გააზიარე სტატია

სარა მუნის გამოფენა KOLGA TBILISI PHOTO-ს ფარგლებში

სარა მუნი

სარა მუნი არის ფრანგი ფოტოგრაფი. თავდაპირველად ის იყო მოდელი. შემდეგ, 1970-იანი წლებიდან ის მოდის ფოტოგრაფიაში გადავიდა. 1985 წლიდან ის გალერეებსა და კინოზე გადაერთო. მოზარდობის ასაკში მან შეისწავლა ხატვა, სანამ ლონდონსა და პარიზში მარიელ ჰადანის სახელით მოდელად დაიწყებდა მუშაობას (1960-1966). ის ფოტოგრაფიით დაინტერესდა და მოდელ კოლეგებს ფოტოებს უღებდა. 1970-იან წლებში, საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ფოტოგრაფიას გაყოლოდა და მოდელის კარიერა მიეტოვებინა. ამისთვის მან ფსევდონიმი — სარა მუნი დაირქვა. მან წარმატებით აღბეჭდა ფირზე ლონდონის მოდის სამყაროს ატმოსფერო „მგზნებარე სამოციანების“ შემდეგ. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა ბარბარა ჰულანიცკისთან, რომელმაც პოპულარული ტანსაცმლის მაღაზია „ბიბა“ გახსნა. 1972 წელს ის პირველი ქალი გახდა, ვინც „პირელის“ კალენდრისთვის ფოტოები გადაიღო. „კაშარელთან“ ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ, მისი სახელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა და შეკვეთებს იღებდა ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა: „შანელი“, „კომ დე გარსონი“ და ჟურნალი „ვოგი“. მოდის ფოტოგრაფიის ასპარეზზე წარმატებული საქმიანობის გარდა, სარა მუნმა ძლიერი ნამუშევრები შექმნა კინოსა და ფოტოგრაფიაში.

შავქუდა

შარლ პეროს ზღაპარი, რომელიც 1697 წელს გამოქვეყნდა, არაერთი გადაკეთების, ინტერპრეტაციის თუ ილუსტრაციის საგნად იქცა. მათ შორისაა სარა მუნის ფოტოები. მისი ნამუშევრები მრავალმხრივაა საინტერესო. მართლაც, ფოტოს დიდი შემოქმედებითი და თხრობითი ძალა გააჩნია. სარა მუნი ახლებური კუთხით წარმოგვიდგენს ამბავს, თავის — ფოტოგრაფიის ენაზე გადააქვს ის. ამავე დროს, ფოტოგრაფს ეს ამბავი თანამედროვე სინამდვილეში გადმოაქვს და მკითხველი ზღაპრის მაგიური სფეროდან რეალობაში აღმოჩნდება და თან, პეროს ტექსტის შავბნელი ხასიათი შენარჩუნებულია.

სამ საუკუნეზე მეტია, მილიონობით ბავშვი სიამოვნებით ეცნობა „პატარა წითელქუდას“ ზღაპარს. ახალგაზრდა სოფლის გოგონა, „ულამაზესი არსება, ვინც კი ოდესმე დაბადებულა“, ბებიას სახლში, უღრანი ტყის გავლით მიდის. აქ ის ბოროტ და მშიერ მგელს გადაეყრება. მაგრამ წითელქუდა მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მიღწევისას მიხვდება მგლის მზაკვრობას.
სარა მუნმა ბავშვობის ეს მოგონება გამოიყენა და ამბავი თანამედროვეობაში გადმოიტანა. თავის მოულოდნელი და დაუვიწყარი სტილით გადაღებულ ფოტოებს შარლ პეროს კლასიკური ტექსტის შესაკრავად აერთიანებს და ამ ავბედითი მოგზაურობის ბნელ, თანამედროვე პორტრეტს ქმნის.

გამოფენა „პატარა შავკაპიუშონიანი გოგო“ 6 მაისს, ხელოვნების სასახლეში შედგება და სარა მუნის 33 სურათის, ტექსტების და ფილმებს წარმოგიდგენთ.

 

პროექტის მენეჯერი: გრეგორ ბელციგი
პროექტის კოორდინატორი: თეონა გოგიჩაიშვილი

მეტი გამოფენის შესახებ: facebook.com/events/576889396031663/


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.