fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან

Pepperboy თარხნიშვილის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ გაიხსნა და თბილისში აზიური რესტორნების და პაბების ის კულტურა შემოიტანა, რომელიც ძალიან აკლდა ქალაქს. Pepperboy-ის კონცეფციაზე დამაარსებლები – ანა დონდუა და ნიკოლოზ დობორჯგინიძე წლების განმავლობაში მუშაობდნენ. Pepperboy მათი სამუშაო გამოცდილებისა და საერთო ინტერესების კულმინაციაა. მათ იდეა განახორციელეს ერთობლივად ოჯახის მეგობართან ერთად პარტნიორობაში, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რესტორნის გახსნის პროცესში. აქ თითოეული დეტალი მნიშვნელოვანია და თავისი დანიშნულება შეაქვს საერთო გარემოს ჩამოყალიბებაში. ერთგვერდიან მენიუს, რომელიც სეზონების და ინგრედიენტების მიხედვით იცვლება, შეფმზარეული ანა თავად ქმნის. Kaonashi-ს სათამაშოსა და ინტერიერის სხვა დეტალებთან ერთად, მოხატული კედლები და ნეონის განათებები, Cyberpunk-ის ესთეტიკას მოგვაგონებს. Pepperboy ეს ადგილია, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა აზიური სამზარეულოს პოპულარული კერძების დაგემოვნება, საინტერესო და მყუდრო გარემოში.

გთავაზობთ ინტერვიუს Pepperboy-ის თანადამაარსებელთან და შეფმზარეულთან, ანა დონდუასთან.

Pepperboy თქვენი პირველი საოჯახო ბიზნესია. აქამდე სად მუშაობდით?

ეს ნამდვილად პირველი რესტორანია ჩემთვის. ეს არის დაწესებულება, სადაც მე შევქმენი მენიუ, ვაკეთებ საჭმელს და ვარ შეფი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე ამ სფეროსთან შეხება არ მქონია. იდეა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა. ყველაფერი წამოვიდა აზიური კულტურის, საკვების, ხალხის მიმართ ინტერესიდან. მეც და ჩემი მეუღლეც ძალიან ბევრს ვმოგზაურობდით და ვაგემოვნებდით სხვადასხვა ეთნიკურ სამზარეულოებს. მე ვმუშაობდი საკუთარ თავზე, წავიკითხე უამრავი წიგნი როგორც სამზარეულოს პროფესიონალურად მართვაზე და მომზადების სხვადასხვა ტექნიკებზე, ასევე კონკრეტული ქვეყნების სამზარეულოებზე ასობით კერძის რეცეპტით მომზადებით. სამზარეულოს ცოდნა და გამოცდილება წლების მანძილზე ყალიბდებოდა, ვითარდებოდა და იხვეწებოდა ჩემში.თუმცა თავიდან სულ სხვა გზით დაიწყო ჩემი ზრდასრული ცხოვრება, მაქვს ძალიან დიდი გამოცდილება კორპორაციული კუთხით. 20 წელი ვმუშაობდი სხვადასხვა კორპორაციებსა და საერთაშორისო კომპანიებში და მქონდა წარმატებული მარკეტინგული კარიერა, უმაღლესიც იგივე განხრით მაქვს დამთავრებული, მაგრამ ახლა აქ ვარ და ვთვლი, რომ სწორად ავირჩიე ჩემი ცხოვრების ეს გზა.

ერთი წლის წინ, დადგა ის მომენტი, როდესაც გადავწყვიტეთ გაგვეხსნა ჩვენი ოცნების რესტორანი. მზად ვიყავით შეგვექმნა სივრცე, სადაც მარტო ჩვენ კი არ მივიღებდით სიამოვნებას იმისგან, რასაც ვაკეთებდით, არამედ შეგვძლებოდა ეს ხალხისთვისაც გაგვენაწილებინა. ეს ადგილიც ამას გამოხატავს – სიყვარულს, პატივისცემას, დიდ გამოცდილებასა და შრომას, რომელიც ამაში ჩაიდო და რომელიც გვინდა, რომ ადამიანებს გავუზიაროთ.

 

რატომ მაინცდამაინც პან აზიური? Pepperboy Izakaya Dining Pub-ის ტიპს მოგვაგონებს. მოგვიყევით, იდეიდან პროდუქტამდე რა გზა გაიარეთ…

წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობამ და ზოგადად, აზიური კულტურის სიყვარულმა გამოიწვია ის, რომ კონკრეტულად ამ ტიპის დაწესებულება გაგვეხსნა. პან-აზიური იმიტომ რომ, ეს არ არის ვიწრო ეთნიკური რესტორანი, წარმოდგენილი ერთი კონკრეტული ქვეყნის კერძებით. ჩვენ ამოვკრიფეთ საუკეთესო პროდუქტები, რომლებსაც ეს ქვეყნები გვათავაზობენ და რომლებიც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს და გავაერთიანეთ ერთგვერდიან მენიუში. თუმცა მენიუც საკმაოდ დინამიურია, ანუ მუდმივად იცვლება და იხვეწება. ემატება საინტერესო კერძები, იცვლება სეზონების და ტრენდების მიხედვით.

Pepperboy არის დაახლოებით იზაკაიას და რესტორანს შორის. Pepperboy არის არაფორმალური გარემო, ეს არის ადგილი სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება თავი იგრძნოს თავისუფლად, კომფორტულად, ისიამოვნოს კარგი მუსიკით და ესთეტიკური სიამოვნება მიიღოს იქიდან, რაც ამ სივრცეშია შექმნილი. ჩვენთან ყველაფერი ზუსტად ამ მოტივით არის შემოტანილი, შემთხვევით შერჩეული არცერთი ელემენტი არ არის დიზაინში, ყველა დეტალი, იქნება ეს ნახატი, ავეჯის აითემი თუ ნებისმიერი სხვა ნივთი, ამ ერთიანი, იდეალური გარემოს შექმნის მიზანს ემსახურება.

Cyber punk ესთეტიკა რამდენადაც ფუტურისტულია? მისი დაარსებიდან თითქმის 40 წელი გავიდა და ნოსტალგიასაც იწვევს. თქვენს ინტერიერსაც ასეთი შეგრძნება მოაქვს. როგორ მოხვედით cyber punk-ის ესთეტიკამდე?

Cyberpunk… ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ბავშვობიდან მოდის. ჩემი საყვარელი სუბ ჟანრია ლიტერატურაში. სწორედ ამ ჟანრის ნაწარმოებები, რომლებზეც ჩვენ გავიზარდეთ გახდა ჩვენი საწყისი ბრიფის სულის ჩამდგმელი. ზუსტად გვქონდა წარმოდგენილი როგორი უნდა ყოფილიყო გარემო, რომელიც Cyberpunk- ის ესთეტიკას ზედმიწევნით გადმოსცემდა. 

შეგიძლიათ გვესაუბროთ original artwork-ების შესახებ, რომელიც pepperboy-ის ინტერიერშია გამოყენებული? kvachi-მ ეს ნამუშევრები სპეციალურად თქვენთვის შექმნა…

ეს ინტერიერი ჩვენი ორი უნიჭიერესი დიზაინერის,  თინა ძირკვაძისა და kvachi-ს დამსახურებაა. ჩვენ მათთან მივედით ბრიფით, რომელშიც მოცემული იყო ჩვენი საწყისი იდეა გარემოზე, რომელსაც სრულად უნდა გადმოეცა ჩვენი კონცეფცია.

ეს ორი ადამიანი, თინა და Kvachi გახდა სწორედ ამ ადგილის სულის ჩამდგმელი. მათთან ერთი შეხვედრა საკმარისი იყო იმისათვის, რომ ჩვენს თავში არსებული ქაოტური იდეები დაელაგებინათ და სრული სიზუსტით გადაეთარგმნათ ინტერიერში. 

მაგიდების განლაგება, გამოყენებული მასალები და ფერების შეხამება უდიდესი დაკვირვებით და თინას მუდმივი ჩართულობით ხდებოდა. ბევრჯერ გაგვიმართავს მასთან გრძელი დისკუსია უმცირეს დეტალებზეც კი და სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენს ინტერიერში არაფერია შემთხვევითი.

ვიცნობთ კვაჭის ნამუშევრებს და ვიცოდით რომ იზიარებს ჩვენს აზიური კულტურის სიყვარულს, შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა გამოდგა perfect match. მან ერთი ხელის მოსმით კორექციის გარეშე შექმნა არტი და ზუსტად გადმოიტანა კედლებზე ჩვენი ინსპირაცია. ნეონის აიქონები, ვებგვერდის დიზაინი და ლოგოც Kvachi-ს ხელდასმით არის შექმნილი. 

რამეს ხომ არ გამოარჩევდით, რაც განსაკუთრებულად მოგწონთ ინტერიერში?

არ ვიცი ყველაზე მეტად რას გამოვარჩევდი, ალბათ ყველაფერს ერთად – კონკრეტულად კი – ვერაფერს. იმიტომ რომ, თუ აქედან რაიმეს ამოგლეჯ, არანაირი დატვირთვა არ ექნება, რადგან ამ ყველაფერს მნიშვნელობა აქვს ერთობლიობაში. დაწყებული ვარდისფერი კედლებიდან, დამთავრებული ხის სკამებით, რომლებიც ბართან დგას კონკრეტული დატვირთვით არის შემოტანილი ინტერიერში თინასთან მუშაობის შედეგად. აქ ყველაფერს გარკვეული მნიშვნელობა აქვს და თითოეული დეტალი დიდი ფიქრის, მსჯელობის და დაკვირვების შედეგად შეირჩა. ამიტომაც, ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან შემოდიან, ზუსტად ეს განცდა აქვთ. კომფორტულად გრძნობენ თავს, თითქოს სახლში მოვდივართო, ამბობენ. ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან მოდიან, უკვე საყვარელი ადგილიც აქვთ ამორჩეული. ვიღაცას ამ მაგიდასთან უყვარს ჯდომა, ვიღაცას კი – კონკრეტულად მეორე სართულზე. 

სახელი Pepperboy საიდან გაჩნდა?

Pepperboy არაფერს ნიშნავს, არც წიწაკა-ბიჭუნას, არც წიწაკას, არც მარტო ბიჭუნას. ამის რეფერენსია 80-ანი წლების arcade ვიდეო თამაშები. Cyber Punk და 8 bit arcade თამაშები იყო, რომელზეც ჩვენ გავიზარდეთ, 80-ანების ბავშვები. ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო ერთ-ერი თამაში Paperboy – ბიჭუნა დარბოდა და გაზეთებს არიგებდა. აი, სუფთა პანის ამბავში მოხდა ამ სახელის შერჩევაც. ეს არის წმინდა ნოსტალგია ჩვენი ბავშვობიდან.

სოციალურ მედიაზე გიწერიათ, რომ pepperboy-მ აირჩია მზარეულობა, რომ აღარასდროს მოუწიოს მუშაობა. თქვენთვის რას ნიშნავს მზარეულობა და როგორ უდგებით ამ ხელოვნებას?

საუბარია იმაზე, რომ მე მივატოვე წარმატებული კარიერა, რომელსაც წლების განმავლობაში ვაშენებდი და წამოვედი აქ, იმიტომ რომ არ ვიმუშაო. ჩემთვის ეს რეალურად სამუშაო არ არის, ეს არის იმის კეთება, რაც მიყვარს. წლების განმავლობაში ყალიბებოდა ეს იდეა. თუ არსებობს ასეთი კარმული რაღაც, შემიძლია ვთქვა, რომ მე ამისთვის ვარ გაჩენილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე აქ არ ვმუშაობ. მე ყველაზე მეტს ვმუშაობ და სულ აქ ვარ, სულ რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ ეს ჩემთვის ეს ყველაფერი იდეოლოგიაა და გულისხმობს იმას, რომ მე უნდა გავუმასპინძლდე ხალხს ჩემი გაკეთებული კერძებით და შევაყვარო აზიური სამზარეულო ისე როგორც მე მიყვარს. 

ყველაზე დიდი დაბრკოლება რა იყო თქვენთვის? როგორც ვიცი, გარკვეული ინგრედიენტების მოპოვება საქართველოში სირთულეებთან არის დაკავშირებული.

მე წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამომქონდა ინგრედიენტები. ჩემი სამსახურიდან გამომდინარეც მიწევდა ბევრი მოგზაურობა და უამრავი პროდუქტი გავიცანი და გამოვცადე და ამ ყველაფერს ვაკეთებდი სახლში. რამდენიმე მომწოდებელთან თანამშრომლობით შევძელი, რომ ეს ინგრედიენტები ჩამოგვეტანა ექსკლუზიურად ჩვენთვის. ამის გარეშე შეუძლებელია იარსებოს აზიურმა ან ნებისმიერმა სხვა ეთნიკურმა სამზარეულომ, თუნდაც ევროპულმა, მექსიკურმა და ასე შემდეგ. ყველა სამზარეულოს აქვს თავისი გემოების პალეტი, რომელიც თუ დაარღვიე ვერ მიიღებ სასურველ შედეგს. შესაბამისად, ამის გარეშე არც მოვიფიქრებდი რესტორნის გახსნას, იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა ის, რაც უნდა ყოფილიყო.  მე თავიდანვე ვიცოდი, რომ არ მინდოდა გამეხსნა  მორიგი სუშის ან მორიგი, თუნდაც, ატრიის რესტორანი. მე ზუსტად ის კერძები მინდოდა ყოფილიყო, რომლებიც სხვაგან არ იყო და შემეთავაზებინა თუნდაც იმ ხალხისთვის, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ იმდენი იმოგზაუროს, რამდენიც მე მიმოგზაურია. მინდა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ ვიეტნამურ ან თუნდაც კორეულ სამზარეულოს, რომელიც მწირად არის წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში და ისეთი შეიყვარონ, როგორიც მე მიყვარს ეს სამზარეულოები. დაბრკოლებას რაც შეეხება, რა ვიცი, მუდმივად არსებობს. ზოგადად, საკუთარი ბიზნესი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, იმიტომ რომ შენზე არიან დამოკიდებული ადამიანები, გუნდი რომელიც შენი იდეის განსახორციელებლად მუშაობენ. ზუსტად ესაა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა. ადამიანები მრავალწახნაგიანი არსებები არიან და ყველას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. გუნდთან კომუნიკაცია და მათი მოტივირება ჩემთვის მუდამ იქნება განვითარების სფერო. ყოველი ახალი ადამიანი აღმოჩენაა.

ახსენეთ, რომ ბევრს მოგზაურობთ, გვირჩიეთ ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა დავაგემოვნოთ სამზარეულო.

ერთ ადგილს ვერ გამოვარჩევ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის იქნება, ისევე როგორც ჩემთვის იყო, რომ რადგან ეს სივრცე პან აზიურია და გვაქვს, სიტყვაზე, ვიეტნამური ფო, იაპონური რამენი და კორეული ქათმის ფრთები, ეს კერძები ზუსტად იმ ქვეყნებში დააგემოვნონ, რომ ჰქონდეთ ჩვენთან გასინჯულთან პარალელის გავლების საშუალება. ვუსურვებდი, ყველას შეეძლოთ მოგზაურობა და ყველაფრის ადგილზე დაგემოვნება. მაგრამ თუ არ აქვთ, ამისთვის ვართ ჩვენ და ყველანაირად ვეცადეთ, რომ რაღაც ავთენტური გარემო შეგვექმნა იმისთვის, რომ ეს გამოცდილება შეეძინათ. არა მარტო ჭამის მხრივ, არამედ მიბმული ყოფილიყო რაღაც ასოციაციებთან და კარგი მოგონებების შექმნასთან. თუნდაც აქ გატარებული ერთი დღე ადამიანის ცხოვრებაში კარგი გასახსენებელი იყოს, მე ჩავთვლი, რომ ამით ჩემი მისია შესრულებული იქნება.

ერთი სიმღერა, წიგნი ან ფილმი…

ფილიპ ქეი დიქის Do Androids Deam Of Electric Sheep და მის მოტივებზე გადაღებული ფილმი Blade Runner-ი, ძველი და ახალი ვერსია. ასევე რიჩარდ მორგანის Altered Carbon და მის მოტივებზე გადაღებული სახელობითი სერიალი ნეთფლიქსზე.  ზოგადად კინომანი ვარ და მიყვარს ფილმები. გამორჩეულად Cyberpunk და ზოგადად, Sci – Fi ჩემი საყვარელი ჟანრია.

წიგნებს რაც შეეხება, იმდენი საყვარელი წიგნი მაქვს, რომ მხოლოდ ორს ვიტყვი: ერთი არის ნილ სტივენსონის Snow Crash – ჩემთვის ეპიკურად საოცარი და უმაგრესი წიგნი. ძალიან ველოდები, რომ ჩემს ცხოვრებაში გადაიღებენ მის მიხედვით ფილმს. მეორე არის კიმ სტენლი რობინსონის მარსის ტრილოგია – ეს არის წითელი მარსი, მწვანე მარსი და ლურჯი მარსი. ახლა უკვე იმდენად რეალისტური გახდა მასში მოყვანილი მეცნიერების დარგები, რომ ამ ნაწარმოებებს ფანტასტიკას ვეღარ დაარქმევ. ზოგადად ძალიან საინტერესო ერაში ვცხოვრობთ, რადგან ყველაფერი რაც ჩემს მოზარდობაში წავიკითხე რეალობაში გადადის მეცნიერული გარღვევების დამსახურებით.

მუსიკა… ნებისმიერ ჟანრს შემიძლია მოვუსმინო და რელევანტური იყოს ხასიათის მიხედვით. ბოლო დროს, შეიძლება ფილმიდანაც გამომდინარე, ისევ ნოსტალგიური გრძნობები გამოიწვია და ძალიან ხშირად ვუსმენ Queen-ს. ახლაც ამ ტალღაზე ვარ, მაგრამ კლასიკური მუსიკიდან დაწყებული ელექტრონული მუსიკით დამთავრებული, ყველას ვუსმენ განწყობის მიხედვით. ამიტომ რაღაც ერთ კონკრეტულს ვერ გამოვარჩევდი.

სამომავლო გეგმები…

ჯერ იდეის დონეზეა ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი მეორე საყვარელი სამზარეულო არის მექსიკური. ერთ-ერთი სირთულე ზუსტად ინგრედიენტების მიმართულებით გვხვდება. ეს არის ერთ-ერთი უმდიდრესი სამზარეულო და გემოების პალეტის ზუსტ შერჩევას მოითხოვს. სხვა პატარ-პატარა იდეები სულ მომდის ხოლმე თავში, მე და ჩემი მეუღლე მუდმივად ვსაუბრობთ ამ თემაზე და გვინდა, რომ ზოგადად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოვახდინოთ ამ დარგში. გვაქვს ამბიცია, რომ შევცვალოთ ადამიანების დამოკიდებულებები და სტერეოტიპები მიდგომების მიმართ. აზიაც და მექსიკაც ეგზოტიკაა და შესაბამისად შიშნარევი სტერეოტიპები არსებობს, რაც აბსოლუტურად გაუმართლებლია. ეს სრულად კულტურიდან აღმოცენებული სტერეოტიპებია, რომელიც ძალიან თავისუფლად, მეგობრულ და თბილ გარემოში, გაცნობის და მოპატიჟების გზით შეგვიძლია შევცვალოთ. ჩვენთან დადის ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც სულ სხვა წამოდგენა ჰქონდა აზიურ სამზარეულოზე და სულ სხვა რაღაც დახვდა აქ და შეუყვარდა. მთავარია, გახსნილი გონებით მიუგდე ამ ყველაფერს.

ვვითარდებით სულ, ვიზრდებით, ადამიანები გვემატებიან, მენიუც საკმაოდ დინამიური გვაქვს. ინსპირაციები სულ მოდის, მე ისევ ვაგრძელებ სწავლას და შეცნობას და მინდა, რომ ჩვენს სტუმრებს მუდმივად შევთავაზო სიახლეები. მენიუ ცოცხალი ორგანიზმივით არის, შეიძლება ხვალ ახალი კერძი დაგხვდეთ.

გაჰყვევით Pepperboy-ს Instagram-ზე

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.