გააზიარე სტატია

ექსტრაორდინარული პეგი გუგენჰაიმი

მესამე თაობის ამერიკელი მარგარეტ პეგი გუგენჰაიმი ორი ცნობილი გვარის, ნიუიორკული ელიტის წარმომადგენლების, ებრაულ-ამერიკული ოჯახის, სელიგმანების და გუგენჰაიმების შთამომავალი იყო. მისი ბიძამ, სოლომონ გუგენჰაიმმა დააარსა ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმი. პეგის სოციალური სტატუსი დაბადებიდან უწინასწარმეტყველებდა ბურჟუაზიულ, ელიტურ ცხოვრებას ნიუ-იორკის მაღალი კლასის საზოგადოებაში, მაგრამ მან ამ საზოგადოებას და მათ წესებს უარი განუცხადა და საკუთარი თავი ბოჰემურ, პროგრესულ, ავანგარდულ პარიზში აღმოაჩინა.

როდესაც პეგი 13 წლის იყო, მამამისი “ტიტანიკის” ჩაძირვის დროს დაიღუპა, რამდენიმე წლით ადრე კი მის ბიზნესს პრობლემები შეექმნა, ამიტომ პეგი გუგენჰაიმი, სხვა მოგვარეებთან შედარებით, არცთუ ისე მდიდარი იყო და სწორედ ამიტომ, მისივე თქმით, მამის დაღუპვის შემდეგ თავს სრულყოფილ გუგენჰაიმად ვერ გრძნობდა.

პეგი გუგენჰაიმი გიგანტი ფიგურაა მე-20 საუკუნის ხელოვნებაში. ის გვერდში ედგა მეოცე საუკუნის ბევრ ხელოვანს, სანამ ისინი ცნობილები გახდებოდნენ, ხელს უწყობდა მათ პოპულარიზაციას, ეხმარებოდა ფინანსურად და საპასუხოდ არაფერს ითხოვდა. როდესაც ცხოვრების მიწურულს მას ჰკითხეს, რა მიიღო გაწეული დახმარების სანაცვლოდ, პეგიმ უპასუხა, რომ ის ხელოვნება, რომელიც მისი თანადგომით შეიქმნა, მისთვის საკმარისი იყო.

პეგი გუგენჰაიმი მოდერნიზმის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიონერად და საოცრად თანამედროვედ ითვლება. მან გადალახა ბევრი გენდერული და კლასობრივი წინაღობა. პეგი იყო სექსუალურად თავისუფალი, ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, ვინც პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რადგან ყოველთვის ეზიზღებოდა საკუთარი ცხვირი. თუმცა ექიმი შუა ოპერაციის დროს, ტკივილის აუტანლობის გამო, შეაჩერა და ამიტომ ცხოვრების ბოლომდე უცნაური ცხვირი ჰქონდა.

გუგენჰაიმის ცხოვრება ხასიათდება ბავშვური ნაივურობით, საოცარი გამბედაობით და არაორდინალური გადაწყვეტილებებით. ის ენდობოდა საკუთარ გემოვნებას, ინტელექტს და ინტუიციას, მაშინ როდესაც სხვა არავინ იზიარებდა მის მოსაზრებებს და სწორედ ამის წყალობით მისი მე-20 საუკუნის ხელოვნების კოლექცია ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მისი სახელი კი აღიარებულია ლეგენდარული ოჯახისგან დამოუკიდებლად. გუგენჰაიმს წვლილი მიუძღვის ლონდონის, ნიუ-იორკის და ვენეციის მოდერნისტული ხელოვნების განვითარებასა და მათი როგორც თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქების ჩამოყალიბებაში.

არ შეიძლება პეგი გუგენჰაიმზე საუბარი სრულყოფილი გამოვიდეს, თუკი არ ვახსენებთ მის სექსუალურ ცხოვრებასაც. რა თქმა უნდა, მისი პიროვნების დაკნინება იქნებოდა ამ თემაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება, რომ არა ის ფაქტი, რომ თავად პეგი თავისუფლად და ხშირად საუბრობდა საკუთარ სექსუალურ გამოცდილებაზე. მისი როგორც ქალის დამოკიდებულება სექსის მიმართ რევოლუციური იყო. მისი ცხოვრების ამ ნაწილს დიდი ადგილი უჭირავს მისივე პიროვნების მითოლოგიის ჩამოყალიბებაში.

 

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც პეგი 23 წლის გახდა და პირველი ქმარი, ლაურენს ვეილი გაიცნო. ამ დროს ის გატაცებული იყო ეროტიკული ფრესკებით, რომლებიც პომპეიში ნახა და რამაც მისი ცნობისმოყვარეობა გააღვიძა. სწორედ ამას იხსენებს კომიკურად, როდესაც ჰყვება პირველი სექსის შესახებ, როცა მან ვეილს ყველა იმ პოზის გამეორება მოსთხოვა, რაც ფრესკებში იყო ასახული.
ამის შემდეგ პეგის კიდევ ერთი ქმარი, მაქს ერნსტი და ბევრი საყვარელი ჰყავდა, რომელთა შორის ლეგენდარული არტისტებიც იყვნენ. ამ თემაზე მან დაწერა მემუარები, რომელშიც არტისტებთან სექსუალურ გამოცდილებაზე ჰყვება.

დასაწყისი

პეგიმ განათლების მიღება თანამედროვე ხელოვნებაში 1920 წელს, 21 წლის ასაკში, ნიუ-იორკში დაიწყო. ის მუშაობდა წიგნების ავანგარდულ მაღაზია The Sunwise Turn-ში. ამ სამსახურის წყალობით მან სკოტ ფიტჯერალდი და ალფრედ სტიგლიცი გაიცნო. სტიგლიცის გალერეაში მან პირველად ნახა სეზანის, პიკასოს და მატისის ნამუშევრები. ეს იყო მათი პირველი გამოფენა ამერიკაში. პეგი ასევე გაეცნო სტიგლიცის მომავალი ცოლის, გორგია ოკაფეს ნამუშევრებს და გაიცნო მომავალი ქმარი, ლაურენს ვეილი.

პარიზი 1929-1939

როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცა, პეგი ნიუ-იორკიდან ბოჰემურ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ავანგარდულ ცხოვრებას ეზიარა. ამ დროს მან, მარსელ დიუშანი გაიცნო, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მისი ახლო მეგობარი, ყველაზე გავლენიანი მრჩეველი და მასწავლებელი იყო. სწორედ დიუშანის რჩევით, მეორე მსოფლიო ომის დროს მან დღეში ერთი ნამუშევრის შეძენა გადაწყვიტა და საკუთარი კოლექცია საკმაოდ გაამდიდრა, რაც მხოლოდ 40000$ დაუჯდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ დროს ეს არტისტები არ იყვნენ აღიარებულნი.

ლონდონი, პირველი გალერეა და მეორე მსოფლიო ომი

პარიზის შემდეგ პეგი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ხელოვნების საქმეს უფრო სერიოზულად მოჰკიდა ხელი და პირველი გალერეა Guggenheim Jeuene გახსნა. გალერეის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში ჩართული იყო მარსელ დიუშანიც, რომლის წყალობით პეგიმ უკეთესად შეისწავლა ხელოვნება და მოიწვია ბევრი ცნობილი არტისტი, მათ შორის ჟან კოქტო. გალერეა 1938 წელს გაიხსნა კოქტოს ნამუშევრების გამოფენით. შემდეგი წლის განმავლობაში Guggenheim Jeuene-ში ბევრი გამოფენა მოეწყო, მათ შორის ვასილი კანდინსკის პირველი შოუ ლონდონში, თანამედროვე სკულპტურის გამოფენა ჰენრი მურის, ბრანკუსის და კალდერის მონაწილეობით. თავისი ქალიშვილის ნამუშევრებით შთაგონებულმა, Guggenheim Jeuene-ში საბავშვო გამოფენაც მოაწყო, სადაც პირველად გამოიფინა ლუსიან ფროიდის ნამუშევრები. ამ პერიოდში პეგის თანამედროვე მუზეუმის გახსნის იდეა დაებადა, რისთვისაც მან არტკრიტიკოსს, ჰერბერტ რიდს მიმართა, რომელმაც იმ არტისტების სია ჩამოწერა, რომელთა ნამუშევრებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასეთ მუზეუმში. ამ პერიოდში მან დალის სურეალისტული, პიკასოსა და ბრაკის კუბისტული, მონდრიანის, მიროს და მაქს ერნსტის ნამუშევრები შეკრიბა. იმ პერიოდში, როდესაც ფაშისტური არმია პარიზისკენ მიემართებოდა, პეგიმ პარიზში ბრანკუსის სკულპტურა “ჩიტი” შეიძინა, რომელსაც სკულპტორი ცრემლებით გამოემშვიდობა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ევროპაში გუგენჰაიმი დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა და არა მხოლოდ ეროვნების გამო, არამედ იმიტომ, რომ იმ მოდერნისტული საზოგადოების წევრი იყო, რომელსაც ფაშისტები ებრძოდნენ. მიუხედავად ამისა, მას არ სურდა ამერიკაში გამგზავრება, სანამ საკუთარ კოლექციას უსაფრთხო ადგილს არ მოუძებნიდა. ამ მიზნით პეგიმ ლუვრის მუზეუმს მიმართა, საიდანაც მტკიცე უარი მიიღო იმის გამო, რომ ლუვრმა მისი კოლექცია საინტერესოდ და მნიშვნელოვნად არ მიიჩნია. გუგენჰაიმმა ოკუპირებული საფრანგეთი 1941 წელს დატოვა, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შეძლო საკუთარი კოლექციის ამერიკაში მეგობრის დახმარებით გაგზავნა.

ნიუ-იორკი და გალერეა Art of this Century

1942 წლის ოქტომბერში პეგიმ ნიუ-იორკში მუზეუმ-გალერეა Art of this Century დააარსა. პირველი გამოფენა კუბიზმს, აბსტრაქციას და სურეალისტურ ნამუშევრებს ეხებოდა. გალერეა ინოვაციური აღმოჩნდა გამოფენებითაც და გარემოთიც, რადგან ეს არ იყო ჩვეული თეთრი კუბი. Art of This Century-ში ბევრი ევროპელი არტისტის გარდა, პირველად გამოიფინა მაშინ უცნობი ახალგაზრდა არტისტების, რობერტ მაზერველის, მარკ როტკოს და ჯექსონ პოლოკის ნამუშევრები. პოლოკის წარმატებაში გუგენჰაიმს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან მან ჯერ კიდევ უცნობ პოლოკს ყოველთვიური ხელფასი დაუნიშნა და ქალაქგარეთ სახლი უყიდა, რამაც არტისტს თავისუფლად მუშაობის და განვითარების საშუალება მისცა. პეგიმ ასევე პოლოკს მისი ყველაზე დიდი ნამუშევარი დაუკვეთა. Art of the Century-ში გუგენჰაიმმა ასევე პირველი გამოფენა მოაწყო, სადაც მხოლოდ არტისტებმა ქალებმა მიიღეს მონაწილეობა, სახელწოდებით Exhibition by 31 Women.

ვენეცია, 1947-1979

მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პეგიმ ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა. მისი საბოლოო სახლი ვენეცია იყო. ამ პერიოდში ვენეცია საკმაოდ კონსერვატიულ ქალაქად ითვლებოდა, პეგიმ კი აქ კონტროვერსიული და ხმაურიანი ცხოვრება მოიტანა. მან ახლიდან გახსნილ ბიენალეზე თავისი მოდერნისტული კოლექცია წარადგინა, რომელსაც შოკისმომგვრელი ეფექტი ჰქონდა. 1949 წელს, რამდენიმე წლის ძებნის შემდეგ, გუგენჰაიმმა ვენეციაში არაორდინარული, ერთსართულიანი სასახლე Palazzo Venier dei Leoni შეიძინა, რომელშიც დღეს მუზეუმია სახელწოდებით The Peggy Guggenheim Collection. მისი ცხოვრების მანძილზე აქ ბევრ წვეულებას აწყობდა, რომლის სტუმრებიც იყვნენ ტენესი უილიამსი, სომერსეტ მოემი, იგორ სტრავინსკი, მარლონ ბრანდო და სხვები.
ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო ვენეციის, როგორც თანამედროვე ხელოვნების მექის ჩამოყალიბებას.

1951 წელს მან საკუთარი სახლში ოფიციალურად გახსნა მუზეუმი

მისი კოლექცია და შეგროვების ტაქტიკა განუმეორებელია სხვა კოლექციონერებთან შედარებით. ის აგროვებდა არტისტებს, რომლის ფასიც ჯერ არავინ იცოდა. ბოლომდე მიჰყვებოდა თავის ინტუიციას. მიზანი, რისთვისაც პეგი აგროვებდა ხელოვნების ნიმუშებს, შორს იყო ფულის მოხვეჭისგან და იმ პირად სიამოვნებას ეფუძნებოდა, რასაც პეგი ამ ნამუშევრებისაგან და ასევე მათ შემქმნელებთან ურთიერთობით იღებდა.

სიკვდილის წინ მან კოლექცია ბიძის, სოლომონ გუგენჰაიმის ფონდს შესწირა, იმ პირობით, რომ კოლექცია ვენეციაში დარჩებოდა. კოლექციაში 100 მოდერნისტი არტისტის 300-ზე მეტი ნამუშევარია, მათ შორის პოლოკის, კანდინსკის, პიკასოს, დე კუნინგის, დალის, დუშანის, ერნსტის და სხვების.

პეგი გუგენჰაიმი 1979 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ვენეციაში, მუზეუმის ეზოში, თავისი საყვარელი 14 ძაღლის საფლავების მახლობლად დაკრძალეს.

პეგი გუგენჰაიმის არასრული კოლექცია:

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.