fbpx
გააზიარე სტატია

სკეიტბორდინგის კულტურა – 70-იანი წლების კალიფორნიის ცხოვრების სტილი

სკეიტბორდინგის კულტურა, რომლის ისტორიაც 1960-იანი წლების კალიფორნიაში დაიწყო, დროთა განმავლობაში ურბანული მითოლოგიისა და ახალგაზრდა თაობის თავისუფლების გამოხატვის სიმბოლოდ იქცა, მომდევნო პერიოდში  კი თანამედროვე ხელოვნებასა და პოპკულტურაშიც პოვა გაგრძელება. კალიფორნიის და შემდეგ ევროპის ქალაქების გარეუბნებში ბავშვების მიერ დაწყებული გასართობი თამაში დღეს უკვე ძალიან ცნობილი ფილმებისა და ბრენდების ტანისამოსის შთაგონების წყაროცაა და თანამედროვე სპორტის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ექსტრემალურ სახეობასაც წარმოადგენს. 

ყველაფერი კი ძალიან მარტივი მიზეზით, უფრო სწორად, გამოსავლით დაიწყო: სკეიტბორდი 50-იანი წლების ბოლოს  ველოსიპედის ერთგვარ ჩამნაცვლებელს წარმოადგენდა, რომელიც იმ პერიოდის ამერიკაში საკმაოდ პოპულარული და ძვირად ღირებული სიამოვნება იყო. ოჯახებმა, რომლებსაც ველოსიპედის ყიდვის  ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საკუთარი შვილებისთვის უბრალო დაფაზე გორგოლაჭების მიმაგრებაში იპოვეს გამოსავალი. ეს იდეა პოპულარული გახდა სერფინგით დაინტერესებულ ადამიანებს შორისაც – რეალურად სკეიტბორდის დაფას სერფინგის დაფისგან მხოლოდ ოთხი გორგოლაჭი განასხვავებს. ეს განსხვავება და ამჯერად ექსტრემის მიწაზე განცდა ამ ადამიანებისთვის კი ახალ, უფრო დიდ  და საინტერესო გამოწვევას წარმოადგენდა.

პირველი სკეიტბორდი, რომელსაც უკვე კომერციული დანიშნულებაც ჰქონდა, 1959 წელს  Roller Derby-ს კომპანიამ გამოუშვა, 60-იანი წლების დასაწყისში მის მიმართ დაინტერესება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ სულ მალე კალიფორნიაში  სკეიტბორდების პირველი მაღაზია გაიხსნა. The Val Surf Shop-მა საქმიანი ურთიერთობა იმ დროს ძალიან ცნობილ ჰობი ალტერთან დაიჭირა, რომელიც საკუთარ ავტოფარეხში სერფინგის დაფებს ამზადებდა. თუმცა რადგანაც მიხვდა, რომ ამ პერიოდში საზოგადოების უფრო დიდ ყურადღებას სკეიტბორდი იმსახურებდა, სერფინგის დაფების ნაცვლად, The Val Surf Shop-ისთვის  სკეიტბორდების კეთება დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში სკეტბორდინგმა, როგორც ახალმა კულტურამ, ადგილობრივი ბეჭდური მედიის ყურადღება მიიპყრო. ჟურნალისტმა ლარი სტივენსონმა, რომელიც Surf Guide ჟურნალისთვის მუშაობდა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სკეიტბორდის შესახებ სტატიების წერა დაიწყო, ოთხი წლის შემდეგ კი, 1965 წელს, სკეიტბორდ-კულტურის პირველი ჟურნალი The Quarterly Skateborder გამოვიდა, რომელიც ახალ კულტურას ძალიან საინტერესო და პოპულარულ სპორტის სახეობად ჩამოყალიბებას უწინასწარმეტყველებდა. ამ მოვლენების ფონზე კალიფორნია ნელ-ნელა სკეიტბორდინგის ეპიცენტრი ხდებოდა, თავად ეს კულტურა კი დროთა განმავლობაში აგრესიული ანდერგრაუნდ სტილის ესთეტიკის სახეს იღებდა და ნელ-ნელა პანკ და ახალი ტალღის მუსიკასთანაც ასოცირდებოდა.  რადგანაც ადამიანების უმრავლესობას სკეიტ-პარკებთან ხელი არ მიუწვდებოდა, ეს კულტურა ნელ-ნელა ცენტრალურ ნაწილში მდებარე სლალომებიდან ქალაქის გარეუბნებში მდებარე გამოუსადეგარ საცურაო აუზებში ინაცვლებდა.

სწორედ გვალვების დროს კალიფორნიის დამშრალ აუზებში იწყება 1970-იანი წლების ყველაზე ცნობილი სკეიტბორდერების ჯგუფის, Z-Boys-ის ისტორია, რომელმაც, როგორც სკეიტერების დაჯგუფებამ, სტარტი 1973 წელს აიღო. თინეიჯერი ბიჭებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც თავდაპირველად სერფინგით იყო გატაცებული, დროთა განმავლობაში სკეიტბორდითაც დაინტერესდა და ძალიან მალე, 1975 წელს, სკეიტერების პირველი შეჯიბრებაც მოაწყო, რა დროსაც ყველაზე უკეთ გამოჩნდა მათ მიერ შექმნილი და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი სკეიტმანევრები.  Z-Boys სტილი ძირითადად ვერტიკალურ, ჰაერში შესრულებულ ილეთებს გულისხმობდა. ფაქტობრივად ისინი იყვნენ პირველები, ვინც “საჰაერო სკეიტბორდინგს” ჩაუყარეს საფუძველი. სწორედ ამ ინოვაციური და ექსტრემალური სტილის დანერგვის გამო, Z- Boys ხშირად ჩნდებოდა Skateboard Magazine-ის გარეკანზე. ჯგუფის წევრები დროთა განმავლობაში პროფესიონალ სკეიტბორდერებად ჩამოყალიბდნენ. რამდენიმე მათგანმა სხვადასხვა კომპანიებთან და გუნდებთან დაიწყო თანამშრომლობა, რის შედეგადაც 1977 წელს Z- Boys-მა არსებობა შეწყვიტა. თუმცა, მიუხედავად არც ისე დიდი ხნის ისტორიისა, დღეს ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და შთამაგონებელ სკეიტერების ჯგუფად სახელდება, რომელმაც ერთ დროს უბრალო ჰობი და გართობის საშუალება ძალიან საინტერესო ექსტრემალურ სპორტის სახეობად აქცია.

ერთ-ერთი პირველი ხელოვანი, ვინც კალიფორნიელმა გრძელთმიანმა ახალგაზრდებმა შთააგონა, ფოტოგრაფი ჰიუ ჰოლანდი იყო, რომელიც Z-Boys-ის ცხოვრების სტილს სამი წლის განმავლობაში იღებდა. ჰოლანდის ფოტოობიექტივში დღეს უკვე ისეთი ლეგენდარული სკეიტერები მოხვდნენ, როგორიც, მაგალითად, ჯეი ადამსია. მიუხედავად იმისა, რომ სკეიტერების ჯგუფმა მალევე შეწყვიტა არსებობა და ჰოლანდსაც ამ კულტურის მასობრივად ქცევის გამო მის მიმართ ინტერესი გაუნელდა, ფოტოგრაფმა მაინც მოახერხა საკმარისი რაოდენობის ფოტოების დაგროვება იმისთვის, რომ წლების შემდეგ ფოტოალბომი Locals Only გამოეცა, სადაც სკეიტბორდინგის, როგორც კალიფორნიული ურბანული კულტურის ისტორიაა ასახული.

ფოტოგრაფია არ არის ხელოვნების ერთადერთი დარგი, რომელმაც სკეიტბორდინგის კულტურის გავლენა განიცადა. უკვე დაახლოებით 50-ზე მეტ წელს ითვლის სკეიტბორდინგისა და კინემატოგრაფიის ურთიერთობის ისტორიაც –  ერთ-ერთი პირველი კინოსურათი კი 1965 წელს გამოსული 15-წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი Skaterder-ია. ჰოლანდის მსგავსად, Z-Boys-ის წევრებით – ტონი ალვათი და ჯეი ადამსით – დაინტერესდნენ იმ პერიოდის სხვადასხვა კინორეჟისორებიც, შედეგად კი 70-იანი წლების ბოლოს მაყურებელმა ამ კულტურაზე დაფუძნებული  სამი ახალი ფილმი – FreeWheelin , Skateboard და Skateboard Madness იხილა. გარდა ამისა, Z-Boys-ის ცხოვრების სტილს ეხება 2001 წელს გამოსული ფილმი Dogtown and Z-Boys, რომელშიც თავადაც სკეიტერი სტეისი პერალტას მიერ მოთხრობილი კალიფორნიული სკეიტბორდინგის დაბადებაა აღწერილი. სტეისი პერალტას ეკუთვნის კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ფილმის Lords Of Dogtown-ის სცენარი, რომელიც ასევე სანტა მონიკაში 70-იან წლებში არსებული სკეიტერების ჯგუფის ცხოვრების სტილის შესახებ გვიყვება.  

გარდა ამ ფილმებისა,  50-წლიანი ისტორის განმავლობაში მაყურებელმა ამ თემის ინსპირაციით გადაღებული სხვა არაერთი ფილმი იხილა და შეიყვარა, მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, 1986 წელს გამოსული Thrashin, რომელშიც მთავარი გმირი – კორი – ახალგაზრდა  შეყვარებული სკეიტერის როლს ასრულებს. კიდევ ერთი ცნობილი ფილმი, რომელიც 90-იანი წლების ნიუ-იორკში მცხოვრებ სკეიტერებს ეხება, ლარი კლარკის Kids-ია, რომელსაც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ხშირად ადარებენ სტენლი კუბრიკის “მექანიკურ ფორთოხალს”. ფილმის სცენარი Harmony Korine-ს ეკუთვნის და მასში 1990-იანი წლების ბავშვების ცხოვრებაა აღწერილი, რომელთაც გარდა სკეიტბორდის კულტურის და ნარკოტიკებისა,  ასაკისთვის შეუსაბამო ქუჩის ცხოვრების მიმართ ჰედონისტური დამოკიდებულება აქვთ. 

ჯერ ფოტოგრაფიაში, შემდეგ კი კინემატოგრაფში ასახული70-იანი და  90-იანი წლების სკეიტ-კულტურის ობსესიამ თავისი ლოგიკური გაგრძელება 2000-იანი წლების მოდის სამყაროშიც პოვა. Vans-ები, რომლებსაც 70-იანი წლების კალიფორნიელი Z-Boys სკეიტბორდის დაფაზე დგომისას ატარებდნენ, ზუსტად ისეთივე სახით დღემდე აქტუალურია, დროთა განმავლობაში დაბრუნდა სკეიტერების მაისურებიც, ზუსტად პირვანდელი სახით, თუმცა სხვადასხვა ბრენდის სახელის ქვეშ. დღეს ამ მაისურების შეძენა სხვა აღჭურვილობასთან ერთად სპეციალურ  კონცეპტუალურ სკეიტ მაღაზიებშია შესაძლებელი, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე მრავლად მოიძებნება. მაგალითად, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ლონდონში დაფუძნებული Place, რომელიც ლონდონის გარდა ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და ტოკიოშიც ფუნქციონირებს. სკეიტ კულტურა რომ თანამედროვე მოდის ერთ-ერთი მთავარი Crush-ია, ამას streetwear ტანსაცმლის ბრენდი Supreme-იც ამტკიცებს, რომელმაც სპეციალურად თავისი ბრენდის სკეიტბორდის დაფები შექმნა. ხშირად გვინახავს გოშა რუბინსკის მაისურებზე გამოსახული 80-იან წლებში სკეიტ-კულტურის შესახებ დაფუძნებული ცნობილი  ჟურნალის, Thrasher-ის გრაფიკა, რომელიც შემდგომ H&M-ის სახით ტანსაცმლის მასობრივმა მწარმოებლებმაც აიტაცეს. ცნობილია Kids-ის რეჟისორის, ლარი კლარკისა და JW Anderson-ის კოლაბორაციაც და კლარკის მიერვე Dior-ისთვის შექმნილი რეკლამაც, რომელშიც რეჟისორმა ისევ სკეიტერები გადაიღო. როგორც ჩანს, კლარკის ინტერესი სკეიტ-კულტურის მიმართ, მის მიერ გადაღებული Kids-ით არ დამთავრებულა და ეს შთამაგონებელი, ამერიკელი თინეიჯერების მიერ შექმნილი ურბანული კულტურა დღემდე პოულობს სხვადასხვა ფორმას, იმისთვის რომ თაობის თავისუფალი სული გამოხატოს.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.