fbpx
გააზიარე სტატია

ნიუ-იორკის “პლაზა” – სასტუმრო, სადაც შეგიძლია კევინივით იცხოვრო

ალბათ გახსოვთ ნიუ-იორკში დაკარგული კევინის გაოცებული თვალები, როცა შემთხვევით სასტუმრო “პლაზაში” აღმოჩნდება. 1992 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ფილმი “მარტო სახლში 2” გამოვიდა, ჩემთვის “პლაზა” კევინთან და კრის კოლუმბუს ამ კინოსურათთან ასოცირდება, თუმცა ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული და დახვეწილი სასტუმროს ისტორია კევინამდე ბევრად ადრე, 1907 წლიდან იწყება და მას შემდეგ ამერიკული კულტურისა და ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია.

დღეს მეხუთე ავენიუზე, ცენტრალ პარკის სამხრეთ ნაწილში მდებარე ფეშენებელური სასტუმრო “პლაზა” სინამდვილეში ამ სახელის სასტუმროს არა პირვანდელ, არამედ 1907 წელს ხელახლა დაბადებულ ვერსიას წარმოადგენს. იმისთვის, რომ მის ადგილას კიდევ უფრო დიდი სასტუმრო აშენებულიყო, პირვანდელი “პლაზა” 1905 წელს მთლიანად დაანგრიეს და ზუსტად 27 თვე და 12.5 მილიონი დოლარი გახდა საჭირო, რათა 1907 წლის პირველ ოქტომბერს ნიუ-იორკის ერთ-ერთი  (იმ პერიოდში ალბათ ერთადერთი) საუკეთესო სასტუმროს კარი პირველი სტუმრებისთვის გაღებულიყო.

ფრანგული რენესანსის შთაგონებით არქიტექტორ ჰენრი ჯეინვეი ჰარდენბერგის მიერ აშენებულ ახალ “პლაზაში” ერთი ღამის გათევა თავდაპირველად დაახლოებით 67 დოლარი ღირდა, 2015 წელს კი იმავე ოთახის ღირებულება 1000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში სასტუმრო წარმატებით განვითარდა, კიდევ უფრო დაიხვეწა და ამის გამო მის მომსახურებას მეტი ფასი დაედო, განსაკუთრებით პოპულარული კი  მაშინ გახდა, როცა 1920-21 წლებში 58-ე ქუჩის მხრიდან შენობას 300 ახალი ნომერი შეემატა.

სხვადასხვა დროს სასტუმრო “პლაზა” არაერთი ცნობილი ბიზნესმენის მფლობელობაში იყო, 1943 წელს დაახლოებით 107 მილიონ დოლარად სასტუმრო კონრად ჰილტონმა შეიძინა, თუმცა ათ წელიწადში ჰილტონმა “პლაზა” გაყიდა, მას შემდეგ სასტუმრო რამდენიმე სხვადასხვა მილიონიანი კომპანიის შემადგენლობაში იმყოფებოდა, სანამ 1988 წელს “პლაზა” 390 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დონალდ ტრამპის ხელში გადავიდა. თუ კონრად ჰილტონმა “პლაზა” ხანში შესულ არისტოკრატ ქალს შეადარა, დონალდ ტრამპი კიდევ უფრო შორს წავიდა და მისთვის ის, არც მეტი, არც ნაკლები, ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა” იყო.  “მე არ შემიძენია უბრალოდ შენობა, მე შევიძინე შედევრი – მონა ლიზა, ჩემს ცხოვრებაში პირველად მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ეკონომიკას არ უკავშირდება და არ აქვს მნიშვნელობა, ეკონომიკურად რამდენად წარმატებული იქნება ეს სასტუმრო”, – წერდა “ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ ღია წერილში დონალდ ტრამპი, რომელმაც მიუხედავად ამ წერილში ნათქვამი სიტყვებისა, ფინანსური პრობლემების გამო “პლაზა” საბოლოოდ მაინც გაყიდა, მაგრამ სასტუმროს კულტურული ისტორიის რამდენიმე საინტერესო ეპიზოდში გარკვეული ადგილი მაინც დაიკავა. ტრუმან კაპოტეს მიერ 1966 წელს ჩატარებული ლეგენდარული ბალის დარბაზში ტრამპმა მარლა მეიპლზზე იქორწინა, 1992 წელს  სასტუმროს ჰოლში სახლში მარტო დარჩენილ კევინსაც შეეგება და “პლაზას” მრავალწლიან ისტორიას ამ ფილმის სახითაც შემოუნახა საკუთარი თავი.

“პლაზას” კულტურული ისტორია კი, ცხადია, იმაზე  მრავალფეროვანი, მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე დონალდ ტრამპის წამიერად ეკრანზე გაელვება.  მაგალითად, 1959 წელს ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის, “ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთიდან” ძირითადი სცენები სწორედ “პლაზაშია” გადაღებული,  მას შემდეგ სასტუმრო არაერთი ცნობილი ფილმის გადასაღებ მოედნად ქცეულა. აქ არის გადაღებული 1973 წლის რომანტიკული კომედია The Way We Were, რომელშიც ბარბარა სტრეიზანდი და რობერტ რედფორდი თამაშობენ, ასევე ვუდი ალენის მონაწილეობით 1976 წელს გამოსული ფილმი The Front, 1993 წლის რომანტიკული კომედია Sleepless in Seattle   და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის მიხედვით გადაღებული იმავე სახელწოდების ფილმი “დიდი გეთსბი”, სადაც სასტუმრო” პლაზა” არა უბრალოდ გადასაღები მოედანი, არამედ თავად რომანშიც ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მიერ წიგნში აღწერილი ადგილია. გარდა ამ ფილმების სცენებისა, სასტუმროს რეალური ცხოვრებაც არანაკლებ შთამბეჭდავ სახეებსა და ისტორიებს ინახავს.

დონალდ ტრამპის გარდა ამ სასტუმროში იქორწინა პატრისია კენედიმ პიტერ ლოუფორდზე, ამ სასტუმროს უკავშირდება მერლინ მონროს, ბითლზების, ტრუმან კაპოტეს და მისი შავ-თეთრი ბალის, ჯული ნიქსონის, იოკო ონოს, როგორც პლაზას ხშირი სტუმრის, მარლენ დიტრიხისა და ელისაბედ ტეილორის ისტორიებიც.  

დღეს სასტუმრო “პლაზა” კვლავაც წარმატებით აგრძელებს ასი წლის წინ დაწყებულ ისტორიას. გამორჩეული ინტერიერისა და ბევრი საინტერესო შეთავაზების მქონე “პლაზა” ისევ ინარჩუნებს ნიუ-იორკის, როგორც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობის სახელს, სადაც ნებისმიერ მსურველს დღესაც აქვს საშუალება სასტუმროს ყველაზე სახალისო შეთავაზებით – Home Alone 2: Escape to New York-ით ისარგებლოს, იცხოვროს ნიუ-იორკში დაკარგული კევინის ოთახში და ზუსტად ის გზა გაიაროს, რაც კევინმა, მაშინ როდესაც გაოცებული თვალებით პირველად  შეაბიჯა “პლაზას” კარში, თუმცა მხოლოდ ერთი განსხვავებით, არა მგონია, დონალდ ტრამპს ისევ შეეჩეხოთ სასტუმროს ჰოლში.


ავტორი : გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
რიცი - პარიზის ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული სასტუმრო

რიცი - პარიზის ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული სასტუმრო

რიცი - პარიზის ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული სასტუმრო
მე-19 საუკუნეში პარიზში ცეზარ რიცის მიერ დაარსებულ სასტუმროს ისეთი ლეგენდარული სახელები უკავშირდება, როგორებიც ერნესტ ჰემინგუეი, მარსელ პრუსტი, სომერსეტ მოემი და კოკო შანელია, რომელმაც სიცოცხლის უკანასკნელი წუთები სწორედ “რიცის” კედლებში გაატარა
სასტუმრო ჩელსი - მეოცე საუკუნის ამერიკული კულტურის თავშესაფარი

სასტუმრო ჩელსი - მეოცე საუკუნის ამერიკული კულტურის თავშესაფარი

სასტუმრო ჩელსი - მეოცე საუკუნის ამერიკული კულტურის თავშესაფარი
აქ დაწერა უილიამ ბეროუზმა "შიშველი საუზმე", ჯეკ კერუაკმა - "გზაზე”, ბობ დილანმა - Blond on Blonde და აქვე შეხვდა მომავალ მეუღლე სარას... 614-ე ნომერში კი, მერლინ მონროსთან დაშორების შემდეგ, 6 წელი იცხოვრა არტურ მილერმა, "ჩელსიში" შეხვდა ლეონარდ კოენი ჯენის ჯოპლინს...
Chateau Marmont

Chateau Marmont

Chateau Marmont
ძველი ჰოლივუდის გლამური, ბევრი ცნობილი ისტორია, რამდენიმე გახმაურებული სიკვდილი და ერთი საკულტო სასტუმრო
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.