fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის დამფუძნებელ სოფო ჭყონიასთან

მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის მე-9 სეზონი თბილისში 2-დან 6 მაისის ჩათვლით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს ახალი თაობის დიზაინერების, სტილისტების, ხელოვანებისა და ზოგადად, თანამედროვე მოდის ინდუსტრიისა და სახელოვნებო სცენის წარმოჩენას. მოდის კვირეულის ფარგლებში 46 დიზაინერი წარადგენს ახალ კოლექციას. ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი სტუმარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – კრიტიკოსები, მყიდველები, ცნობილი გამოცემების რედაქტორები და სხვ.

ამ ღონისძიებას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კრეატიული დარგების განვითარებასა და პოპულარიზაციაში მსოფლიო მასშტაბით. ის ფაქტორი, რომ ისეთი გამოცემები, როგორებიცაა Vogue, I-D, Dazed, W Magazine და სხვები თბილისზე, აქ არსებულ დიზაინერებსა და ზოგადად, სახელოვნებო თემებზე წერენ, პირდაპირ კავშირშია მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულთან.

ეს ყველაფერი კი 2015 წელს სოფო ჭყონიამ დაიწყო. უკვე მე-9 სეზონია, რაც სოფო მცირე გუნდთან ერთად ქალაქის ყველაზე წარმოსაჩენ და ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას უწევს ორგანიზებას. მოდის კვირეულის გარდა, სოფო კიდევ ბევრი წარმატებული პროექტის ავტორია, მათ შორისაა ArtGeorgia, Be Next და დოკუმენტური ფილმების სერია – Icons and Muses.

გთავაზობთ ინტერვიუს სოფო ჭყონიასთან:

 

როგორია მოდის კვირეულის სამზადისის პროცესი და რას უნდა ველოდოთ ამ სეზონზე?

ახალი სეზონის სამზადისი იწყება მაშინ, როცა წინა სეზონის ღონისძიება მთავრდება, ანუ ყველაფერი ნოემბერში დაიწყო. სულ ექვსი თვე გვაქვს მოსამზადებლად, რაც ძალიან ცოტაა ასეთი პროექტისთვის, მით უმეტეს – საქართველოში. პროექტზე არ მუშაობს ბევრი ადამიანი, ძირითადად ორნი ვაკეთებთ, ხალხი ნელ-ნელა გვემატება, როცა უკვე ღონისძიება ახლოვდება.  ორგანიზებას დიდი დრო მიაქვს, ყველაფერს ვერც ვასწრებთ ხოლმე, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ძალიან რთულია ტექნიკურადაც, საქართველოში არ არის ისეთი რესურსი, რომელიც ამ ტიპის ღონისძიებას სჭირდება.

რა განვითარებას ხედავთ MBFW-ის პირველი მოდის კვირეულიდან დღემდე?

განვითარება რომ არ დამენახა, აღარც გავაგრძელებდი პროექტზე მუშაობას. პირველი სეზონი, რომელიც 2015 წლის მაისში ჩატარდა, ძალიან ცუდი იყო, ვიფიქრე, კიდევ ერთს ჩავატარებ, თუ გამოვა, გამოვა, თუ არადა, აღარ გავაგრძელებ მეთქი. მეორე სეზონიდან უცბად ისეთი დიდი ინტერესი გაჩნდა ქართველი დიზაინერების მიმართ, რომ მათ სხვანაირად დაიწყეს მუშაობა და საერთოდ, სხვა ტიპის დიზაინერები გამოჩნდნენ – ახლები, რომლებიც ძალიან საინტერესოები იყვნენ და ძველები, რომლებმაც სრულიად ახლებურად აჩვენეს საკუთარი თავი. ამიტომ, როცა დავინახე, რომ დიზაინერებიც ვითარდებიან და ინტერესიც საკმაოდ დიდი იყო საერთაშორისო პრესისა და ბაიერების მხრიდან, გადავწყვიტე, რომ გამეგრძელებინა.

 

ყველაზე დიდი გამოწვევა…

უამრავი წინაღობაა. დავიწყოთ იქედან, რომ საერთოდ საქართველოში მოდის ინდუსტრია და ბიზნესი არ არსებობს. ერთეულები თავისით რაღაცას ახერხებენ ძალიან რთულ და არასწორ პირობებში.  რაც შეეხება პროექტს, დაფინანსების მხრივ საერთოდ გულგრილი დამოკიდებულებაა, ეღიმებათ, თითქოს მოდის კვირეული არასერიოზული რამაა…

 

არადა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიაა…

მსოფლიოში დიზაინერის პროფესია ძალიან ფასობს, ჩვენთან კი სასაცილოდ არ ჰყოფნით – მოდის ინდუსტრიას აქვს პერსპექტივა, თან ასეთმა პატარა ქვეყანამ უცებ მოდის კუთხით გაითქვა სახელი. ამ ფაქტს ყურადღება და ინვესტიცია სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ გვაქვს, რაც ძალიან რთულია.

საქართველოს მიმართ ინტერესს დიდწილად  დემნა გვასალიას წარმატებამ შეუწყო ხელი, რის შედეგადაც პოსტსაბჭოურ ნიშაში მოვექეცით. როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს ყურადღება? რა მოხდება იმის მერე, რაც პოსტსაბჭოური ესთეტიკა და სივრცეები აღარ იქნება ტრენდული?

ტერმინი  post soviet საერთოდ არ მიყვარს. მაღიზიანებს, როცა ამდენი წელია post soviet ქვეყანას გვეძახიან, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დამთავრდა ეს ეპოქა და დროა გადავიდეთ ისტორიის სხვა გვერდზე. ვფიქრობ, როცა მენტალობა შეიცვლება, როცა ქართველები საკუთარ თავს პოსტსაბჭოთა ქვეყანად აღარ აღიქვამთ და უფრო პროგრესულად აზროვნებას დავიწყებთ, რაც თაობების შეცვლით მოხერხდება, ალბათ შემდეგ შეიცვლება თითქმის ყველაფერი. თითქმის კი არა, ყველაფერი უნდა შეიცვალოს.

 

რამდენიმე დღის წინ ვათვალიერებდი ავანგარდული მოდის ასამბლეის ფოტოებს, რომელიც თბილისში 1995 წელს ჩატარდა. დღეს მოდის სახე გაცილებით სხვანაირია, ბევრად უფრო კომერციული. ზოგადად მსოფლიო მოდის ინდუსტრიამ იცვალა სახე, ბევრად უფრო ჩქარია, რაც ნაკლებ საშუალებას აძლევს დიზაინერს ექსპერიმენტების ჩასატარებლად. თქვენი აზრით, რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შენარჩუნდეს კრეატივი და შემოქმედებითი მხარე, მაგრამ ამასთან დიზაინერი ან მოდის სახლი იყოს კომერციულად წარმატებული?

ქართველი დიზაინერებისთვის ეს ზოგადად პრობლემაა. დღეს პროექტის ფარგლებში გვყავს ბევრი უცხოელი სტუმარი, საერთაშორისო პრესის ცნობილი ჟურნალების წარმომადგენლები და ასევე ბევრი ცნობილი ბაიერი. თავდაპირველად ბაიერების ჩამოყვანაზე აქცენტს არ ვაკეთებდი, რადგან ვფიქრობ, ჯერ დიზაინერები არ იყვნენ ამისთვის მზად, რომლებმაც ამ პერიოდში დაიწყეს გარკვევა, თუ რა არის მოდის სისტემა და ინდუსტრია და რა სტანდარტები არსებობს.

ერთი მხრივ, დიზაინერებს ბაიერები ეუბნებიან, რომ უნდა ჰქონდეთ კომერციული და გაყიდვადი კოლექციები, შესაბამისი ფასებით. ამ თემაზე ბევრ ქართველ დიზაინერს არანაირი ინფორმაცია არ მიუღია აქამდე. ან საიდან უნდა მიეღო ეს ინფორმაცია, როდესაც მოდის ინდუსტრია არ არსებობს ქვეყანაში.

მეორე მხრივ, ჩამოგვყავს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო (მათ შორის ზოგი კონცეპტუალურია)  ჟურნალების – ვოფიე-ის, ID-ის, DAZED-ის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, პრესის უმეტესობას უფრო კრეატიული მხარე აინტერესებს, ვიდრე კომერციული. დიზაინერმა კი უნდა მოახერხოს ამ ორის შერწყმა. რამდენიმე მათგანმა კარგად მოაბა ამას თავი და ორივეს აკეთებს. ახალგაზრდა თაობა ძალიან საინტერესოა.

 

თქვენთვის ყველაზე გავლენიანი ადამიანი ვინ არის მოდის სამყაროში.

არ ვიცი, ალბათ ასეთი ბოლოს ლაგერფელდი იყო. ახლა მახსენდება ანა ვინტორი, რომელიც საკმაოდ გავლენიანია. რომ გითხრათ, ძალიან ბევრია ასეთი დარჩენილი – მოგატყუებთ, იმიტომ რომ აბსოლუტურად შეიცვალა ყველაფერი და ასევე მოდაც.

 

თქვენ ხართ ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსის, BE NEXT-ის დამაარსებელი. ბოლო რამდენიმე წელია კონკურსში მხოლოდ ქართველები არ მონაწილეობენ…

ძალიან ბევრი დიზაინერი ჩამოდის  რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან… იმიტომ რომ მსოფლიოს ამ ნაწილში ასეთი კონკურსი არ არის. მაგრამ  მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენლები როდი მონაწილეობენ… სამხრეთ კორეიდან გვყავდა დიზაინერი რამდენიმე ხნის წინ, ინგლისელიც იყო, ჩეხიც… მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაზე და ჯგუფზე არაა მორგებული.

ასევე ხელმძღვანელობთ პროექტს – Art Georgia, რომელიც პარიზსა და თბილისში ტარდება…

Art Georgia ტარდებოდა პარიზში. ამ პროექტს საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდი, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ვეღარ შევძელი, იმიტომ რომ დავიწყე Mercedes Benz Fashion Week თბილისში და აქაც მომიწია საკუთარი ინვესტიციების ჩადება. ამჟამად მარტო თბილისში ვატარებთ, იმიტომ რომ უფრო მოუხდა ამ პროექტს თბილისი, და  მონაწილეებსაც თბილისი უფრო აინტერესებთ. მომავალში პარიზში თუ გავაკეთებთ, ეს საკმაოდ მასშტაბური პროექტი იქნება.

 

მოგვიყევით საავტორო დოკუმენტური ფილმების სერიაზე Love, Money, God რომლის რესპოდენტები მოდის სამყაროში გავლენიანი ადამიანები არიან, თუმცა საუბრები არ ეხება მოდის თემას. რატომ აარჩიეთ ეს ფორმატი?

სრულიად შემთხვევით ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს შევხვდი, პირადი საუბრების დროს ისინი იმდენად იხსნებოდნენ, გადავწყვიტე ეს ყველაფერი ჩამეწერა. თუმცა ეს იდეა და პროექტიც ძალიან სპონტანური იყო და როცა დავიწყე, არც ვიცოდი ვისთვის ან რისთვის ვაკეთებდი, უბრალოდ ჩემთვის ვწერდი. მერე უკვე დაინტერესდნენ Show Studio და სხვა პლატფორმები.  პიერ ბერჟე რომ ჩავწერე, თავადაც გამიკვირდა, რატომ მომცა ინტერვიუ, მე ხომ მოდის ჟურნალისტი არ ვარ და ზოგადად, არც ჟურნალისტი ვარ. სხვათა შორის, ეს უფრო მეხმარება – როცა ვეუბნები რესპონდენტებს, რომ მათთან ასეთი ტიპის ჩანაწერის გაკეთება მინდა, უფრო მთანხმდებიან ხოლმე და უფრო იხსნებიან კიდეც.

 

გყავთ ისეთი რესპოდენტი, რომელიც ძალიან გინდათ, რომ ჩაწეროთ?

ძალიან ბევრი, ოღონდ არა მოდის სფეროდან, იმიტომ რომ ისეთი დოზით ვიღებ ამას, რომ უკვე აღარ მინდა კიდევ ამაზე ვესაუბრო ვინმეს.

 

ერთდროულად ბევრ პროექტზე მუშაობთ. როგორ ინარჩუნებთ სიხალისეს და სიყვარულს საქმის მიმართ?

ცხრამეტი წლიდან ვმუშაობ, მთელი ცხოვრება რაღაცას ვაკეთებ. არაფრის კეთების მომენტში ვიკარგები და ვერ ვიღებ სიამოვნებას, ამიტომ სულ რაღაცის ძიებაში ვარ. ჯერ რაც მინდა, ისიც არ გამიკეთებია და ამიტომ, იმედია, მოვასწრებ. სიხალისე სტიმულს მაძლევს. ხშირად მაქვს მომენტები, როცა საერთოდ ყველაფრისთვის თავის დანებება მინდა, ბევრი პრობლემების და სირთულეების გამო. არსებობს მოსაზრება, რომ  რასაც მე ვაკეთებ, მარტივია, რომ თუ რამეს აკეთებ, მაშინ აუცილებლად ვიღაც გაფინანსებს, იქნება ეს მშობელი, ქმარი თუ სხვა. შეიძლება ხელი შემიწყოს ვიღაცამ, მაგრამ ჩემი პროექტების წამოწყებას არასდროს ვათანხმებ ვინმესთან. მე თვითონ ვიწყებ ყველაფრის კეთებას და მერე თუ ძალიან გამიჭირდა, რჩევას ან დახმარებას ვითხოვ. მაგრამ ძირითადად ჩემით ვაკეთებ ყველაფერს.

 

ყოველთვის იცოდით, რომ მოდის სფეროში გინდოდათ მოღვაწეობა?

არასოდეს არ მინდოდა. სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ამ სფეროში, სხვა გეგმები და ინტერესები მქონდა და მოდის სფეროს სერიოზულად არც არასდროს განვიხილავდი. ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად აღმოვჩნდი აქ.

დროის დიდ ნაწილს პარიზში ატარებთ, გაქვთ საყვარელი ადგილი?

ძალიან ბევრი. პარიზი საერთოდ ისეთი ქალაქია, ფეხით უნდა ისეირნო. პარიზში ყველგან ფეხით დავდივარ თითქმის, საქმეზეც და ისედაც. საოცარი ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წელია იქ ვცხოვრობ, ზოგჯერ ისეთ ადგილს გადავაწყდები ხოლმე, რომელიც ჩემთვის მართლა აღმოჩენაა, მაგრამ ერთი და იგივე ადგილებშიც მიყვარს სიარული, პალე როიალე მიყვარს გაზაფხულზე ძალიან.

 

იდეალური დღე…

იდეალური დღე ჩემთვის იქნება… მთელი დღე რომ მეძინოს, რაც ბოლო რამდენიმე წელია ვერ მოვახერხე.

 

სამომავლო გეგმები…

რა ვიცი… ასე გეგმები არ მაქვს, არ ვგეგმავ არაფერს.

 

ავტორი: მარიამ ცეცხლაძე

ფოტო: ჯიჯი რეჯინი


რეკომენდებული სტატიები
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული 2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულს 2-დან 6 მაისის ჩათვლით სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს. Hammock Magazine პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის ოფიციალური მედია პარტნიორი იქნება. ჟურნალი მოდის კვირეულზე Monkey Shoulder-ის მხარდაჭერით წარმოდგენილი იქნება საკუთარი ინტერაქციული სივრცით
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულის განრიგი
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული  2-დან 6 მაისის ჩათვლით გაიმართება.  ხუთი დღის განმავლობაში ჩვენებებს, გამოფენებს და პერფორმანსებს უკვე მეორედ სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს
თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე Hammock ტროპიკულ სასახლეში გიმასპინძლებთ

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე Hammock ტროპიკულ სასახლეში გიმასპინძლებთ

თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე Hammock ტროპიკულ სასახლეში გიმასპინძლებთ
2-დან 6 მაისის ჩათვლით Hammock Magazine  - Monkey Shoulder-თან ერთად დაგელოდებათ ჩვენი ჟურნალის ტროპიკულ სასახლეში
თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება

თბილისში მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული იწყება
მოდის კვირეულის განმავლობაში Hammock შემოგთავაზებთ ლაივ ტრანსლაციებს, მოკლე ჩართვებს, რჩეულ კოლექციებსა და მონაწილეთა ფოტოპროექტებს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.