fbpx
გააზიარე სტატია

ინტერვიუ მხატვარ სოფო გონგლიაშვილთან

London Fashion Showcase-ის მეორე ადგილის მფლობელის, პარიზის სხვადასხვა პრესტიჟული გამოფენებისა და პროექტების მონაწილე მხატვრის – სოფო გონგლიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოში ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიებში იყიდება. მისი ბოლო პროექტი – ხელით ნაქსოვი ჯემპრები – განსაკუთრებით შთამბეჭდავი აღმოჩნდა და უამრავი ადამიანის მოწონება დაიმსახურა.

Hammock გთავაზობთ ინტერვიუს მხატვარ სოფო გონგლიაშვილთან, რათა მისი ფერადი და ზღაპრული სამყარო უფრო ახლოს გაიცნოთ.

როდის დაინტერესდი აქსესუარებისა და ტანსაცმლის დიზაინის შექმნით?

სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, რომ კონსერვატორიაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა ბოლოს რატომღაც გადავიფიქრე და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე მოდელირების ფაკულტეტზე. ალბათ აქედან დაიწყო ჩემი, როგორც დიზაინერის კარიერა. ტიხრულ მინანქარზე მუშაობა 90-იან წლებში დავიწყე, მაშინ, როდესაც ირგვლივ სიბნელე და გაჭირვება იყო. 

პირველი კოლექცია რომ გაიხსენო… 

პირველი გამოფენა 2000 წელს მქონდა გალერეა “შარდენში”. ამის შემდეგ უკვე ვცდილობდი გამეკეთებინა კოლექციები, ყველა ჩემს ნამუშევარს გამოეხატა ჩემი სათქმელი, ჩემი იდეები და მოეყოლა რაღაც ამბები. 

შენი ნამუშევრები განსაკუთრებით ფერადია, ვხვდებით ტროპიკულ ესთეტიკას – პალმებს, ანანასებს, თუთიყუშებს. რამ განაპირობა ამ თემატიკით დაინტერესება? 

ამ ბოლო დროს ბევრი  ისეთი საშიშროება გაჩნდა, რაც ჩვენს პლანეტას და მის ბუნებას გარკვეულ საფრთხეებს უქმნის. მე მგონია, რომ თითოეული ადამიანის ვალია მოუფრთხილდეს და დაიცვას ის გარემო, რომელშიც ცხოვრობს, რადგან ნებისმიერი ჩვენგანის ქმედება გავლენას ახდენს მთლიანად დედამიწაზე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემაა, შესაბამისად, ხშირად ჩემი ნამუშევრები სწორედ ამ პრობლემებს ეხმიანება. 

როგორ ფიქრობ, ტროპიკული თემატიკა რაიმე ბავშვობის მოგონებას ან კონკრეტულ შთაბეჭდილებას ხომ არ უკავშირდება?

არ ვიცი ზუსტად, თუმცა ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც ბარსელონაში ჩემს პირველ მოგზაურობას უკავშირდება. იქ აღმოვჩნდი ოლიმპიადის შემდგომ წელს. ქალაქის მთავარ მოედანზე იმართებოდა თუთიყუშების ბაზრობა, რაც ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა აღმოჩნდა – უამრავი ულამაზესი თუთიყუში იყო გამოფენილი. დიდი ხნის შემდეგ, როდესაც ისევ აღმოვჩნდი ბარსელონაში, ბაზრობაზე გალიებში გამომწყვდეული ფრინველების ნაცვლად, მთელ ქალაქში აღმა-დაღმა დაფრინავდნენ თუთიყუშები და სულ მახსოვდა ეს ულამაზესი მოგონება. აღმოჩნდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ყველამ გადაწყვიტა, რომ გაეშვათ თუთიყუშები და დღეს ისინი მთელ ქალაქში ცხოვრობენ.

რა არის შენი შთაგონების ძირითადი წყარო?

შთაგონება ყოველთვის  გარემოდან მოდის, იმ მოვლენებიდან, რაც ჩემ ირგვლივ ხდება. შეიძლება მოგზაურობისას რომელიმე ქვეყანა გახდეს შთაგონების წყარო, ან, უბრალოდ, კონკრეტული ადამიანი, რომელმაც ვერც კი შეიძლება იფიქროს, რომ მთელი კოლექციის მუზა ის არის. ბევრია ისეთი წყარო, რის გამოც შეიძლება რაიმე შევქმნა. 

სოფო, ასევე ქმნი ძალიან ლამაზ ჯემპრებს, უფრო ვრცლად რომ მოგვიყვე, როგორ მიხვედი სამკაულიდან სამოსამდე… 

საბჭოთა სკოლაში ზოგს კულინარობას ასწავლიდნენ, ზოგს ქარგვას… ისე აღმოჩნდა, რომ ქსოვა  სწორედ სკოლაში ვისწავლე. შემდგომ ისე შემიყვარდა, რომ ჩემს ნაცნობებს, ოჯახის წევრებს ჩემი მოქსოვილი ტანსაცმელი ეცვათ. თუმცა იყო ისეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც საერთოდ აღარ მქონდა ქსოვის სურვილი. 13 ივნისის ტრაგედია რომ დატრიალდა, მახსოვს, გავიქეცი, ვიყიდე ჩხირები, ძაფები და ბევრი რამ
მოვქსოვე ცხოველებისა და მცენარეების გამოსახულებებით. თითქოს ამით გადამქონდა იმ პერიოდის სირთულეები, რაც მთელი ქვეყნის ტრაგედია იყო. ახლა უკვე თითქმის 4 წელია, ისევ აქტიურად ვქსოვ. 

შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში მომხდარი სხვადასხვა მოვლენა შენს ნამუშევრებში აისახება… 

კი, შეიძლება. თბილისშიც ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი წელიც კი მიფიქრია იმაზე, თუ როგორ უნდა მეპასუხა იმ კითხვაზე, რაც დამებადა. უბრალოდ, ისეთი ადამიანი აღმოვჩნდი, რომ ჩემზე ძალიან მძაფრად მოქმედებს ნებისმიერი ამბავი თუ მოვლენა. ბევრი საუბარი არ მიყვარს და ჩემი შემოქმედებაა ის ხერხი, რომლითაც საკუთარ თავსა და შეხედულებებს უფრო მარტივად და თავისუფლად გამოვხატავ. ხშირად ისეც ხდება, რომ ბევრს ამოუცნია კიდეც ჩემი სათქმელი ან სხვადასხვა სახის ინტერპრეტაციით საინტერესო ამბები შეუქმნიათ, რაც თამაშის დონეზე ჩემთვის ძალიან მიმზიდველია. 

შენი ნამუშევრები იყიდება მსოფლიოს ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიებში, ლონდონში – “ლიბერთიში”, ტოკიოში – “კონცენტოში”…

ეს ყველაფერი თავისით ხდება, მე არაფერი წვლილი არ მიმიძღვის, გარდა იმისა, რომ ვმუშაობ. ლონდონის კონცეპტუალური მაღაზია “ლიბერთისთვის” მსოფლიოდან სულ 7 ხელოვანი შეირჩა და ამ შვიდეულის წევრი მეც აღმოვჩნდი. რაც შეეხება ტოკიოს კონცეპტუალურ მაღაზიას, იქ  სოფო ჭყონიას მიერ პარიზში გამართული შოურუმებიდან გამიცნეს. შემდეგ “კონცენტო” სამი წელი მაკვირდებოდა, ალბათ აინტერესებდა, გავიზრდებოდი თუ არა, იქნებოდა თუ არა პროგრესი და სამი წლის თავზე უკვე გავაფორმეთ კონტრაქტი. 

ჩემთვის ყოველთვის ძალიან საინტერესოა  ამ კონცეპტუალურ მაღაზიასთან თანამშრომლობა, რადგან ერთადერთია, რომელმაც არ იცის, მე რას ვუგზავნი და სულ მოლოდინია, როგორ მიიღებენ ჩემს ნამუშევრებს. შესაბამისად, პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია. 

როგორ დაახასიათებდი ადამიანს, რომელიც შენს ნამუშევარს ატარებს?

ვფიქრობ, რომ არის ძალიან მრავალფეროვანი, რომელიც იაზრებს, რატომ ირჩევს ჩემს კონკრეტულ ნამუშევარს. ძალიან ხშირად მწერენ, რომ შეძენილი ნივთის გარეშე ვერ მუშაობენ, ვერ მოგზაურობენ და ასე შემდეგ. თითქოს ამულეტის დატვირთვა აქვს ჩემს შემოქმედებას მათ ცხოვრებაში. ჩემთვისაც სწორედ ეს არის საინტერესო, როდესაც ადამიანები გრძნობენ, თუ რა მიზნით გავაკეთე კონკრეტული ნამუშევარი და რა მნიშვნელობა აქვს მას. 

საყვარელი ნამუშევარი… 

ძალიან რთულია რომელიმეს არჩევა. თუმცა არსებობს ერთი ნივთი – თვითმფრინავი, რომელიც პირველი ნამუშევარია და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. 

როგორია შენი ერთი შემოქმედებითი დღე?

როგორც წესი,  ძალიან ადრე იწყება, არ მიყვარს დროის ტყუილად დაკარგვა. ყოველთვის ერთნაირი არ არის, რა თქმა უნდა, და გააჩნია ეტაპებსაც. არის ხოლმე პერიოდები, როდესაც ინტენსიურ ფიქრში ვარ და თითქმის არაფერს არ ვქმნი. არის მომენტები, როდესაც პირიქით ხდება ყველაფერი. 

რას აკეთებ თავისუფალ დროს? 

ძალიან მიყვარს მოგზაურობა და როდესაც დრო გამომიჩნდება, ვცდილობ ყოველთვის ახალი ადგილები აღმოვაჩინო. თუმცა ძალიან იშვიათად ვახერხებ, რომ ჩემთვის დრო გამოვნახო და სადმე წავიდე, ძირითადად ვმოგზაურობ იმიტომ, რომ რაღაც საქმე მაქვს.

სამომავლო გეგმები… 

ალბათ ვერ მოგიყვებით, რადგან ძალიან ბევრია. ჩემს გუნდთან ერთად ვეცდები, რომ სულ უფრო და უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ნამუშევრები შემოგთავაზოთ. 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე

 


რეკომენდებული სტატიები
Hammock-ის რუბრიკა იმედის დილაში
Play Video

Hammock-ის რუბრიკა იმედის დილაში

Hammock-ის რუბრიკა იმედის დილაში
დღეს Hammock-ის რუბრიკის სტუმარი შაბათ-კვირის დილა–ში დიზაინერი სოფო გონგლიაშვილი იყო. სიუჟეტიდან გაიგებთ როდის და რატომ გადაწყვიტა სოფომ აქსესუარებისა და ტანსაცმლის დიზაინის შექმნა, რა არის მისი შთაგონება და როგორ მოხვდა მისი ნამუშევრები მსოფლიოს ისეთ ცნობილ კონცეპტუალურ მაღაზიებში როგორებიც არის Liberty London და Concento Paris H.P.France
Hammock-ის ახალი ფოტოსესია Disparu sur la Côte d'Azur
Play Video

Hammock-ის ახალი ფოტოსესია Disparu sur la Côte d'Azur

Hammock-ის ახალი ფოტოსესია Disparu sur la Côte d'Azur
"იმედის დილა" Hammock-ის ახალ ფოტოსესიაზე. ხვალ ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნდება Muzaradi-სა და დიზაინერ სოფო გონგლიაშვილის კოლაბორაციაზე გადაღებული ფოტოსესია სახელწოდებით - Disparu sur la Côte d'Azur
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.