გააზიარე სტატია

ფსევდო-ფიქცია, მითი და შემთხვევითობა

“მითი ადამიანური ქმედებების სირთულეებს ანადგურებს და მარტივი არსებობის საშუალებას იძლევა. ის ქმნის სამყაროს ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე… ღია და ცხად რეალობას, სადაც აშკარაა, რომ მოვლენები იმიტომ ხდება, რომ რაღაც აღნიშნოს.”-როლანდ ბარტი, “მითოლოგიები”

რაიან მაკგინლის ხშირად ადიდებენ თაობის არსის აღწერისთვის. მისი ფოტოგრაფია განსაკუთრებულია, მეტად ღრმა და აზრიანი. ის ქმნის მითს თაობაზე, რომლისთვისაც თავისუფლება და შესაძლებლობები იმედგაცრუებებსა და ეჭვებს ჩრდილავს. ხორცი შესაძლოა დროებით დალურჯდეს, მაგრამ ფსიქიკა დაუზიანებელია. მაკგინლის სამყაროში, გრავიტაციის კანონი თითქმის არ არის გამოყენებული. არტისტის ფანტასტიკური და ენთუზიაზმით აღსავსე შემოქმედება ძალიან პოპულარულია ხელოვნების თაყვანისმცემლებსა და არტ-წრეებში.

დღევანდელი მაკგინლის შემოქმედება ზღაპრული ფოტოკადრებისგან შედგება, სადაც ადამიანები ბუნებრივ პეიზაჟებში გვევლინებიან. მის ადრეულ ნამუშევრებში კი აღბეჭდილი იყო ცხოვრება ნიუ-იორკის ბინძურ უბნებსა და ღარიბულ ბინებში. არტისტის პირველ მნიშვნელოვან ფოტოსერიაში “ბავშვები კარგად არიან” (The Kids Are Alright) ასახულია მისი და მისი მეგობრების ყოველდღიურობა ქვემო ისტ-საიდში. მათი დროის ქრონიკაში გვხვდება მომენტები – გრაფიტით ხატვა, “მოსაწევის შეკეთება”, სექსი, შიშველი ცურვა, სეირნობა. პირველად, 2000 წელს, ბროდვეიზე, სოჰოში ფოტოგრაფმა საზოგადოებას საკუთარი ხარჯებით თავისი ნაშრომი წარუდგინა, შოუ წარმატებული გამოდგა და სამი წლის შემდეგ ამავე ნამუშევრების სოლო გამოფენა მოეწყო ნიუ-იორკის “უიტნის მუზეუმში”.

მაკგინლის ფოტოები მისი წინამორბედების შემოქმედებას ჰგავდა, ისეთი ფოტოგრაფებისა, როგორებიც იყვნენ: ნენ გოლდინი, ენდი უორჰოლი და ლარი კლარკი. თუმცა იყო განსხვავებებიც. ერთ-ერთი კრიტიკოსი წერდა: “მისი ნამუშევრების ხასიათი მშვიდი და ამავდროულად ხალისიანია, განწყობა ისეთია, თითქოს მთელი სამყარო შესვენებაზეა… ფოტოებში არ იგრძნობა არც უორჰოლისეული დეკადანსი, არც კლარკის შემოქმედების სიმტკიცე და არც ნენ გოლდინის გაღვივებული ნარცისიზმი.” მაკგინლის ფოტოები შინაარსობრივად მდიდარია: პოსტ-აივ პერიოდი, პოსტ 9/11 და ბავშვები, ამ თემებითაა მოცული ცხოვრება ანდერგრაუნდში, თავისი გარდაუვალი ბედისწერით. მაშინ როცა სხვები მისტიროდნენ ქალაქის ძველი უბნების “ჯენთრიფიკაციას”, მაკგინლი ცდილობდა თავის ფოტოებში აესახა პოზიტიური განწყობა და 21-ე საუკუნის თავისუფალი ნიუ-იორკი, ის შესაძლებლობები, რომლებიც მათ გააჩნდათ – ეცხოვრათ საზოგადოებრივი, კლასობრივი დაყოფის გარეშე, ახალგაზრდულად და არტისტულად. პოპულარობა და აღიარება რაიანმა მალევე მოიპოვა. გრაფიკული დიზაინის ბაკალავრი და ფოტოგრაფიის კურსდამთავრებული მაკგინლი 25 წლის იყო, როდესაც “უიტნის” მუზეუმში მისი სოლო გამოფენა მოეწყო, ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. რაიანი თავისი თაობის სიმბოლოდ იქცა.

მაკგინლის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა 2003 წლის ზაფხულში მოხდა, როდესაც ერთ-ერთმა კოლექციონერმა არტისტს ვერმონტის სახლი დროებით მიაქირავა. რაიანმა იქაური სივრცე თავად მოაწყო, დაამონტაჟა პანდუსები და ტრამპლინები სკეიტბორდისთვის, ყოველკვირა ეპატიჟებოდა მეგობრებსა და ნაცნობებს ნიუ-იორკიდან. ფოტოგრაფის შემოქმედება “ბუნებრივი” ურბანული გარემოდან ბუკოლიკურ ჟანრში გადაიზარდა. ის ქმნიდა სიტუაციებს, სპონტანურ მომენტებს და სხვადასხვა მოქმედების შესაძლებლობას. ჩანაფიქრი იქცა დოკუმენტურ მასალად, კინოკადრად, რომელიც ასახავდა “რეალურ ცხოვრებას”.

2005 წელს მაკგინლი ახალ ფოტოპროექტზე გადაერთო – ყოველწლიური საზაფხულო მოგზაურობები. ამ შინაარსისაა სერიები: “მზე და ჯანმრთელობა” (Sun and Health, 2006), “ ვიცი, ზაფხული სად მიდის” (I Know Where the Summer Goes, 2008), “მუნმილკი” (Moonmilk, 2009). მან დაიწყო გადაღებებისთვის გუნდის დაკომპლექტება, არჩევდა არა პროფესიონალ მოდელებს, არამედ ბავშვებს ხელოვნების სკოლებიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ფოტოპროექტის გუნდი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მათ დაიწყეს ამერიკის გარშემო მოგზაურობა, 3 თვის განმავლობაში ცხოვრობდნენ ბუნებაში, შიშვლები. მაკგინლის პერსონაჟებსა და ბუნებრივ სამყაროს შორის არსებული საზღვრები თითქოს გაიხსნა და ქვეცნობიერში გააღვიძა 70-იანი წლების ბედნიერი მომენტები. იმ პერიოდის, როცა ახალგაზრდები პასუხისმგებლობისგან და კარიერისგან თავისუფალნი იყვნენ და უბრალოდ მოგზაურობდნენ, როცა “არტისტული ცხოვრება” თავისთავად დუღდა, ყოველგვარი პროფესიული აუცილებლობის გარეშე.
არტისტის ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანების მოქნილი, შიშველი სხეული აღქმული იქნა, როგორც ახალგაზრდობის დღესასწაული – ამბოხი, სიცოცხლისუნარიანობა და პოზიტიური ენერგია. მეტიც, სხეული სამოსის გარეშე, როგორც პირველყოფილი მდგომარეობა, ცარიელი ფურცელი, სადაც ფსიქიკური და ფიზიოლოგიური თვისებები აისახება.

“დაქანცული ანა” (Sand, 2007), “ანას მოსალოდნელი ნაღვლიანი გამომეტყველება” (Windy Truck, 2007), “ჰანა” (Blonde Meadow, 2008), “ბრენანი” (Blue, 2007), “ტიმის შავი, ჩალურჯებული თვალები” (Black Eye, 2005) და “ოლივია” (Sparrow, 2010) – ეს ფოტოები არ იქნებოდა ასეთი შთამბეჭდავი და ცხადი, თუკი პერსონაჟები იდენტიფიცირებულნი იქნებოდნენ ტანისამოსით, შეზღუდულნი თავიანთი ასაკით. მაკგინლის გმირებს სხეულის დაჟეჟილობები “მორგებული” აქვთ, როგორც ტატუები. რომ გადავხედოთ არტისტის პროფესიულ ცხოვრებას, მისი ადრეული ნაშრომი სულაც არ არის “დოკუმენტური”, როგორც ეს თავდაპირველად ჩანდა. თავად რაიანი თავის ფოტოგრაფიას “ფსევდო-ფიქციას” უწოდებს და ამბობს: “ფოტოებში აღბეჭდილი მომენტები რეალურია, თუმცა არ აღიბეჭდებოდა, თუ არ დავგეგმავდი. ნამუშევრები ძალიან ახლოს არის ჩემი ფანტაზიასთან.” ფოტოები სერიიდან “ბავშვები კარგად არიან”. სიმბოლურია: ცხოვრება ნაცნობ ბოჰემურ წრეში, პერსონაჟები მოძრაობენ დროსა და სივრცეში.ფოტოკადრი Dash Bombing (2001) – რაიანმა ბინდიანი ცისქვეშ, ქალაქის განათების ფონზე დაში მოქმედების პროცესში აღბეჭდა – ხატვა გრაფიტით შენობის კედელზე. ფოტოკადრი Tom Fall Away (2010) – ადამიანების გადმოხტომა მოჩვენების მსგავსი ნაგებობებიდან. ფოტოკადრი Jonas Barn Snow Disco (2008) – იოჰან ბარნის განცვიფრებული, ცისკენ მიპყრობილი მზერა. ფოტოკადრი Cum (1999) – უგულებელყოფს სახელწოდებას და 80-იანი წლების ისტ ვილიჯის ტრადიციას – “ტრანსაგრესიული” ხელოვნება. თუ დავაკვირდებით სითხის წვეთების სტრუქტურას, რომელიც შარვლის ნაკეცებზეა მისხმული, შესაძლოა, შეცდომით აღვიქვათ, როგორც რძე.

მაკგინლის შემოქმედება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მითური კონსტრუქციის სერია, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ღრმა და აზრიანი ხდება. მითი ანომალიურია: უნიკალური ისტორიები, პერსონაჟები და საგნები, რომელიც გვეჩვენება სიმბოლოებად, თუმცა მხოლოდ იმიტომ რომ პარადოქსულად მოკლებულია მიზეზს, საფუძველსა და ეფექტს. ჩვენ მათ აღვიქვამთ, როგორც გარდაუვალს და მარადიულს. მითი შედგება კულტურული ზედაპირიდან აღებული მასალებისგან, რომელსაც გააჩნია ულიმიტო სიღრმე. ფილოსოფოს როლანდ ბარტის მიხედვით, მითი იკვებება ისტორიული წამიერი მარაგით, რომელიც შეიძლება მივიღოთ ან უარვყოთ: “ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დავტკბეთ ობიექტით და არ ვეძიოთ, თუ საიდან მოგვევლინა”. ფოტოკადრები სერიიდან “ – ვიცი, ზაფხული სად მიდის” ლამაზი და ზღაპრულია, სადაც წარმოდგენილია ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს და თავიანთ თავს აღმოაჩენენ ზაფხულის დაუსრულებელ დღეებში. ფოტოკადრი In Coley (Running) – შიშველი ბიჭი გარბის გათეთრებულ მინდორში, იმ მანქანისკენ, რომელიც წარმოსახვაში მომავალია.

დროთა განმავლობაში მაკგინლის ინტერესი შეიცვალა, “მოგზაურობებიდან” გადაინაცვლა სულის შემძვრელ ათლეტიზმში. Coco’s Cliff, 2007–08 – მოდელის ელასტიკური სხეული თითქოს კლდიდან ჰორიზონტალურად ხტება, მოცისფრო-მოვარდისფრო ცის პანორამულ ფონზე. Cyclone, 2008 – ქერათმიანი შიშვლელი ქალი თავდაყირა ეშვება ღრუბლებით სავსე, უსასრულო სივრცეში. 2009’s Moonmilk – შიშველი სხეულები თითქოს უჩინარდებიან გამოქვაბულებსა და კანიონებში. მაკგინლის ერთ-ერთი მოდელი – დაკოდა გოლდორი ამბობს: “მისი შემოქმედება ასახავს არა ერთ კონკრეტულ მომენტს, არამედ პოეტურ და სიზმრისეულ მაკრო-პეიზაჟებს.”

ამ პერიოდის ფოტოები დრამატული და სულის შემძვრელია: “ჯეკი” (Blue Mass, 2009) – პატარა, შიშველ ბიჭს თითქოს მხრებით უჭირავს მასიური, მწვანე კაჭარი. მის უკან კი მოჩანს გაღვივებული წითელი კლდე, როგორც თხევადი მადანი. “მარსელი” (Marcel, 2009) – ფოტოში აღბეჭდილი მოდელი მოგაგონებთ ნარცისუსის გმირს “პრერაფაელიტების” ნახატიდან. ის ზის და გამოქვაბულის მიწისქვეშა გუბის წყალში საკუთარ ანარეკლს დასცქერის, რომელიც თითქოს მასთან ერთიანდება. 2001 წლის სადებიუტო გამოფენაზე ნაჩვენები მაკგინლის ყველა ნამუშევრის სიუჟეტი იყო “ჩვეულებრივი” არაჩვეულებრივ სიტუაციებში – დაწყებული ნოსტალგიური, მელანქოლიური, არქეტიპური ფოტოსერიით “ზაფხული”, დასრულებული ყველაზე ათლეტური სერიით Moonmilk. 2006 წელს არტისტმა ახალი ფოტოპროექტი გააკეთა – მორისის კონცერტზე მუსიკოსის თაყვანისმცემელთა ემოციები აღბეჭდა. მოგვიანებით, 2011 წელს, მუსიკალურ ფესტივალზე ტენესში, ბონაროზე დამსწრე ხალხი გადაიღო. პირველი სერია “არარეგულარული რეგულარი” (Irregular Regulars) თითქმის დიდაქტიკურად ამტკიცებს ინდივიდუალური გამოცდილების არსებობას მასაში. ყველანაირი რაკურსით გადაღებული ფოტოკადრები ასახავს ადამიანების სხვადასხვა ემოციებს. ზოგი გაოგნებულია, ზოგიც აღელვებული და აღგზნებული. თითოეული პორტრეტი აჩვენებს ადამიანების უნიკალურ და ღრმა გრძნობებს, იმწამინდელ მდგომარეობას, ექსტაზს. ფოტოგრაფებმა – კენდის ბრეიტსმა და ანდრეა ბოუერსმაც გააკეთეს მსგავსი ფოტოპროექტები, თავიანთი ნაშრომებით გააბათილეს ანდრეას გურსკის ფოტოები, სადაც მასობრივი სცენა ერთგვაროვნად იყო აღბეჭდილი. ბრეიტსმა და ბოუერსმა შექმნეს ხალხის ინდივიდუალური პორტრეტები, თუმცა რაიან მაკგინლიმ უფრო მეტი შეძლო. მან გვაჩვენა ამ ადამიანებში არსებული ემოციები და სულიერი მდგომარეობა.

2010 წლის ფოტოსერიისთვის – “ყველამ იცის, რომ ეს არსადაა” (Everybody Knows This Is Nowhere) – მაკგინლიმ შავ-თეთრი პორტრეტები საკუთარ სტუდიაში შექმნა. ყოველგვარი ეფექტების, ნივთების, ბუნებრივი ელემენტების და მუსიკის გარეშე, ცარიელ სივრცეში მოდელებს მხოლოდ რაიანის კამერასთან უწევდათ ურთიერთობა. ახლო და შუა ხედით გადაღებული კადრები ინტიმურია. მაკგინლის სხვა ფოტოსერიებისგან განსხვავებით, ეს ნამუშევრები მკაფიო და გასაგებია, მისი პერსონაჟები თვალებში უყურებენ ფოტოდამთვალიერებლებს. “მსურდა, ადამიანებს ეგრძნოთ ჩემ გმირებთან სიახლოვე, განეცადათ შეგრძნება იმ წამიერი მზერის, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად უზიარებენ ერთმანეთს რესტორანში, სუპერმარკეტის რიგში თუ მეტროში – ის ერთი წამი, რომელიც გვიქმნის მარადისობის განცდას, შემდეგ კი სრულდება…”

მაკგინლის კიდევ ერთი, გამორჩეული პორტრეტია “მაიკლი” (Michael W, 2010), სადაც მოდელი თავის სახეს ხელებით ფარავს. ფრჩხილებზე შავი მანიკური უსვია. მისი სახის ნაკვთები დაფარულია, მხოლოდ წარბებს ზემოთ, შუბლზე სამი ტალღისებრი მიმიკური ნაოჭი ჩანს, ის შიშველია, ყელზე კულონი – ქინძისთავი უკეთია და ტანზე თვითნაკეთი ტატუები აქვს. ის გამოხატავს დაუცველობას, რომელიც აღემატება ნებისმიერ ცალკეულ ემოციას. როგორც წესი, რაიანის სტუდიური ფოტოსუბიექტები ახალგაზრდები არიან, მაგრამ “ახალგაზრდობა” არ არის ამ პორტრეტების შინაარსი. მისი პერსონაჟების ნორჩი სხეულები მოქმედებს, როგორც ლურჯი ეკრანი. როგორც მაკგინლის ადრეულ ნამუშევრებში, ასევე სტუდიური პორტრეტებში წარმოდგენილია მოდელები ნორჩი, უასაკო სხეულებით. რა არის დანაოჭებული კანი და შეშუპებული სხეული, თუ არა წარსულის ნიშნები, რომელსაც თავს ვერ აარიდებ?! მითი კი თავისუფალია ყოველგვარი წარსულისგან. მაკგინლის გმირების სხეულები სუფთაა, ყოველგვარი მუდმივი ნიშნებისგან (გარდა ტატუებისა, რომელიც მოდელებმა თავად გადაწყვიტეს, რომ ჰქონოდათ), ამით ფოტოგრაფი გადმოგვცემს მათ უნივერსალურ ემოციებს და ხასიათს.

“ფსევდო-ფიქცია” – ის მომენტია, როდესაც რეალური ადამიანებისთვის ქმნი არაორდინალურ სიტუაციას – მაკგინლის ფოტოები გვთავაზობს ჯადოსნურ, თანაც სარწმუნო სიუჟეტებს. შინაარსი ქმნის “რეალობის” განცდას, რომელიც აღემატება სიცოცხლეს თავისი სიმარტივით და სიწმინდით. რთული ფსიქიკური და ფიზიკური სიტუაციებით ინფორმირებული მაკგინლი თავის ნამუშევრებში იყენებს ყოველდღიური ცხოვრების შემთხვევით მომენტებს, რომ შექმნას თავისუფლების და მშვენიერების ილუზია. “ხელოვნების სტუდენტები ხშირად მეკითხებიან, თუ რას ეხება ჩემი შემოქმედება. ასეთ მომენტში ვფიქრობდი ხოლმე – “Fuck, არ ვიცი”. შემდეგ კი ყოველთვის ასე ვპასუხობდი: ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი თავგადასავალი. მაგრამ ერთხელაც გავაცნობიერე, რომ ჩემი შემოქმედება შემთხვევითობაზეა.” მაკგინლის სამყარო თავისუფალია ისტორიისგან, გაუთვალისწინებელი მომენტები მისი ავანსცენაა, როგორც როლანდ ბარტი წერს: “შექმნილი შემთხვევითი გარემოება გვევლინება, როგორც მარადიულობა” – სიმსუბუქესა და სიმძიმეს შორის.

ავტორი: კრის კრაუსი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.