fbpx
გააზიარე სტატია

კინო სტენლი კუბრიკის თვალით

ამერიკელი რეჟისორი, სცენარის ავტორი და პროდიუსერი სტენლი კუბრიკი კინემატოგრაფიის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია, რომლის მიერ შექმნილი კინოსურათები რეალობისა და ფანტაზიის ერთგვარ შერწყმას წარმოადგენს, რაც ფორმის თვალსაზრისით სტენლი კუბრიკისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური ინტერიერით, კონტრასტული ფერებითა და მოდერნისტულ გარემოში ვინტაჟური ელემენტების შეტანით გამოიხატება. ხელოვნებიდან, მუსიკიდან, კინოს ისტორიიდან, დიზაინიდან და ლიტერატურიდან შთაგონებულმა კუბრიკმა თავისი შემოქმედებითი კარიერის განმავლობაში 16 ფილმი გადაიღო, რომელთაგან რამდენიმემ სხვადასხვა ნომინაციაში პირადად რეჟისორს ხუთი ოსკარი, BAFTA და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

თუმცა, სანამ რეჟისორი გახდებოდა, მანამდე მის ცხოვრებაში ფოტოგრაფია გაჩნდა. ცამეტი წლის იყო, როცა მამამ პირველი ფოტოაპარატი აჩუქა, იღებდა ყველაფერს, რაც გარშემო ხვდებოდა: მეგობრებს, ქალაქის ხედებს თუ მეზობლის სახლებს. პირველი ფოტო კი თვრამეტი წლის ასაკში ჟურნალ Look-ს მიჰყიდა, რის შემდეგაც მალევე ამ ჟურნალის ფოტორეპორტიორი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფად მუშაობდა, კინოსადმი ინტერესი მასში მუდმივად იჩენდა თავს, ცდილობდა, სახელმძღვანელოებიდან თეორიული ცოდნა, ფილმებიდან კი პრაქტიკული უნარ-ჩვევები მიეღო. 40-იანი წლების დასაწყისში კუბრიკმა თავისი პირველი დოკუმენტური ჟანრის ფილმები გადაიღო, ფოტოგრაფიას თავი დაანება და ძირითად დროს პროფესიონალ რეჟისორებთან ერთად მუშაობასა და საკუთარი მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებას უთმობდა.

პირველი ფილმი კალიფორნიაში 1953 წელს ოცდახუთი წლის ასაკში გადაიღო, Fear and Desire-ს მალევე მოჰყვა Killer’s Kiss და The Killing, რომლებიც კომერციული თვალსაზრისით წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა რეჟისორს ჰოლივუდის მხრიდან გარკვეული დაინტერესება მაინც მოუტანა – კუბრიკმა მალევე მიიღო ფინანსური მხარდაჭერა და შეთავაზება მომდევნო ფილმი Path Of Glory გადაეღო, სადაც მთავარ როლს მსახიობი კირკ დუგლასი ასრულებდა. ფილმმა დიდ ფინანსურ წარმატებას მიაღწია, ეს ნაბიჯი კუბრიკისთვისაც პირადი წარმატების მომტანი იყო, რომლის წინაშეც ჰოლივუდის ელიტარული წრეების კარი სამუდამოდ გაიღო.

ირკ დულასმა შეასრულა მთავარი როლი მის მომდევნო ფილმშიც – „სპარტაკი“, რომელიც კუბრიკის შემოქმედებით სიაში პირველი ფერადი ფილმია. ისტორიული დრამა პირველია 1960-იანი წლების ყველაზე ძვირად ღირებული ფილმების სიაშიც, 12-მილიონიანი ბიუჯეტი იმ პერიოდის კინოსთვის ნამდვილად წარმოუდგენელი იყო. “სპარტაკმა” ოსკარის ოთხ ნომინაციაში მთავარი ჯილდო მოიპოვა, I am Spartacus სცენამ კი, რომლის გადაღებაც კუბრიკს სულელურ იდეად მიაჩნდა და დუგლასის დაჟინებული მოთხოვნით მაინც გადაიღო, კინემატოგრაფიის ისტორიაში თავისი კვალი სამუდამოდ დატოვა.

სხვათა შორის, ამ საკულტო ფრაზამ გაგრძელება კუბრიკის შემდეგ ფილმშიც პოვა – “ლოლიტას” ერთ-ერთ სცენაში პერსონაჟი რეჟისორის წინა ფილმის სცენარიდან იმეორებს სიტყვებს:

– Are You Quilty?

– No I am Spartacus, Have You Come to free the slaves or Something.

დღეს უკვე დევიდ ლინჩის საყვარელი “ლოლიტა” სტენლი კუბრიკისთვის 60-იანი წლების ახალ გამოწვევას წარმოადგენდა. უპირველესად, იმიტომ რომ 400-გვერდიანი რომანის ფილმად ქცევას, როგორც შემდეგ დაითვალეს, შვიდსაათიანი ქრონომეტრაჟი დასჭირდებოდა და მეორეც, იმდროინდელი ცენზურის მკაცრ პირობებში წარმოუდგენელი იყო ყველა იმ ეროტიკული სცენის გაცოცხლება, რომელიც ვლადიმერ ნაბოკოვს თავის რომანში ჰქონდა აღბეჭდილი. ამიტომაც, კუბრიკის ფილმის სცენარმა ზოგიერთ შემთხვევაში ორიგინალურ ტექსტს გადაუხვია, თუმცა წლების შემდეგ რეჟისორმა ისიც თქვა, რომ “ლოლიტას” ან საერთოდ არ გადაიღებდა, ან ეროტიკულ ურთიერთობებს მასში ისევე გადმოსცემდა, როგორც ეს რომანის ავტორმა აღწერა. თუმცა, მიუხედავად რეჟისორის უკმაყოფილებისა, კუბრიკის “ლოლიტამ” კინოს ისტორიაში თავისი სახელი მაინც დატოვა, ყველაზე უფრო მეტად კი გამორჩეული ვიზუალური ესთეტიკით.

“ლოლიტას” შემდეგ სტენლი კუბრიკის შემოქმედებაში იყო Dr. Strangelove სატირული შავი კომედია, სადაც რეჟისორი საბჭოთა რეჟიმსა და ამერიკას შორის ცივი ომის და ატომური კონფლიქტის საფრთხეს შავი იუმორით გადმოგვცემს. ფილმი გამორჩეულია თავისი ვიზუალური მხარით, უფრო ზუსტად კი კენ ადამის მიერ შექმნილი ომის ოთახის დიზაინით, რომელიც რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა არა მხოლოდ კუბრიკის ფილმების, არამედ მთელ კინემატოგრაფიის ისტორიაში შექმნილი გადასაღები მოედნების დიზაინებს შორის საუკეთესოდ აღიარა. ზოგადად, შთამბეჭდავი ინტერიერის დიზაინი კუბრიკის დამახასიათებელი სტილია, რომელიც რეჟისორმა ხან განათებით, ხან მინიმალისტური ინტერიერის დიზაინით, გეომეტრიული, ზოგჯერ უცნაური ფორმებით და, რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგად ცნობილი კონტრასტული ფერის პატერნებით შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დეტალების გამო მაყურებელი თითქმის ყველა სურათის შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა, ფილმი, რომელიც ყველაზე უფრო შთამბეჭდავი ვიზუალით გამოირჩევა, 1968 წელს გადაღებული A Space Odyssey-ია. არტურ კლარკის მიერ შექმნილი სცენარი სტენლი კუბრიკმა მინიმალური დიალოგების და შთამბეჭდავი სპეცეფექტების საშუალებით ასახა. სპეციალურად ფილმისთვის შექმნილი სცენარი კლარკმა სულ მალე რომანის სახითაც გამოსცა, მიუხედავად ფილმსა და წიგნს შორის არსებული მცირე განსხვავებებისა, ორივე მათგანისთვის ამბის ძირითადი ნაწილი ერთნაირია და ის ადამიანის არსებობის, ამ სამყაროში მისი როლის, ეგზიტენციალური პრობლემების და ადამიანის ევოლუციის საკითხების კვლევას ეხება. უფრო ზუსტად კი ამ თემების მიმართ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მცდელობაა, რადგან როგორც რეჟისორი და სცენარის ავტორი განმარტავენ: ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ფილმში თქვენთვის ყველაფერი ნათელი და გასაგებია, რადგან წიგნიც და ფილმიც უფრო მეტად კითხვების დასმაა, ვიდრე ამ კითხვებზე პასუხის მიღება.

კიდევ ერთი წიგნი, რომელიც კუბრიკის ფილმს საფუძვლად დაედო, ენტონი ბერჯესის “მექანიკური ფორთოხალია”, რომლის ადაპტირებული სცენარი ფილმისთვის თავად კუბრიკს ეკუთვნის. ბრიტანეთში მცხოვრები მოძალადე დაჯუფების ახალგაზრდა წევრების ცხოვრების და იმ პერიოდში არსებული ბრიტანეთის სოციალური პრობლემების ასახვა რეჟისორმა მისთვის დამახასიათებელი სტილით შეძლო. მიუხედავად უამრავი კრიტიკისა, ფილმი რეჟისორის შემოქმედების ერთ-ერთ საეტაპო ნამუშევრად ითვლება, სადაც მთავარი როლის შემსრულებელი მალკოლმ მაკდაუელი სამსახიობო ხელოვნების უმაღლეს კლასს გვთავაზობს. ფილმი გამორჩეულია თავისი ვიზუალური ესთეტიკითაც, მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური ოდისეის შემდეგ ფანტასტიკური ელემენტების და შესაბამისად, მძაფრი შთაბეჭდილებების შემცველი ვიზუალური სპეცეფექტები არ გვხვდება, ვხვდებით ძალიან საინტერესო ინტერიერის დიზაინს და ავეჯის უცნაურ, არარეალურ ფორმებს, რომლის შთაგონებაც რეჟისორმა 60-იან წლებში ბრიტანეთში გავრცელებული ავეჯის დიზაინიდან მიიღო.

სტენლი კუბრიკმა თავის მომდევნო ფილმშიც სცენარის ორიგინალურ პირველწყაროდ ისევ ლიტერატურული ნაწარმოები აირჩია. ამჯერად მწერალ სტივენ კინგის რომანზე დაყრდნობით კუბრიკმა საშინელებათა ჟანრის ფილმი – The Shining გადაიღო. მიუხედავად იმისა, რომ სტივენ კინგი დღემდე ვერ იტანს “ნათებას”, ფილმი ამ ჟანრის კლასიკად არის მიჩნეული. მოქმედება, რომელშიც მთავარ როლს ჯეკ ნიკოლსონის გმირი ჯეკი ასრულებს, ამერიკული სასტუმროს ინტერიერში ხდება. ეს სასტუმროც და მისი ინტერიერიც ფილმის მთელ შინაარსობრივ და ვიზუალურ მხარესთან ერთად მომდევნო წლებში პოპ კულტურაში სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა. მასობრივ კულტურაში სამუდამოდ შემორჩა სასტუმროს იატაკის პატერნები, უჩვეულო ინტერიერისთვის დამახასიათებელი დეტალები და მსახიობების კოსტიუმები, რომლებმაც კუბრიკის შემდგომ, უფრო გვიანდელ რეჟისორებს და ზოგადად, ხელოვანების შემოქმედებას ახალი, შთამაგონებელი მუხტი მისცა.

ისევ ომის თემას დაუბრუნდა კუბრიკი თავის შემდგომ ფილმში Full Metal Jacket, რომელშიც ამჯერად ვიეტნამის ომის პრობლემას იმაზე უფრო სიღრმისეულად იკვლევს, ვიდრე კარიერის დასაწყისში ომის თემაზე გადაღებულ სხვა ფილმებში. შეიძლება ითქვას, რომ კუბრიკი აქ არა რაიმე კონკრეტული ამბის მორალურ ჭრილში ხედვას გვთავაზობს, არამედ უფრო მეტად ომის ხასიათისა და ფენომენის ამოხსნას ცდილობს, რისთვისაც ამ თემის ირგვლივ არსებული უამრავი დოკუმენტური მასალის განხილვა უწევს. ამ ყველაფრის შედეგად კი Full metal Jacket სტენლი კუბრიკის გვიანდელ ნამუშევრებს შორის მაყურებლისთვის ერთ-ერთ ფავორიტ ფილმად რჩება, რომელმაც რამდენიმე წამყვან კინოფესტივალზე ბევრი სხვადასხვა ნომინაცია დაიმსახურა.

Full Metal Jacket-ის შემდეგ ერთადერთი ფილმი, რომელიც კუბრიკმა მოასწრო “ფართოდ დახუჭული თვალებია”, ეს ფილმი იქამდე გადაღებული ფილმებისგან სრულიად განსხვავებული, უფრო ზუსტად, სრულიად ოპტიმისტური ფილმია არა მხოლოდ ფორმის, არამედ შინაარსის თვალსაზრისითაც, აქ კუბრიკი ისეთ თემებს ეხება, როგორებიც სიყვარული, სექსუალობა, ადამიანის ბუნება და ამ ბუნების თანმდევი შიშია, რომელსაც რეჟისორი რეალური და სიზმრისეული სამყაროების მიჯნაზე და ძალიან, ძალიან ბევრი სინათლის ფონზე გამოხატავს.

„თუკი რაიმეს დაწერა ან წარმოდგენა შესაძლებელია, ესე იგი შესაძლებელია, რომ ის ფილმად აქციო”, – ამბობს კუბრიკი და ამ სიტყვებს ხან ნაბოკოვის მიერ დაწერილი “ლოლიტას” ეკრანიზაციით, ხან ბერჯესის “მექანიკური ფორთოხლით” და ხანაც საკუთარ ფანტაზიებში წარმოდგენილი “კოსმოსური ოდისეით” ამტკიცებს. და მიუხედავად მთავარი ამბის სხვადასხვაგვარობისა, ის, რაც ყველა მის ფილმს აერთიანებს, მხოლოდ კუბრიკისთვის დამახასიათებელი მაღალი დონის ვიზუალური შთაბეჭდილებაა, რომლის შედარებაც ალბათ მხოლოდ მუსიკასთან შეიძლება, არ აქვს მნიშვნელობა ტექსტს, ყოველი კადრი მუსიკის მსგავსად, თავისთავად, მსახიობების გარეშეც არსებობს, ხანდახან კი კინოს მედიუმსაც ტოვებს და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში დამოუკიდებელ ნამუშევრებად აგრძელებს თავის გზას.

შეგახსენებთ, რომ სტენლი კუბრიკის ფილმების მარათონის ფარგლებში, კინოთეატრი “ამირანი” და თიბისი სტატუსი რეჟისორის საკულტო ფილმების კვირეულს წარმოგვიდგენს, რომელსაც 20 სექტემბერს “კოსმოსური ოდისეა” გახსნის.

ავტორი: გვანცა ჩანადირი


რეკომენდებული სტატიები
კვენტინ ტარანტინო – ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი და სახელოვანი რეჟისორი

კვენტინ ტარანტინო – ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი და სახელოვანი რეჟისორი

კვენტინ ტარანტინო – ჰოლივუდის ყველაზე ხმაურიანი და სახელოვანი რეჟისორი
ჰოლივუდის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი რეჟისორი, რომლის კარიერაც, ბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად, ორ ოსკარს, ამდენივე ოქროს გლობუსს, BAFTA-ს და ოქროს პალმის რტოს ითვლის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კინოთეატრებში 8 აგვისტოს ტარანტინოს ჯერჯერობით ბოლო ფილმის, Once Upon a Time in Hollywood-ის პრემიერა გაიმართება
ისევ პედრო ალმოდოვარის შესახებ

ისევ პედრო ალმოდოვარის შესახებ

ისევ პედრო ალმოდოვარის შესახებ
პედრო ალმოდოვარი - ესპანელი რეჟისორი, რომლის ფილმებიც პოპ კულტურისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით და ზღაპრული ოპტიმიზმით დასრულებული დაუჯერებელი სიუჟეტეტებით გამოირჩევა
სოფია კოპოლას ცხოვრების ტრილოგია

სოფია კოპოლას ცხოვრების ტრილოგია

სოფია კოპოლას ცხოვრების ტრილოგია
თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ფემინური კინოსურათების ავტორის შთაგონების წყარო ხშირად თავისივე ბიოგრაფიის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდებია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.