fbpx
გააზიარე სტატია

რომეო + ჯულიეტა = 💘

რომეო + ჯულიეტა – ბეზ ლურმენის 1996 წლის დაუვიწყარი ეკრანიზაციაა უილიამ შექსპირის პიესისა “რომეო და ჯულიეტა”. ბეზ ლურმენს მეორე ფილმმა საკულტო რეჟისორის წოდება მოუტანა. ფილმი დღესაც ისეთივე საინტერესო და რელევანტურია, როგორც 90-იანებში.

ჰაიპერ თანამედროვე ადაპტაციაში ლურმენმა პოპ-საუნდრეკი, დიზაინი და პოპ-კულტურის ელემენტები გამოიყენა. შექსპირის პიესა უნივერსალურია, მაგრამ რთული ენითა და მე-19 საუკუნის დროინდელი დადგმებით ის ტრადიციული ფორმით არცთუ ისე საინტერესოა ახალგაზრდა მაყურებლისთვის. ამის გამო ლურმენს და მის გუნდს ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, მაგრამ საბოლოოდ ფილმმა პიესას ახალი მნიშვნელობა შესძინა.

ლურმენის ეკრანიზაცია ბევრად უფრო ახლოს არის შექსპირთან, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მისი მიზანიც ეს იყო, შეექმნა ისეთი ეკრანიზაცია, როგორსაც შექსპირი შექმნიდა, 21-ე საუკუნეში რომ ეცხოვრა. ზოგადად, შექსპირს ხშირად მე-19 საუკუნის ჭრილში აღვიქვამთ, რაც შორს არის გლობუსის თეატრისა და ელისაბედის ხანის კულტურისაგან. თუ ისტორიას გადავხედავთ, შექსპირი პიესებს წერდა თეატრისთვის, რომელიც გაკოტრების საშიშროების წინაშე იდგა, ამიტომ მას ევალებოდა გაევსო დარბაზი ნებისმიერი ტიპის მაყურებლით.

რომეო და ჯულიეტას ამბავი იმ დროს პოპულარული იტალიური ნოველიდან აიღო და ისე გადააკეთა, რომ თეატრში მოსული მაყურებლის ყურადღება მიეპყრო. გლობუსის თეატრის მაყურებელთა უმეტესობა ხშირად მთვრალი გამყიდველები იყვნენ, ამიტომ მათი ყურადღების შესანარჩუნებლად რაც შეიძლება მეტი მოქმედება და ექსპრესია იყო საჭირო. სწორედ ამიტომ გლობუსის თეატრის დადგმები ინტენსივობით გამოირჩეოდა. შექსპირის ყველა პიესა, ისევე როგორც Romeo + Julieta, დრამატული, პოპულარული და წარმოსახვითი იყო.

ამ პრინციპით ლურმენის ეკრანიზაცია ძალიან შექსპირისეულია. ძალადობა, ვნება, ინტენსიური გრძნობები, დრამატული მონოლოგები და ტირილის სცენები, ნარკოტიკი, დრეგი, რეივ კულტურა, ჰაიპერ ფერადი და სიმბოლოებით დატვირთული გარემო, ეს ყველაფერი ძალიან შექსპირისეულია.

საკულტოა ფილმში გამოყენებული საუნდტრეკიც – Garbage-ის, The Cardigans-ის, Radiohead-ის, Prince-ის სიმღერების ქავერ-ვერსიები. შექსპირის დადგმებში იმდროინდელ პოპ-მუსიკას მიმართავდნენ, ამიტომ ლურმენის შთაგონების წყაროც – 90-იანი წლების ინდი და პოპ-მუსიკა გამოეყენებინა – შექსპირი იყო.

ლურმენი Romeo + Juliet-ს “შექმნილ სამყაროს” უწოდებს – ეს სივრცეა, რომელიც დატვირთულია საკულტო იმიჯებით რელიგიიდან, ტექნოლოგიიდან და პოპ-კულტურიდან. ამ სამყაროს მხატვარი კატრინ მარტინი და კოსტიუმების დიზაინერი კიმ ბარეტი არიან, რომლებმაც საოცარი ფერები შექმნეს ლურმენის ფილმისთვის.

Romeo + Juliet-ს მოქმედება Verona Beach-ზე ხდება, რაც ლოს-ანჯელესში არსებული Venice beach-ის, მაიამის და მეხიკოს ნაზავია. ფილმის ეპიზოდების უმეტესობა მეხიკოში გადაიღეს. Romeo + Juliet-ის სამყაროში სწორედ ამ ქალაქების კულტურის გავლენა იგრძნობა, არა მხოლოდ ესთეტიკურ დეტალებში, არამედ სოციალურ სიტუაციებშიც.

ლურმენი დიალოგებისას თაობებს შორის ზღვარს კოსტიუმების დახმარებით ასახავს. მონტეგებსა და კაპულეტებს ის უფრო 60-იანი და 70-იანი წლების YSL-ის ესთეტიკით წარმოაჩენს. მათთან კონტრასტის ხაზგასასმელად კი ახალგაზრდა თაობა ფილმში ბევრად უფრო გამომწვევ, დეტალებით მდიდარ და დატვირთულ კოსტიუმებს ატარებს.

კაპულეტების კლანის დამახასიათებელი ფერები და დეტალები 90-იანი წლების D&G-ს კოლექციებიდან, ტრადიციულად უფრო სექსუალური, შავ და წითელ ფერებში გადაწყვეტილი კოსტიუმებია. ეს ფერები ასოციაციას იწვევს სისხლთანაც, რადგან ტიბალტი, ყველაზე დიდი ანატაგონისტია ფილმში. კაპულეტებს აცვიათ ტყავი, მეტალი, კოვბოის ჩექმები.

კონტრასტული, მაგრამ არანაკლებ ქაოსური გარემო შემოაქვთ მონტეგის კლანის ბიჭებს. მათი ტანისამოსი ბევრად უფრო თავისუფალი და ყოველდღიურია. ჰავაიური მაისურები, დიდი ზომის შარვლები და შორტები, ყელიანი ფეხსაცმელები და კონვერსები. კიმ ბარეტმა მათ ტანისამოსს ვიეტნამური სტილი უწოდა და შთაგონების წყაროდ 70-იანი წლების ამერიკელი ჯარისკაცები დაასახელა, რომლებსაც ჰავაიური მაისურები, შორტები ეცვათ და ქუდები ეხურათ. მონტეგების თმაც აჩეჩილი და საინტერესო ფერისაა.

ოჯახებთან და სამყაროსთან კონტრასტში ორი მთავარი გმირიც შემოდის – რომეო და ჯულიეტა. მათი კოსტიუმები უმეტესად არანაირ კავშირში არაა მათი ოჯახების ისტორიასთან. ბარეტმა მათი კოსტიუმები ყველაზე სუფთა და მარტივი დატოვა. ამისთვის მან პრადას მიმართა. ამ პერიოდში მიუჩია პრადას კაცის ტანისამოსის ხაზი სულ რამდენიმე წლისა იყო. პრადამ რომეოს საქორწინო ლურჯი კოსტიუმი შექმნა, ვარდისფერი ჰალსტუხით.

რომეოს სტილი განსხვავდება სხვა მონტეგებისგან. რომეოს პირველმა გამოჩენამ ეკრანზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თინეიჯერ გოგოებზე მთელ მსოფლიოში. ახალგაზრდა დიკაპრიოს თეთრი მაისური და შავი თავისუფალი კოსტიუმი აცვია და მზის ამოსვლის ფონზე სიგარეტს ეწევა. ამ დროს Radiohead-ის Talk Show host ისმის.

ჯულიეტას სამოსი ალბათ ყველაზე განსხვავებული და მარტივია. ჯულიეტას შემოაქვს ტრადიციული რომანტიზმის შეგრძნება ფილმში, როდესაც მას პირველად ვხედავთ მარტივი, ფრთებიანი თეთრი კაბით, რადგან წვეულებაზე ანგელოზის ფორმითაა. ფილმში ის მაკიაჟის გარეშე, მარტივ ტანსაცმელშია შემოსილი, ხშირად კი ხალათი ან სულაც ჯინსი და მაისურიც აცვია. ყველაზე მოდურად კი იმ სცენაში გამოიყურება, როდესაც ეკლესიაში მიდის ლურჯი ველვეტის კაბით და ბერეტით.

ასევე აღსანიშნავია მერკუციოს პერსონაჟიც. მისი ანდოგენული გარეგნობა, ჰომოეროტიკული ურთიერთობა რომეოსთან საუკეთესო ადაპტაციაა მერკუციოსი, როგორც პერსონაჟის. დრამატული და ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ფილმში, როდესაც მერკუციო დრეგშია – მოკლე ბრჭყვიალა კაბით და ქუსლებით, წვეულებაზე young hearts run free-ს ასრულებს.

ავტორი: მარიამ ცეხლაძე


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.