fbpx
გააზიარე სტატია

The Shop – ახალი კონცეპტუალური მაღაზია სასტუმრო “სტამბაში”

ყოფილი საბჭოთა კავშირის გამომცემლობის შენობა ცოტა ხანია, რაც “აჭარა ჯგუფის” ახალი პროექტის, სასტუმრო “სტამბას” ადგილსამყოფელი გახდა. მიუხედავად მოკლე დროისა, იგი უკვე მსოფლიოში ცნობილი სასტუმროს ბრენდია. თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მხოლოდ სასტუმროსი – “აჭარა ჯგუფის” მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, “სტამბა” არა მხოლოდ სერვისის, არამედ ქართული დიზაინის, ხელოვნების, არქიტექტურისა და კულტურის კერად გადაიქცა. 

ამ უზარმაზარ, დახვეწილი და კრეატიული გუნდისგან შემდგარ კომპლექსში ქართველ ხელოვანთა სახელოსნოების – Space Farm-ისა და Hotel Atelier-ის გარდა სულ ცოტა ხნის წინ სასტუმროს კონცეპტუალური მაღაზიაც გაიხსნა, რაც ბრენდის ფილოსოფიის კიდევ ერთი ატრიბუტია. The Shop-ის სივრცეში პირველივე ნაბიჯები ხაზს უსვამს სასტუმრო “სტამბას” ღირებულებებს: ქართველი ხელოვანების მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა, ძველი კულტურის თანამედროვე სახით გაცოცხლება, ეკო მეგობრული გარემოს შექმნა და მისი პოპულარიზაცია.

არ გეგონოთ, რომ The Shop ვინმესთვის მიუწვდომელია, პირიქით, ის მოუთმენლად ელის როგორც “სტამბას” სტუმრებს, ასევე ადგილობრივებს, რადგან აქ ნებისმიერი ადამიანისთვის მოიძებნება რაღაც საინტერესო, რომელიც “აჭარა ჯგუფის” სასტუმროებში მიღებული შთაბეჭდილებების პატარა ნაწილი გახდება.

ქართველ და უცხოელ ხელოვანთა კონცეპტუალური ნივთების გარდა მაღაზიაში შეხვდებით  განთქმული ბრენდის უმაღლესი ხარისხის თავის მოვლის საშუალებებს, და თუკი უეცრად კაკაოს სურნელმა თავბრუ დაგახვიათ, არ გაგიკვირდეთ, ეს Chocolatery & Roastery-ის კაკაოს ქერქისგან დამზადებული სანთლებია, რომელთა არომატი და ორიგინალური ვიზუალი უყურადღებოდ ნამდვილად არ დაგრჩებათ. 

გამოგიტყდებით და თავადაც ვერ წარმოვიდგენდი იმ მრავალფეროვან, კრეატიულ და საინტერესო იდეებით შექმნილ პროდუქციას, რაც მაღაზიაში დამხვდა. ამიტომაც, ჯობს საკუთარი თვალით ნახოთ და გაეცნოთ The Shop-ს, თანაც, როგორც ამბობენ, ნელ-ნელა უფრო მეტი სიახლე გელით და ბევრ ისეთ ნივთს აღმოაჩენთ მაღაზიის თაროებზე, რომლებიც ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით ექსკლუზიურად The Shop-ისთვის შეიქმნება. 

ავტორი: ქეთევან ბარბაქაძე

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.