გააზიარე სტატია

TAF – თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) ხელოვნების ყოველწლიური ბაზრობის პირველ გამოშვებას წარმოგიდგენთ, რომელსაც საგამოფენო ცენტრი Expo Georgia უმასპინძლებს. 2018 წლის 17–20 მაისს ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეების, ხელოვანებისა და კურატორების ერთობლივი ძალისხმევით TAF-ის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე გამოფენა, კონფერენცია, პერფორმანსი და სხვა კულტურული თუ საგანმანათლებლო ღონისძიება.

TAF იწვევს შერჩეულ გალერეებსა და ხელოვნების ინსტიტუტებს მთელი მსოფლიოდან. მთავარი გეოგრაფიული ფოკუსი აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს. ერთი მხრივ, მთავარი ამოცანა კონტექსტის შექმნაა – თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა კულტურულად და ისტორიულად დაკავშირებული ქვეყნების ხელოვანთა მრავალფეროვან ნამუშევრებს ერთ სივრცეში განათავსებს; მეორე მხრივ, TAF-ის მიზანია საფუძველი დაუდოს და გააძლიეროს ურთიერთობები სახელოვნებო სცენებს შორის როგორც რეგიონის, ასევე მსოფლიო მასშტაბით.

TAF-ის საგამოფენო სივრცე ორ ნაწილად იყოფა. მთავარი დარბაზი გალერეებს უმასპინძლებს, ხოლო “სახელოსნოს” სპეციფიკური ფორმატი The Hive  დამწყებ და საგალერეო რეპრეზენტაციის გარეშე არსებულ ხელოვანებს მისცემს ნამუშევრების გამოფენის საშუალებას. ქართულ  თანამედროვე ხელოვნებაზე ორიენტირებული გალერეები: Project Artbeat, ERTI Gallery, Window Project,  Vernissage Gallery, სპეციალურად Taf-ისთვის შექმნიან ექსპოზიციებს. უცხოური გალერეები – Galerie Kornfeld – ნათელა იანქოშვილი – გერმანია, Rooster Gallery – ლიტვა, Valid foto – Masao Yamamoto – ესპანეთი, NK gallery – ბელგია, Totibadze gallery – რუსეთი, Armenian Art Foundation, 11.12 Gallery – რუსეთი, Regina gallery – რუსეთი, Gallerie Nivet – Carzon – საფრანგეთი და სხვა 20-მდე უცხოური გალერეა.

TAF-ს ძლიერი საჯარო პროგრამა ახლავს თან. მის ფარგლებში ჩატარებული იქნება რამდენიმე გამოფენა, მასტერკლასი და საგანმანათლებლო ღონისძიება. მათ შორის: თბილისის ფოტო ფესტივალთან თანამშრომლობით  ჩატარდება ქართული ფოტოგრაფიის რეტროსპექტული გამოფენა, რომლის კურატორია ნესტან ნიჟარაძე, წარმოდგენილი იქნება ქართული ფოტოგრაფიის კლასიკური და თანამედროვე ნამუშევრები, რაც მოიაზრებს 19-ე საუკუნის ხელოვანებს, მათ შორის: გიგო გაბაშვილს, ერმაკოვს, შალვა ალხანაიძეს, რეზო კეზელს და ისეთ თანამედროვე ხელოვანებს, როგორებიც არიან: ნათელა გრიგალაშვილი, დავით მესხი, ანდრო ერაძე და ანკა გუჯაბიძე.

ასევე ხელოვნების ბაზრობის ფარგლებში მწერალთა სახლი და აბრეშუმის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას, ელენე აბაშიძის კურატორობით, “გამქრალია თორმეტი ქალი”, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში ემიგრირებული ქალი ხელოვანების ნამუშევრებს.

გამოფენაზე წარმოდგენილნი იქნებიან:  ვერა ფაღავა, Tamara K.E., ქეთი კაპანაძე, თეა გვეტაძე, ქეთუთა ალექსი-მესხიშვილი, მაია ნავერიანი,  სოფიო მედოიძე და სხვანი. საჯარო პროგრამის ფარგლებში გაიმართება თანამედროვე  ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების გამოფენა ლიზა ჟვანიას კურატორობით, რომელსაც ექსპო ჯორჯიას მე-9 პავილიონი უმასპინძლებს. გამოფენის თემა – დროებითი მშვიდობა, როგორც შემოქმედებითი მედიტაცია, 20-ამდე ხელოვანის ვიდეო, ფოტოინსტალაციას, ქანდაკებასა  და ფერწერულ ნამუშევარს გააერთიანებს. მონაწილე არტისტები ასევე წარმოადგენენ პერფორმანსს და ექსპერიმენტულ მუსიკას.

ასევე გაიმართება საერთაშორისო არტ-ფორუმი, რომლის ორგანიზებაც ხდება კრეატიული საქართველოს და გოეთეს ინსტიტუტის მიერ და მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: კოლექციონერული პრაქტიკა განვითარებად სახელოვნებო ბაზრებზე, სამუზეუმო და კორპორაციული კოლექციები, ხელოვნების კრიტიკა. სპიკერები წარმოდგენილი იქნებიან გერმანიიდან, აშშ-დან, აღმოსავლეთ ევროპიდან, პროგრამას წარუძღვებიან ქართველი კურატორი ირინა პოპიაშვილი და გალერისტი  ანნა რიაბოშენკო.

არტ ბაზრობის ფარგლებში “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი” ექსპო ჯორჯიას ეზოში პიკნიკს გამართავს და დამთვალიერებელს ქართული თანამედროვე ხელოვნების მოკლე ინტერაქტიულ ტურს შესთავაზებს.

Taf-ის პარალელურად Kunsthalle Tbilisi წარმოადგენს მის პირველ გამოფენას მარია სპირიტუს კურატორობით – ანჟელიკა მესიტის ვიდეოინსტალაციას ღვინის ქარხანაში და ასევე  ნიკა ქუთათელაძის წისქვილის ინსტალაციას ყაზბეგის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ “ხრუშოვკაში“ ( 18-19 მაისს).

ექსპო ჯორჯიას ბაღში ასევე შედგება თანამედროვე ხელოვნების ცენტრის CCA-ს ახალი კურსდამთავრებულების ინსტალაციის პრეზენტაცია.

 

მეტი TAF-ზე: tbilisiartfair.art


რეკომენდირებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.