fbpx
გააზიარე სტატია

პური გულიანი – ინტერიერი რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილს ისტორიას უკავშირებს

დედამიწაზე ნებისმიერ ადგილს განსაკუთრებულობას თავისი ისტორია მატებს. მიდიხართ ქუჩაში, სეირნობთ და გრძნობთ, რომ შენობები გესაუბრებიან, საკუთარ წარსულს გიყვებიან და გეჩვენებათ, რომ ისტორია თქვენ წინაშე ცოცხლდება – ხომ ხშირად ყოფილხართ ასეთ სიტუაციაში? სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც გვხიბლავს ისეთი ცნობილი ადგილები, როგორიცაა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა თბილისში და Shakespeare and Company, ან თუნდაც Café de Flore პარიზში – თანამედროვეობაში გაცოცხლებული ისტორია და შენარჩუნებული წარსული.

როდესაც დიზაინერმა ესმა ხეცურიანმა და საკონსულტაციო კომპანია Gastronaut-ის კრეატიულმა დირექტორმა ლალი პაპაშვილმა სახაბაზო „პური გულიანის“ დიზაინსა და ინტერიერზე დაიწყეს მუშაობა, მიზნად სწორედ ეს დაისახეს – თბილისური ისტორიის გაცოცხლება და თანამედროვეობასთან სინთეზის შექმნა. ამოცანა რთული იყო, მაგრამ იმდენად საინტერესო, რომ პროცესის დასრულების შემდეგ „პური გულიანმა“ საკუთარი ისტორია შექმნა.

„ინტერიერის შექმნის პროცესში ფილოსოფია ყველაზე დიდ როლს თამაშობს“, – ამბობს ესმა ხეცურიანი.

დიზაინერი გვიყვება, რომ „პური გულიანის“ კონცეფციის განვითარების დროს შეიმუშავა ისტორია, შექმნა მთავარი გმირები და მათი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც შემდეგ დეტალებში გააცოცხლა. „პური გულიანში“ თითოეული შტრიხი წინასწარ ჩაფიქრებულია, რომელსაც კონკრეტული ამბავი უკავშირდება. როდესაც სახაბაზოს ესტუმრებით, მაშინვე იგრძნობთ, რომ ეს უბრალოდ კაფე არაა, არამედ ისტორიული ადგილია, რომელიც დიდი სიყვარულით, სიფაქიზითა და შრომით შეიქმნა.

„ჩვენი მიზანი იყო ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც თაობებს გააერთიანებდა. ბებია-ბაბუების თაობას უნდა შესძლებოდა შვილიშვილების თაობის გვერდი-გვერდ დაჯდომა. „პური გულიანი“ ერთგვარი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის“, –  გვითხრა Gastronaut-ის კრეატიულმა დირექტორმა ლალი პაპაშვილმა.

ეს სულისკვეთება „პური გულიანის“ თითოეულ დეტალშია გადმოცემული: მენიუ, ინტერიერი, აქსესუარები, ჭურჭელი, კიბე და იატაკიც კი, სწორედ ფილოსოფიის მიხედვით არის შექმნილი. სრული ჰარმონიისთვის, ესმა ხეცურიანმა ბაბუისა და შვილიშვილის ისტორია განავითარა. მის წარმოსახვაში „პური გულიანი“ ძველი პურის ქარხანა იყო, რომელიც 90-იან წლებში ბაბუას ეკუთვნოდა. ქარხანაში დიდ დროს ატარებდა მისი შვილიშვილი, რომლის ბავშვობის მოგონებებიც სწორედ ამ ადგილს უკავშირდებოდა. სკოლის დასრულების შემდეგ გოგონა ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც წარმატებული კარიერა ჰქონდა. წლების შემდეგ ქარხანა მემკვიდრეობით სწორედ მას ერგო, შვილიშვილმა კი გადაწყვიტა, თავისი ნოსტალგია, სულისკვეთება და სიყვარული აღედგინა და შეექმნა სახაბაზო, რომელიც წარსულს, აწმყოსა და მომავალს გააერთიანებდა.

ეს ისტორია დღეს „პური გულიანის“ ყოველ დეტალშია გაცოცხლებული. უძველესი ქართული კერძების განახლებული გემოები და სანიმუშო ხაჭაპურის რეცეპტები, მაგიდა-სკამები, ფერები, დახლ-მაცივრებიც კი სწორედ მთავარი გმირის მოგონებების გამოძახილია, რომელიც ეკლექტურად ერწყმის თანამედროვე გამოწვევებს.

„ჩვენ შევქმნით ადგილი, რომელიც ყველასთვის ერთნაირად მისაღებია. როდესაც „პური გულიანში“ მოდიხართ, გრძნობთ, რომ აქ ყველაფერი გააზრებულია და გეუფლებათ შეგრძნება, რომ იცით, საიდან მოდიხართ და სად ხართ დღეს. ეს ერთგვარი მოგზაურობაა წარსულიდან აწმყოში“, –  ამბობს ესმა ხეცურიანი.

სახაბაზოში შესვლისას თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს იატაკი, რომელიც გრძელი ბაცი ვარდისფერი და რუხი ხაზებითაა შექმნილი. ფერების ამგვარი ცვალებადობა ხაზს უსვამს ორი ადამიანის ისტორიის ჰორიზონტებს, რაც ამბის  გაგრძელებაზე მიგვანიშნებს.

„პური გულიანი“ ორ სართულსა და ტერასას იკავებს. პირველ სართულზე მთავარი დარბაზია, რომელიც აერთიანებს მომსახურების ზონას, ღია სამზარეულოსა და სასადილო სივრცეს. პირველი სართულის მთავარი არტ-ობიექტი Slayer-ის ყავის აპარატია, რომელიც გამორჩეულია თავისი დიზაინითა და შესაძლებლობებით და იდეურადაც უკავშირდება კონცეფციას. ღია სამზარეულოს კი იტალიური ბრენდის, IFFI-ის ვიტრინა ხდის სრულყოფილს. ამ ყველაფერს კი ლითონის უზარმაზარი ღუმელი ავსებს, რომელშიც „პური გულიანის“ უგემრიელესი კერძები მზადდება.

მეორე სართულზე მოსახვედრად სპირალური კიბე უნდა გაიაროთ, რომელიც სწორედ იმ ნოსტალგიას აღძრავს, რომელიც იდეის ავტორმა ჩაიფიქრა.  ავეჯის დიდი ნაწილი ესმა ხეცურიანის მიერ არის შექმნილი, რომელიც სისრულეში ქართველმა ხელოსნებმა მოიყვანეს, მაგიდა-სკამები კი ცნობილი ბრენდის, TON-ისაა.

ინტერიერის დიდი ნაწილი ისეთი მასალებისგანაა შექმნილი, როგორიცაა სპილენძი, მარმარილო, ლითონი, ბუნებრივი ხე, ბეტონი და სხვა, რაც დასახულ მიზანს – ერთმანეთთან დააკავშიროს თაობები –  იდეალურად ასრულებს.

„პური გულიანის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მისი ადგილმდებარეობაა, რომელიც თბილისის ისტორიულ ნაწილშია. მეორე სართულის ვიტრინიდან მთაწმინდის ულამაზესი ხედი იშლება, ტერასაზე ყოფნისას  კი ფერებს,  სიმშვიდესა და სიმყუდროვეს განიცდით.

ავტორი: დიმიტრი სანაია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.