fbpx
გააზიარე სტატია

რიცი – პარიზის ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული სასტუმრო

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსოფლიოში არცერთ სასტუმროს არ დაუმსახურებია ისეთი აღიარება, როგორიც  მე-19 საუკუნეში პარიზში ცეზარ რიცის მიერ დაარსებულ სასტუმრო “რიცს” ხვდა წილად. ეს აღიარება კი ყველაზე უკეთ ეპოქის ცნობილი მწერლებისა თუ მუსიკოსების შემოქმედებაშიც გამოვლინდა. ერნესტ ჰემინგუეი, მარსელ პრუსტი, ოსკარ უაილდი, კოკო შანელი – ეს იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც პარიზის ყველაზე დახვეწილ და გლამურულ სასტუმროში მომხდარი საინტერესო ისტორიები უკავშირდება.

ისტორიის მთავარი ნაწილი 1898 წელს დაიწყო, მაშინ როცა ვანდომის მოედანზე ცეზარ რიცმა იმ დროის ყველაზე დახვეწილი და მდიდრული სასტუმრო გახსნა. სასტუმროს გახსნას საფრანგეთის სამეფო ოჯახი, ბიზნესწრეების წარმომადგენლები და ცნობილი მწერლები ესწრებოდნენ. მათ შორის იყო 27 წლის მარსელ პრუსტიც, რომელმაც შემდგომ თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები სწორედ პარიზის “რიცის” კედლებში დაწერა.  

შვეიცარიის სოფელში, თხის მწყემსის ოჯახში, დაბადებული ცეზარ რიცისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული სასტუმროს დაარსება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა – 15 წლისა პარიზის გზას დაადგა, წარმატებული კარიერა სასტუმროს რესტორნის მიმტანობიდან დაიწყო, საბოლოოდ კი იმ პერიოდში ყველაზე ინოვაციური სასტუმროს მფლობელის სტატუსით დაასრულა. ინოვაციური თუნდაც იმიტომ, რომ “რიცში” სასტუმროს ყველა ნომერს თავისი სააბაზანო და ტელეფონი ჰქონდა, რაც იმ დროისთვის ნამდვილად სიახლე იყო. სასტუმრო გამოირჩეოდა ინტერიერითაც, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და ამავდროულად თანამედროვე მოდის ტენდენციების მიმდევარი სასტუმრო, სადაც ადგილი ყველანაირი ხასიათის ადამიანისთვის მოიძებნებოდა  და სადაც, როგორც ამბობდნენ, რეალური ცხოვრებისგან განსხვავებით, ყველაფერი შესაძლებელი იყო.

მაგალითად, შესაძლებელი იყო ის, რომ  სასტუმროს როიალთან მუსიკოსი კოულ პორტერისთვის მოგეკრათ თვალი, ბართან ხშირად შეხვდებოდით ფრენსის სკოტ ფიცჯერალდს, რომელსაც თან მისი მეუღლე ზელდა ან მეგობარი ერნესტ ჰემინგუეი ახლდა. სასტუმროს ხშირი სტუმრები იყვნენ მარსელ პრუსტი, სომერსეტ მოემი, გრეჰემ გრინი, ბერნარდ შოუ და ოსკარ უაილდიც, რომელიც, სხვათა შორის, დიდად ვერ მოიხიბლა ყველა ნომრისთვის კერძო სააბაზანოს იდეით.  მეორე მსოფლიო ომის დროს კი, მაშინ როცა ნაცისტები პარიზის ყველა დიდ სასტუმროს იკავებდნენ, “რიცი” განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა, აქ გერმანელი პოლიტიკოსი ჰერმან გერინგი დასახლდა, რომელმაც სასტუმროს დაკარგული ფასდაუდებელი ხელოვნების ნიმუშები დაუბრუნა.

1970-იან წლებში ლეგენდარულმა პარიზის “რიცმა” ნელ-ნელა პოპულარობა დაკარგა. ის უკვე წარსულის ლეგენდას და  გასული ეპოქის ყველაზე მდიდრული სასტუმროს მხოლოდ აჩრდილს თუ წარმოადგენდა, თუმცა 1979 წელს, მაშინ როცა ეგვიპტელმა მილიარდერმა მუჰამედ ალ-ფაიდმა სასტუმრო 30 მილიონ დოლარად შეიძინა, “რიცისთვის” ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ალ-ფაიდს სასტუმროს ათწლიანი რეკონსტრუქცია  250 მილიონი დოლარი დაუჯდა, შედეგად კი “რიცი” ისევ გახდა პარიზის  à la mode, განსაკუთრებით იმ დროს, როცა 80-იანი წლების დასაწყისში მას ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი – კოკო შანელი ესტუმრა და აქ  თავისი ცხოვრების დაახლოებით 35 წელი გაატარა. ამ პერიოდიდან სასტუმრომ წარსული დიდება ისევ დაიბრუნა, თუმცა “რიცს” კრიზისული ეტაპი 2010 წელს კვლავ დაუდგა – ერთ დროს ყველაზე გამორჩეული   à la mode  საფრანგეთის ტურიზმის სამინისტროს მიერ დასახელებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების რიცხვში ვერ მოხვდა. ამიტომაც, 2012 წელს მორიგი რეკონსტრუქციული სამუშაოების გამო “რიცი” კიდევ ერთხელ დაიხურა. სასტუმრო 2016 წელს უნდა გახსნილიყო, თუმცა გახსნამდე ორი თვით ადრე “რიცში” ხანძარი გაჩნდა, რამაც შენობის გარკვეული ნაწილი გაანადგურა. ამ ტრაგედიამ სასტუმროს გახსნის თარიღი 2017 წლამდე გადადო, თუმცა ის, რაც ვიზიტორებს ახალ “რიცში” ხვდებათ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასტუმრო, ულამაზესი ზამთრის ბაღი, ბარი “ვანდომი” და ასევე “ჰემინგუეი”, 142 განსაკუთრებული დიზაინის ნომერი, რომელთაგან  მარია კალასის, კოკო შანელის და ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ნომრები დანარჩენებისგან კიდევ უფრო გამორჩეულია… და რაც მთავარია მსოფლიოში პირველი Chanel-ის სპა, რომელიც სად უნდა ყოფილიყო, თუ არა სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და გლამურულ სასტუმრო  “რიცში”, იქ, სადაც ლეგენდარულმა კოკო შანელმა სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გაატარა. 


ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.