fbpx
გააზიარე სტატია

როი ლიხტენშტეინი

როი ლიხტენშტეინი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი არტისტია, რომლის სახელიც ენდი უორჰოლთან ერთად ამერიკული პოპ არტ მიმდინარეობის ჩამოყალიბებას უკავშირდება. კომიქსებით, მულტფილმებით და სარეკლამო პოსტერებით შთაგონებულმა ლიხტენშტეინმა  1960–იან წლებში დაწყებული შექმოქმედებითი კარიერის განმავლობაში 5000–სზე მეტი ნამუშევარი შექმნა, რომელთა შორისაც არა მარტო ნახატებს, არამედ პრინტებს, კედლის მხატვრობისა და სკულპტურულ ნიმუშებსაც შეხვდებით.

მუდამ ახალი ფორმების მაძიებელი არტისტის შემოქმედებაში ის რაც არასდროს იცვლება, მისი ხელწერის განმსაზღვრელი ნიშნებია.  სქელი კონტურებით, ბენდეის წერტილებით, წითელი და ყვითელი ფერების მონაცვლეობით და კომიქსის სტილში ნახატებზე დატანილი ნარატივით ლიხტეინშტეინი თანამედროვე ამერიკის ინდუსტრიული ცხოვრების სტილის შესახებ ლაპარაკობს და ერთ–ერთი პირველი ამბობს ფრაზას, რომელსაც მას შემდეგ თითქმის ყველა არტისტი იმეორებს : „ ყველაფერი რაც ჩვენ გარშემოა, ხელოვნებაა“.  


როი ლიხტენშტეინის ცხოვრებაში ხელოვნება ადრეულ წლებშივე გაჩნდა, თინეიჯერი ბიჭი რომელიც ხატავდა, სკოლპტურულ ნამუშევრებს აკეთებდა და საათებს ატარებდა თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ამავდროულად  ფორტეპიანოზე უკრავდა და ჯაზი იტაცებდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შესრულებულ ნამუშევრებში კომპოზიცია I, კომპოზიცია II და კომპოზიცია III ლიხტენშტეინმა სწორედ ღამღამობით ნიუ იორკის ჯაზ კლუბებში მოსმენილი მელოდიები  და ნანახი შთაბეჭდილებები ასახა. მის ნამუშევრებზე გავლენა იქონია იმანაც, რასაც ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს მუზეუმებში სტუმრობისას ინტერესით აკვირდებოდა: რემბრანდტის, სალვადორ დალის, მაქს ერნესტის და პიკასოს მხატვრობამ.

თუმცა იმან რამაც საბოლოოდ მისი სტილი და ხელწერა განსაზღვრა არა რომელიმე მუზეუმში ან გალერეაში, არამედ ცხოვრების ყველაზე ყოფით და ბანალურ სცენებში მიაკვლია. 1950– იანი წლების ბოლოს მან პირველი სერია დისნეის გმირებს მიკი მაუსსა და დონალდ დაკს მიუძღვნა. ექსპრესიონისტული ფორმით კომიქსის სტილში შესრულებული პირველი ნახატები, დასაწყისი იყო იმ უამრავი მსგავსი სერიისა, რომლებზეც 60–იანი წლების პირველი ნახევრიდან ლიხტენშტეინი ინტენსიურად მუშაობდა.

Look Mickey, რომელზეც მიკი მაუსი და დონალდ დაკია გამოსახული ერთ–ერთი ნამუშევარია მათ შორის, რომლებიც დამთვალიერებელმა 1962 წელს როი ლიხტენშტეინის პირველ გამოფენაზე იხილა. გავლენიანი არტ დილერის ლეო კასტელის გალერეაში მან პირველად წარუდგინა საზოგადოებას ბენდეის წერტილებით შექმნილი პოპ არტის ნამუშევრები. ამ წერტილებს  ლიხტენშტეინის მხატვრობაში დიდი ადგილი უკავია, თუმცა ზუსტად რას ასახავს ან რისთვისაა მხატვარი ეს დანამდვილებით არც მხატვარმა იცოდა:

„წერტილებს შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობა ჰქონდეს,  ან შეიძლება ფერის გამოხატვის ინდუსტრიულ მეთოდს აღნიშნავდეს, შეიძლება გარკვეული ინფორმაციის მატარებელიცაა, ან ბოლოს და ბოლოს იმას მაინც აღნიშნავს რომ სურათი ყალბია “–  განმარტავს ლიხტენშტეინი.

საღეჭი რეზინის შეფუთვაზე გამოსახული პატარა გრაფიკული სურათების და სარეკლამო პოსტერების ინსპირაციით  შექმნილ უზარმაზარ ტილოებზე და პრინტებზე ლიხტენშტეინმა 1960–იანი წლების ამერიკის ცხოვრების სტილი ასახა, ნახატები ნამდვილად ტოვებს შტაბეჭდილებას რომ ის გარკვეული სახის ორიგინალურ პირველწყაროს ეყრდნობა, რომელიც სადღაც უკვე გინახავს,  თუმცა ლიხტენშტეინის მხატვრობა არასდროს არის არსებულის ზუსტი ასლი, ის უბრალოდ ექსპრესიული იმიტაციაა, რომელშიც ძალიან ხშირადაა გაშარჟებული ის ორიგინალური ნამუშევარი, რომელიც მხატვარმა პირველწყაროდ აიღო.

ლიხტენშტეინის შემოქმედების  ამავე პერიოდს ეკუთვნის მისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სერია  In the car – ქერათმიან ქალსა და შავგვრემან კაცს შორის განვითარებული დრამა შესაბამისი დიალოგებით  და ფრაზებით ლიხტენშტეინმა 1961 წელს გამოცემული კომიქსის წიგნიდან  Girls’ Romances #78 აიღო. ახალ ფორმებს და ტექნიკას ლიხტენშტეინი  არა მარტო კომიქსებში, არამედ ინდუსტრიული ცხოვრების სტილის და ომის თემატიკას შორისაც ეძებდა, ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი Whaam! , რომელზეც წითლ და ყვითელ ფერებში გამოხატული მოიერიშე თვითმფრინავია ასახული, ლიხტენშტეინის შემოქმედების სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა. 

1970–იანი წლების დასაწყისში ლიხტენშტეინი პრინტზე იწყებს მუშაობას. Entablatures მისი ერთ–ერთი პირველი პრინტსერიის ნიმუშია, რომელშიც მან კლასიკური არქიტექტურის ორნამენტული ფასადები მინიმალისტურ სტილში ასახა. ამავე პერიოდში მის ნარატიულ მხატვრობას ნელ–ნელა აბსტრაქტული, კუბისტური და სიურრეალისტური ხელოვნების ნიმუშები ანაცვლებს, პიკასოს შემოქმედების გავლენით მან სერია Still life  შექმნა, ასევე სკულპტურა Modern Head, რომელიც 1974 წლიდან კალიფორნიაში მდებარეობს. მისი ქანდაკებების ნახვა დამთვალიერებელს ასევე მაიამის, პარიზის, ბარსელონას და სინგაპურის ქუჩებშიც შეუძლია.

ის რომ როი ლიხტენშტეინი საკუთარ ხელოვნებაში მუდამ ახალი ფორმების ძიებით იყო დაკავებული არა მხოლოდ მისი  ქანდაკებისადმი ინტერესი, არამედ 80–იან და 90–იან წლებში გამოქვეყნებული ანარეკლების, ინტერიერის და ჩინური ესთეტიკით შექმნილი პეიზაჟების სერიაც მოწმობს.  მიუხედავად იმისა, რომ ანარეკლები დეტალის სახით მის ადრეულ ნამუშევრებშიც გვხვდება, მაგალითად In the Car სერიაში, 90–იანი წლებიდან მსგავს ნამუშევრებს ინტენსიურად აქვეყნებს, რა დროსაც ნახატებში ხშირად იყენებს შუშის და სარკის  ეფექტს, ეს კი იმ დროინდელ პოპ არტ მხატვრობაში ახალი, მხოლოდ ლიხტენშტეინისთვის დამახასიათებელი ექსპერიმენტული ფორმაა.

როი ლიხტენშტეინი  73 წლის ასაკში 1997 წელს უეცარი სიკვდილით გარდაიცვალა, სხვადასხვა მხატვრების და  1960–იანი წლების ამერიკის ცხოვრების წესის ინსპირაციით ხელოვანმა თავის ნახატებში სხვადასხვა ფორმით ასახა „ყველაფერი რაც ჩვენ გარშემოა“, მისი ნამუშევრები დღეს მსოფლიოს წამყვან გალერეებში და მუზეუმებშია დაცული, ერთ–ერთი მათგანი – “Masterpiece” კი 2017 წელს  მის ნამუშევრებს შორის ყველაზე ძვირად, 165 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია

იაპონური კონცეპტუალური ფოტოგრაფია
პერსონალური ფოტოგრაფია, რომელშიც დოკუმენტური სინამდვილისა და ფალსიფიკაციის ურთიერთმონაცვლეობაა ასახული, თანამედროვე იაპონურ ფოტოგრაფიას ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს
Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში

Guy Bourdin - რადიკალური ხედვა მოდის ფოტოგრაფიაში
გი ბურდენი ფრანგი ფოტოგრაფია, რომელმაც პირველმა შექმნა მოდის ფოტოგრაფიაში შინაარსობრივი ნამუშევრები. მისი ფოტოების გმირები სექსუალურები, ბუნებრივები და ხშირ შემთხვევაში დრამატულები არიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.