fbpx
გააზიარე სტატია

კვენტინ ტარანტინო – ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი და სახელოვანი რეჟისორი

არაპროგნოზირებადი, მოულოდნელობით სავსე სიუჟეტი, სადაც მრავლადაა ძალადობა, შურისძიება და სატირა, სადაც ხშირად შეხვდებით პოპ-კულტურისთვის დამახასიათებელ დეტალებს, 60-იანი თუ  80-ინი წლების მუსიკას და დიალოგებს, რომელთა ადგილიც გგონია, რომ იქ და მაშინ არ უნდა ყოფილიყო – ასეთია კვენტინ ტარანტინოს კინო და ესაა ის სტილი, რამაც მისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, კომერციულად მოგებიანი და გავლენიანი რეჟისორის ხელწერა განსაზღვრა. ტარანტინომ, რომელმაც თავისი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში უამრავი ჯილდო, მათ შორის ორი ოსკარი, ამდენივე ოქროს გლობუსი,  BAFTA და ოქროს პალმის რტო მოიპოვა, ჰოლივუდის დიდების ხეივანშიც და Time-ის გავლენიანი ადამიანების ასეულშიც საპატიო ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ალბათ ამიტომაც, როგორც თავად ამბობს, კინოში დიდხანს დარჩენას აღარ აპირებს და როგორც კი 60 წელი შეუსრულდება, ან მეათე ფილმს გადაიღებს (იმის მიხედვით, რომელი უფრო ადრე მოხდება) „იმუქრება“, რომ მას საბოლოოდ დაანებებს თავს.

არ ვიცით, ეს როდის მოხდება, თუმცა ვიცით, როდის დაიწყო ყველაფერი – მაშინ როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ბებიამ ჯონ უეინის ფილმის სანახავად პირველად წაიყვანა კინოში. ბავშვობაში ძალიან უყვარდა წერა, ფილმების ყურება და კომიქსების კითხვა, სამაგიეროდ ვერ იტანდა სკოლას და ერთადერთი რასაც სიამოვნებით სწავლობდა, ისტორია იყო, ისიც იმიტომ რომ კინოს აგონებდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კინომსახიობთა თეატრში მუშაობდა, ამავდროულად სწავლობდა სამსახიობო ხელოვნებასაც, შემდეგ კი მისთვის ყველაზე საყვარელ და სასურველ სამსახურში ამოყო თავი, იქ, სადაც შეეძლო მთელი დღე კინოარქივის შენობაში, ფილმების ყურებაში გაეტარებინა. ამ პერიოდში ტარანტინო რამდენიმე სცენარზე მუშაობდა, მათ შორის  – True Romance-სა და Natural Born Killers-ზე. 1990 წელს მან არქივი დატოვა და კომპანია Cinetal-ს შეუერთდა, ორი წლის შემდეგ კი პროდიუსერ ლოურენს ბენდერთან ერთად საკუთარ სარეჟისორო დებიუტზეReservoir Dogs-ზე დაასრულა მუშაობა. სხვათა შორის ფილმის სცენარიც და ერთ-ერთი გმირის როლიც კი სწორედ მას ეკუთვნის. „ცოფიანმა ძაღლებმა“ სანდენსის კინოფესტივალზე მაყურებლისა და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. წარმატებულ დებიუტს მალევე მოჰყვა მეორე, კიდევ უფრო წარმატებული  ფილმი – 1994 წელს ეკრანებზე Pulp Fiction გამოვიდა, რომლის საუკეთესო სცენარისთვის რეჟისორმა, ბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად, პირველი ოსკარი და ოქროს პალმის რტო დაიმსახურა. ფილმი, სადაც სამი ერთმანეთთან დაკავშირებული ამბავი უმა თურმანის, ჯონ ტრავოლტას და სამუელ ლ ჯექსონის გმირების ირგვლივ არაქრონოლოგიურად ვითარდება, ალუზიებით და პოპ-კულტურის ელემენტებითაა  გაჯერებული, სხვათა შორის სახელი Pulp Fiction-იც სწორედ მეოცე საუკუნის პოპ-კულტურას და მის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს – იაფფასიან პოპულარულ ჟურნალებსა და ლიტერატურას წარმოადგენს, რომელშიც, ტარანტინოს ფილმის მსგავსად, ძალადობა განსხვავებული ესთეტიკური ფორმით, გრაფიკულად, ზოგჯერ შავ იუმორნარევი ელემენტებითაა მოთხრობილი.  

Pulp Fiction-ის შემდეგ, რითაც  ტარანტინომ დაამტკიცა, რომ იმაზე ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე პირველი ფილმისთვის მიღებული  კარგი რეჟისორის სტატუსი, მაყურებელს Four Room, ორი წლის შემდეგ კი მისი საყვარელი ელმორ ლეონარდის რომანის მიხედვით გადაღებული  Jackie Brown წარუდგინა. აქაც, როგორც ტარანტინოს ბევრ ფილმში, კრიმინალური ისტორია რეჟისორისთვის დამახასიათებელ იუმორნარევ სტილში ვითარდება. ფილმი  გამორჩეულია საუნდტრეკებითაც. ზოგადად, მუსიკას ტარანტინოს ფილმებში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ის თითქოს მიჰყვება ამბის თხრობის პრინციპს და ემოციურად ავითარებს გმირების ხასიათს. ამ ფილმის შემთხვევაში კი 1997 წელს გამოსული ალბომი – Jackie Brown ბევრ სხვადასხვა მუსიკოსს აერთიანებს, თუმცა ის, ვინც ყველაზე უკეთ გამოხატავს ტარანტინოს ამ და ალბათ სხვა ფილმების განწყობას, ჯონი ქეში და მისი Tennessee Stud-ია. 

ჯეკი ბრაუნის შემდეგ რეჟისორმა ტარანტინომ დროებით პაუზა აიღო, თუმცა 90-იანი წლების ბოლოს მასში მსახიობმა ტარანტინომ გაიღვიძა.  Eddie Presley, The Coriolis Effect, Sleep With Me, Somebody to Love, All-American Girl და Destiny Turns on the Radio – იმ ფილმების მცირე ჩამონათვალია, რომელშიც კვენტინი მონაწილეობდა.  ამავე პერიოდში ის მეორე მსოფლიო ომის თემასთან დაკავშირებულ სცენარზეც მუშაობდა და, როგორც ჩანს, სწორედ მაშინ გეგმავდა „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებას, თუმცა „ნაბიჭვრებს“ 2003 წელს Kill Bill-მა დაასწრო, რომლის იდეაც ჯერ კიდევ Pulp Fiction-ის გადაღებების დროს უმა თურმანისგან გაუჩნდა.  მთავარ როლსაც სწორედ შურიმაძიებელი უმა თურმანი ასრულებს. დახვეწილი, პროფესიონალური დონის ქორეოგრაფია, იაპონური სტილის ანიმაციის გავლენა და რაც მთავარია ძალიან  ბევრი სისხლი – ეს ყველაფერი ამ ფილმის ორივე ნაწილს ტარანტინოს სხვა ფილმებისგან ნამდვილად გამოარჩევს.

Kill Bill-ის შემდეგ ტარანტინო ცოტა ხნით სატელევიზიო დრამაში გადაეშვა, სადაც CSI: Crime Scene Investigatio-ზე იმუშავა და ამისთვის 2005 წელს Emmy-ის ნომინაციაც მიიღო. ორი წლის შემდეგ იყო მისი მორიგი ფილმი Grindhouse, 2009 წელს კი, როგორც იქნა, „უსახელო ნაბიჭვრებისთვისაც“  მოიცალა. ფილმის პრემიერა 2009 წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ტარანტინოს ერთ-ერთმა ყველაზე წარმატებულმა კინოსურათმა სხვადასხვა ნომინაციაში ოსკარის, კანის კინოფესტივალის და BAFTA-ს პრემიები დაიმსახურა. “უსახელო ნაბიჭვრებში”, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდი და ნაცისტური გერმანიის მიერ საფრანგეთის ოკუპაციაა აღწერილი, მთავარი როლები  ბრედ პიტმა, მაიკ მაიერსმა, ელაი როთმა და კრისტოფ ვალცმა შეასრულეს.  ოსკარის საუკეთესო რეჟისორის ნომინაცია მიიღო ტარანტინომაც, თუმცა მეორე  პერსონალური ოსკარი „ნაბიჭვრებმა” კი არა, 2012 წელს “ჯანგომ” მოუტანა.

 

ვესტერნის ჟანრში გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ჯეიმი ფოქსი ასრულებს, ფილმში ასევე მონაწილეობენ  კერი ვაშინგტონი, ჯონა ჰილი და ლეონარდო დიკაპრიოც. ფილმმა გარდა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის მიღებული ოსკარისა, რამდენიმე სხვა ნომინაცია, მათ შორის საუკეთესო კინოსურათისთვისაც მიიღო. ტარანტინოს  ვესტერნის ხაზი და ფილმში გაჟღერებული რასიზმის პრობლემა „ჯანგოში“ არ დასრულებულა – ორი წლის შემდეგ ეკრანებზე „საძულველი რვიანი“ გამოჩნდა, რამაც ოქროს გლობუსზე რამდენიმე სხვადასხვა ნომინაცია დაიმსახურა. „საძულველი რვიანი“ კვენტინ ტარანტინოს შემოქმედებაში მერვე ფილმია, გამოდის, რომ წელს გამოსული Once Upon A Time in Hollywood, სადაც რეჟისორმა მთავარ როლებზე კვლავაც ბრედ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო  მიიწვია, მეცხრე, დანაპირების მიხედვით კი, შესაძლოა, ტარანტინოს ბოლო ფილმია. საქართველოს კინოთეატრებში ფილმის პრემიერა 8 აგვისტოს გაიმართება, ასე რომ ისღა დაგვრჩენია ვნახოთ, თუ რა მოხდა “ერთხელ ჰოლივუდში” და დაველოდოთ ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი რეჟისორის მომდევნო და ალბათ უკანასკნელ ფილმს, თუ, რა თქმა უნდა, ტარანტინომ “მუქარა” შეასრულა ან მანამდე თვითონ მას არ შეუსრულდა 60 წელი. 

                                                                                    ავტორი გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.