fbpx
გააზიარე სტატია

შალვა ნიკვაშვილის ნიღბების ხელოვნება

ნიღაბი, რომელიც შლის ავტორის იდენტობას და ამავდროულად გამოხატავს მისივე პირად გამოცდილებას. ეს ის მედიუმია, რომელშიც ხელოვანმა შალვა ნიკვაშვილმა ხანგრძლივი ძიების შემდეგ საკუთარი თავი იპოვა. სხვადასხვა ნატურალური მასალისგან, საკვები პროდუქტისგან, ან თუნდაც მკვდარი ფრინველისგან შექმნილ ნიღაბს ხელოვანი თავადვე ირგებს და ინსტაგრამზე ათასობით მიმდევარს უზიარებს. როგორც თავად ამბობს, მის ნამუშევრებს საგამოფენო დარბაზის თეთრ კედლებზე ვერასდროს იხილავთ, ამიტომ, თუკი გაინტერესებთ როგორ გამოიყურება საქართველოდან წასული ხელოვანის წარსული და ამჟამინდელი გამოცდილება მისივე სახეზე, შეუერთდით მის ინსტაგრამ-აუდიტორიას, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ყოველთვის სასიამოვნო სანახავი არ იქნება, პირიქით – ზოგჯერ პროვოკაციული, ხანდახან კი ძალიან, ძალიან შემაწუხებელი.

შალვა, როგორ დაიწყე ყველაფერი და საიდან აღმოჩნდი ნიღბების ხელოვნებაში?

სანამ საქართველოს დავტოვებდი, მანამდეც ხელოვნებით ვიყავი დაკავებული, სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, თუმცა მალევე დავანებე თავი, საჭიროდ არ ჩავთვალე, რომ დამემთავრებინა. ძირითადად მოდაში ვიყავი ჩართული. მეორე კურსზე რომ გადავედი, მოდის კვირეულზე მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე როგორც New Comer დიზაინერმა, თუმცა საკმაოდ ბევრი იმედგაცრუება მაქვს საქართველოში გამოცდილი, მათ შორის ამ კონკურსზეც, ბევრჯერ ვცადე სხვადასხვა რაღაცის გაკეთება, მაგრამ ამ ყველაფერს ყოველთვის იმედგაცრუება ან ადამიანების მხრიდან ბოიკოტი მოსდევდა.

საქართველოდან წასვლა და ბელგიაში საცხოვრებლად გადასვლა იმედგაცრუებამ განაპირობა?

არა მხოლოდ იმედგაცრუებამ, მათ შორის იმანაც, რომ გეი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახთან აბსოლუტურად გახსნილი ვიყავი, დანარჩენი გარემო იყო ისეთი, რომ ძალიან ბევრი პრობლემა დამიგროვდა, ამიტომ გადავწყვიტე ბელგიაში გადმოსვლა, უკვე ხუთი წელია, რაც აქ ვარ…

თქვი, რომ მოდით დაიწყე, ნიღბებამდე როგორ მიხვედი?

მაშინ როცა ვხატავდი ან თუნდაც ქანდაკებას ვაკეთებდი, ყოველთვის ვცდილობდი ადამიანების ემოციები გამომეკვლია და ამ ემოციებით მანიპულაციაზე გადავსულიყავი. ხანდახან მიჭირს ამ ყველაფრის აღწერა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემს თავში ფანტაზია გავხსნა, წარმოვიდგინო, რას ფიქრობენ სხვა ადამიანები, რას განიცდიან, ვცდილობ, გონებაში ჩემთვის პატარა სცენარი დავწერო… ამ ყველაფრიდან გამომდინარე სულ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ისეთი, რომ ჩემი მედიუმი აღმომეჩინა, რომელშიც თავს კომფორტულად ვიგრძნობდი. მხოლოდ ხატვა არ მაკმაყოფილებდა, არც მხოლოდ ტანსაცმლის შექმნა, ბოლომდე ვერ ვხედავდი ჩემს თავს ამ ყველაფერში, რაღაც მაკლდა და დაახლოებით ერთი წლის წინ ნიღბების კეთება დავიწყე, ისეთი პერიოდი მქონდა, საერთოდ არაფერი მაკმაყოფილებდა, აგრესიული ვიყავი და ამ აგრესიის ძიებაში აღმოვაჩინე, რომ საზოგადოება ან ხალხი კი არა, ჩემი თავი მაღიზიანებდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ჩემი იდენტობა გამექრო და ამავდროულად ამ ყველაფერში პირადი გამოცდილება შემომეტანა, თან ჩემი სახე წამეშალა და თან საკუთარი ცხოვრება ნიღბების სახით ვიზუალურად გადმომეთარგმნა. ეს არ ყოფილა წინასწარ დაგეგმილი პროცესი, დღემდე ასე ხდება – უბრალოდ ვიღვიძებ, რაღაც იდეა მომდის თავში და შემდეგ ამ ყველაფერს მასალაში ვთარგმნი.

შთაგონებას საიდან იღებ?

საკუთარი ცხოვრებიდან… არ მინდა ქედმაღლურად გამომივიდეს, მაგრამ ყოველთვის საკუთარი ცხოვრებიდან ვიღებ ინსპირაციას. ისეთ სიტუაციებში ვვარდები ხოლმე, რომ ბევრი შთაგონება მოდის ამ ყველაფრიდან, არასდროს ვფიქრობ, რით დავიწყო, რა წავიკითხო ან რა ვნახო იმისთვის, რომ შთაგონება მოვიდეს, ტვინში ყველა გამოცდილება დაფაილებულია და შემდეგ უბრალოდ ჩემს ნამუშევრებში ამ ყველაფერს ვანახლებ.

გახსოვს პირველი ნიღაბი?

პირველი ალბათ შვიდი ან რვა წლის ასაკში გავაკეთე. ზაფხულის არდადეგების გასატარებლად სოფელში ბებიასთან ჩავდიოდი ხოლმე და პირველად იქ გავაკეთე ნიღაბი ბებიაჩემის წინდებისგან, რომელსაც შემდეგ მისივე მაკიაჟი დავახატე. ცოტა საშიში და ბნელი გამოვიდა…

ყოველთვის სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ მასალას იყენებ, მათ შორის საკვებ პროდუქტებსაც კი, რომელიც ზოგჯერ მაინცდამაინც სასიამოვნოდ არ გამოიყურება, რა შინაარსს სძენს მასალა იმას, რის გადმოცემაც გინდა?

მასალა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგალითად, როცა ჩვეულებრივ არტ-მაღაზიაში მიდიხარ, იქ ყველაფერი გამზადებული გხვდება, ყველანაირი პროდუქტის შეძენა შეგიძლია. რამდენჯერაც ფინანსურად საშუალება მქონია და მასალა მიყიდია, იმდენჯერ არაფერი გამიკეთებია. საქართველოში ცხოვრების გამოცდილებამ, ფინანსურმა შეზღუდვამ და თვითონ მასალების სიმწირემ მომცა ის, რომ უფრო მეტად დავინტერესებულიყავი და მომეძებნა რაღაც, რითაც რამის გაკეთებას შევძლებდი. ჩემს ოჯახს არ ჰქონია იმის შესაძლებლობა, რომ ის მასალა მქონოდა, რაც მინდოდა ან სწავლის დროს მჭირდებოდა, ამიტომაც ყოველთვის ალტერნატიულს ვეძებდი და არასდროს მაფერხებდა ის, რომ ვერ ვპოულობდი. მასალას ყოველთვის ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს, ყველაზე საინტერესო თვითონ პროცესია, ის, თუ როგორ შეიძლება მასალით მანიპულირება, მაგალითად, გამოიყენო ქათმის ხორცი და ეს ქათმის ხორცი ძალიან დიდი გამოწვევად იქცეს. ხშირად მქონია ის მომენტი, როცა არ მინდოდა გამეგრძელებინა, ვერ ვამთავრებდი ნიღაბს, იმიტომ რომ ის იმ დროს მკვდარია, მაგრამ ხომ იყო ცოცხალი – პროცესშიც მოძრაობს, სველდება, რბილდება, ფუჭდება, სითხე გამოსდის… სწორედ ეს ამბავი მომწონს, პროცესისგან ვღებულობ დიდ სიამოვნებას, ბუნებრივია, დასრულებული პროდუქტი თავისთავად ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თავად პროცესია.

ამბობ, რომ თითოეული ნიღაბი შენს საკუთარ, პირად გამოცდილებას ატარებს, პურისგან გაკეთებული ნიღბის უკან რა ისტორიაა?

1990 წელს დავიბადე, მაშინ როცა საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამდა დამოუკიდებლობისკენ, შემდეგ დამოუკიდებელი გახდა და ყველას ახსოვს ალბათ გაჭირვება, მანქანის საბურავების დაწვა ქუჩაში და მთელი ამბები… ალბათ თითზე ჩამოსათვლელია ოჯახები, რომლებმაც ეს პერიოდი გამოიარეს და ფინანსური პრობლემები არ ჰქონიათ. ჩემი ოჯახი ზედმეტად გაჭირვებულ სიტუაციაში ჩავარდა, მახსოვს, ბებიაჩემს რომ მივყავდი პურის მაღაზიასთან და საათობით ვიდექით რიგში, ზოგჯერ არც გვხვდებოდა ხოლმე, ხანდახან მხოლოდ ნახევარი და ეს ნახევარი მოგვქონდა სახლში. ყველაფერი არ მახსენდება, მაგრამ რაღაც მომენტები დაილექა მეხსიერებაში. მახსოვს, როგორ ვთამაშობდი ხოლმე დარჩენილი ნამცეცებისგან, რბილ ნაწილს ვაგროვებდი და პატარ-პატარა ფიგურებს ვძერწავდი, ინსპირაცია ზუსტად იმ გამოცდილებიდან მოვიდა. ეგ ნიღაბი რომ გავაკეთე, სულ სამი ევრო მქონდა დარჩენილი, რითაც საჭმელი უნდა მეყიდა, კი არ დავისტრესე, უბრალოდ გამახსენდა ის ყველაფერი, წავედი, ვიყიდე პური, რბილი ნაწილი შევჭამე, გამხმარი ქერქი კი ნიღბად გადავაქციე. ხანდახან მიჭირს ახსნა, რთულია პროცესზე ლაპარაკი, მაგრამ თითქოს ყველაფერი ხელახლა განმეორდა…

მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებული წახვედი ქვეყნიდან, შენს ნამუშევრებში საქართველოს თემას გარკვეული ადგილი მაინც უკავია, მომიყევი საქართველოს დამოუკიდებლობის თემაზე შექმნილი ნიღბების შესახებ.

სიმართლე რომ გითხრა, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი პოლიტიკით, შეიძლება ბევრი ადამიანი ვერ აცნობიერებს, მაგრამ ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია პოლიტიკაზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვა ადამიანებს მართავენ. ეგ ნიღბები ქრონოლოგიურად გავაკეთე, თავიდან დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ნიღაბი, შემდეგ ხუთჯვრიანი დროშა. ეგეც ჩვეულებრივი გამოცდილებაა – პირველი ცოტა ირონიული და თან მტკივნეულია, მეორეს რაც შეეხება, მახსოვს, ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველას უხაროდა, რომ ახალ ეტაპზე გადავდიოდით, უნდა გავძლიერებულიყავით და უნდა დამთავრებულიყო ერთი საშინელი ხელისუფლება… მეც მჯეროდა ამის, მაგრამ ფაქტობრივად ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გადაიზარდა მორიგ მარაზმში. იმან, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა, ზიზღის გრძნობა გამიჩინა, რეალურად ერთი გიჟი ძალა მეორე გიჟმა ძალამ ჩაანაცვლა. და რაც აქ ვცხოვრობ, მას შემდეგ უფრო დავიწყე ამაზე ფიქრი. საქართველოში რომ ვცხოვრობდი, სხვანაირად ვუყურებდი, ვღიზიანდებოდი, ვცდილობდი, “დამეიგნორებინა” მაგრამ რაც ბელგიაში ვარ, მას მერე უფრო ვუღრმავდები ასეთ თემებს და იმ გამოცდილებას, რაც გავიარე. ამიტომ გავაკეთე ორთავიანი ნიღაბი – ორი ერთმანეთზე შეწებებული სახე მთლიანად ტყავისგან არის გაკეთებული, ტყავისა და სტეპლერისგან. მასალის ასეთი სინთეზი იმიტომ არ გამიკეთებია, რომ თითოეული რამეს ნიშნავს, ასე არასდროს ვიქცევი, უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში რაც გამოვიდა, რა ემოციის გადმოტანასაც ვცდილობდი ნიღაბში და მე თვითონ რა შეგრძნებაც მქონდა, უბრალოდ არაფერი იყო. თეთრ-წითელი ჯვრებით ვაკეთებ სიმბოლოს სარწმუნოებაზე, რომელიც ფაქტობრივად დღემდე ანგრევს ამ ქვეყანას და იდეაში იმან, რამაც სიმშვიდე უნდა მოგიტანოს, სინამდვილეში შემოდის მეტალის სახითაც, რაც დადებითთან და პოზიტივთან არ ასოცირდება.

რუსული ოკუპაციის თემაზე შექმნილი ნიღაბი ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ გააკეთე?

არ ვიცოდი, რა ხდებოდა საქართველოში, ძალიან დაკავებული ვიყავი… ერთ საღამოს ჩემმა ბოიფრენდმა მითხრა, ნახე, რა ხდება შენს ქვეყანაშიო. მერე დავინტერესდი, მაგრამ ახალ ამბებში ისეთი სუბიექტური ქაოსი იყო, ვერაფერს ვიგებდი. ამიტომ გადავწყვიტე, როგორც მე ვხედავ რუსეთის მთავრობას – ხაზი მინდა გავუსვა მთავრობას და არა ხალხს – ისე გამომეხატა ჩემი პროტესტი. ყოველთვის მივესალმები პროტესტს, რა ფორმაც უნდა მიიღოს, თუნდაც მაღაზიების ვიტრინები ან მანქანები დალეწო, როცა ყველაფერი ყელში ამოგივა… ემოციის გამოხატვას მივესალმები, მით უმეტეს, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანები არ უნდა დაასახიჩრო.

შენ თვითონ რის თქმა გინდა ნიღბებით, ესეც პროტესტია?

ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა, ყოველთვის კითხვებს ვსვამ, იმიტომ რომ ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. ჩემი ნამუშევრები ფაქტობრივად პროვოკაციაა – იმისთვის რომ გამოვიწვიო, ავალაპარაკო, გავაღიზიანო ან ზიზღის შეგრძნება გავუჩინო რაღაცის მიმართ. ამიტომაც ვიყენებ ხშირად ცხოველის ხორცს. კითხვებს ვსვამ იმაზე, რაზეც მე თვითონ ვფიქრობ, რაც მაწუხებს, მინდა, რომ როგორც არტისტმა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, ჩემი სათქმელი ვთქვა და სიმართლე გითხრა, არ ვფიქრობ ხოლმე, ხალხი რას იტყვის ან რა გამოხმაურება მოჰყვება. ქვეცნობიერად ყოველ ჯერზე თავიდან ვიწყებ ჩემს თავთან პროვოკაციას, რომ რაიმე თემას უფრო ჩავუღრმავდე და შემდეგ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვისაც ვიზუალურად ვთარგმნო.

თავად რა სიტყვით შეგიძლია დაახასიათო შენი ხელოვნება?

ცოტა რთული შეკითხვაა… მიყვარს ადამიანების შეწუხება, რასაც ვაკეთებ, ეს ალბათ ზუსტად შეწუხებაა.

ამბობ, რომ თითოეული ნიღაბი შენს პირად გამოცდილებას გამოხატავს, მაგრამ არის რომელიმე, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს შენს თავს?

დაახლოებით ორი კვირის წინ მკვდარი მტრედი ვიპოვე ქუჩაში და მისგან ნიღაბი გავაკეთე. ძალიან მძიმე იყო ამის გაკეთება, სხვანაირი სუნი ჰქონდა, ჯერ კიდევ თბილი იყო, მე კიდევ ამ ყველაფრით მანიპულირება გადავწყვიტე, ჩემი უპირატესობისთვის გამოვიყენე მკვდარი მტრედი და იმ მომენტში საკუთარი თავი დავინახე, იმიტომ რომ მეც ხშირად ვყოფილვარ ასე გამოყენებული, დამცირებული და ა.შ. საკუთარ თავს ყველაზე მეტად მაგ ნიღაბში ვხედავ.

სამომავლო გეგმები როგორია, ჩანთის ფოტოს მოვკარი თვალი ინსტაგრამზე…

ჩანთა რამდენიმე დღის წინ გაავაკეთე, ოთხ სხვადასხვა დიზაინზე ვმუშაობ, მართლა პრაქტიკული ჩანთაა და სურვილი მაქვს, რომ გაიყიდოს, მე თვითონ ძალიან მომწონს და ალბათ ბევრისთვის საინტერესო იქნება. ისე, სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სულ ვმუშაობ, სულ დაკავებული ვარ, ყოველდღე მინდა რაღაც ახალი გავაკეთო. ამჟამად მაქვს რაღაც კოლაბორაციები, მაგრამ ძირითადად რასაც ვგეგმავ, არის ის, რომ ჩემ გარშემო მაქსიმალურად გავზარდო აუდიტორია, არ მინდა გამოფენები გავაკეთო ან ბიენალეებში მივიღო მონაწილეობა, არ მიყვარს ასეთი რაღაცები, თეთრი კედლები არაფრის მომცემია ჩემთვის.

ესე იგი ინსტაგრამის გარდა ვერსად გნახავთ…

შეიძლება მნახოთ, მაგრამ ალბათ ისევ მე თავად თუ გავაკეთებ ამ ყველაფრის ორგანიზებას, მაგრამ არა სტანდარტული გამოფენის სახით, სადაც თეთრი კედლები, სასმელი ან თუნდაც ალტერნატიული სივრცე იქნება, სადაც ვითომ რაღაცას მოვაწყობ, რომ თავი ინტელექტუალად მოგაჩვენოთ… მსგავსი არაფერი, სულ სხვანაირ ფორმებზე ვფიქრობ, სულ იმ პროცესში ვარ, რომ ჩემი გამოხატვის ენა ვიპოვო, რომლითაც საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციას შევძლებ და სადაც სხვა ადამიანები არ იქნებიან ჩართული – ეს მთავარია.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
Complexbits – „რთული ნაწილები“ თავისუფალი ექსპერიმენტებისთვის

Complexbits – „რთული ნაწილები“ თავისუფალი ექსპერიმენტებისთვის

Complexbits – „რთული ნაწილები“ თავისუფალი ექსპერიმენტებისთვის
წარმოგიდგენთ ინტერვიუს ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდის, Complexbits-ის დამაარსებლებთან - სოფო ბუჯიაშვილთან და თათო ჩართოლანთან
ინტერვიუ ავანგარდული მოდის ასამბლეის დამფუძნებელ გელა კუპრაშვილთან

ინტერვიუ ავანგარდული მოდის ასამბლეის დამფუძნებელ გელა კუპრაშვილთან

ინტერვიუ ავანგარდული მოდის ასამბლეის დამფუძნებელ გელა კუპრაშვილთან
1995 წელს დიზაინერ გელა კუპრაშვილის ორგანიზებით თბილისში პირველი ავანგარდული მოდის ასამბლეა გაიმართა, რომელშიც ყველა ის ადამიანი გაერთიანდა, ვინც 90-იან წლებში თანამედროვე ალტერნატიულ კულტურას ქმნიდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.