fbpx
გააზიარე სტატია

ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან

16 სექტემბერს თბილისის ფოტოფესტივალის ფარგლებში Project Art Beat-ის ორგანიზებით გაიხსნა გამოფენა – “ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“. გამოფენაზე XX საუკუნის დასაწყისიდან XXI საუკუნის 10-იან წლებამდე შექმნილი ორმოცამდე ფოტონამუშევარია წარმოდგენილი. ავტორებს შორის არიან: გიგო გაბაშვილი, შალვა ალხანაიძე, რეზო კეზელი, გურამ თიკანაძე, ბორის შავერდიანი, გურამ წიბახაშვილი, ნათელა გრიგალაშვილი, ბესო უზნაძე, ნატა სოფრომაძე, დავით მესხი და რიტა ხაჩატურიანი.

“ელემენტარული ნაწილაკები-ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან” თბილისის ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში გამართული ვრცელი ექსპოზიციის – “რეალობაში და მის მიღმა“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ლოკალურ, კომპლექსურ ისტორიულ ფრაგმენტებს ასახავს, რაც თავისთავად შესაძლებლობას გვაძლევს დავაკვირდეთ როგორც საბჭოთა, ასევე პოსტსაბჭოთა ისტორიულ კონტექსტებს, რომლებიც თვისობრივად მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გამოსახულების ფორმირებაზე.

რა ხდის ამ ექსპოზიციას არსებითად მნიშვნელოვანს? სწორედ ის ვიზუალური მასალა, რომელიც ჯერ კიდევ ფართო აუდიტორიისთვის უცნობია. გამოფენაზე თქვენ ნახავთ გიგო გაბაშვილის ეროტიკულ ფოტოსერიას, რომელიც XXI საუკუნის 10-იან წლებში აღმოაჩინეს. მაყურებელს შესაძლებლობა ეძლევა გიგო გაბაშვილის შემოქმედება განსხვავებულ კონტექსტში გაიაზროს, რამდენადაც ფოტონამუშევრებში მკაფიოდ ვლინდება პერედვიჟნიკური სკოლის გამოცდილების ჩანაცვლება სიმბოლისტური მიმართულებებით. საბჭოთა ისტორიის განმავლობაში ალბათ სულ რამდენიმე შემოქმედის დასახელება შეიძლება, რომლებიც ოფიციალური დისკურსის მიღმა თვითმყოფად ვიზუალურ ენას ქმნიდნენ. სწორედ ამის ცოცხალი მაგალითია რეზო კეზელის 50-60-იანი წლების ფოტონამუშევრები, რომლებიც ფიზიკის ინსტიტუტში 90-იან წლებში შემთხვევით აღმოაჩინეს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები სერიიდან „გამოუსადეგარი ნივთები“, რომელზეც 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე მუშაობს. ფოტონამუშევრებში აღბეჭდილია ფუნქცია დაკარგული ნივთები, რომლებთანაც განშორება პატრონს მოგონებების, ისტორიის გამო უჭირს. ფოტოგრაფი მიიჩნევს, რომ მათგან განთავისუფლების ერთადერთი საშუალება ამ ნივთების ფოტოგრაფირებაა. ფოტონამუშევრები საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ იმ კულტურულ ვითარებას, როცა საგნები თავისუფლდებიან თავისი მნიშვნელობისგან, საზრისისგან, წარმომავლობისა და ღირებულებისგან.

საგამოფენო სივრცეში წარმოჩნდება,“საფლავის ყვავილები“ – მოვერცხლისფრო ორგმინის ზედაპირზე 100 მცირე ზომის ფერადი იმიჯი, რომელიც ქართველი თანამედროვე ფოტოგრაფის, ნატა სოფრომაძის ფოტოინსტალაციას წარმოადგენს. არტისტი აღნიშნავს, რომ მის მიერ ფოტოობიექტივში დაფიქსირებული რეალობა ერთი მხრივ, შემზარავია, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი და მისტიკური. წარმოდგენილი ნამუშევარი შეგვიძლია გავიგოთ, როგორც მეტაფორა მიმდინარე სოციალურ-კულტურულ გარემოში ფატალური შედეგების გამოვლინებისა. “ელემენტარული ნაწილაკები: ამონარიდები ქართული ფოტოგრაფიიდან“ ოცი ოქტომბერს დაიხურება. ამ დროის ინტერვალში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ეძლევა ვიზუალური ნარატივების საშუალებით დაფიქრდეს როგორც წარსულზე, ასევე აწმყოზე.

ავტორი: ანი ჯორჯიაშვილი


რეკომენდებული სტატიები
მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია

მხატვრული არქეოლოგია
აბსტრაქტული სიუჟეტები, პერსონალური ინტიმური ნარატივები და პატრიარქალური კულტურის კრიტიკა ხელოვან მაია ნავერიანის შემოქმედებაში
Forget about Gravity

Forget about Gravity

Forget about Gravity
ახალგაზრდობა, სკეიტ კულტურა და თავისუფალი ვარდნა ფოტოგრაფ დავით მესხის შემოქმედებაში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.