fbpx
გააზიარე სტატია

თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა

ადგილი – თბილისი, საქართველო

თარიღი – 17-19 მაისი

უკვე მეორე წელია ეს ადგილი და დრო ადგილობრივი და საერთაშორისო სახელოვნებო წრეების წარმომადგენელთა გეგმებშია ჩანიშნული.

თუკი ბოლო დროს ცნობილი გამოცემები და მედიალიდერები თბილისს რეივის ახალ მექად მოიხსენიებდნენ, მოგზაურებს ისევ ბერლინში წასვლის ნაცვლად, საქართველოს დედაქალაქის აღმოჩენას ურჩევდნენ, ტრადიციულად კი უგემრიელეს კერძებს, ღვინის უძველეს კულტურასა და ქართველების სტუმართმოყვარეობას აღნიშნავდნენ, ახლა უკვე სათაურით – „10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვესტუმროთ თბილისს“ – ჩამონათვალში TAF-იც გაჩნდა.

საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას ორგანიზებითა და თიბისი სტატუსის მხარდაჭერით თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობის მასპინძლობისათვის თბილისი უკვე მეორედ ემზადება და მალე ასობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოლექციონერს, კურატორს, ხელოვანს, გალერეასა და უბრალოდ ხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს გააერთიანებს.

„თბილისის საერთაშორისო ბაზრობა თიბისი სტატუსისთვის გამორჩეული პროექტია. შარშან სიხარულით შევუერთდით ამ ახალ წამოწყებას და წელს უკვე ვამაყობთ მისი მასშტაბით, ლოკალური და საერთაშორისო აღიარებით. წელს გადავწყვიტეთ პროექტის გენერალური სპონსორი გავხდეთ და საორგანიზაციო გუნდთან ერთად ხელოვნების მოყვარულებს ბევრი საინტერესო სიახლე შევთავაზოთ. ხელოვნების მხარდაჭერა თიბისი სტატუსის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ჩართულობით, უკეთესობისკენ ვცვლით ქართულ სახელოვნებო მიმართულებას და ხელს ვუწყობთ მის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლას,“ – ამბობს თიბისის პრემიუმ ბრენდების განვითარების მენეჯერი ბეკი ფანცხავა.

“It reminded me of Basel fair in its early days, when it was an event among friends.”

“It is much more than just a fair. It is an immersive experience into one of the world’s oldest and warmest cultures, one that will have you coming back for more.”

“The Expo Georgia venue, must count as one of the world’s most scenic exhibition sites.” – ასე გამოეხმაურნენ პირველ TAF-ს ცნობილი გამოცემები, ჟურნალისტები და არტ-კრიტიკოსები.

„არტ-მოსკოვისა და არტ-ვილნიუსის შემდეგ, რთული იყო რაღაც მსგავსის და თან განსხვავებულის შექმნა. TAF მაინც ახლებური ფორმატის პლატფორმა გამოვიდა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ჟანრს – ბაზრობასთან ერთად ბიენალეს, არტ-კვირეულსა და ფესტივალს აერთიანებს. საერთაშორისო და ადგილობრივი ვიზიტორები თანაბრად გაოცებულები და აღფრთოვანებულები იყვნენ იმ პლატფორმის გაჩენით, რომლის მსგავსიც საქართველოში მანამდე არაფერი ენახათ. შარშანდელი ბაზრობის შეჯამებისათვის ერთ-ერთი ცნობილი გამოცემის ეს წინადადებაც კი კმარა: „თბილისის ხელოვნების ბაზრობამ არტის შეძენის სიამოვნება აღადგინა.“ – წერს TAF-ის სამხატვრო ხელმძღვანელი  ერიკ შლოსერი.

პირველად ათწლეულების განმავლობაში ხელოვნება ფუფუნების საგნების კუთხით განხორციელებული ინვესტიციის სათავეში დგას და უსწრებს ძვირფას ღვინოებს, საათებს, საიუველირო ნაწარმს, მანქანებს. თუმცა, დღეს ხელოვნება აღარ არის მხოლოდ ელიტური, მაღალშემოსავლიანი მომხმარებლებისა და კოლექციონერებისათვის ხელმისაწვდომი სფერო. თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა სწორედ ის ადგილია, სადაც სხვადასხვა ფასის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

სამი დღის განმავლობაში ადამიანებს საშუალება ექნებათ შეიძინონ ნამუშევრები, დაესწრონ პარალელურ ღონისძიებებს, TAF-ის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გაიღრმავონ ცოდნა, უბრალოდ აღმოაჩინონ ადგილობრივი და საერთაშორისო საინტერესო ხელოვანები. TAF-ის საგამოფენო სივრცე ორ ნაწილად იყოფა: მთავარი სექცია გალერეებს უმასპინძლებს, ხოლო სახელოსნოს სპეციფიკური ფორმატი – The Hive დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე წარმოდგენილ ხელოვანებს მისცემს ნამუშევრების გამოფენის საშუალებას.

„ფორმატი უცვლელია, თუმცა წელს მეტი სიახლე იგეგმება. ჩვენი სიდიდისა და ეკონომიკის ქვეყანაში რთულია ერთ წელიწადში გალერეების რაოდენობამ იმატოს, ამიტომ მონაწილე ქართველი არტისტებისა და გალერეების ბირთვს მხოლოდ ერთი – ლიზა ოფერმანის გალერეა LC Queisser დაემატა. საერთაშორისო ხელოვანების მხრივ ხარისხი კიდევ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე შარშან. Expo Georgia-სთან ერთად ბევრი პარალელური ღონისძიება და საერთაშორისო ინიციატივაა დაგეგმილი: ექსპერიმენტული ხელოვნებისათვის შექმნილ „ღია სივრცეში“  ფრანგი კურატორის – თეო მარიო კოპოლას კურირებული 45-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ხელოვანის გამოფენა; ცნობილი ამერიკელი ფოტოარტისტის – ჯეკ კოენის პერსონალური გამოფენა Moma-ში; მუზეუმების დღეს – 18 მაისს ირინა პოპიაშვილის ტური ჩვენი სტუმრებისათვის; კოლექციონერების ვიზიტები გალერეებში,“ – ამბობს ექსპო ჯორჯია-ს დირექტორი კახა გველესიანი.

ბოლო დროს ხელოვნების ბაზრობებმა არტ-სამყაროს მოწინავე მოთამაშის როლი მოირგო. თუ 1970 წელს მხოლოდ 3 ხელოვნების ბაზრობა არსებობდა, დღეს მათი რაოდენობა 300-მდეა გაზრდილი. ცხოვრების ტემპმა იმატა, ამიტომ კოლექციონერებსა და „ბაიერებს“ აღარ აქვთ იმის ინტერესი და დრო, რომ ცალ-ცალკე გალერეები მოინახულონ – რეგიონული და განვითარებადი სახელოვნებო სცენების მიმართ მზარდი ინტერესი აქვთ და მოსწონთ, როდესაც ყველაფრის ერთ სივრცეში ნახვის საშუალება ეძლევათ. TAF-ის გეოგრაფიული ფოკუსი აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს, რაც დამთვალიერებელს სრულიად ახალი და განსხვავებული ხელოვნების აღმოჩენის საშუალებას მისცემს.

„TAF-ის მსგავსი მასშტაბური ღონისძიება საქართველოს არტ-სცენაზე ინფრასტრუქტურის დალაგებას, აუცილებელი რეგულაციების მიღებას, ასევე სხვა მნიშვნელოვან ძვრებსა და ცვლილებებს შეუწყობს ხელს. ამ ყველაფრის სათავეში, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი ხედვა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა უნდა იდგეს. საქართველომ ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური არასტაბილური გარემოს პირობებშიც კი მოახერხა რეგიონის კულტურულ ცენტრად და სახელოვნებო წრეებისათვის საინტერესო დანიშნულების წერტილად შენარჩუნებულიყო. აქ პასუხი ფესვებშია. საქართველო რეგიონისათვის ყოველთვის პოლიტიკურ-კულტურული ცენტრი იყო და ის უბრალოდ იბრუნებს ამ ფუნქციებს. საქართველოში ყოველთვის იყვნენ ნიჭიერი ახალგაზრდები. ფიროსმანიც ხომ გაჩნდა თავის დროზე  და ავანგარდისტების ეპოქაც შეიქმნა, რომელიც დღემდე კვლევის საგანია. წლევანდელი TAF-ის მიმართ საერთაშორისო ინტერესი ძალიან დიდია. იმედია, შემდგომი განვითარებისათვის ამ ინტერესის სწორად წარვმართავთ, იმიტომ რომ თბილისის ხელოვნების ბაზრობა ძალიან ხარისხიან კონტაქტებს ამყარებს  და ამ კონტაქტებს გაფრთხილება და სწორად გამოყენება სჭირდება“, ამბობს ექსპო ჯორჯია-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე კახა გველესიანი.

 

ავტორი: მარიამ ყანჩაველი

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.