fbpx
გააზიარე სტატია

გამორჩეული საახალწლო ვიტრინები

სადღესასწაულო სეზონის ერთ-ერთი მაგიური და სასიამოვნო ნაწილი მაღაზიებისა და სასტუმროების ვიტრინებია, რომლებიც დეკემბერში არანაკლებ ჯადოსნურნი არიან. ისე, როგორც ნაძვისხის მორთვა და განათებების დამონტაჟება,  საშობაო ვიტრინები საახალწლო ტრადიციაა, რომელსაც მსოფლიოს უამრავი მაღაზია თუ სასტუმრო აქტიურად მისდევს. 

საშობაო ვიტრინების პიონერები ამერიკული მაღაზიები Macy’s და Lord & Taylor არიან, რომელთაც პირველებმა შექმნეს სადღესასწაულო ექსტერიერები. Macy’s ვიტრინები წელსაც გამორჩეულია. Believe in Wonder-ის თემაზე შექმნილი ვიტრინის მთავარი პერსონაჟია Santa Girl, რომელთან ერთადაც “ჯადოსნური მოგზაურობა საოცრებების არსებობაში გვარწმუნებს”, – განმარტავს Macy’s-ის დირექტორი როია სალივანი. ნიუ-იორკის საშობაო ვიტრინების ტრადიცია 150 წელს ითვლის. წელს Window Wonderland-ის ვებგვერდის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ვირტუალურად იმოგზაუროს და დაათვალიეროს ნიუ-იორკის საკულტო საშობაო ფასადები. ვირტუალური ტურის მეშვეობით შესაძლებელია დაათვალიეროთ Cartier-ს, Tiffany & Co-ს, Polo Ralph Lauren-ის და სხვა გამორჩეული მაღაზიების საშობაო ვიტრინები. 

პარიზში, მონტენის გამზირზე მდებარე Dior-ის მოდის სახლის მაღაზიის სადღესასწაულო ფასადი და ვიტრინა ერთ-ერთი გლამურული და დასამახსოვრებელი დიზაინია, რომელიც 6 ათასი ფურცლისგან შეიქმნა. ნაძვისხე ორკილომეტრიანი ფურცლის გირლანდიებით არის აწყობილი, რომლის წვერსაც კრისტიან დიორისთვის სანუკვარი მანათობელი ბედის ვარსკვლავი ამშვენებს. დიზაინერს სჯეროდა საკუთარი ბედის ვარსკვლავის: “შესაძლებლობა ყოველთვის იმ ადამიანებთან ჩნდება, ვისაც ნამდვილად სურს რაღაც”, – წერდა იგი მემუარებში. 2018 წლის ამ ინსტალაციით Dior-მა პატივი მიაგო მოდის სახლის დამფუძნებელს. წელს მოდის სახლის სადღესასწაულო ფასადი და ვიტრინა ოპტიკურ ილუზიას ქმნის, რომლის დიზაინიც SS20 კრუიზ კოლექციით არის შთაგონებული. ლურჯი და ოქროსფერი ტონები მოკაშკაშე ვერცხლისფერ ფასადთან ჰარმონიულ კონტრასტს წარმოადგენს.

პარიზის გალერეა Lafayette ცნობილია თავისი არქიტექტურული დეტალებით, რაც მაღაზიას მთელი წლის განმავლობაში ულამაზესს ხდის, თუმცა, ყოველწლიურად, დეკორაციის ვიზუალური მხარე სადღესასწაულო სეზონთან ერთად უფრო და უფრო ჯადოსნური ხდება. წლევანდელი თემა “საშობაო ფუტკარია”, რომელიც 11 სხვადასხვა ვიტრინაში მაგიურ მოგზაურობას გვთავაზობს. 

ლონდონის ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის სავაჭრო ცენტრის, Liberty London-ის ვიტრინა წელს განსაკუთრებით ჯადოსნურია. ლურჯი ხავერდის იაპონური ბონსაის ხის ინსტალაციის შთაგონების წყარო გებრიელ ჯენოგლის პოემა გახდა, რომელიც მაგიური ხის შესახებ მოგვითხრობს. 

ლონდონის მაღალი მოდის სავაჭრო ცენტრი Harrods საშობაოდ წელსაც განსაკუთრებულად მოემზადა და წარმოგვიდგენს პროექტს – Kindgoms of Christmas, რომელიც ცხოველთა თემატიკაზეა შექმნილი. მაღაზიის ვიტრინებში გამოსახული ცხოველები მაღალი მოდის სახლების დიზაინერებმა თავად შეარჩიეს, რათა მათი მემკვიდრეობა და ბრენდის ესთეტიკა არ დაკარგულიყო. 

წელს მოდის სახლის, Dolce & Gabbana-ს საშობაო პროექტი ტიპურ იტალიურ საშობაო ატმოსფეროს ქმნის. მილანში, Corso Venezia-ზე მდებარე ბუტიკის ინტერიერიც და მისი ვიტრინაც დიზაინერებისთვის დამახასიათებელი პრინტითა და ფერებით არის გაფორმებული. გარდა ამისა, სანამ მაღაზიამდე მიხვალთ, ქუჩაში სიცილიურ განათებებს შეამჩნევთ, რომელიც დიზაინერთა სახელით შობა-ახალ წელს გილოცავთ. 

 

 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.