fbpx
გააზიარე სტატია

პიტერ ლინდბერგის ელეგანტური რეალიზმი

ფოტოგრაფმა და რეჟისორმა პიტერ ლინდბერგმა კარიერა 1971 წელს  საკუთარი სტუდიის გახსნით დაიწყო, იქამდე კი, ორი წელი ფოტოგრაფ ჰანს ლუქსის ასისტენტად მუშაობდა. საკუთარი სტუდიის გახსნისთანავე  ჟურნალ Stern-ში ისეთ ცნობილ მოდის ფოტოგრაფებთან დაიწყო თანამშრომლობა, როგორებიც იყვნენ ჰელმუტ ნიუტონი და გი ბურდენი.

შემდგომ წლებში ლინდბერგი მოდის ყველა სახელოვან გამოცემასთან თანამშრომლობდა, Vogue, Interview magazine, Harpers bazaar – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ჟურნალებისა, რომელთა ყდაზეც ლინდბერგის ფოტოებია დაბეჭდილი. მის გარეშე წარმოუდგენელია სუპერმოდელების ერა, რადგან სწორედ ის იღებდა ფოტოსესიებს ისეთი ცნობილი მოდელების კარიერის დასაწყისში, როგორებიც არიან ლინდა ევანგელისტა, ქეით მოსი, კრისტი ტარლინგტონი.

ლინდბერგის ფოტოები განთავისუფლებულია ყველანაირი ატრიბუტისგან, რადგან მისთვის მნიშვნელოვანია ობიექტივის წინ მდგომი ადამიანი, ინდივიდუალიზმითა და შინაგანი სამყაროთი. ბერლინში, სახვითი ხელოვნების აკადემიაში სწავლისას გატაცებული იყო იმპრესიონიზმით, პოსტ-იმპრესიონიზმითა და ვან გოგით, რომლის ტილოებიც მისი კარიერის მანძილზე ერთ-ერთ მთავარ შთაგონების წყაროდ რჩებოდა. მისი შავ-თეთრი ფოტოპორტრეტები ინსპირაციას ადრეული ვოიერისტული კინოსა და ქუჩის ფოტოგრაფიიდან იღებს და კომპოზიციურ ელეგანტურობას ქმნის.

 “პიტერ ლინდბერგი ცნობილი გახდა მისი ფოტოგენური რეალიზმის გამო, სადაც ობიექტები და ადამიანები – განსაკუთრებით კი ქალები –  მინიმალური მაკიაჟითა და სადა ტანსაცმლით, თითქოს ხელუხლებელ მდგომარეობაში არიან გამოსახულნი. „ჩემი მიზანი ქალის განსხვავებული ფორმით წარმოჩენაა, როგორც ხელოვანი პასუხისმგებლობას ვგრძნობ, გავათავისუფლო ისინი დაუსრულებელი გაახალგაზრდავებისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვისგან“.

ხელოვანის ესთეტიკამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია იმდროინდელ პოპ-კულტურაზე, მეინსტრიმ მედიასა და ყველაზე მეტად კი მოდის ინდუსტრიაზე, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1990 წელს მისი ცნობილი ბრინტანული “ვოგის” ყდა დაიბეჭდა.

1990 წელს ლინდბერგმა ბრიტანული “ვოგისთვის” მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მოდელები ლინდა ევანგელისტა, ნაომი კემპბელი, ტატიანა პატიზი, სინდი კროუფორდი და კრისტი ტარლინგტონი უბრალო  სადა ტანსაცმელში, ზედმეტი მაკიაჟის გარეშე გადაიღო. ბრიტანული “ვოგის” ეს ნომერი დღემდე ყველაზე გავლენიან გამოცემად ითვლება, ყდა კი სუპერმოდელების ერის დაწყების განმსაზღვრელად. სწორედ ეს ყდა გახდა მუსიკოს ჯორჯ მაიკლის ინსპირაცია მისი ყველაზე ცნობილი კლიპისთვის Freedom.

მოდის ინდუსტრიაში საკმაოდ რთულია ამოიცნო ავტორის ხელწერა, თუმცა ლინდბერგის შემთხვევაში მის ფოტოებში ყოველთვის თვალშისაცემია მისივე ავთენტურობა, სწორედ ამიტომ მისი ხელწერა ყოველთვის გამოკვეთილია – ფოტოხელოვანის შავ-თეთრი მინიმალისტური პორტრეტები გამორჩეული ხასიათისაა. ლინდბერგი მოდის ფოტოგრაფიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა, რადგან მისმა ნამუშევრებმა შეცვალეს იმდროინდელი სტანდარტები, მაშინ როდესაც მოდის ინდუსტრია მაქსიმალიზმზე იყო კონცენტრირებული, ლინდბერგმა ჩამოაყალიბა თავისი ხედვა, სადაც რეალიზმსა და მინიმალიზმს მთავარი ადგილი უკავია.  მისი ობიექტივის წინ ყოველთვის ჩანდნენ ადამიანები ინდივიდუალიზმითა და ხასიათით. სწორედ მისი ამ დამოკიდებულების დამსახურებით შეიქმნა ახალი მიმართულება მოდის ფოტოგრაფიაში, რომელმაც მომავალ თაობებს გაუკვალა გზა.

პირველად პირელის კალენდარი 1996 წელს, შემდგომ 2002-ში და ბოლოს, მესამედ,  2017 წელს გადაიღო, რის შემდეგაც ერთადერთი ფოტოგრაფი გახდა ისტორიაში, რომელსაც კალენდარი სამჯერ აქვს გადაღებული.  პირელის ბოლო კალენდარიც სწორედ რეალიზმს დაუკავშირა, როდესაც 15 მოდელის გადაღება ყოველგვარი მაკიაჟისა და დამუშავების გარეშე გადაწყვიტა.  

ლინდბერგის ფოტოები ინტიმურ აურას ქმნიან და არა სექსუალურს ან ვულგარულს, შეუძლებელია თვალიერებისას არ იფიქრო ავტორის ნაივურობასა და რეალურობაზე. პიტერის მიზანსაც სწორედ ამ გრძნობების აღძვრა წარმოადგენდა – როდესაც ფოტოების დამუშავების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ის პერფექციონისტი იყო, რომელსაც სწორედ ადამიანების ნაკლი იზიდავდა და ამ ნაკლის სილამაზის წარმოჩენა მიაჩნდა საინტერესოდ.

ფოტოგრაფი 3 სექტემბერს 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.