fbpx
გააზიარე სტატია

სოფია კოპოლას ცხოვრების ტრილოგია

რეჟისორი, სცენარისტი, მოდელი, ფოტოგრაფი, მარკ ჯეიკობსის მუზა და ფრენსის კოპოლას შვილი – სოფია თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ფემინური კინოსურათების ავტორია. თინეიჯერი გულუბრყვილო გოგოდან დაწყებული, სიყვარულში იმედგაცრუებული და პრივილეგირებული ოჯახის წარმომადგენელი ქალის სახით დამთავრებული, სოფია კოპოლას ფილმებში მდედრობითი სქესის ყველანაირ ხასიათს შეხვდებით. ნაზი, ნათელი და პასტელური ფერების ესთეტიკით შექმნილ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ფილმში კი ირიბად თავად რეჟისორის ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდებია ასახული.

სოფია კოპოლას სარეჟისორო კარიერა 1999 წელს ფილმ „თვითმკვლელი ქალწულებით“ დაიწყო, 70-იანი წლების ამერიკის პატარა ქალაქში ლისბონების ოჯახში დატრიალებული ტრაგედია მწერალ ჯეფრი იუჯინიდისს ეკუთვნის. ამავე სახელწოდების რომანს სოფია 20 წლის ასაკში გადააწყდა. დიზაინით, მოდით და მუსიკით გატაცებულმა მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ოდესმე რეჟისორი გახდებოდა, თუმცა ხუთი თინეიჯერი გოგონას მისტიკურმა ისტორიამ ოცი წლის სოფიაზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ რამდენიმე წელიწადში პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, წლების შემდეგ კი ისიც გააანალიზა, რომ ეს ფილმი მისთვის პირადი ტრაგედიის გამოხატულება იყო.

„15 წლის რომ ვიყავი, ჩემი უფროსი ძმა ნაოსნობის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ამ ამბავმა კიდევ უფრო დამაკავშირა „თვითმკვლელ ქალწულებთან“, რომელიც ასევე დანაკარგს შეეხება“. – იხსენებს რეჟისორი თავის წერილში.

ფილმის სათაურიდანაც ჩანს, რომ გოგონები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ, თუმცა ის, რამაც რეჟისორი რომანის კითხვისას აღაფრთოვანა, მანამდე ხდება. თინეიჯერი გოგონების ცხოვრება, სამყარო, როგორსაც ქერათმიანი ქალწულები აღიქვამენ და თავად ისინი, როგორადაც მათ გარშემო მყოფი ბიჭები ხედავენ, ფილმის ძირითად ნაწილს წარმოადგენს. მკაცრი კათოლიკე მშობლების და მეზობელი ბიჭების დაჟინებული მზერის პირობებში ერთ-ერთი პერსონაჟი ასეთ რამეს ამბობს: „გოგოდ ყოფნის გამო თავს პატიმრად ვგრძნობთ“, ამ პატიმრობისგან თავის დაღწევის გზა კი ხუთივე მათგანისთვის თვითმკვლელობა აღმოჩნდა, მაგრამ რატომ – ეს მათი „ბედნიერი ოჯახის“ და გარშემო მყოფი ადამიანებისთვისაც გაუგებარია. ეს კი უკვე კოპოლას დამახასიათებელი სტილია – იმას, რაც ცნობისმოყვარე მაყურებელში ინტერესს იწვევს, რეჟისორი თითქმის არასდროს ანიჭებს მნიშვნელობას, მისთვის მთავარი თინეიჯერი გოგონების ნათელი სამყაროს და ოცნებების ეკრანიზაციაა. გოგონების, რომელთა არსებობა ამ სამყაროში, და პირველ რიგში ბიჭების ცხოვრებაში, კოპოლამ თეთრ ფერში, როგორც უმანკოების სიმბოლოსა და კამერის ობიექტივში არეკლილი მზის სინათლის ფონზე გვაჩვენა. ასეთ დროს კი კითხვა – „რატომ“ უმნიშვნელოა, ზუსტად ისეთივე უმნიშვნელო, როგორც ის, თუ რას ეუბნება ბილ მიურეის პერსონაჟი შარლოტას, ანდა სკარლეტ იოჰანსონს რეჟისორის მეორე ფილმის დასკვნით სცენაში.

ფილმ „თარგმანში დაკარგულის“ მთავარი ამბავი ბევრად ადრე იწყება, მაშინ როცა შუახნის კრიზისში მყოფი ბილ მიურეის პერსონაჟი ქორწინებისგან იმედგაცრუებულ ახალგაზრდა ქალს ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში ხვდება. ხალხით გადაჭედილ ხმაურიან ქალაქში ორი მარტოსული ადამიანი ერთმანეთს პოულობს, ტოკიოს ლურჯი ფერების, კოპოლას ვარდისფერი ესთეტიკის და თანამედროვე საუნდტრეკების ფონზე მაყურებელი ხედავს, როგორ ისადგურებს ორ მეგობარს შორის განსაკუთრებული ჰარმონია და სიყვარული. ესეც სოფია კოპოლას პირადი ისტორიაა. იმ სცენაში, სადაც შარლოტა ბობს საკუთარ ქმარზე უყვება, სინამდვილეში თავად სოფია ლაპარაკობს ყოფილი მეუღლის, სპაიკ ჯონსის შესახებ, ცნობილია, რომ ამ ფილმის გადაღების პროცესში სოფიას და ჯონსის ურთიერთობა უკვე დანგრევის პირას იყო, შეიძლება სწორედ ამიტომაც, რეჟისორმა პირადი ისტორია ფილმის სახით სამუდამოდ შემოინახა. „თარგმანში დაკარგულმა“ 2003 წელს სოფია კოპოლას დიდი წარმატება მოუტანა, ფილმი ოსკარის ოთხ კატეგორიაში იყო ნომინირებული, ჯილდო კი საუკეთესო სცენარისთვის გადაეცა, რომლის თარგმანშიც შეიძლება რაღაცები მართლა დაიკარგა, თუმცა მათ შორის რომ ერთი ნახვით დაწყებული ნამდვილი სიყვარულის ყველაზე ამაღელვებელი ისტორია არ ყოფილა, ამაში თვითონაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ.

თინეიჯერი გოგოს ვარდისფერი სამყარო სოფია კოპოლამ კიდევ ერთ ფილმში – „მარია ანტუანეტაში“ გვაჩვენა. ლაღი და თავისუფალი ავსტრიის პრინცესა, რომელსაც სამეფო ოჯახისგან მომავალი დედოფლის ტახტი ჰქონდა „მისჯილი“, ნელ-ნელა თავის ბავშვურ ვარდისფერ სამყაროს კარგავს და საბოლოოდ ისეთ დედოფლად იქცევა, როგორიც არასდროს უნდოდა რომ ყოფილიყო. კირსტენ დანსტის პერსონაჟის ცვლილებას ფილმის ესთეტიკური მხარეც მიჰყვება. მდიდრულ ცისფერ და ვარდისფერ კოსტიუმებს საბოლოოდ შავი ფერი ანაცვლებს, რითაც ავტორი, მიუხედავად მდიდრული ცხოვრებისა, პერსონაჟის ტრაგიკულ, სიცარიელით სავსე ცხოვრებას უსვამს ხაზს. ფილმის ესთეტიკური მხარე ამ ფილმში გამორჩეულია იმითაც, რომ მიუხედავად ეპოქისა, მასში თანამედროვე პოპკულტურისთვის დამახასიათებელი დეტალებიც იჩენს თავს, მათ შორის Converse-ის ცისფერი კედები და მასზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თანამედროვე საუნდტრეკები.

მაყურებლები პრივილეგირებული ოჯახის წარმომადგენელ მარია ანტუანეტაში ხშირად სოფია კოპოლას სახესაც ხედავენ, თუმცა მას არა ვერსალის სამეფო დიდების, არამედ მამის, ფრენსის ფორდ კოპოლას ჩრდილქვეშ უწევს ცხოვრება. სოფია მარია ანტუანეტას მსგავსად, მდიდარ და წარმატებულ ოჯახში იზრდებოდა, იქ, სადაც ხშირად სტუმრობდნენ ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი და გავლენიანი რეჟისორები თუ მსახიობები, ეს პრივილეგია მას საკუთარი კარიერის განმავლობაში შესაძლოა ბევრჯერ დახმარებია, მაგრამ საბოლოოდ ავსტრიის პრინცესასგან განსხვავებით, კოპოლების ოჯახის დიდებამ სოფიას პიროვნება ვერ შეიწირა, უფრო მეტიც, მან საკუთარი სახელი, ცხოვრება და ამ ცხოვრებისგან ნაკარნახევი შესანიშნავი ტრილოგია შექმნა.

ავტორი : გვანცა ჩანადირი

 


რეკომენდებული სტატიები
K-I-S-S-I-N-G 🎬

K-I-S-S-I-N-G 🎬

K-I-S-S-I-N-G 🎬
დასამახსოვრებელი კოცნის სცენები ფილმებში
ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში

ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში

ვეს ანდერსონი - წარსული თანამედროვეობაში
„ვეს ანდერსონი... მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, შეუძლია გადმოსცეს უბრალო სიხარული და ადამიანების ურთიერთობა იდეალური სიმდიდრით. ასეთი განცდა ფილმებში იშვიათია" - მარტინ სკორსეზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.