გააზიარე სტატია

ხელოვნება, სახლი და დიალოგი

მარტინ ჰაიდეგერი ნაშრომში “წერილი ჰუმანიზმის შესახებ” წერდა: „ენა ყოფიერების სახლია, ადამიანები მასში ბინადრობენ“. მართლაც, ის, რაც საუბრისკენ არ გვიბიძგებს, რაც საკუთარი შეგრძნებების და იმპულსების გაზიარებას არ გვანდომებს, ხშირად უცხო, ან სულაც გაუგებარი რჩება.

გაზიარება ენის უმთავრესი მონაპოვარია. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ყველას და ყველაფერს თანაბრად სურს გაზიარება, ენა ფასდაუდებელი საგანძურია, რომლითაც ახალი სამყაროების შექმნა და წარმოდგენაა შესაძლებელი.

თუმცა ენის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია სივრცე, ადგილი და ამ ადგილის აურა, რომელიც საუბრისა და დიალოგისთვის ხელსაყრელ გარემოებებს გვიქმნის. რაც უნდა ვთქვათ, ჩვენი სასაუბრო თემები ყოველდღიურ რუტინას რთულად ცდება და ეს საკმაოდ ნორმალურიცაა. თუმცა იმისათვის, რომ ჩვენი სახლი ავაშენოთ და მასში სხვებიც მოვიპატიჟოთ, ბევრად მეტია საჭირო.

 

13 ოქტომბერს გალერეა LC Queisser-ში ლიზა ალვარადოს გამოფენა – Polyphonic shadow cloth გაიხსნა. ლიზა ცნობილია თავისი კომპლექსური ნამუშევრებით, რომლებიც ერთდროულად ტრადიციის გამტარებსაც წარმოადგენენ და ახალი პოტენციალის ათვისებასაც შესაძლებელს ხდიან. ხელოვნების ნიმუშებს ხშირად თან ხმოვანი ინსტალაციაც ახლავს. რიგ შემთხვევებში, ლიზა ობიექტებს ცოცხლად შესრულებულ მუსიკასთან, ჯგუფ Natural Information Society-თან ერთად ქმნის. ლიზა ალვარადოს სურათები, პოლიფონიურ ხმოვანებასთან ერთად, კოლექტიური და ინდივიდუალური თანამონაწილეობის საშუალებას იძლევიან. ის ცდილობს განსხვავებული გზების მონახვას თანამედროვე ხელოვნების გამოცდილების გასაფართოებლად, ამისთვის კი ისტორიას იყენებს.

წინამძღვრიშვილის 49 ნომერშიც ასე, ახლებური ხედვით, ნელ-ნელა ცოცხლდებიან მექსიკური ფერადოვანი ხალიჩები. თანამედროვე ხელოვნების ყველაზე დიდი მონაპოვარიც ალბათ ის არის, რომ შესაძლებელი გახდა ხელოვნების ნიმუშების შეუზღუდავი მოგზაურობა. მათთან ერთად ჩვენც ვმოგზაურობთ, საკუთარი რეალობებით და წარმოსახვით, ეს ყველაფერი კი თანმიმდევრულად აისახება ჩვენს საუბრებში.

თავად ლიზასთვის მნიშვნელოვანია აუდიტორიის აღქმა, მისი ხელოვნების ნიმუშებიც უფრო კონკრეტული მოვლენების თანმდევ აურატულ კომპონენტებს წარმოადგენენ და არა განყენებულ საგნებს. ერთმანეთის გვერდიგვერდ ჰარმონიულად მოთავსებული კონტრასტული პატერნები თვალისმომჭრელ მრავალფეროვნებას გვიხატავენ, რომლებიც, როგორც ზღაპრული საბურველი, ისე ეფარებიან თბილისური შემოდგომის საღამოს. ძველი თბილისური სახლი კი თავისი სადა და მინიმალისტური ატმოსფეროთი, თითქმის აქრობს იმის შეგრძნებას, რომ გალერეაში ვიმყოფებით.

უცნაურია, მაგრამ ხშირად ჩვენ თვალწინ მოვლენებს შორის ფარული კავშირებიც მჟღავნდებიან. შეხვედრები და ურთიერთობებიც ზოგჯერ იმაზე უფრო შორს მიდიან, ვიდრე წარმოგვედგინა. ქართულ კულტურაში მრავლად გვაქვს ხალხური ხელოვნების მაგალითები, მათ შორის ქართული მოდერნისტული ხელოვნებაც დიდწილად იზიარებდა ხალხურ მოტივებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენში თავისუფალი ხელოვნების ნიმუში ყოველთვის საზოგადო გამოცდილების, საკომუნიკაციო სივრცის აგებისკენ მიისწრაფოდა. ალბათ ამიტომაც, ქართველები ხშირად თავს ვარიდებდით ხელოვნების სიღრმისეულ შრეებს და მისგან უფრო ყოფიერ, უფრო ადამიანურ გამოცდილებებს ველოდით. თანამედროვე ხელოვნების ნიმუშში ხომ მაყურებელი უკვე თავად არის ავტორი და ხშირად კონტექსტიც კი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ როგორ აღიქვამს ცალკეულ პატერნებს. ასეთ დროს კოლექტიური გამოცდილება ითიშება და ჩვენი სამყაროც იკეტება, რომელიც მართალია, მდიდარია გამოცდილებით, თუმცა გაზიარებასაა მოკლებული.

 

საერთო ენის გამონახვა, ხელოვნების ნიმუშის, როგორც კოლექტიური თავშეყრის მიზეზად წარმოდგენა ალბათ ყველაზე ჰუმანურია, რაც შეიძლება დღევანდელ, გათითოკაცებულ რეალობაში თანამედროვე ხელოვნებამ თბილისს შესთავაზოს. ჩვენ ხომ ასე მივეჩვიეთ კოლექტიური კლიშეებით მანიპულაციას. თუკი ჩვენი აზრები მაინც კვეთენ ერთმანეთს, ისიც მოჩვენებით, მითოლოგიურ სივრცეებში, სადაც უამრავი თავისმოტყუების და მაღალფარდოვნების ხარჯზე ურთიერთგაგების მინიმალურ ხარისხს ვჯერდებით.

ემპათია და თანაგრძნობა სულ უფრო ნაკლებად წარმოადგენს ჩვენს ყოველდღიურ რაციონს, მაშინ როდესაც სპექტაკლს და თამაშს ვჯერდებით. რეალური გამოცდილება, ნამდვილი გამოცდილება, რომელიც საერთო სივრცეების, სახლების აგებაში დაგვეხმარებოდა, ჩვენთვის თითქოს შორეულ, სანატრელ ამბად რჩება. თავის მხრივ, ნატვრასა და ოცნებაში ცუდი არაფერია, ისინი ისევე არიან ჩვენი ნაწილები, როგორც ენა და რეალობა, მაგრამ ისინი მხოლოდ მაშინ იძენენ მნიშვნელობებს, როდესაც რეალობას ეხებიან. ამის წინაპირობა კი ღიაობაა, გახსნილობა სამყაროსთან და სხვებთან, საკუთარი თავის გამოხატვის და რეალიზაციის სურვილი.

ასეთია ლიზა ალვარადოს ხელოვნებაც. ის ხელოვნების ნიმუშის იმ შრეებს გვთავაზობს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში კოლექტიურად იქმნებოდა და ამით იმასაც გვახსენებს, რომ ჩვენი დანაწევრებული, წერტილოვანი ცხოვრება ზოგჯერ ქაოსური, ან კონტრასტული, მაგრამ უფრო დიდი საერთო, მოზაიკური სურათის ნაწილი შეიძლება იყოს – სახლის, რომელშიც სიმყუდროვის და დიალოგის კვლავ აღმოჩენა შეიძლება.

ალვარადოს ხელოვნება ხელახლა გვაფიქრებს ხელოვნების ნიმუშის გამოყენებაზე, მის პრაქტიკულ დანიშნულებაზე. ის არ ისაზღვრება ესთეტიკით, არამედ ხელოვნებას წარმოადგენს როგორც ყოფით მოვლენას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანებზე, კომუნიკაციასა და ურთიერთობებზე. დღეს, როდესაც ჩვენი ცხოვრება სრულიადაა შემოსაზღვრული სამომხმარებლო ნივთებით, კლიშეებით და სტერეოტიპებით, ალვარადოს ნამუშევრები გვაფიქრებენ, რომ შესაძლებელია ყველაფერი სხვაგვარად იყოს. რომ ხელოვნება არა მხოლოდ ესთეტიკა, არამედ საგნების და გამოსახულებების მთლიანობაა, რომელიც საკუთარ მეხსიერებაში, გამოცდილებასა და აურაში ჩვენ-ჩვენ ცხოვრებასაც ინახავს.

ავტორი:დათო კოროშინაძე


რეკომენდებული სტატიები
ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში

ხელოვნება სარეკლამო გზავნილების სივრცეში
ლიზა ალვარადოს ბილბორდი, როგორც გზავნილი, ან ნიშანი, უეცრად ჩნდება იქ, სადაც ხელოვნებას არავინ ელის და ამგვარად ქმნის ხელოვნების თანამედროვე ფორმას
ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან
16 სექტემბერს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში Project Art Beat-ის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა - “ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“.
თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018

თბილისის არქიტექტურის ბიენალე 2018
ბიენალემ თავი უნდა მოუყაროს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებიც ურბანულ და არქიტექტურულ საკითხებზე ერთობლივად იმუშავებენ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.