fbpx
გააზიარე სტატია

ქართული სკეიტბორდინგის ისტორია

დედაენის ბაღის სიმშვიდეს უკვე კარგა ხანია ვანსებში გამოწყობილი სკეიტბორდისტების გორგოლაჭების ხმაური არღვევს. კულტურამ, რომელსაც 50-იანი წლების მზიან კალიფორნიაში ჩაეყარა საფუძველი, დროთა განმავლობაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა და 80-იანი წლების დასაწყისში ჩვენამდეც ჩამოაღწია. მზე არც თბილისს აკლდა ოდესმე, ამიტომ ახლა აქაც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც უკვე არსებობს სკეიტ-პარკები, სადაც თაობის ალბათ ყველაზე განსხვავებული და საინტერესო ცხოვრების სტილით მცხოვრები ახალგაზრდების ხილვა დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ. თუკი სკეიტბორდინგის, როგორც კულტურის, ისტორიას ოდნავ მაინც იცნობთ, ქართველი სკეიტერების ჰაერში შესრულებული მანევრები აუცილებლად მოგაგონებთ იმ Z-ბიჭებს, რომლებმაც 70-იანი წლების ამერიკაში ჯერ მთლიანად ამ კულტურას, შემდეგ კი  ე.წ. საჰაერო სკეიტბორდს ჩაუყარეს საფუძველი. თაობებს შორის არ იცვლება არც ჩაცმის სტილი – ვანსები და დიდი ზომის მაისურები, რომლითაც კალიფორნიელმა სკეიტერებმა დაიწყეს, დღესაც ამ სუბკულტურის დამახასიათებელი აუცილებელი ატრიბუტებია და თუ ცოტა ხნით სკეიტერებიდან ყურადღებას ტრამპლინებზე გამოსახულ გრაფიტებზეც გადაიტანთ, აუცილებლად გაგახსენდებათ 80-იან წლებში ამერიკული სკეიტბორდინგის შესახებ გამოცემული ჟურნალის, Thrasher-ის გრაფიკა, ალბათ მსოფლიოს ყველა სკეიტ-ტრამპლინს და გოშა რუბინსკის ზოგიერთ მაისურს რომ ამშვენებს.

მაგრამ რა ხდებოდა  ჩვენს ქალაქში მაშინ, როცა არც სკეიტ-პარკები, არც “თამრას” სკეიტბორდები და არც ახლა უკვე პირველი Margo Skate Shop არსებობდა, სადაც ყველა იმ ნივთსა თუ აქსესუარს მოძებნით, რაც კი ნამდვილ სკეიტერს შეიძლება დასჭირდეს? ფოტოგრაფ კობა წაქაძის 80-იან წლებში თბილისში გადაღებული სერია გვიყვება, რომ სკეიტერების ტრამპლინი თვითონ ქალაქის  რელიეფია, სადაც ხელოვნურ წინააღმდეგობებს ისინი ყოფითი ნივთებით თავადვე ქმნიან. დაახლოებით ასეთ პირობებში, გვალვებისგან დამშრალ აუზებში დაიწყეს კალიფორნიელმა სკეიტერებმაც, თუმცა ფოტოებზეც ჩანს და ისედაც კარგად ვიცით, რომ ზოგადი სოციალური და პოლიტიკური ფონი, კალიფორნიისგან განსხვავებით, საბჭოთა თბილისში უფრო მძიმე და ექსტრემალური იყო, რის გამოც სკეიტერებს ჩვეულებრივ ტრასებზე მანქანების გვერდით უწევდათ დაშვება.  80-იანი წლების თბილისში არც სკეიტბორდინგისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობდა და არც სკეიტ-პარკები, სამაგიეროდ ვაკის პარკის წინ არსებობდა ასფალტიანი გზა, სადაც ახალგაზრდები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ და მათთვის ჯერ კიდევ ახალ და უცხო კულტურას – სკეიტბორდინგს ეუფლებოდნენ. კალიფორნიელი Z- ბიჭებისგან განსხვავებით, ეს არ იყო სუბკულტურა, რომელიც განსკუთრებული ჩაცმის სტილით ან ცხოვრების წესით გამოირჩეოდა, ეს იყვნენ ჩვეულებრივი თბილისელი ბავშვები, რომელთათვისაც სკეიტბორდი ახალ ურბანულ გასართობს წარმოადგენდა. 80-იანი წლების სკეიტერებისთვის მეორე და ყველაზე მთავარ “სასრიალო”ლოკაციას კუს ტბის გზა წარმოადგენდა, ამ ადგილს “ტრასას” ეძახდნენ და უბნების სირთულის მიხედვით, მის სხვადასხვა მონაკვეთზე როგორც დამწყები, ისე პროფესიონალ სკეიტერები ეშვებოდნენ. თუმცა როგორი პროფესიონალიც არ უნდა ყოფილიყავი, სამანქანო გზაზე საფრთხე მაინც ძალიან დიდი იყო, მით უფრო მაშინ როცა თავდაცვის არანაირი საშუალება არ არსებობდა, თუმცა სამაგიეროდ არსებობდა ძალიან დიდი ადრენალინის განცდა, რომელიც გრძელ დაღმართზე დაშვებას მოჰქონდა და რომლის გამოც  ამ ბავშვებს ამ დონის ექსტრიმი სიამოვნებდათ. როგორც რეჟისორი და თავადაც სკეიტერი ლევან კიტია გვიყვება, ამ გზაზე დაშვება ხშირად ძალიან სერიოზული ტრავმებითაც დამთავრებულა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ მათთვის ყველაფერი ისევ ჯიუტად თავიდან იწყებოდა, მომხდარა ისეც რომ ერთი სკეიტბორდით ერთმანეთის პირისპირ მდგომი ორი ადამიანი ეშვებოდა. კობა წაქაძე და ლევან კიტია პირველები იყვნენ, ვინც კუს ტბის ტრასაზე ასე ერთი სკეიტით დაეშვნენ. კადრი, რომელსაც მაშინ ჯერ კიდევ დამწყები სკეიტერი ბავშვები გაფართოებული თვალებით უყურებდნენ, ლევან კიტიამ თავის სადიპლომო ფილმის ბოლო სცენაში გააცოცხლა, სადაც დადა დადიანისა და ვაჟიკო მიქაბერიძის პერსონაჟები კუს ტბის ტრასაზე ერთი სკეიტბორდით ერთმანეთის პირისპირ ეშვებიან. ფილმსაც, რომელიც პირველი დოკუმენტური წყაროა, სადაც 80-იანი წლების პირველი ქართველი სკეიტერები ჩანან, ზუსტად მათთვის ყველაზე პოპულარული ლოკაციის სახელი – “ტრასა” ჰქვია.

ლევან კიტია:  “სკეიტბორდი უცბად 80-იან წლებში გაჩნდა, რიგის  რომელიღაც ქარხანა უშვებდა, მახსოვს პატარა ზომის იყო და რაკეტასვით დადიოდა. თბილისი აღმართ – დაღმართიანია და კარგი ასფალტი ყველგანა არ იყო, განსაკუთრებით ვაკის პარკთან ახლა რომ რესტორანი “სენატია” მაგ ადგილას იყო სწორი გზა, სადაც საღამოობით ვიკრიბებოდით ხოლმე, მაშინ არ იყო კაფეები ან ბარები, ეს სასრიალო ადგილი იყო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ურბანული გასართობი. არც სკეიტ პარკები არ არსებობდა, როგორც ახლა, მაგრამ გვქონდა კუს ტბის გზა, კუს ტბის წვერიდან ბოლომდე ჩამოსვლა ძალიან დიდ ამბავს წარმოადგენდა, “ტრასას” ვეძახდით მაგ გზას და ფილმსაც ასე დავარქვი. ამ გზაზე იყო უბნები, სადაც ახალბედები სრიალებდნენ, მაგრამ იყო ისეთი ადგილებიც, სადაც მხოლოდ ძალიან მაგარ სკეიტერებს შეეძლოთ სრიალი. მახსოვს ჯიბეში სულ სათადარიგო ბორბლით და მისი შესაკეთებელი ინსტრუმენტებით დავდიოდით, სრული ექსტრიმი იყო, რამდენიმეს სერიოზული ტრავმაც მოუვიდა, წარმოუდგენელი სიგიჟე იყო, ყოველგვარი ჩაფხუტების და სამუხლეების გარეშე ვსრიალებდით, სხვათა შორის მე და კობა წაქაძე ვიყავით პირველები, ვინც კუს ტბის ტრასიდან ერთი სკეიტბორდით ჩამოვსრიალდით,  სკეიტბორდის გარეშე დავრჩი და კობამ მითხრა მოდი ვცადოთო, ჩემი ფილმის ბოლო კადრიც ზუსტად ასეთია და იდეა სწორედ აქედან მოდის. თვითონ ფილმის მთავარი იდეა კი, სადაც ორ ერთმანეთის მიმართ დაპირისპირებულ მხარეს ვხედავთ, შეიძლებოდა ორ სკოლაზე ან საერთოდ ორ უბანზე მორგებულიყო, მაგრამ სკეიტბორდინგი როგორც ფაქტურა თავისთავად ძალიან მომწონდა. რადგანაც მე თვითონაც ვსრიალებდი, ამას კიდევ უფრო სხვანაირად აღვიქვამდი, მაგრამ ჩემთვის როგორც რეჟისორისთვის ამ შემთხვევაში მთავარი იყო ფაქტურა და დინამიკა, რასაც ზედაპირზე სრიალი გვაძლევდა.”

კიდევ ერთი ფილმი, რომელშიც ავტორებმა ამჯერად თანამედროვე, ყველაფრისგან თავისუფალი ახალგაზრდა ქართველი სკეიტერების ცხოვრების სტილი ასახეს,  2016 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმია – „როცა დედამიწა მსუბუქია“. სალომე მაჩაიძის, დავით მესხისა და თამუნა ქარუმიძის ნამუშევარმა ადგილობრივ სივრცეში თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის „პრომეთე“ საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის მიიღო, რასაც შემდგომ ამსტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გამარჯვება მოჰყვა. 

თავდაპირველად დავით მესხის ფოტოსერიით დაწყებული ამბავი, შემდგომში ავტორებმა კინოკადრებად დაინახეს, რამაც მაყურებელს საშუალება მისცა ის ზოგადი კონტექსტი ენახა, რის ფონზეც ფოტოებზე ასახული პირველი თაობის სკეიტერების ცხოვრება ჩანდა.თვითონ ფილმის კონტექსტი კი ასეთი იყო:  რეალობის ერთ მხარეს არსებობდნენ სკეიტბორდებზე შემომდგარი მეორე თაობის სკეიტერები, რომლებიც თავისუფლებას პოსტსაბჭოთა ქალაქის ნანგრევებზე ეძებდნენ და ამ ყველაფრის მიღმა არსებობდა ძალიან აგრესიული და ხმაურიანი სამყარო, რომლის ხმაც ტელევიზორიდან ისმოდა და არაფერი ჰქონდა საერთო თავისუფლების მაძიებელი სკეიტერების ცხოვრებასთან.

როგორც Hammock-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ფილმის ერთ-ერთი ავტორი დავით მესხი ამბობს, ფილმმა და მისმა წარმატებამ გარკვეულწილად გავლენა იქონია საქართველოში ამ სუბკულტურის კიდევ უფრო განვითარებაზე.

„ფილმის გამოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც უცბად ყველაფერი, რაც პოსტ-საბჭოთა სივრცეს ეხებოდა, ძალიან პოპულარული  და რომატიზებული გახდა. ამიტომ ფილმმაც ჩემს სხვა ნამუშევრებსაც პოსტ-საბჭოური სივრცის ელფერი მისცა, რაც ჩემთვის ცოტა გამაღიზიანებელიც კი იყო, თუმცა ფაქტია ის, რომ ეს ყველაფერი საქართველოში ხდებოდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ვიღებდით ფილმს იმის შესახებ, თუ რა მაგრად სრიალებენ თბილისში ქართველი სკეიტერები, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ფილმი სულ სხვა რამეს ეხება. ეს ფილმი  მოკლე დროში ძალიან პოპულარული გახდა და საერთაშორისო აღიარებამ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შემატა ახალგაზრდებს.

ადრე თუ ეს სუბკულტურა არაპოპულარული იყო თბილისში, დღეს უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. 10 წლის წინ 3-4 სკეიტერი დადიოდა ქალაქში, გადაღება რომ მინდოდა, ადამიანებს ვერ ვაგროვებდით, დღესდღეობით კი ბევრი სრიალებს. ფილმმა კი სხვა პერსპექტივები გახსნა სკეიტერებისთვის, ყველამ თავის გზა იპოვა, ორი ბიჭი Balenciaga-ს ჩვენებაზეც მიიწვიეს, Gosha Rubchinskiy-მ ერთ-ერთ მსახიობს შესთავაზა სუნამოს სახე გამხდარიყო. ამ ბიჭებს ახალ თაობასთან ერთად, რამდენადაც ვიცი, Vetement-ის ჩვენებაზეც იხილავთ“.

როგორც დავით მესხი ამბობს, თავისი გზა იპოვა ფილმის ერთ-ერთმა თანაავტორმა თამუნა ქარუმიძემაც, რომელმაც შემოქმედებითი პროცესი ისევ სკეიტბორდ-კულტურას დაუკავშირა და საკუთარი ბრენდი Tamra Skateboards დააარსა, რომელიც გარდა სკეიტბორდებისა, აქსესუარების, ჰუდების, მაისურებისა და ქუდების არჩევანსაც გვთავაზობს. ასე რომ,  მათ, ვინც ჯერჯერობით ამ სუბკულტურას შორიდან აკვირდება, ისღა დარჩენია, სათანადოდ გამოეწყოს და თავისი წილი თავისუფლების ძიება სკეიტ-პარკის ტრამპლინებზე ან ქალაქის მთელ რელიეფზე გორგოლაჭების ხმაურში დაიწყოს.  

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.