გააზიარე სტატია

LA FÁBRICA | რიკარდო ბოფილი

ცემენტის ფაბრიკა, რომელიც ბარსელონასთან ახლოს მდებარეობს, ესპანელმა არქიტექტორმა რიკარდო ბოფილიმ პირველად მოგზაურობისას ნახა. ინდუსტრიული კომპლექსი – 30-ზე მეტი სასილოსე ნაგებობა – მიწისქვეშა გალერეების და ტექნიკის ოთახებისგან შედგება. კომპლექსი დგას ბაღში, რომელშიც ევკალიპტის, პალმის და ზეთისხილის ხეები ხარობს. ფაბრიკა ოთხი ნაწილისგან შედგება. ესენია: არქიტექტურული სტუდია, კათედრალი, ბაღი და არქიტექტორის საცხოვრებელი.

1973 წელს, როდესაც ბოფილმა ფაბრიკა და მისი ტერიტორია შეიძინა, ის უკვე უფუნქციო იყო. მან გადაწყვიტა შენობა საკუთარი არქიტექტურული ფირმის – Taller de Arquitectura-ის მთავარ ოფისად გარდაექმნა. სარეკონსტრუქციო სამუშაოებს 2 წელი დასჭირდა.
ტრანსფორმაციის დასაწყებად ბოფილმა ძველი სტრუქტურის ნაწილი დაანგრია, რათა სივრცე ზედმეტი ელემენტებისგან გაესუფთავებინა. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო პროცესი იმისთვის, რომ ეს სივრცე ახალ ფუნციას მორგებოდა.

8 სასილოსე ნაგებობა გარდაიქმნა ოფისებად, ლაბორატორიად, არქივად, ბიბლიოთეკად და ერთ-ერთ ყველაზე დიდ სიცრცედ, რომელსაც ახლა კათედრალი ჰქვია. კათედრალი გამოიყენება გამოფენებისთვის, კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებებისთვის, რომელიც არქიტექტურას ეხება. აქ კედლები 10 მეტრი სიმაღლისაა. მინიმალისტურ არქიტექტურას მხოლოდ მინიმალური ავეჯი ასრულებს, რომელიც Taller Design-ის გუნდმა შექმნა: ხის და ფოლადის საკონფერენციო მაგიდა, შავი ტყავის ტახტი, სკამები და სავარძლები, ფოლადის და შუშის წიგნის მაგიდა და ასევე მაგიდა შეხვედრებისთვის.

საარქიტექტურო გუნდის სტუდია 4 სართულს მოიცავს, რომელსაც სპირალური კიბე აკავშირებს. ფირმის სამუშაო ფილოსოფიიდან გამომდინარე, ინტერიერი იძლევა საშუალებას გუნდური მუშაობისთვის, მაგრამ ამავდროულად გათვალისწინებულია ადგილები, სადაც განმარტოებაც შეიძლება. რიკარდო ბოფილის ოფისი პირველ სართულზე მდებარეობს. მინიმალისტურ სივრცეში კედლები და ხალიჩა თეთრი ფერისაა, კედლების სიმაღლე კი 4 მეტრია.

 

რიკარდო ბოფილმა ფაბრიკის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი შენობის უზარმაზარი ცემენტის სივრცე საცხოვრებლად აქცია. სამზარეულო და სასადილო ოთახი, რომელიც პირველ სართულზეა განთავსებული, ოჯახის შეხვედრის ადგილია, ამიტომ ოთახის ცენტრში მაგიდა დგას.

ფაბრიკა კარგი მაგალითია იმისა, რომ ნებისმიერი ფორმა შესაძლებელია მოერგოს ნებისმიერი ტიპის ფუნქციას. ბოფილის თქმით, ეს ის ადგილია, სადაც ის ყველაზე კომფორტულად ცხოვრობს და მუშაობს. მისთვის ფაბრიკა ცალკე სამყაროა, სადაც დაცულია ყოველდღიური საზრუნავისა და გარე სამყაროსგან. მიუხედავად დიდი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა, ბოფილი ფაბრიკას ყოველთვის დაუმთავრებელ ნამუშევრად თვლის. არქიტექტორი მასზე 40 წელზე მეტია მუშაობს და ფაბრიკა ბოფილის ცხოვრებასთან ერთად იცვლება.

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე


რეკომენდებული სტატიები
პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები

პეტერ ცუმტორი: ეგზისტენციალური შინაარსის მკაცრი შენობები
მისი მოკრძალებული, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანი შენობები მე-20 და 21-ე საუკუნის არქიტექტურულ შედევრებს შორისაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.