fbpx
გააზიარე სტატია

Project Artbeat – დავით მესხისა და ნატა სოფრომაძის გამოფენები

29 აგვისტოს გალერეა Project Artbeat-ში თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ქართველი ფოტოხელოვანების – ნატა სოფრომაძისა და დავით მესხის გამოფენები „სიკვდილის მაღაზია“ და „გააგრძელე ვარდნა“ გაიხსნება. ბერლინში მოღვაწე ქართველი ხელოვანი დავით მესხი თავის ნამუშევრებში ახალგაზრდობის დაფარულ შრეებს გვიჩვენებს, რომლის შთაგონების მთავარი წყარო ბავშვები, მოზარდები და მათი თვითგამოხატვის ინდივიდუალური ფორმებია. ნამუშევრები, რომლებშიც დარღვეულია დროის საზღვრები, ამავდროულად გამოხატავს თავად არტისტს –  როგორც ინდივიდსა და როგორც ფოტოგრაფს. ფოტოები, სადაც სევდიანი განწყობა ოპტიმიზმსა და სიცოცხლით სავსე პერსონაჟებს უპირისპირდება, ერთდროულად მელანქოლიისა და იდეალურობის იდეის მატარებელია, რაც, როგორც ხელოვანი ამბობს, თავად მისი წარსული ცხოვრების გამოცდილების ნაწილია.

დავით მესხი: ჩემი ბავშვობის პირველი სურათების, ხმების და შეგრძნებების შეგროვება ორ ადგილას დავიწყე: პირველი – ეს არის ძველი პატარა ბინა თბილისში, ულამაზეს ქალაქში, საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში და ასევე სპორტულ სკოლაში, სადაც მამაჩემთან ერთად ხშირად მიწევდა სიარული, სადაც გავიზარდე… მამაჩემი ტანვარჯიშის მწვრთნელი იყო, როგორც მისი მამა. ჩვენი საოჯახო ალბომების უმეტესობა ჰგავდა სახელოვნებო წიგნებს, სადაც თავმოყრილი იყო ფოტოები სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებიდან… ჩემ გარშემო ყველაფერი სპორტის გავლენას განიცდიდა. საბჭოთა სამყაროში ცხოვრება ეფუძნებოდა  არა ინდივიდუალურობას, არამედ კოლექტივიზმს, სამხედრო სტილის თანასწორობასა და კონსერვატიულ პრინციპებს. სახლში არავინ საუბრობდა გულწრფელად, პირდაპირ, არაკონვენციური იდეების შესახებ და ზოგადად, ყველაფერი საკმაოდ კარგად იყო გახმოვანებული ჩვენი ქვეყნის იდეოლოგიით გარდა ერთი საკითხისა: ჩემმა ოჯახმა იხილა განსხვავებული, აკრძალული სამყარო. ჩვენი ყავის მაგიდა განსხვავდებოდა სხვა  ერთგვაროვანი მაგიდებისგან, რომლებიც ასევე ერთნაირ, იდენტურ საცხოვრებელ სახლებში იდგა… გარდა ამ ყველაფრისა, მახსოვს ყოველდღიური გაზეთები ხანში შესული ადამიანების მოსაწყენი სურათებითა და ქარხნის მუშების ბედნიერი სახეებით… შესაძლოა, თქვენ შეამჩნიოთ მფრინავი ტანმოვარჯიშის ფიგურა სპორტული შეჯიბრებების ბროშურიდან, რომელიც მამაჩემმა ერთი შორეული ადგილიდან ჩამოიტანა და ასევე ვირტუოზულად შექმნილი საბჭოთა კავშირის ფოტოჟურნალები. ეს მფრინავი სპორტსმენი ჰგავდა სუპერ ძალის მქონე გმირს სხვა სამყაროდან – სამყაროს, რომელიც საბჭოთა კავშირის მიღმა იყო. ბროშურების  თვალიერება ჩანდა როგორც ჯადოსნური ადგილების გასაღები ან კარი.

დავით მესხის ფოტოების გვერდით გამოიფინება ფოტოგრაფ ნატა სოფრომაძის ნამუშევრებიც. გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოსერიები სიკვდილის ვიზუალური ფორმით კვლევის მცდელობას წარმოადგენს, რასაც ხელოვანი ექსპერიმენტული მეთოდით აღწევს.

ნატა სოფრომაძეფოტოსერია  ”უკვდავები“  წარმოადგენს ტრადიციული ქართული შავი გრანიტის საფლავის ქვაზე დაბეჭდილ ვიზუალურ გამოსახულებებს. მე  სურათები გადავუღე ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს, რომლებსაც ჩემი არტ პროექტის ფარგლებში მოდელის ფუნქცია მოვარგე და ქართველი დიზაინერების სამოსში გამოვაწყვე. სწორედ ქართულმა სასაფლაოებმა შთამაგონა გამომეყენებინა ეს ძველი ტრადიცია და საფლავის პორტრეტები გარდამექმნა მოდურ იმიჯებად. საინტერესო იყო როგორ რეაგირებდნენ ადამიანები, როდესაც ვთავაზობდი გამხდარიყვნენ საფლავის ქვის მოდელები. ყველა ბედნიერად გრძნობდა თავს. ჩვენ ვქმნიდით გამოსახულებებს უბრალოდ გართობისთვის, სიკვდილთან სათამაშოდ ან შესაძლოა მის დასამარცხებლადაც.

გამოფენა Project ArtBeat-ში 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს გალერეას ყოველდღე, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით ესტუმროს.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.