fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ რეინერ დე გრააფთან

თბილისის პირველმა არქიტექტურის ბიენალემ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა, ჰოლანდიელ არქიტექტორსა და ურბანისტს – რეინერ დე გრააფს უმასპინძლა. რეინერ დე გრააფი მსოფლიოში წამყვანი არქიტექტურული ბიუროს, OMA – Office for Metroplotan Architecture-ის ერთ-ერთი პარტნიორი და AMO-ს თანადამფუძნებელია. მისი ბოლო თეორიული ნაშრომი – Four Walls and a Roof The Complex Nature of a Simple Profession ბოლო წლებში არქიტექტურული დისკურსისთვის გაწეულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუციად არის მიჩნეული. თბილისის არქიტექტურის ბიენალეზე, ორდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში, რეინერ დე გრააფი სწორედ აღნიშნული წიგნის პრეზენტაციით წარდგა.

წარმოგიდგენთ ინტერვიუს მსოფლიოს წამყვანი არქიტექტურული ბიუროს, OMA-ს პარტნიორთან, არქიტექტორთან და ურბანისტთან – რეინერ დე გრააფთან, რომელიც არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში თბილისს სტუმრობდა.

ა.ჩ.: თბილისის არქიტექტურული და ურბანული შრე საკმაოდ მრავალსახოვანია და თავისთავში სხვადასხვა ეპოქას აერთიანებს, იქნება ეს საბჭოთა არქიტექტურა, ამ ეპოქის წინამორბედი სხვადასხვა არქიტექტურული სტილი, ცალკეული ძეგლები თუ შუასაუკუნეებიდან შემორჩენილი ძველი თბილისის ქუჩათა ქსელი. იმ ისტორიისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც თბილისში როგორც მოცემულობა უკვე არსებობს, რა რჩევას მისცემდით არქიტექტორებს, რომლებიც დედაქალაქში მასშტაბური პროექტების განხორციელებას ეჭიდებიან?

რ.დ.გ.: ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ წარსულსა და კონტექსტზე საუბრისას. საბჭოთა დროის არქიტექტურა ისეთივე ნაწილია თბილისის, როგორიც ქალაქის პრესაბჭოთა მემკვიდრეობა. ბუნებრივია, რომ გქონდეს ნეგატიური რეაქცია რეპრესიების პერიოდის მიმართ, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ეს პროცესი უცხო ქვეყნის მიერ ძალდატანებით ხორციელდებოდა საქართველოში, მაგრამ წარსულის შეფასებისას შეცდომაში არ უნდა შევიდეთ. საბჭოთა მემკვიდრეობას გააჩნია ისეთივე ღირებულება, როგორიც მე-19 საუკუნის მემკვიდრეობას. ასე რომ, თუ წარსულსა და კონტექსტს როგორც რეფერენსს ისე შევხედავთ, განვავითარებთ განსხვავებულ მიდგომას აწმყოს მიმართ, რომელიც არსებულ მოცემულობასთან მიმართებაში ნაკლებად კონფლიქტური იქნება.

ა.ჩ.: თბილისის მასობრივი განაშენიანება დღეს ქაოსურად, ძირითადად საცხოვრებელი კორპუსებით მიმდინარეობს. მათი სამშენებლო ხარისხი ძალიან დაბალია, ისევე როგორც მათი არქიტექტურული ღირებულება. თუმცა, ფასი არაადეკვატურად დიდია ხარისხთან მიმართებაში. როგორ ფიქრობთ, ეს ტენდენცია იაფი, სწრაფი და დაბალი ხარისხის არქიტექტურის წარმოების მხოლოდ პოსტსაბჭოთა თუ სხვა ეკონომიკურ/პოლიტიკურ კრიზისში მყოფი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი მოვლენაა თუ უფრო გლობალურ კაპიტალისტურ ტენდენციასთან გვაქვს საქმე – ,,ვაშენოთ სწრაფად და იაფად ინვესტორის მეტი მოგებისთვის’’?

რ.დ.გ.: კომუნიზმი, თავდაპირველად, ენგელსისა და მარქსის მიერ მოიაზრებოდა, როგორც ალტერნატივა ინდუსტრიულად განვითარებული ერებისთვის. ამის საპირისპიროდ ის დაინერგა რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც იმ მომენტში აგრარულ ეკონომიკაზე იდგა. შედეგი საბედისწერო აღმოჩნდა: ათ წელზე ნაკლებ დროში ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დამყარდა, უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო დიდი ძალადობით გადაიფარა. ვშიშობ, იგივე პროცესებთან გვაქვს საქმე, როდესაც ვუყურებთ, თუ როგორ იპყრობს კაპიტალიზმი ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს.

ა.ჩ.: საბჭოთა კავშირში 50-იან წლებში დაწყებული საბინაო რეფორმა მიზნად ისახავდა ყველა საბჭოთა მოქალაქის (დამაკმაყოფილებელი) საცხოვრისით უზრუნველყოფას, ცალკე საკითხია საბოლოოდ შემუშავებული, პანელური, მასობრივი წარმოების ტიპური კორპუსის, ე.წ. ხრუშჩოვკას არქიტექტურის დაბალი დონე, თუმცა იმ დროისათვის ბევრი ადამიანისთვის იზოლირებულად ცხოვრების შესაძლებლობა უდიდეს კომფორტთან ასოცირდებოდა. ჩემი შეკითხვა შემდეგში მდგომარეობს: ქვეყნებში, რომელთაც კაპიტალიზმის უფრო ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რამდენად ხელმისაწვდომია კომფორტული საცხოვრისი საშუალო კლასის წარმომადგენლისთვის, თუ ეს მხოლოდ ელიტარული კლასების ფუფუნებად იქცა?

რ.დ.გ.: დასავლეთ ევროპის ქვეყნების ქალაქებში საკუთარი ბინის ქონა მხოლოდ უმცირესობის პრივილეგიაა. მაგალითად, ამსტერდამში, ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, კრიზისის დროს ბინების ფასმა 30%-ით მოიმატა, 2013 წელთან შედარებით. ამავდროულად, ამ ქალაქში არის ხალხი, რომელთაც 500-ზე მეტი ბინა აქვთ კერძო საკუთრებაში. უთანასწრობა რეალობის მზარდი მახასიათებელია, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც ჰოლანდიაა, სადაც ვფიქრობდით, რომ ,,კეთილდღეობა“ ყველას შესაძლებლობაა. ამა წლის დასაწყისში ნიდერლანდების სტატისტიკის ცენტრალურმა ბიურომ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში ერთი მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმაა. თუ მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდება, ჩვენ ნელა, მაგრამ დარწმუნებით „ვპროგრესირებთ“ ისეთი საზოგადოებრივი წყობისკენ, რომელსაც გაცილებით მეტი საერთო აქვს ფეოდალიზმთან, ვიდრე იმ წარმოდგენებთან, რომელიც 60-იან წლებში გვქონდა.

ა.ჩ.: თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ვისაუბროთ რაიმე სახის კავშირზე თბილისის არაფორმალურ თვითნაშენ არქიტექტურულ პრაქტიკასა და 70-იანი წლების თანამონაწილეობრივ არქიტექტურას შორის (განხორცილებულს ლუსიენ ქროლის, იოანა ფრიდმენისა და სხვა არქიტექტორების მიერ)? და ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანია თანამონაწილეობითი პრაქტიკის არსებობა პროექტირებისას?

რ.დ.გ.: ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ, თუ რამდენად იზიარებს თბილისის საბჭოთა კორპუსების არაფორმალური მიშენებები და ლუსიენ ქროლის პროექტი – La Meme ერთი და იმავე მიდგომას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე შემთხვევაში ეს არის რეაქცია საცხოვრისის თავს მოხვეულ ფორმაზე, რომელიც აბსტრაჰირებს მომავალი მცხოვრებლების საჭიროებებისა თუ სურვილების შესახებ. თუმცა La Meme გამონაკლისია ბელგიაში – და ბელგია არ არის ცენტრალიზებული გეგმის მიხედვით განხორციელებული ქვეყნის მაგალითი, მაშინ როდესაც მიშენებები თბილისში, როგორც ჩანს, ძალიან ხშირი მოვლენაა. მაგრამ განსხვავება არ მდგომარეობს მხოლოდ ფენომენის მნიშვნელობასა და კონტექსტში, უფრო მნიშვნელოვანია იმ გარემოებების შედარება, სადაც დასაშვები გახდა მსგავსი პრაქტიკის არსებობა. პირველი ეს იყო აქტივისტთა ბრძოლის შედეგი, ხოლო მეორე სისტემის დაცემის შემდეგ განხორციელდა.

ა.ჩ.: დაბოლოს, რას ნიშნავს იყო არქიტექტორი ჩვენს თანამედროვეობაში? რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ეს დისციპლინა, თქვენი აზრით?

რ.დ.გ.: ყველაზე მოკლე პასუხი, რომელიც ამ კითხვაზე შემიძლია გავცე, 528 გვერდს დაიკავებს, და ეს გვერდები Four Walls and Roof-ის ყდის შიგნით არის აკინძული.
რეინერ დე გრააფის წიგნის – Four Walls and Roof The Complex Nature of a Simple Profession შეძენის სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფეისბუქის გვერდის მეშვეობით.

იხილეთ მეტი რეინერ დე გრააფზე: http://oma.eu/partners/reinier-de-graaf

ავტორი: ანა ჩორგოლაშვილი
განსაკუთრებული მადლობა ოთო ნემსაძეს

 

 


რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ Medium-ის დამაარსებლებთან

ინტერვიუ Medium-ის დამაარსებლებთან

ინტერვიუ Medium-ის დამაარსებლებთან
არტარეაში გამართული გამოფენა და სიმპოზიუმი, ‘სხვა არქიტექტურა’, იყო თბილისში ერთწლიანი კვლევისა და პროექტირების კულმინაცია. ღონისძიების მიზანი იყო თავი მოგვეყარა სხვადასხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომლებიც განიხილავდნენ ქალაქს და მის სხვადასხვა შესაძლო მომავალს.
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია
პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში

პიერ დე მერონის ვიზიტი თბილისში
თბილისის არქიტექტურის ბიენალემ შვეიცარიელი არქიტექტორების ცნობილი დუოს, “Herzog & de Meuron”-ის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პიერ დე მერონის უმასპინძლა
პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები
მისი მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი შენობები მე-20 და 21-ე საუკუნის არქიტექტურულ შედევრებს შორისაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.