძნობ და დაიმახსოვრებ, ანდა დაინახავ და გვერდით ჩაუვლი, დაივიწყებ, ვითომც არაფერი მომხდარა.

ხშირად მნახველებს არაერთგვაროვანი რეაქცია აქვთ, როდესაც მიწისქვეშა გადასასვლელში გამოფენას შემთხვევით აწყდებიან, შეგიძლიათ გაიხსენოთ მნახველთა ყველაზე უჩვეულო რეაქციები?

პირველი ოთხი გამოფენის ერთგული სტუმრები ცუგები იყვნენ: შემოვიდოდნენ, დაათვალიერებდნენ და წავიდოდნენ.  მგონი, მოსწონდათ.

ყველაზე უცნაური იყო, როცა ფანჯარაზე ყოველდღე მიფურთხებული გვხვდებოდა.

ყველაზე ბედნიერი კი მაშინ ვიყავი, როცა  ქალი მოვიდა, მკითხა, ეს რა არისო და რომ ვუთხარი – გალერეაა და გამოფენებს ვაკეთებთ მეთქი, თქვა, რომ ამ მიწისქვეშაში, ირანულ ბარში ვმუშაობ და ყოველ ღამე, სამსახურში მისვლამდე, აქ მოვდივარ, გალერეაში ვიყურები და  ესაა „ნათელი წერტილი, რომელიც ამ ჯოჯოხეთს ანათებსო“.

ერთხელ ვნახე, როგორ იმეორებდა ჩვენი გამოფენის ერთ-ერთ ვიდეოში ასახულ ცეკვას გამვლელი.

ერთხელ კიდევ ვიღაცამ შუშაზე პომადით  <3 დაგვიწერა.

გვესაუბრეთ გალერეაში წარმოდგენილ ამ ჟამინდელ გამოფენაზე

ამჟამად მიმდინარეობს ბარბორა გალოს გამოფენა.  მთელ გალერეაში გაჭედილია უზარმაზარი მაგიდა, სავსე ნივთებით, რომლებიც სქემატურადაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ემოციური ბმის მიღმა ხელოვანის პირადი განცდები დგას.

ამასთან, ერთ კვირაში ვაწყობთ პოლონური პანკ-ფემინისტური ჯგუფის, SIKSA-ის ფილმის ჩვენებას, რომელზე დასწრებაც, რა თქმა უნდა, ყველასთვის უფასოა!

გვესაუბრეთ სამომავლო გეგმებზე

მთელი წლის გეგმები ძალიან, ძალიან ლამაზია – ყოველთვიურად ახალი და ახალი გამოფენების გარდა, აპრილში მივდივართ სტოკჰოლმში, ხელოვნების ბაზრობა „სუპერმარკეტ“-ში მონაწილეობის მისაღებად. ესაა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სახელოვნებო ღონისძიება ევროპაში. განსაკუთრებით ისეთი გალერეებისთვის, როგორიც ჩვენია: ახალგაზრდა, უშიშარი, მხიარული, რისკიანი და ექსპერიმენტული. სალომე დუმბაძის, ანი გურაშვილის, ანუკ ბელუგასა და თეა სტრაზიჩიჩის ნამუშევრები მიგვაქვს და უკვე ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ!

მაისში ასევე ვმონაწილეობთ ჯგუფურ გამოფენაში – Oxygen და ათენის სახელოვნებო ბაზრობაში –  platform project, სადაც ისევ ფანტასტიკურ რამეს ვაპირებთ!

 

ეწვიეთ Patara Gallery-ის ოფიციალურ ვებგვერდს: Pataragallery.com

ავტორი: ნინა პატარიძე


რეკომენდებული სტატიები
Suspicious Loops

Suspicious Loops

Suspicious Loops
ფოტოგრაფია, ინსტალაცია და ვიდეო ახალაგზრდა ხელოვან ანდრო ერაძის ნამუშევრებში
უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან

უკანონო ტერიტორია - ინტერვიუ Anna K.E.-სთან
Anna K.E. ნიუ-იორკსა და ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანია, რომლის შემოქმედებაში ფერწერა, ინსტალაცია, პერფორმანსი და ვიდეო ხშირად ერთ ნამუშევარში ერთიანდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.