fbpx
გააზიარე სტატია

ზაფხულის ჯანსაღი ცხოვრების გზამკვლევი

ზაფხულის მზიანი, გრძელი დღეების სეზონი ნაკლებ ქაოსთან, მეტ დასვენებასა და განტვირთვასთან ასოცირდება, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჯანსაღი ცხოვრება ამ სეზონზეც საკმაოდ მნიშვნელოვანია. ზაფხულის თვეებში უფრო მეტად ვანათებთ, ხშირი კონტაქტი გვაქვს ბუნებასთან, დიდია აუზთან ნაყინის მირთმევის ან გვიან დაძინების ცდუნებაც…  ეს რჩევები კი დაგეხმარებათ, რომ არ მოდუნდეთ და შეინარჩუნოთ ჯანსაღი სხეული, გონება და სული.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – წყალი 

სხეულისთვის საკმარისი რაოდენობის წყალს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ორგანიზმის დეჰიდრატაციამ შესაძლოა ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს, ზაფხულის ცხელ თვეებში კი ამის რისკი მნიშვნელოვად იზრდება. მზის მწველი სიცხე და ხშირი ოფლიანობა სხეულის დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომ საჭიროა, რომ დღიურ ნორმაზე მეტი წყალი მივიღოთ. ამასთან ერთად ხშირად ორგანიზმს წყურვილი შეიძლება შიმშილშიც აერიოს. ატარეთ ბოთლით წყალი ყველგან. ჰიდრატაცია აღადგენს თქვენს ენერგიას მზის მწველ სხივებში.

თუ მხოლოდ წყალი მოგბეზრდათ, ზაფხული გაძლევთ იმის საშუალებას, რომ ის ნაკლებად მოსაწყენი გახადოთ. გააზავეთ წყალი ხილით (მარწყვი ან სხვა კენკრა), ლიმონით, ლაიმით, კიტრით ან პიტნის ფოთლებით – ბევრი ყინულიც არ დაგავიწყდეთ, რაც წყალს უფრო სასიამოვნოს გახდის ცხელ დღეებში.

შეგიძლიათ მიიღოთ წყლით “სავსე” საკვებიც, როგორიცაა საზამთრო, ნესვი, კიტრი და პომიდორი.

არ დაიზაროთ მოძრაობა

მოძრაობა და ვარჯიში აუცილებელი კომპონენტებია ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის. ფიზიკური აქტივობა სხეულს აჯანსაღებს და გამოყოფს ბედნიერების ჰორმონს – სეროტონინს.

ცხელ დღეებში დიდია იმის ცდუნება, რომ ნაკლებად იმოძრაოთ და არ დაიღალოთ,  მაგრამ შეგიძლიათ ნანატრი ზაფხულის დღეები ბუნებაში გაატაროთ – წადით ლაშქრობაზე, სასეირნოდ ან  ბუნებაში ივარჯიშეთ. ამ დროს მზისგან ვიტამინ D-საც მიიღებთ.

სირბილი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა, მაგრამ ეს აუცილებლად დილით ადრე ან საღამოს უნდა გააკეთოთ, რადგან მწველ მზეს აარიდოთ თავი. არ დაგავიწყდეთ მზის სათვალის, დამცავი კრემისა და ქუდის ტარება, თუ ამას დილას აპირებთ.

თუ გარეთ ყოფნა მაინც არ გსიამოვნებთ, სიახლე შემატეთ რუტინას – შეიარეთ სავარჯიშო დარბაზში ან შეუერთდით იოგას კურსებს.

ცურვა კიდევ ერთი ვარიანტია, რომ სხეული გააჯანსაღოთ ზაფხულში. ცურვის დროს მთელი სხეული იტვირთება, ჯანსაღდება და ამავდროულად გრილდება.

 

არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი

მზისგან დამცავი კრემი კანის კიბოს და დამწვრობების რისკს ამცირებს. მზის მწველი სხივები სხეულის ექსტრემალურ დეჰიდრატაციას იწვევს, ამიტომ საჭიროა ზაფხულში, როდესაც მზის რადიაცია და ულტრაიისფერი ნათება მეტად მაღალია, მუდამ ატაროთ დამცავი საშუალება. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანი გიწევთ გარეთ ყოფნა, აუცილებელია ზაფხულის მწველ დღეებში მინიმუმ 30 SPF-ის მქონე მზის დამცავი კრემის ტარება. მზის დამცავი კრემი ასევე კანს აჯანსაღებს და აფერხებს მისი დაბერების პროცესს.

ამ ყველაფრის მიუხედავად მოერიდეთ მზეში ყოფნას 11-დან 4 საათამდე, როდესაც გამოსხივება ყველაზე მაღალია და მზე ზენიტშია.

დაიცავით თვალებიც

მზის ულტრაიისფერი სხივებისგან თვალების დაცვაც აუცილებელია. გამოიყენეთ მზისგან დამცავი სათვალეები, რომელიც ბლოკავს ულტრაიისფერი ნათების 99 %-ს. მზისგან დამცავი სათვალეები ამცირებს კატარაქტის რისკს და აგრეთვე თვალების გარშემო ნაოჭების გავრცელებას.

ჯანსაღი კვება 

რთულია ზაფხულში ცივი ნაყინისა და არაჯანსაღი საკვების მიღების ცდუნებას გავუძლოთ, მაგრამ ამ დროს ორმაგად სასიამოვნოა ჯანსაღი, ვიტამინებით სავსე და მსუბუქი საკვების მირთმევა. აუზზე თუ პიკნიკზე წასვლისას თავად გაამზადეთ და წაიღეთ ჯანსაღი წასახემსებლები – ბოსტნეულის ჩხირები ჰუმუსით, სხვადასხვა სახეობის ხილი, წყალი.

ზაფხულში ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია საუზმე – სწორი კვების გარეშე დილიდან სხეულმა შესაძლოა მზის სხივებში ზიანი მიიღოს, დეჰიდრატაციამ კი გულის წასვლაც გამოიწვიოს. ჯანსაღი, დაბალანსებული საუზმე კი ამ რისკებს ამცირებს.

ჩართეთ კრეატივი და ისწავლეთ ახალი რეცეპტები, როგორიცაა ჯანსაღი სალათები.  მრავალგვარი კენკრა, ხილი და ბოსტნეული ამ ყველაფერს უფრო ადვილს და მრავალფეროვანს ხდის.

არ დაგავიწყდეთ, რომ ცხელ ამინდში საკვები უფრო მალე ფუჭდება, ამიტომ მეტი სიფრთხილე გმართებთ.

აგრეთვე ზაფხულში რეკომენდებულია მძიმე ალკოჰოლურ სასმელებზე უარის თქმა და უფრო მსუბუქის არჩევა – მაგალითად, ცივი სანგრია ხილით ან ცივი ლუდი.

ZzzZzzZ

ძილის ნაკლებობა ასოცირდება მრავალი დაავადების რისკთან და ხასიათის ნეგატიურ ცვლილებებთან.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყოველ ღამე ორგანიზმისათვის საკმარისი ძილი (ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულია 7-9 საათი).

ზაფხულში ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ სტაბილური ძილის დრო ყოველდღე და დილასაც ადრე გაიღვიძოთ – საკმარისი რაოდენობის ძილით ლაღი და  ენერგიით სავსე ვიღვიძებთ. ეცადეთ, საკმარისად გამოიძინოთ.

სახლიც საზაფხულოდ მოიწყვეთ

გაანიავეთ ოთახები! გააღეთ ფანჯრები, კარები და შემოუშვით სუფთა ჰაერი სახლში. გადაწმინდეთ მტვერი, გარეცხეთ ზეწრები და პლედები. დაამატეთ სურნელოვანი სანთლები ან ეთერზეთები, რომ თქვენს სახლში კარგი სურნელი ტრიალებდეს. ჯანსაღი და სუფთა გარემო მეტი მოტივაციაა ჯანსაღი ცხოვრებისთვის.

არ დაგავიწყდეთ სულისთვის სასიამოვნო რაღაცების კეთებაც – პოზიტიურად ფიქრი, სოციალური მედიით გართობის შემცირება და ასე შემდეგ.

Bon Voyage!

 

ავტორი: ანო ნეფარიძე

რეკომენდებული სტატიები
ინტერვიუ Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან

ინტერვიუ Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან

ინტერვიუ Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან
ჟურნალი Hammock წარმოგიდგენთ ინტერვიუს Lily Vanilli-ის შეფკონდიტერ ლილი ჯონსთან, შეფკონდიტერთან, რომელსაც ისეთ ვარსკვლავებთან უმუშავია, როგორებიც არიან ქეით მოსი, ტილდა სუინტონი, ელტონ ჯონი და ალექსანდერ მაქუინი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.