გააზიარე სტატია

რენცო პიანოს არქიტექტურა

რენცო  პიანო მშენებლების ოჯახში, გენუაში, ჩრდილოეთ იტალიაში  დაიბადა 1937 წელს. დაამთავრა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. მუშაობდა სხვადასხვა არქიტექტორებთან ერთად, მათ შორის – ლუის კანთან 1965-1970  წლებამდე, ასევე მამასთან ერთადაც, 1970-იანებიდან რიჩარდ როჯერსთან დაიწყო თანამშრომლობა პარიზის პომპიდუს ცენტრის პროექტზე.

 

პომპიდუს ცენტრის დაპროექტებისთვის საფრანგეთის მასშტაბით დიდი კონკურსი გამოცხადდა, სადაც 48 ქვეყნიდან 681-მა მონაწილემ წარადგინა შენობის ვერსია.საერთაშორისო ჟიურის სათავეში არქიტექტორი და ინჟინერი ჟან პრუვე იდგა, ვინც ბრიტანელი რიჩარდ როჯერსისა და ორი იტალიერი არქიტექტორის – რენცო პიანოსა და ჟან-ფრანაკო ფრანჩინის დიზაინი აირჩია. იმ დროისათვის სამივე  არქიტექტორი ფართო მასებისათვის ნაკლებად ცნობილი იყო. როჯერსმა და პიანომ პომპიდუს ცენტრის დასრულების შემდეგ კარიერა ცალ-ცალკე განაგრძეს, თუმცა ორივე უმაღლესი არქიტექტურული პრიზის – პრიცკერის პრემიის მფლობელი გახდა.

პომპიდუს ცენტრი პარიზში 1971-77 წლებში იქმნებოდა, შენობას ჰაი-ტექ დიზაინი აქვს და პარიზის შუაგულში ურბანული მანქანის იერსახეს ქმნის, 1970-იან წლებში პომპიდუს ხელოვნების ცენტრის არქიტექტურა საკმაოდ საკამათო იყო და საზოგადოებაში სხვადასხვა შეხედულებებს იწვევდა, თუმცა დღესდღეობით ის  მეოცე საუკუნის შენობის ემბლემა და პარიზის ერთ-ერთი აუცილებლად სანახავი ღირსშესანიშნაობაა.

პომპიდუს ცენტრის ინაუგურაცია 1977 წლის 31 იანვარს გაიმართა  და ამავე თვის 2 თებერვალს ფართო საზოგადოებას გაუღო კარი. ამ თარიღის შემდეგ ის ერთმნიშვნელოვნად იქცა პარიზის კულტურის ყველაზე პოპულარულ ცენტრად და საფრანგეთის ყველაზე მრავალჯერ ნანახ   შენობად, სადაც მოდერნული და თანამედროვე ხელოვნების არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი თუ გამოფენა ჩატარდა.

რენცო პიანოს დაპროექტებული  Jean – Marie – Tijbaou-ს კულტურული ცენტრი ტინუს ნახევარკუნძულზე, ნოუმეას ისტორიული ცენტრიდან 8 კილომეტრის მოშორებით, ახალი კალედონიის დედაქალაქში მდებარეობს, სადაც ადგილობრივი კულტურის – კანაკური ზეპირსიტყვიერების ტრადიციებია შემორჩენილი,  მიუხედავად ფრანგული კოლონიზაციისა.

პროექტის შექმნისას ერთ-ერთი მთავარი მიზანი კანაკური კულტურის კარგად შესწავლა იყო, სწორედ ამიტომ არქიტექტორი ინტენსიურად თანამშრომლობდა იქაურ მოსახლეობასთან, მათ შორის – მარი კლოდ ტიჯბაუსა და ანთროპოლოგ ალბან ბენსასთან. სწორედ  დაკვირვებისა და ცოდნის დაგროვების პროცესმა შეუწყო ხელი ჟან – მარი – ტიჯბუს გამორჩეული კულტურული ცენტრის აშენებას.

კანაკელი ხალხის ბუნებასთან უკიდურესმა სიახლოვემ პროექტს რამდენიმე ამოცანა გაუჩინა: შენობა ჰარმონიულად უნდა მდგარიყო ბუნების წიაღში, გამოეხატა კანაკელი ხალხის კულტურული მახასიათებლები და მათი მშენებლობის ნიჭი, ამავდროულად ის უნდა შექმნილიყო აბსოლუტურად თანამედროვე მასალისგან: მინა, ალუმინი, ფოლადი, თანამედროვე განათების ტექნოლოგია, ასევე  უნდა ჩართულიყო ტრადიციული მასალები – ხე და ქვა.

შენობებს მომრგვალებული ფორმა აქვთ და  ტრადიციულ კანაკურ ნაგებობებს ჰგვანან, თუმცა ძველი კონსტრუქციებისგან განსხვავებით ახალი შენობები  ხის პანელებითაა აგებული. ტრადიციული ექსტერიერი შიგნით არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიების კომფორტულობას  მალავს. სამშენებლო მასალად გამოყენებულია იროკოს ხე. ეს მცენარე ბუნებრივად იცავს სახლებს ტერმიტებისგან.

რენცო პიანოს კიდევ ერთი და მასშტაბური ნამუშევარია კალიფორნიის მეცნიერებათა  აკადემიის 2008 წლის პროექტი, დღეს აკადემია Golden Gate-ის პარკშია განთავსებული, სადაც 1916-1976 წლებში 11 შენობა აშენდა, აქედან სამში ახალი პროექტი განთავსდა. შენობაში კომბინირებულია  საგამოფენო სივრცე, კონსერვაციისა და საკვლევი სამუშაოების ჩატარებისთვის განკუთვილი შენობა, უმაღლესი სტანდარტის აკვარიუმი და პლანეტარიუმი, ბუნების ისტორიის მუზეუმი, შენობას მრგვალი ფორმები აქვს და მისი სახურავი მთლიანად მწვანე საფარით –  1700 000 მცენარითაა დაცული.

არქიტექტორისთვის პროექტის ამოცანა იყო შეექმნა გამჭვირვალე სივრცე, რომელიც მაქსიმალურად იქნებოდა დაკავშირებული პარკთან და ბუნებასთან, მასალების არჩევაც  დიდი სიფრთხილით მიმდინარეობდა, შუშით დაიფარა შენობის ექსტერიერი, მნახველს შეუძლია მუზეუმს გარედან შეავლოს თვალი და ამასთანავე სრულ სიმწვანეში იყოს.

“მუზეუმები ხშირად არ არის გამჭვირავალე, ისინი გაუმჭვირვალეა, დახურული, ისინი სიბნელის სასახლეებს ჰგვანან, სადაც გაჭედილი ხარ და არ იცი სად იმყოფები, ჩვენ კი ავაშენეთ ბუნების ისტორიის მუზემი – პარკის შუა გულში, და ეს ის ორი ადგილია, რომლებიც ერთმანეთთან მაქსიმალურ კავშირში უნდა იყოს.”

რენცო პიანოს კიდევ ერთი გამორჩეული პროექტია –  The Fondation Jérôme Seydoux-Pathé – პარიზში, რომელიც მთლიანად კინემატოგრაფიას ეძღვნება. ფონდი 2006 წელს შეიქმნა და ის კინოს პროდუქციისა და ფილმების მწარმოებელი კომპანიების – Pathé-ის კოლექციის პრომოუშენსა და დისტრიბუციაზე მუშაობს.

შენობაზე მუშაობა  2014 წელს დასრულდა და მოიცავს: პერმანენტულ და მუდმივ საგამოფენო სივრცეს, რესტავრაციის ლაბორატორიას, არქივს, კვლევისთვის განკუთვნილ ბიბლიოთეკას, 68-კაციან კინოდარბაზსა და ოფისებს ადგილობრივი თანამშრომლებისთვის.  არქიტექტურული თვალსაზრისით შენობაში  საინტერესოა –  თუ როგორ გაართვა თავი არქიტექტორმა  შენობის ბუნებრივი განათების საკითხს, რადგან Pathé-ის სათავო ოფისი თითქმის მთლიანადაა გარშემორტყმული სხვა შენობებით. მოკლე მანძილები არ ტოვებს ფანჯრებით სარგებლობის საშუალებას.

პიანომ გადაწყვიტა შენობის თავზე დიდი გამჭვირვალე გუმბათი განეთავსებინა, რომელიც ზედა ორი სართულისთვის (აქ ფონდის ოფისები და კვლევითი ბიბლიოთეკის ოთახებია განლაგებული) საკმარის ბუნებრივ სინათლეს ატარებს.  შენობის ქვედა სამი დაბურული სართული საგამოფენო სივრცეა, სადაც ფონდის საცავები და მუდმივი კოლექციაა. ამრიგად, ამ ორი ფუნქციური განათების შექმნა შენობაში ბუნებრივი განათებით არის შესაძლებელი.

1980-იან წლებში რენცო პიანომ  ჩამოაყალიბა  Renzo Piano Building Workshop, რომელსაც სამ ქალაქში: პარიზში, ბერლინსა და გენუაში აქვს ოფისი.

არქიტექტორის ყველა ნამუშევრის ნახვა შეგიძლიათ ოფიციალურ საიტზე: http://www.rpbw.com/

ავტორი : ნინა პატარიძე

 


რეკომენდებული სტატიები
პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House

პიერ კოენიგი - The Stahl House
The Stahl House ყოფილი ფეხბურთელის ბაკ სტალისა და მისი მეუღლის კარლოტა გეითსის ოცნების სახლია, რომელიც არქიტექტორმ პიერ კოენიგმა რეალობად აქცია.
LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი
ბოფილი ფაბრიკას ყოველთვის დაუმთავრებელ ნამუშევრად თვლის. არქიტექტორი მასზე 40 წელზე მეტია მუშაობს და ფაბრიკა ბოფილის ცხოვრებასთან ერთად იცვლება.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.