fbpx
გააზიარე სტატია

ფილიპ ჯონსონი – The Glass House

ჯონსონის glass house მეოცე საუკუნის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი შედევრია. მას ამერიკის ნაციონალური ისტორიული ღირსშესანიშნაობის სტატუსი 1997 წელს მიენიჭა.

ფილიპ ჯონსონის საკულტო შენობის შთაგონების წყარო მისი მენტორის, მის ვან დერ როეს Farnsworth House გახდა. Glass house – როგორც ხელოვნების ნიმუში ვან დერ როეს მოტივებზეა აგებული, მაგრამ ჯონსონი შთაგონების წყაროდ კონსტრუქტივისტებს და მალევიჩსაც ასახელებს.

Glass house პირველი სტრუქტურა იყო, რომელიც ჯონსონმა კონექტიკუტის შტატის ქალაქ New Canaan-ში, საკუთარ მიწაზე ააშენა. New Canaan ცნობილია, როგორც ქალაქი, სადაც მე-20 საუკუნეში ბევრი გამოჩენილი არქიტექტორი ცხოვრობდა და 100-ზე მეტი მოდერნისტული შენობა აშენდა. ოთხ მათგანს, მათ შორის Glass House-ს, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული. შენობა 1949 წელს დასრულდა და ჯონსონი აქ სიკვდილამდე ცხოვრობდა. Glass house მხოლოდ ერთი სართულისგან შედგება. სახლის ოთხივე კედელი შუშისაა, ინტერიერი კი ერთი დიდი ოთახია. მიუხედავად ამისა, ჯონსონი სახლს “ოთახებად” ყოფდა: სამზარეულო, სასადილო, საცხოვრებელი, ბუხრის ოთახი, საძინებელი, საპირფარეშო და შემოსასვლელი. “ოთახები” საერთო სივრცეში ავეჯითაა დაყოფილი. აგურის ცილინდრის სტრუქტურა ერთადერთი ნაწილია ინტერიერისა, რომელიც გარედან არ ჩანს . ამავე სტრუქტურაშია განთავსებული ბუხარი და საპირფარეშო. სახლის იატაკიც წითელი აგურითაა მოპირკეთებული.

1949 წლის შემდეგ ინტერიერი არ შეცვლილა, რაც ჯონსონის უკვდავ გემოვნებასა და სტილზე მიუთითებს. ავეჯის უმეტესი ნაწილი ვან დერ როეს დიზაინითაა შექმნილი და ჯონსონმა თავისი ნიუ-იორკის ბინიდან წამოიღო.

ინტერიერში განთავსებულია ორი ხელოვნების ნიმუში: კლასიკური პეიზაჟი Burial of Phocion, რომელსაც ნიკოლა პუსენის მიაკუთვნებენ და რომელიც სახლისთვის ნიუ-იორკის MOMA-ს პირველმა დირექტორმა ალფრედ ბარმა შეარჩია და ელი ნედელმანის სკულპტურა Two Circus Women, რომელიც ნიუ-იორკის David H. Koch-ის სახელობის თეატრში არსებული სკულპტურის მცირე ზომის ანალოგია.

Glass house კითხვის ქვეშ აყენებს მყუდრო საცხოვრისის შექმნის ყველა წესს. სახლში მხოლოდ აუცილებელი ნივთებია, რამდენიმე დეტალის გამოკლებით. არაორდინალურია ის გამჭვირვალობაც, რომელშიც ჯონსონი 50 წელზე მეტი ცხოვრობდა. შუშის კედლების საშუალებით ინტერიერი და ლანდშაფტი ჰარმონიულად ერწყმის და თითქოს ერთმანეთის გაგრძელებას წარმოადგენს..

ჯონსონის თქმით, ეს ერთადერთი სახლია, საიდან მზის ჩასვლის და მთვარის ამოსვლის ნახვა ერთდროულად შეიძლება.

ავტორი:მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.