fbpx
გააზიარე სტატია

Rei Kawakubo – Comme des Garçons-ის მთავარი დიზაინერი

„მოდის ინდუსტრიაში დადგა პერიოდი, როდესაც საჭირო გახდა 1920/30-იანი წლების ტენდენციებისგან თავის დაღწევა. გადავწყვიტე დამეწყო ნულიდან, არაფრიდან და გამეკეთებინა ის, რაც აქამდე არასოდეს გაკეთებულა“ 
– რეი კავაკუბო 

Comme des Garçons-ის ხელმძღვანელი Rei Kawakubo ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონაა თანამედროვე მოდის სფეროში. თუნდაც ის ფაქტი, რომ მისი ნამუშევრები 2017 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტში (Costume Institute of the Metropolitan Museum of Art) გამოიფინა, მანიშნებელია იმისა, თუ რამდენად დიდი ფიგურაა ის მოდის ინდუსტრიაში. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, როდესაც მოქმედ დიზაინერს დაუთმეს საგამოფენო სივრცე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ავანგარდისტი დიზაინერის ყველაზე შთამბეჭდავი კოსტიუმები: დაწყებული 1980-იანი წლების ადრეული კოლექციებიდან, დასრულებული უახლესი ნამუშევრებით.

Comme des Garçons-ის შექმნა უშუალო კავშირშია პანკის, როგორც მიმდინარეობის იდეოლოგიასთან. კავაკუბომ პირველი რევოლუციური ჩვენება 1982 წელს პარიზში გამართა, სახელწოდებით Destroy. ეს იყო კოლექცია, რომელმაც სრულიად ახალი სიტყვა თქვა მოდის ინდუსტრიაში და მანამდე არსებული ყველა სტანდარტი დაარღვია.

80-იანი წლების მოდა (მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ტენდენციების გავლენით) ხაზს უსვამდა ქალის სექსუალობას, ტანისამოსში გამოკვეთილად ჩანდა სხეულის ფორმები, ქსოვილები იყო უმაღლესი ხარისხის და ფერები კი – მკვეთრი. რეი კავაკუბო ერთ-ერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც მაღალი მოდის სივრცეში დესტრუქციის ცნება შემოიტანა. მან დიდი ზომის, დახეული ტანისამოსით დაფარა სხეულის ფორმები. ეს იყო ქალისთვის არჩევანის თავისუფლების მიცემა, სილამაზის ცნებისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება და ქალის ჩაცმულობასთან დაკავშირებული ყველა მიღებული სტანდარტის დამსხვრევა.

1989 წელს Rei Kawakubo ფოტოგრაფ Brian Griffin-თან ერთად საქართველოში ჩამოვიდა და გადაღება ჟურნალ Six-ისთვის თბილისში გამართა. Rei Kawakubo ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს იცნობდა და სწორედ ამიტომ იყო საქართველოთი დაინტერესებული. გადაღების დღეების გახსენებისას ბრაიან გრიფინი წერს, რომ საბჭოთა ქვეყანაში ყოფნა ერთდროულად საინტერესო და უცნაური იყო, რადგან სწორედ მათი ვიზიტის დღეებს დაემთხვა თბილისში სტალინის ძეგლებისა და ბიუსტების დემონტაჟი. ამასთან ერთად, მათი თითოეული სიტყვა და ნაბიჯი კონტროლდებოდა, შესაბამისად დაძაბულები იყვნენ, თუმცა ერთგვარად ესეც საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ამგვარი კონტროლი საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო.

Rei Kawakubo პირველი იყო, ვინც საკუთარ კოლექციებში ინტენსიურად გამოიყენა შავი ფერი. შავი მისთვის სიძლიერესთან ასოცირდებოდა და 2000 წელს, როდესაც ჰარვარდის დიზაინის სკოლამ მას ნომინაციაში Excellence in Design Award პრიზი გადასცა, აღნიშნა, რომ რეი კავაკუბომ „შექმნა შავი“ და თუ არ შექმნა, ყოველ შემთხვევაში „გარდაქმნა“ მაინც და მას სრულიად ახალი დატვირთვა მიანიჭა.

დღემდე აქტუალურია საკითხი – არის თუ არა Rei Kawakubo ფემინისტი. მან ღიად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და აღნიშნა, რომ ის ცალსახად არ არის ფემინისტი და მის გენდერს არანაირი გავლენა არ აქვს ნამუშევრებთან. მიუხედავად ამისა, მან ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ტანისამოსი განკუთვნილია ქალებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლები არიან და საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა შეუძლიათ. ამის ხაზგასმის საჭიროება კი გამოწვეულია იაპონიაში პატრიარქალური კულტურის დომინირებით.

შეუძლებელია იმის ცალსახად თქმა, რომ Comme des Garcons-მა საფუძველი ჩაუყარა ავანგარდულ მიმდინარეობას მაღალი მოდის ინდუსტრიაში, მაგრამ ის, რომ რეი კავაკუბომ ამ მიმართულების ჩამოყალიბებაში უზარმაზარი წვლილი შეიტანა, უდავოა. დღესდღეობით Comme des Garcon-ის მფლობელობაში არსებული Dover Street Market-ის სივრცეები ყველა თანამედროვე ავანგარდულ ბრენდს აერთიანებს: Wilhelm, Margiela, Balenciaga, Wales Bonner და ა.შ. რა თქმა უნდა, თავად Comme des Garcon, როგორც DSM-ის მფლობელი ბრენდი, სტენდების რაოდენობით დომინირებს, თუმცა, როგორც ავანგარდული მიმდინარეობის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი იდეოლოგი, იმსახურებს გამორჩეულობას. Dover Street Market წარმოადგენს დიზაინერების გაერთიანებას, რომელთაც განსხვავებული შეხედულებები და გემოვნება აქვთ, თუმცა გამოირჩევიან ჩამოყალიბებული ხედვითა და ინდივიდუალობით.

რეი კავაკუბომ უდიდესი სიტყვა თქვა მოდის ინდუსტრიაში. მან შექმნა არაორდინარული სამოსი, ისეთი, როგორიც მანამდე არავის შეუქმნია და დიდი კრიტიკის მიუხედავად, ის მაინც საკუთარი ხედვის ერთგული დარჩა.

ავტორი: ანა ყიასაშვილი


რეკომენდებული სტატიები
Calvin Klein Jeans

Calvin Klein Jeans

Calvin Klein Jeans
ბრენდი ყოველთვის გამოირჩეოდა პროვოკაციული ფოტოსესიებითა და ვიდერგოლებით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.