გააზიარე სტატია

TAF – რას ვნახავთ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაზე?

17-20 მაისი თბილისის ხელოვნების ბაზრობის დღეებია. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, გამოფენა ბაზრისა და ბიენალეს ნიშნებს აერთიანებს. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც გალერეები სხვადასხვა ქვეყნებიდან, ისე ინდივიდუალური ნამუშევრები. მათ შორის, აღსანიშნავია მე-11 პავილიონში მოთავსებული Valid Foto Gallery, რომელიც იაპონელი ფოტოგრაფის, მასაო იამამოტოს კოლექციას გვთავაზობს. იამამოტო ცნობილია თავისი მცირე ზომის ფოტოებით, რომლებიც ხშირად ბუნებას, სხეულს ან ნატურმორტებს აღბეჭდავენ. ის თავის ნამუშევრებს სხვადასხვა მხატვრული ტექნიკით ამუშავებს. საბოლოო შედეგი მეხსიერების ფრაგმენტებს ჰგავს, რომლებიც სამყაროზე განზოგადებულ ისტორიებს გვიყვებიან. ამ ნიშნით იამამოტო იაპონურ კულტურაში არსებულ ტრადიციებსაც აცოცხლებს. არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა TBC Gallery-ს მიერ წარმოდგენილი რობერტ კაპას ფოტოგრაფია. კაპა მაგნუმის ერთ-ერთი დამაარსებელი და ზოგადად, ფოტოგრაფიაში ჟურნალისტიკის და ომის დოკუმენტალისტიკის პიონერია. კაპას ცნობილ ნამუშევრებს მიეკუთვნება ესპანეთის სამოქალაქო ომი, მეორე მსოფლიო ომის ამსახველი კადრები, პოსტ-რევოლუციური რუსეთი და სხვ. მისი ფოტოგრაფიის უკან მუდმივად დაძაბულობა და სიკვდილის საშიშროება მოიაზრება.

ამავე პავილიონში, I Art Gallery-ს კოლექციაში, გამოფენილია ჟურნალი „ნიანგი“, რომელიც ცოტამ თუ იცის რა მნიშვნელობის მატარებელია ეროვნულ არქივში. “ნიანგი” საბჭოთა სატირულ-იუმორისტული ჟურნალი იყო, რომელიც 1923 წლიდან თბილისშიც გამოიცემოდა. მის ძირითად მიზანს სოციალური მანკიერებების კრიტიკა წარმოადგენდა. “ნიანგთან” ბევრი ცნობილი ქართველი მხატვარი, მწერალი და პოეტი თანამშრომლობდა.

მეხსიერების კოორდინატები ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი მე-6 პავილიონში, სადაც თქვენ შეხვდებით ფოტოარქივის უნიკალურ კოლექციას. აქ შეგიძლიათ ნახოთ იური მეჩითოვის, ნათელა გრიგალაშვილის, გიგო გაბაშვილის, გურამ წიბახაშვილის და სხვების ნამუშევრები. ყურადღებას იქცევს მეჩითოვის აღბეჭდილი სერგო ფარაჯანოვი, ასევე ბორის შავერდიანის კონცეპტუალური ფოტოესსეები. წარმოდგენილია ნატა სოფრომაძის სერიაც, რომელიც საფლავზე მოთავსებულ ყვავილებს აღბეჭდავს.

მე-5 პავილიონში ქართველი და უცხოელი მხატვრების ნამუშევრებია განთავსებული. აქ ნახავთ მამუკა ცეცხლაძის, ვახო ბუღაძის, ნინო ჩუბინიშვილის და სხვების ნამუშევრებს. გამოფენის ეს ნაწილი, უახლესი პერიოდის ქართული ხელოვნების სხვადასხვა აქცენტებს აერთიანებს.

მე-4 პავილიონში განთავსებული დელფინ ვიბუს ფოტოანაბეჭდები გამოფენის ზოგად ეფექტს ეხმიანებიან. მეხსიერების კოორდინატები აქ არსებით მნიშვნელობას იძენენ. ისინი უცხო ფრაგმენტებს გვთავაზობენ, რომლებიც ყოფიერებაში სხვადასხვაგვარად მჟღავნდებიან. ფოტოებზე ძირითადად ბუნების სურათებია აღბეჭდილი, რომლებიც ძლიერი განათების შედეგად გაქრობის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ალბათ ეს ნამუშევრები ყველაზე მეტად უახლოევდებიან საერთო კონტექსტს, რომელიც ცალკეული ისტორიული ფრაგმენტების გადარჩევას, მათ ხელახალ წარმოდგენას და გაცოცხლებას გულისხმობს.

ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში არაერთი შეხვედრა, დისკუსია და პერფორმანსია დაგეგმილი. რა თქმა უნდა, მსგავსი კომპლექსური გამოფენა, ჩვენთვის ახალ ფორმატს წარმოადგენს, რომელიც განახლებული კულტურული საზრების მატარებელი შეიძლება გახდეს. განსხვავებით ტრადიციული გამოფენებისგან, ექსპო ჯორჯიას პავილიონში მოსული სტუმრებისთვის გარემო, ნამუშევრები, დიალოგი და დისკუსია ერთ სივრცეში ერთიანდება, რაც გამოფენაზე დიდი ხნით დარჩენის, დასვენების და სიახლეების აღმოჩენის საშუალებას იძლევა.


ავტორი: დათო კოროშინაძე


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.