fbpx
გააზიარე სტატია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში პირველი დაგეროტიპის გამოჩენამ იაპონურ ენაში ფოტოგრაფიის აღმნიშვნელი ახალი ტერმინი – Shashin დაამკვიდრა, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება – როგორც სინამდვილის ასახვა.

თავდაპირველად მეოცე საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების იაპონური ფოტოგრაფია დასავლური დოკუმენტური ფოტოგრაფიის გავლენით ჩამოყალიბდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში კი ტრადიციული ფორმები ნელ-ნელა ახალმა, ექსპერიმენტულმა და კონცეპტუალურმა ხელოვნების ნიმუშებმა ჩაანაცვლა. დაიდო მორიამა, ნობუიოში არაკი, მასაო იამამოტო და იასუმასა მორიმურა თანამედროვე იაპონური ფოტოგრაფიის ის წარმომადგენლები არიან, რომელთა ნამუშევრებშიც ერთდროულად დოკუმენტური სინამდვილისა და ფალსიფიკაციის ურთიერთმონაცვლეობაა ასახული, ამგვარი კონტროვერსიულობა იაპონური ფოტოგრაფიის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანია, რაც ფორმის თვალსაზრისით უფრო მეტად კონტრასტული შავ–თეთრი ფერებით და აბსტრაქტული გამოსახულებებით გამოიხატება.

დაიდო მორიამა
დაიდო მორიამა თანამედროვე იაპონური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. დაიბადა 1938 წელს ოსაკაში, ქალაქ კობეში. დიზაინსა და ფოტოგრაფიას მანამდე სწავლობდა, სანამ 1961 წელს საცხოვრებლად ტოკიოში გადავიდოდა. სწორედ ტოკიოს ურბანული გარემოა ის, რაც დაიდო მორიამას შემოქმედებაში ყველაზე დიდ და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. 1960-იანი წლების ომის შემდგომი ტოკიოს ახლებური ცხოვრების სტილი, ამერიკული ჯარების მიერ ქვეყნის ოკუპაცია და მისი გავლენით იაპონური კულტურის დასავლურ კულტურასთან შერწყმა დაიდო მორიამას ფოტოარქივის დიდ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა მორიამა თავის ფოტოებში დასაწყისიდან დღემდე ძირითადად მაინც ქუჩის ყოველდღიურ ცხოვრებას და ქაოსურ ურბანულ გარემოს გვიჩვენებს.

„როცა ქუჩაში გავდივარ, თავს მონადირედ ვგრძნობ, ეს შეგრძნება – „მონადირის ქცევა“ ყოველთვის არსებობდა ჩემში“, – ამბობს მორიამა ჟურნალ Nowness-თან ინტერვიუში.

მორიამასთვის ქალაქი და ქალაქში მოსიარულე ადამიანები საინტერესოა იმით, რომ მისთვის ეს არის გარემო, რომელიც ერთდროულად ტრაგიკომიკურია, ფოტოგრაფი ამ შეგრძნებებს თავდაპირველად კონტრასტული შავ–თეთრი გამოსახულებით გამოხატავდა, 70–იანი წლებიდან კი მისი ფოტოგრაფია ფერადი გახდა.

„შავი და თეთრი ჩემს შინაგან სამყაროს და ემოციებს გამოხატავს, რაც ტოკიოს ან სხვა რომელიმე ქალაქის ქუჩებში უბრალო ხეტიალის დროს მეუფლება. ფერი აღწერს იმას, რაც გარეთ მხვდება, მომწონს ისეთი რამის გადაღება, რაც მხოლოდ წამიერია. შავ-თეთრი ფოტოები მდიდარია კონტრასტებით, არის მძაფრი ემოციის მატარებელი და მთლიანად გამოხატავს ჩემს მარტოსულ ბუნებას, მეორე კი უფრო ნაზი და თავაზიანია, ისეთი, როგორსაც საკუთარ თავს სამყაროს მიმართ განვაწყობ.“

 

ნობუიოში არაკი

თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პროვოკაციული და სკანდალური ფოტოგრაფი, რომლის ფოტოებშიც უმეტესწილად ეროტიკული სახის ნამუშევრებს შეხვდებით ნობუიოში არაკისთვის მთავარ გადასაღებ ობიექტს ქალის შიშველი სხეული წარმოადგენს, ამის მიზეზს კი იგი თავის ერთ-ერთ წიგნში განმარტავს: „ფოტოგრაფი, რომელიც ქალს არ იღებს, ფოტოგრაფი არ არის, ქალი იმაზე მეტს გასწავლის სამყაროს შესახებ, ვიდრე ბალზაკის „ადამიანური კომედია“.

ყველაზე ხშირად არაკი თავის ცოლს, იოკოს იღებდა. არაკის შემოქმედებიდან ათასობით ფოტო და რამდენიმე წიგნი სწორედ იოკოს უკავშირდება, მათი უმეტესი ნაწილი თავად ფოტოგრაფისა და მისი ცოლის ცხოვრების ინტიმურ სცენებს ასახავს. ზოგადად ნობუიოში არაკისთვის დამახასიათებელია ე.წ. პერსონალური ფოტოგრაფია, რომლის სახითაც ის თავისი ცხოვრების ვიზუალურ დღიურს აწარმოებს, მაგალითად, 1971 წელს დაწყებული ფოტოსერია – Sentimental Journey (1971) – მისი და იოკოს თაფლობის თვის კადრებს ასახავს, იგი ამ სერიას მომდევნო წლებშიც, ცოლის გარდაცვალებამდე იღებდა.

არაკის პერსონალური ფოტოგრაფია სათავეს მეოცე საუკუნის იაპონური ლიტერატურული ჟანრიდან – Shi Soshetsu-დან იღებს, ესაა თხრობის სტილი, რომლის დროსაც ავტორი პირველ პირში საუბრობს საკუთარი ცხოვრების შესახებ. არაკისთვის ლიტერატურის ეს ჟანრი ყველაზე ახლოს ფოტოგრაფიასთან აღმოჩნდა, ამიტომაც მისთვის დამახასიათებელი ფოტოდღიურების წარმოება მან მომდევნო წლებში სხვა ალბომებშიც – A Diary, Eros Diary, Grand Diary of a Photomaniac – განაგრძო. თითოეულ მათგანში ნობუიოში არაკის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი დეტალის ამსახველ ფოტომასალას შეხვდებით.

არაკის შემოქმედებაში ყველაფრის საწყისი ეროტიზმი, სიყვარული და სექსია. ეს ის თემებია, რომელთა გარშემოც მისი ყველაზე ეროტიკული, ზოგჯერ პორნოგრაფიული კადრებია გაერთიანებული, მათ შორის ახლო ხედით გადაღებული გენიტალიები, სექსის სცენები, ისეთიც, რომელშიც თავად ფოტოგრაფი მონაწილეობს, ასევე ყვავილები და ხილიც კი, რომლებსაც ფოტოგრაფი გენიტალიებს და ადამიანის სხეულის ნაწილებს ამსგავსებს.

კონცეპტუალური ფოტოგრაფიის გარდა არაკი წლების განმავლობაში კომერციულ ჟანრშიც მუშობს. თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა – Saint Laurent, Supreme, Barneys, Givenchy და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ფოტოგრაფიას არაფერი აქვს საერთო მის კონცეპტუალურ ნამუშევრებთან, არაკი აქაც ინარჩუნებს საკუთარ სტილს და ცდილობს კომერციულ ფოტოებში ეროტიკული ნიშნები შეიტანოს. გარდა სხვადასხვა მოდის სახლთან თანამშრომლობისა, ნობუიოში არაკის ფოტოარქივში უამრავი ცნობილი ადამიანის პორტრეტი ინახება, მათ შორის – მომღერალ ლეიდი გაგასი და მწერალ ჰარუკი მურაკამის. ცნობილია ისიც, რომ ნობუიოში არაკი მუსიკოს ბიორკის საყვარელი ფოტოგრაფია, სწორედ არაკის ეკუთვნის ბიორკის ერთ-ერთი პირველი ალბომის – Telegram-ის ქავერი.

მასაო იამამოტო
მასაო იამამოტოს ფოტოებს ხშირად ვიზუალურ ჰაიკუს უწოდებენ. სანამ ფოტოგრაფით დაინტერესდებოდა, დიდი ხნის განმავლობაში მხატვრობით იყო დაკავებული, ალბათ სწორედ ამიტომაც მისი ფოტოები ხშირად ჩანახატებს მოგვაგონებს. იგი თავის ნამუშევრებში ცდილობს ბუნების ყველაზე ჰარმონიული დეტალები ასახოს, რომლებიც ხშირად ადამიანის ყურადღების მიღმა რჩება. მის პატარა ზომის ფოტოებზე ხშირად შეხვდებით ხეების, მწერების, ფრინველების, ყვავილების კადრებს, რომლებსაც ძირითადად კონტრასტულ შავ-თეთრ ფერებში იღებს. იამამოტოს პოეტური ფოტოები ყველა დანარჩენი ფოტოგრაფის ნამუშევრებისგან მცირე ზომითა და სიძველის ეფექტით გამოირჩევა, რაც დამთვალიერებელში იწვევს განცდას, რომ ფოტოები თითქოს წარსულის მოგონებებს და ნოსტალგიას ასახავს.

 

„ჩემი ფოტოები ძალიან პატარა ზომისაა და ისე გამოიყურება, როგორც ძველი. ამას მე თვითონ ვაკეთებ, რეალურად ასე რომ გამოიყურებოდეს, 30 წელი მაინც უნდა მოვიცადო, რაც შეუძლებელია, ფოტოებს ხელით ვხეხავ, რითაც სასურველ სიძველის ეფექტს ვიღებ, პატარა ზომის ფოტოებს კი იმიტომ ვბეჭდავ, რომ მინდა ის მეხსიერების ფორმად ვაქციო, თუ ჩვენ შეგვიძლია ხელში დავიჭიროთ ეს ფოტოები, ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია ხელში გვეჭიროს მოგონებები, დაახლოებით ისე, როგორც საოჯახო ფოტოებს ვინახავთ ჩვენთან ახლოს“. – განმარტავს იამამოტო ჟურნალ Lens Culture-თან ინტერვიუში.

იაპონიის ბუნების ხედები იამამოტომ ფოტოსერიებში – Kawa=Flow და Shizuka=Cleanse გააერთიანა, როგორც იამამოტო აღწერს, მისთვის ბუნება ინახავს ყველაზე დიდ საგანძურს, რომელიც თავისთავად, ჩუმად არსებობს მასში, ამ არსებობას იგი Shizuka-ს უწოდებს, რაც იაპონურად სიწმინდეს, სისუფთავეს აღნიშნავს, სწორედ ამიტომაც მისი ფოტოები თითქმის არასდროს არ არის პერსონიფიცირებული, იამამოტოს ბუნების კადრები დაცლილია ადამიანებისგან, ისე, თითქოს იგი არც არასდროს არსებობდა მასში.

იასუმასა მორიმურა

თუკი ერთი შეხედვით თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი მერლინ მონროს, ვან გოგის, ფრიდა კალოს და ჩე გევარას პორტრეტების ქვეშ მათი რეალური ავტორის სახელის და გვარის ნაცვლად იასუმასა მორიმურა ამოიკითხეთ, არც გაგიკვირდეთ და არც შეცდომა გეგონოთ, აუცილებლად შეხედეთ კიდევ ერთხელ და დარწმუნდებით, რომ ეს ნამუშევრები ნამდვილად მას ეკუთვნის!

თუ პორტრეტებს კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ თითოეულ მათგანში ორიგინალი სახის ნაცვლად თავად იასუმასა მორიმურას სახეა ჩასმული. მსგავსი იუმორისტულ-სატირული ფალსიფიკაცია ფოტოგრაფის დამახასიათებელი სტილია. როგორც თავად მორიმურა განმარტავს, ამ გზით იგი ისტორიაში ყველაზე გახმაურებულ ნამუშევრებს სიცოცხლეს უბრუნებს ისე, თითქოს ყოველი მათგანი წარსულში კი არა, ჩვენს დროში შეიქმნა.

პირველი პორტრეტი მორიმურამ 1985 წელს შექმნა, პირველი ვის სხეულსაც საკუთარი სახე მოარგო, ვინსენტ ვან გოგი იყო, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიაა Daughter of Art History, რომელიც ისეთი არტისტების ნამუშევრების მორიმურასეულ ვერსიას აერთიანებს, როგორებიც ვერმეერი და ფრიდა კალო არიან.

იასუმასა მორიმურა ამ ნამუშევრებით ცდილობს დამთვალიერებელს ევროპული და აზიური კულტურის ნაზავი წარუდგინოს, დასავლურ ნამუშევრებში აზიური სახის ჩასმით იგი ამ ორი განსხვავებული კულტურის ურთიერთგავლენაზე საუბრობს, რომელშიც ხშირად ირონიული, სატირული, ზოგჯერ კი მკაცრად კრიტიკული ქვეტექსტები იკითხება.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია

ვივიან საზენის ხელოვნებად ქცეული კომერციული ფოტოგრაფია
ვივიან საზენი – ფოტოგრაფი, რომელმაც კომერციული ფოტოგრაფია ხელოვნების ნიმუშებად აქცია და ფოტო–წიგნებში გააერთიანა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.